,,დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა” – ბაჩუკი ქარდავა

136
spot_img

დღევანდელი ისტერიკის ფონზე, [ფრაქციაში] დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა”, – ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში წერს: არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე , არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ! ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში, ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. „ოცნება“ კვლავაც ხელის გადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვისზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტოვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილეობას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი. გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ , მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. სუბიექტური ადამიანების და მათ შორის ოპოზიციონერების გარდა, ვისაც სურს რომ დღევანდელი დღე, მხოლოდ შიდაოპოზიციური კონკურენციის საბაბად გამოიყენოს, ისინი ალბათ კიდევ მრავალგზის გამოამჟღავნებენ საკუთარ თავს, მაგრამ ვისაც რეალურად სურს დაამარცხოს ოცნება, მას უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციური ერთობა გაუგებრობების, თუნდაც ჩემი კოლეგების მხრიდან შეცდომადაც კი მონათლული ქმედების მიუხედავად, და მე მას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი, ოპოზიციური კონსოლიდაცია მრავალფეროვნების გათვალისწინებით გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამას დრო გამოაჩენს, – წერს ქარდავა.