„კლანის გაძლიერება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის საგარეო და ეროვნულ ამოცანას”- ბოკუჩავა

95
spot_img

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის გამტკიცებას არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული კლანის განმტკიცების ყოველგვარ მცდელობას. „კლანის გაძლიერება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და ეროვნულ ამოცანას – ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის გამტკიცებას არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას. სხვაგვარად ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, რომ ცალმხრივად მიგვეღო აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ იმას, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.