Home Blog Page 2105

“ამჟამად დესტრუქციულ პროცესებში, კელი დეგნანის „ფლაგმანის“ როლი და ადგილი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს”

„გაიხსენეთ, მანამდე „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას,“ – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-ს საელჩო, თავისი აგენტურის მეშვეობით აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დააპირისპიროს ხალხი და მთავრობა, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და ხელისუფლების შეცვლა.

„საქართველოსთან მიმართებით ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციის აქტიური ფაზის გატარება დაიწყო აშშ-ს ადმინისტრაციაში სწორედ დემოკრატების მოსვლის შემდგომ. გაიხსენეთ, მანამდე „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ყველას კარგად გვახსოვს, – ამის გამო რა ეპითეტებით ამკობდა მას იგივე ნიკა გვარამია. ხოლო შალვა ნათელაშვილმა პირდაპირი ბრალი წაუყენა მას არჩევნების „გაყალბების“ ორგანიზებაში.

ამჟამად დესტრუქციულ პროცესებში მისი „ფლაგმანის“ როლი და ადგილი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს, მისი მოქმედებები იმდენად გამჭვირვალეა, რომ უახლოეს თვეებში დეგნანის უშუალო მონაწილეობით მოსალოდნელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: საკუთარი აგენტურის მეშვეობით, აშშ-ს საელჩო აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპიროს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები.

იმ ინსტიტუტებში, სადაც აშშ-ს ჩასმული ჰყავს საკუთარი გავლენის აგენტები (მაგ. „სახალხო დამცველის“ აპარატი), სახელმწიფოს არ მიეცემა არანაირი რეფორმის ჩატარების უფლება. იმ სფეროებში, სადაც აშშ-ს საელჩოს და მის მიერ კონტროლირებად სექტორებს საფრთხე დაემუქრება გამჭვირვალობის ან დესტრუქციული საქმიანობის ეფექტურად გატარების კუთხით – დაბლოკილი იქნება ნებისმიერი ტიპის კანონშემოქმედებითი ან რეფორმაციის მცდელობა „რუსული კანონების“ სტიგმის ეგიდით.

გაგრძელდება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ფართომასშტაბური და მრავალპროფილური დესტრუქციული შემოტევა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სექტორებზე. გაიზრდება მისი როლი და ადგილი საზოგადოებრივი პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით. მაღალი ალბათობით მოსალოდნელია შეტევა „ცესკოზე“. ასევე, შეტევები გაგრძელდება იმ ინსტიტუტებზე, სადაც აშშ-მ ვერ მოახერხა სრული კონტროლის მოპოვება და საკუთარი გავლენის აგენტების „ჩანერგვა“.

ამ უკანასკნელ მოსაზრებას ამყარებს „ეროვნული ბანკის“ ირგვლივ აგორებული მოვლენებიც, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ამ ინსტიტუციაში აშშ-სთვის მისაღები კონტინგენტის შეყვანას.

ამასთან, არ არის გამორიცხული, აშშ-ს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ), მოხდეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მიზანმიმართული შეფერხება, რათა საქართველომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღოს EU წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ-ს საელჩოს პროვოცირებით, ქვეყანაში მოსალოდნელია მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზება ხელისუფლების გადადგომის და გარდამავალი/ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით, რომელიც ჩაატარებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ამ კონტექსტში, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს 2022 წლის (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუცია) და 2023 წლის მარტის („რუსული კანონი“) მსგავსი პროცესების ინიცირების მცდელობას, სადაც წამყვან ძალად წინ წამოწეული იქნება სხვადასხვა „საზოგადოებრივი“ თუ „ახალგაზრდული“ ორგანიზაციები.

მაღალი ალბათობით, აღნიშნული პროცესები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს აშშ-ის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით ვინ, რას და რა პერიოდზე გათვლით აპირებს და გეგმავს საკუთარი განზრახვების ხორცშესხმას. ერთია მცდელობა, მეორე შესრულება და მესამე წარმატებით დაგვირგვინება. თუ რა ძალები და საშუალებები იქნება მობილიზებული მოწინააღმდეგის მიერ ამ მიზნების მისაღწევად – ამის მოთხრობის დროც აუცილებლად დადგება“, – წერს ქართველიშვილი.

უკრაინაში რუსი გენერალი სერგეი გორიაჩევი მოკლეს

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი მოკლეს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო კორესპონდენტი, იური კოტენოკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მათივე ინფორმაციით, გორიაჩოვი სარაკეტო თავდასხმას ემხსვერპლა.

„გუშინ, 12 ივნისს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა „ვოსტოკის“ დაჯგუფების სამხედრო კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე“, – წერს კოტენოკი.

“პრეზიდენტი ცდილობს, ხელისუფლებას ყველაფერში პოლიტიკური წინააღმდეგობა გაგვიწიოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი ისე როცა მოქმედებს, რომ ეროვნული ბანკის კოორდინაცია ჩაშლილი იყოს, იძულებული ვხდებით, ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რაც ამ ინსტიტუტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, რომ ხელისუფლებას ყველაფერში პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწიოს.

„საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება არა პრეზიდენტსა და ეროვნულ ბანკს, არამედ ხელისუფლებას, თუ როგორია ქვეყანაში ინფლაცია, ლარის კურსი, მონეტარული პოლიტიკა. ინსტიტუციური დამოკიდებულება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს არ არის მჭიდრო თანამშრომლობის არეალი. რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანამშრომლობა და ამის ჩაშლაზეა საუბარი, რისი დაძლევაც გვინდა. ხელისუფლება იმ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის, რომელიც მის წინაშეა. პრეზიდენტი ცდილობს, რომ ის პოლიტიკა, რაც ბოლო ერთი წელია აირჩია, ხელისუფლებას ყველაფერში პოლიტიკური წინააღმდეგობა გაგვიწიოს. ეს ღიად და აშკარად იკვეთება მის განცხადებებში თუ ქმედებებში. რა მიზანი აქვს, ეს ცალკე მსჯელობის საგანია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება, ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი” – მიხეილ სარჯველაძე

დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნულ ბანკში შექმნილია ჩიხი, რადგან საკმარისი რეგულირება და ახსნა არ არის, როგორ უნდა იქცეოდნენ ცალკეული თანამდებობის პირობებში კონკრეტული თანამდებობის პირები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება.

„ჩვენი მიზანია, ცხადად და მკაფიოდ იყოს რეგულაცია იმის თაობაზე, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვინ ასრულებს მის მოვალეობას. დღეს წერია, რომ ეს არის ვიცე-პრეზიდენტი და ასეთია სამი. ამის ნაცვლად შემოთავაზებული იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, როგორც ყველა დაწესებულების შემთხვევაშია. ამიტომ, ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი, რომელიც უსაფუძვლოა და არავითარ მიზანს არ ემსახურება. მთავარი ამოცანა, ამ ცვლილებების მიზანი დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირებაა, რათა არანაირი ეჭვი არ არსებობს მმართველობის ეფექტიანობაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა” – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით და სახელმწიფოს მოუწოდებს გაატაროს რეალური პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ახალგაზრდა ოჯახებს პირველი უძრავი ქონება უნდა დაუსუბსიდიროს.

„კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. ევროპის ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასობით ახალგაზრდა ოჯახს უწევს კრედიტის გადახდა დიდი ხნის განმავლობაში, ამას ემატება გაზრდილი ფასები ყველა მიმართულებით. ჩემი შეთავაზებაა სახელმწიფომ დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი ბინა/სახლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ოჯახების გაძლიერებას და არ გვექნება ის შედეგი, რაც დღეს განქორწინებების მიმართულებით გვაქვს, დიდი ნაწილი სწორედ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

“ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვეღარავის შეუტიოს” – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი „დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით“, რათა რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდეს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვართ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დღეს ყველანი ძალიან მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეზე და გააზრებული გვაქვს ერთი რამ – „რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს“, – აცხადებს დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის, რომ რუსეთს აღარასოდეს ჰქონდეს პოტენციალი რომ სხვას დაესხას თავს.

დუდას თქმით, პოლონეთი მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი გახდა.

„დღეს უკრაინელებსაც იგივე სურთ, მათ სურთ პოლიტიკურად შეუერთდნენ დასავლურ საზოგადოებას, ჩვენ ეს შესაძლებელი უნდა გავხადოთ სხვა საკითხებთან ერთად“, – დასძინა ანჯეი დუდამ.

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს მთავარი მორეაგირე უწყება იყო, რომლის თანამშრომლები სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. მეხანძრე-მაშველები პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.

“ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით უპრეცედენტოა” – ანა ბუჩუკური

ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო – დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.

“გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, შესაბამისად ის არ უნდა იქნას მიღებული.

კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე – გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას.

კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ როგორც საჯაროდ, ისე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად. კერძოდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა; აუცილებელია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია; გამჭვირვალე ტენდერების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ოცნების” ხელისუფლება იტყუება, რომ თითქოს ის მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის სრულად გადაუსვას ხაზი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი – ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო.

კიდევ ერთხელ, მივმართავთ “ოცნების” ხელისუფლების თითოეულ წევრს – საკუთარი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი მომავლით ვაჭრობის გამო პასუხისმგებლობა იქნება ინდივიდუალური. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ოდესმე დაავიწყდება მათი დღევანდელი როლი, ან შეძლებს ამ პასუხისმგებლობისგან უკანა კარიდან გაპარვას, ძალიან ცდება,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

“ვხედავთ, რომ გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედების მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს”

„ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება არგუმენტების გარეშე გამოაქვეყნა.

გვიდიანი მიიჩნევს, რომ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ხელოვნურად შემცირება NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს ჰგავს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად.

„საინტერესოა, რომ უკვე მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელოვნურად ამცირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. 2021 წლისთვის მათ 3.5 პროცენტი იწინასწარმეტყველეს, თუმცა, საქართველოს ეკონომიკა 10.5 პროცენტით გაიზარდა, 2022 წელს იწინასწარმეტყველეს 3.2 პროცენტი, ეკონომიკა კი 10.1 პროცენტით გაიზარდა. სავალუტო ფონდის წლევანდელი პროგნოზი 4 პროცენტია, თუმცა, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.3 პროცენტით გაიზარდა.

ეს ყველაფერი ძალიან წააგავს NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, სავალუტო ფონდის პროგნოზებს ინვესტორებიც უყურებენ და შედარებით დაბალი პროგნოზი მათ საინვესტიციო მოტივაციას ხელოვნურად ამცირებს.

არც ისაა გამორიცხული, რომ სავალუტო ფონდს მისი პროგნოზის გამართლების იმედი აქვს, რაშიც მას ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ეიმედება. ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია,“ – წერს გვიდიანი Facebook-ზე.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ძლიერი ზრდა, თუმცა დაბალი ინფლაციის პირობებში

თიბისი კაპიტალის ყოველთვიური შეჯამება გასული თვის მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ საკითხებსა და ტენდენციებს მიმოიხილავს. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებითუფრო მაღალია, რაც საბაზო სცენარის დაახლოებით 7%-მდე გაზრდის არგუმენტია. ამ ფონზე, პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა, რომელიც წლიურად 1.5%-მდე შემცირდა, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. ამასთან, აღნიშნული მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით უნდა იყოს გამოწვეული.

ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობის კუთხით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური ინდიკატორების დინამიკა – ეს მაჩვენებელი გაცვლითი კურსის მიმართ სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს, რაც უცხოური ვალუტის დეპოზიტების გაძლიერებულ ზრდაში გამოიხატება.  თუკი დეპოზიტებისა და სესხების მოცულობებს უცხოური ვალუტის შემოდინებებს შევადარებთ, ნათელი გახდება, რომ მათი მცირე ცვლილებაც კი ისეთივე გავლენას ახდენს ლარის კურსზე, როგორიც ექნებოდა ე.წ საგარეო შოკს – მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ვარდნას და სხვ. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ შედარებით ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი, რომელიც შეიძლება ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებდეს თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა. თუმცა, ამ კონტექსტში, თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასებებით: ა) სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება და ბ) ლირის გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი ეფექტი არ იკვეთება, რადგანაც გაიაფებული თურქული იმპორტი, თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, უმეტესწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას ვიდრე ადგილობრივ წარმოებას. ბუნებრივია, აღნიშნული ჯამურად მაკრო დონეზე შეფასებაა და არა იმის მტკიცება, რომ კონკურენტუნარიანობის კუთხით შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას არცერთ ინდუსტრიაში არ ექნება ადგილი.

ლარის კურსთან დაკავშირებით, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინებს წმინდა შემოდინებების კუთხით, თუმცა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან საშუალო გაცვლითი კურსისა (REER) და ინფლაციის მხრივ შეფასება ნეგატიურია. ასევე, თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.  

R

“საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა”

უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კონტრშეტევა ფრთხილად და მეთოდურად იყო დაგეგმილი იმ სამხედრო ლიდერების მიერ, რომლებიც თავიანთ მონდომებას წელიწადზე მეტია, აჩვენებენ.

„ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გააძლიერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის.

ვაიმერის სამკუთხედის“ წლევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის დახმარების საკითხებზე მსჯელობა იყო. სამმხრივი შეხვედრები გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მონაწილეობით პირველად 1991 წელს გერმანიაში, ვაიმარში გაიმართა. მოლაპარაკების მონაწილეები თავდაპირველად პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას ცდილობდნენ.

კრივი-რიჰზე თავდასხმას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება უკრაინაში ომის 475-ე დღეს

უკრაინა დონბასის მიმართულებით კონტრშეტევების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს – ეროვნული დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ სოფელში, სტოროჟევოში აღმართეს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელი სამხედროები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობენ. პარალელურად, გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში, მოგვიანებით კი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის სამიზნე კრივი რიჰი გახდა, სადა რუსული რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. ირანული დრონების გამოყენებით, თავდასხმები გრძელდება ხარკოვის ოლქზეც.

რუსული ძალების მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი იუწყება.

მისი თქმით, ქალაქზე იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს.

„განადგურებულია 5-სართულიანი კორპუსი. სამი მცხოვრები დაიღუპა. დაშავებულია 25 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. პირველიდან მეხუთე სართულამდე ბინები იწვის“, – აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს პატიება არასოდეს ექნებათ და ისინი პასუხს აგებენ თითოეულ რაკეტაზე“, – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.