ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.
„რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ – განაცხადა კოპალეიშვილმა.