„დასავლეთი შიშობს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებს შეუერთდეს” – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

229
spot_img

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 3 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი შიშობს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებს შეუერთდეს: არჩევნების შედეგების ლიდერი აცხადებს, რომ „უკრაინას ერთ ტყვიასაც კი აღარ მისცემს“ (ავტორი – როჯერ კოენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსი პოლიტიკოსის რობერტ ფიცოს გამარჯვება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის არმიის მიერ თითქმის 4 თვის წინ დაწყებული კონტრშეტევა არ ფართოვდება, ჯარი თითქმის ერთ ადგილს ტკეპნის და ვითარება პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

სლოვაკეთი პატარა სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის მიმართ ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი, თუმცა იმ კოალიციური მთავრობის ხასიათი, რომლის ჩამოყალიბებასაც პარტია SMER-ის („კურსი – სოციალური დემოკრატია“) ლიდერი აპირებს, ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ მან უფრო პრაგმატული მიდგომა აირჩიოს – ისე, როგორც იტალიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ჯორჯა მელონიმ გააკეთა: როცა იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, თავისი მკვეთრი წინასაარჩევნო განცხადებები პრაქტიკაში უფრო ლიბერალურით შეცვალა.

ამასობაში კი აშშ-ში და ევროკავშირში მატულობს შეშფოთება რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივისა და იმ დახმარების მიმართ, რომლის გამოყოფა კიევისადმი დასავლეთს უწევს (და კიდევ მეტი მოუწევს, თუ ომი გაჭიანურდება). შესაბამისად, ისმის მოთხოვნები, რომ ფინანსები უფრო მეტად შიდა საქმეების ოპერატიული გადაჭრისათვის იქნას გამოყენებული.

ვაშინგტონელი კანონმდებლების მხრიდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება უკრაინის მიმართ „ამრეზილი“ დამოკიდებულება – განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ღიად გამოჩნდა. ამასობაში კი ცენტრალურ ევროპაში, რომელიც დიდი ხანია ანტირუსული განწყობების ცენტრს წარმოადგენდა (აქაურები იძულებულნი იყვნენ ათწლეულების განმავლობაში შეჰგუებოდნენ საძულველ კომუნისტური რეჟიმს), ახლა სულ უფრო მეტად ფართოვდება ანტიუკრაინული ტენდენციები. ამის მაგალითს სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გამარჯვება წარმოადგენს.
პარტია SMER-ის ლიდერმა მოხერხებულად გააერთიანა კონსერვატიზმი, ნაციონალიზმი, ანტი-„ლგბტ“ რიტორიკა, დამატებითი სოციალური გადახდების დაპირებები და მათ საფუძველზე შექმნა ანტილიბერალური პროგრამა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა მცირე ქალაქებისა და სოფლის მოსახლეობაში. „უკრაინის კონფლიქტის ზარალიანობა და მისგან გამომდინარე დაღლილობა განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში შეიმჩნევა, დასავლეთი ამას ნაკლებად გრძნობს“, – ამბობს ჟან რუპნიკი, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, – „სლოვაკეთის მაგალითი გვაჩვენებს იმას, რომ როცა კონფლიქტი შენს გვერდით ბობოქრობს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მთელი გულით მხარს დაუჭერ“.

აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ორგანიზაცია Globsec-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, სლოვაკების 51% დარწმუნებულნი არიან, რომ ომის დაწყების გამო ბრალი უკრაინასაც მიუძღვის და დასავლეთსაც. გამოცდილმა პოლიტიკოსმა რობერტ ფიცომ, რომელიც წინა წლებში რამდენჯერმე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოხერხებულად გამოიყენა ამომრჩეველთა განწყობა. მან გადაიღო მეზობელი სახელმწიფოს – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრორუსული რიტორიკა, რომლის მიერ გატარებული კურსი ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის საერთო პოლიტიკას.

„რობერტ ფიცომ შთაგონება ვიქტორ ორბანისაგან გადაიღო, მაგრამ სლოვაკი ლიდერის განცხადებებს, უნგრელისაგან განსხვავებით, ღრმა იდეოლოგიური ფესვები არ აქვს. რობერტ ფიცო უფრო მეტად პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიდრე ჩამოყალიბებული ნაციონალისტი“, – განმარტავს ლიდეკ საკირა, ჩეხი ანალიტიკოსი, – რობერტ ფიცომ მარჯვედ ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით როგორც ბრიუსელის პოლიტიკის, ასევე მრავალრიცხოვანი უკრაინელი ლტოლვილების მოზღვავების გამო, გამოიყენა ამომრჩეველთა ტრადიციული პრორუსულობა, რაც მეზობელ ჩეხეთში ნაკლებად შეიმჩნევა. ამასთან, თუ პარტია SMER-ის ლიდერი სამთავრობო კოალიციას პეტერ პელეგრინის – პარტია „ხმის“ ლიდერთან შექმნის, მაშინ რობერტ ფიცოს რადიკალიზმი შესუსტდება და ის უფრო პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს“.

იმდენად, რამდენადაც სლოვაკეთი, უნგრეთი და სერბეთი შესამჩნევ სიმპათიას ავლენენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, იმას ნიშნავს, რომ ევროპის ამ ნაწილში საზოგადოების უმეტესი ნაწილის განწყობა იცვლება. თვით პოლონეთმაც კი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებიდან კიევის აქტიური მხარდამჭერი იყო და მილიონობით უკრაინელს მისცა თავშესაფარი, ახლა გადაწყვიტა უკრაინული ხორბალი თავის შიდა ბაზარზე აღარ გაყიდოს, რაც კიევისათვის დიდ ეკონომიკურ დარტყმას ნიშნავს.

პოლონეთის მმართველი ულტრამემარჯვენე პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiC), საპარლამენტო არჩევნების წინ, დაძაბულ ბრძოლას ეწევა ოპოზციასთან – ლიბერალური ძალების გაერთიანებასთან, რომელსაც ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. მართალია, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, პარტია PiC-ის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის მკვეთრი ანტირუსული განწყობა აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნაციონალისტური და კონსერვატიული ხედვები ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს ხედვებს ემთხვევა. თუ 15 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ გაიმარჯვებს, ამით ევროპელ „პროპუტინისტთა“ რიგებს, ნებით თუ უნებლიედ, პოლონეთიც მიუერთდება, უკრაინის გაჭიანურებული კონფლიქტის ფონზე.

საინტერესოა, რომ იაროსლავ კაჩინსკი გამოდის ევროპის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ, რომლის მომხრეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ვრცელდება ხმები, რომ თუ PiC-ი არჩევნებში გაიმარჯვებს, პოლონეთი შეიძლება ევროკავშირიდან გავიდეს. რეალურად ეს, ალბათ, არ მოხდება, მაგრამ მსგავსი ხმების გაჩენა მიუთითებს, რომ ევროკავშირში უკრაინის გამო უთანხმოება მატულობს.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, ამას წინათ German Marshall Fund-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრად მიღებას მხარს უჭერს ფრანგების მხოლოდ 52% და გერმანელების – მხოლოდ 49%. ნატოში უკრაინის გაწევრიანების გერმანელი მომხრეები კიდევ უფრო ცოტაა – 45%.

თუმცა მთლიანობაში, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ატლანტიკის ორივე მხარეს დაახლოებით 69% მხარს უჭერს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაწევას – ეკონომიკის აღდგენის საკითხში. ამის ყველაზე მეტი სურვილი გამოხატულია დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, შვედეთში და ლიეტუვაში. „ამასთან, პარალელურად, ჩვენ სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა გვესმის მკაფიო მოწოდება ვლადიმერ ზელენსკისადმი: „გთხოვთ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება გააფორმოთ“, – ამბობს ჟან რუპნიკი.

მაგრამ იმის ფონზე, თუ რა დიდი მსხვერპლი მოუტანა რუსეთის თავდასხმამ უკრაინელ ხალხს, მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე დრეს ფიქრიც კი ზედმეტია, რომ არაფერი ვთქვათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებულ მხარეთა დაჯდომის შესაძლებლობაზე.

ამასთან, ის ფაქტი, რომ უკრაინის მეზობელი ქვეყნის მოსახლეობამ ხმა ისეთ პოლიტიკოსს მისცა, რომელიც აცხადებს, რომ კიევს ერთი ტყვიითაც კი არ დაეხმარება, კიევის მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს.

რობერ ფიცოს გამარჯვება ევროკავშირისთვისაც აშკარად პრობლემების მომტანია. მით უმეტეს, რომ ევროპის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმითაც, ვაითუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი დაბრუნდესო. მოკლედ, პოლონეთის არჩევნების შემდეგ, თუ კაჩინსკის პარტია ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ევროკავშირში შიდა უთანხმოება კიდევ უფრო დაიძაბება.

წყარო