Home Blog Page 2104

რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის 3 ოქტომბრის ანგარიშით რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 279 440 სამხედრო დაკარგა, მათ შორის, ბოლო დღე ღამის განმავლობაში 360.

გენშტაბის ცნობის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დღემდე რუსეთის დანაკარგებია: 4732 ტანკი, 9008 ჯავშანტექნიკა, 8932 მანქანა და საწვავის ავზი, 6565 საარტილერიო სისტემა, 801 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 540 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 316 ვერტმფრენი, 5020 უპილოტო საფრენი აპარატი, 20 გემი და ერთი წყალქვეშა ნავი.

“პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით” – თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, წარმოვადგენთ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

ამასთან, როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტიც და მისი წარმომადგენლები მოქმედებენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება.

„ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ სრულად ინფორმირებული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მითითებულია წარდგინებაში და იმ საქმეებში, რა საქმეებიც არის წარდგინებაში. ჩვენ გვაქვს პირადად პრეზიდენტის მხრიდან არა მხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან თავად საჯაროდ განაცხადა, სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ვფიქრობთ, ასევე იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ ეს მისი მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება, ასე არ უნდა იყოს იქნას განმარტებული. ასე განმარტავს პარლამენტი, მაგრამ, ასე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებს კანონის დაცვით.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პოლიტიკურ ნაწილს, რომელიც არ ვიცით, გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკურ ორგანოში, თუკი ის გადავა, პრეზიდენტი შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ პოლიტიკურ ოგანოში წარდგეს თუ არა გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც შეეხება სასამართლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ პრეზიდენტს, გვაქვს მისი სრული ნდობა, მისგან გვაქვს პირადად სრული ინფორმაცია სამივე საქმესთან, სამივე ვიზიტთან დაკავშირებით. წარმოვადგენთ ამ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს მიმართა: „გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო და სხდომაზე იურისტებთან ერთად არ არის წარმომადგენელი“.  ამასთან, ტურავას განცხადებით, სასამართლომ თუ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.

“ჩვენ ვისურვებდით საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით”

ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ განმარტა, ეს არ არის მისი პოლიტიკური განცხადება, არამედ ეს არის მისი, როგორც იურისტის პოზიცია.

„მე არ მინდა მაინცდამაინც განვავრცო ის დისკუსია, რომელიც წარიმართა პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტი პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით. ეს იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის მორიგი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა -ირაკლი კობახიძე

ეს არის ძალიან მარტივი კაზუსი, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში. ამ მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებების წარმოება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია ეს თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც დაირღვა კონსტიტუცია.

„ამდენად მარტივია ეს კაზუსი. ასეთი კაზუსები შეტანილია პირველი კურსის სახელმძღვანელოებში. ასეთ მარტივ თემებზეა საუბარი, საჭირო იყო თანხმობა, არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. მით უფრო მარტივად არის საქმე, რომ პრეზიდენტმა თავად აღიარა რეალურად ვიზიტების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი. მას რომ ჰქონოდა რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს არ სჭირდებოდა თანხმობა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით ასევე, მან განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის მორიგი აღიარება, თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან, ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. მას რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული, ეს არის აშკარა აღიარება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა მისი ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო” – მერაბ ტურავა

გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.

„ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. თქვენ კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით, ამ შემთხვევაში თქვენს კვალიფიკაციას კი არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტები ალბათ, საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტმა და სხვა პიროვნებებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ისე კარგად შეისწავლეთ ამ წარდგინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შეგიძლიათ, ჩვენ წინაშე გამოხვიდეთ. თუ სასამართლოს დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, როგორც სასამართლო ორგანოს, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება, სხვა საკითხია მერე ის ამ შემთხვევაში ისაუბრებს თუ არა ჩვენს წინაშე, მაგრამ თუ ისეთ საკითხები იქნება ვიზიტებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ამ უფლებასაც ვიტოვებთ“, – განაცხადა ტურავამ.

“პრეზიდენტი დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში” – სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი

ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.

„რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ – განაცხადა კოპალეიშვილმა.

საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ეს დამოკიდებულება, რაც იყო რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს.

„საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე. საქართველომ 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულებულიყო და ჩვენ ვნახავთ ევროკომისიის შეფასებებს. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს დამოკიდებულება, რაც იყო რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი და ახლა სწორედ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მათი პოზიციების კონსოლიდაციაზე საუბარი“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება აღსანიშნავიც კია, მეეჭვება, იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ”

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ ისეთი წარმომადგენლობითი დელეგაციითაა ჩასული, რომ მგონია, რომ შესაძლოა, სასამართლოს ზეწოლადაც კი შეფასდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინ აღუდგება ხელისუფლების ნებას.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ამდენი მაღალჩინოსნის მიბრძანება რაღაცნაირად აღსანიშნავიც კია, შესაბამისად, მეეჭვება, რომ ისინი იქ პროცესის წასაგებად მიდიოდნენ. დიდი მოლოდინი არ მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ წინ აღუდგებიან ხელისუფლების ნებას, ხოლო რაც შეეხება მართებულობას, ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, ყველაზე ცუდი დრო შეარჩიეთ ამისთვისო, უთხრა „ქართულ ოცნებას“, ისინი ამის მერე აგრძელებენ იმავეს. რაც შეეხება პარლამენტში რა მოხდება, მიაღწევენ თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ქოცები, ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენს გადაიხდიან. მაგალითად, მათ თუ დახარჯეს იმპიჩმენტზე იმის ნახევარი ფული მაინც, რაც პრეზიდენტის არჩევაზე დახარჯეს, რა თქმა უნდა, რიგი დადგება ჩემი კოლეგების, ვინ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს. ასეთი კანდიდატი ბევრია და ვფიქრობ, ჩემს კოლეგებში ნაწყენიც კი დარჩებიან, რომ არ შეხვდეთ შესაბამისი წილი და ისე მოხდეს პრეზიდენტის გადაყენება, მათ გარეშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„დასავლეთი შიშობს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებს შეუერთდეს” – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 3 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი შიშობს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებს შეუერთდეს: არჩევნების შედეგების ლიდერი აცხადებს, რომ „უკრაინას ერთ ტყვიასაც კი აღარ მისცემს“ (ავტორი – როჯერ კოენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსი პოლიტიკოსის რობერტ ფიცოს გამარჯვება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის არმიის მიერ თითქმის 4 თვის წინ დაწყებული კონტრშეტევა არ ფართოვდება, ჯარი თითქმის ერთ ადგილს ტკეპნის და ვითარება პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

სლოვაკეთი პატარა სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის მიმართ ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი, თუმცა იმ კოალიციური მთავრობის ხასიათი, რომლის ჩამოყალიბებასაც პარტია SMER-ის („კურსი – სოციალური დემოკრატია“) ლიდერი აპირებს, ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ მან უფრო პრაგმატული მიდგომა აირჩიოს – ისე, როგორც იტალიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ჯორჯა მელონიმ გააკეთა: როცა იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, თავისი მკვეთრი წინასაარჩევნო განცხადებები პრაქტიკაში უფრო ლიბერალურით შეცვალა.

ამასობაში კი აშშ-ში და ევროკავშირში მატულობს შეშფოთება რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივისა და იმ დახმარების მიმართ, რომლის გამოყოფა კიევისადმი დასავლეთს უწევს (და კიდევ მეტი მოუწევს, თუ ომი გაჭიანურდება). შესაბამისად, ისმის მოთხოვნები, რომ ფინანსები უფრო მეტად შიდა საქმეების ოპერატიული გადაჭრისათვის იქნას გამოყენებული.

ვაშინგტონელი კანონმდებლების მხრიდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება უკრაინის მიმართ „ამრეზილი“ დამოკიდებულება – განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ღიად გამოჩნდა. ამასობაში კი ცენტრალურ ევროპაში, რომელიც დიდი ხანია ანტირუსული განწყობების ცენტრს წარმოადგენდა (აქაურები იძულებულნი იყვნენ ათწლეულების განმავლობაში შეჰგუებოდნენ საძულველ კომუნისტური რეჟიმს), ახლა სულ უფრო მეტად ფართოვდება ანტიუკრაინული ტენდენციები. ამის მაგალითს სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გამარჯვება წარმოადგენს.
პარტია SMER-ის ლიდერმა მოხერხებულად გააერთიანა კონსერვატიზმი, ნაციონალიზმი, ანტი-„ლგბტ“ რიტორიკა, დამატებითი სოციალური გადახდების დაპირებები და მათ საფუძველზე შექმნა ანტილიბერალური პროგრამა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა მცირე ქალაქებისა და სოფლის მოსახლეობაში. „უკრაინის კონფლიქტის ზარალიანობა და მისგან გამომდინარე დაღლილობა განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში შეიმჩნევა, დასავლეთი ამას ნაკლებად გრძნობს“, – ამბობს ჟან რუპნიკი, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, – „სლოვაკეთის მაგალითი გვაჩვენებს იმას, რომ როცა კონფლიქტი შენს გვერდით ბობოქრობს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მთელი გულით მხარს დაუჭერ“.

აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ორგანიზაცია Globsec-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, სლოვაკების 51% დარწმუნებულნი არიან, რომ ომის დაწყების გამო ბრალი უკრაინასაც მიუძღვის და დასავლეთსაც. გამოცდილმა პოლიტიკოსმა რობერტ ფიცომ, რომელიც წინა წლებში რამდენჯერმე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოხერხებულად გამოიყენა ამომრჩეველთა განწყობა. მან გადაიღო მეზობელი სახელმწიფოს – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრორუსული რიტორიკა, რომლის მიერ გატარებული კურსი ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის საერთო პოლიტიკას.

„რობერტ ფიცომ შთაგონება ვიქტორ ორბანისაგან გადაიღო, მაგრამ სლოვაკი ლიდერის განცხადებებს, უნგრელისაგან განსხვავებით, ღრმა იდეოლოგიური ფესვები არ აქვს. რობერტ ფიცო უფრო მეტად პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიდრე ჩამოყალიბებული ნაციონალისტი“, – განმარტავს ლიდეკ საკირა, ჩეხი ანალიტიკოსი, – რობერტ ფიცომ მარჯვედ ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით როგორც ბრიუსელის პოლიტიკის, ასევე მრავალრიცხოვანი უკრაინელი ლტოლვილების მოზღვავების გამო, გამოიყენა ამომრჩეველთა ტრადიციული პრორუსულობა, რაც მეზობელ ჩეხეთში ნაკლებად შეიმჩნევა. ამასთან, თუ პარტია SMER-ის ლიდერი სამთავრობო კოალიციას პეტერ პელეგრინის – პარტია „ხმის“ ლიდერთან შექმნის, მაშინ რობერტ ფიცოს რადიკალიზმი შესუსტდება და ის უფრო პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს“.

იმდენად, რამდენადაც სლოვაკეთი, უნგრეთი და სერბეთი შესამჩნევ სიმპათიას ავლენენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, იმას ნიშნავს, რომ ევროპის ამ ნაწილში საზოგადოების უმეტესი ნაწილის განწყობა იცვლება. თვით პოლონეთმაც კი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებიდან კიევის აქტიური მხარდამჭერი იყო და მილიონობით უკრაინელს მისცა თავშესაფარი, ახლა გადაწყვიტა უკრაინული ხორბალი თავის შიდა ბაზარზე აღარ გაყიდოს, რაც კიევისათვის დიდ ეკონომიკურ დარტყმას ნიშნავს.

პოლონეთის მმართველი ულტრამემარჯვენე პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiC), საპარლამენტო არჩევნების წინ, დაძაბულ ბრძოლას ეწევა ოპოზციასთან – ლიბერალური ძალების გაერთიანებასთან, რომელსაც ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. მართალია, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, პარტია PiC-ის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის მკვეთრი ანტირუსული განწყობა აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნაციონალისტური და კონსერვატიული ხედვები ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს ხედვებს ემთხვევა. თუ 15 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ გაიმარჯვებს, ამით ევროპელ „პროპუტინისტთა“ რიგებს, ნებით თუ უნებლიედ, პოლონეთიც მიუერთდება, უკრაინის გაჭიანურებული კონფლიქტის ფონზე.

საინტერესოა, რომ იაროსლავ კაჩინსკი გამოდის ევროპის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ, რომლის მომხრეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ვრცელდება ხმები, რომ თუ PiC-ი არჩევნებში გაიმარჯვებს, პოლონეთი შეიძლება ევროკავშირიდან გავიდეს. რეალურად ეს, ალბათ, არ მოხდება, მაგრამ მსგავსი ხმების გაჩენა მიუთითებს, რომ ევროკავშირში უკრაინის გამო უთანხმოება მატულობს.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, ამას წინათ German Marshall Fund-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრად მიღებას მხარს უჭერს ფრანგების მხოლოდ 52% და გერმანელების – მხოლოდ 49%. ნატოში უკრაინის გაწევრიანების გერმანელი მომხრეები კიდევ უფრო ცოტაა – 45%.

თუმცა მთლიანობაში, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ატლანტიკის ორივე მხარეს დაახლოებით 69% მხარს უჭერს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაწევას – ეკონომიკის აღდგენის საკითხში. ამის ყველაზე მეტი სურვილი გამოხატულია დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, შვედეთში და ლიეტუვაში. „ამასთან, პარალელურად, ჩვენ სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა გვესმის მკაფიო მოწოდება ვლადიმერ ზელენსკისადმი: „გთხოვთ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება გააფორმოთ“, – ამბობს ჟან რუპნიკი.

მაგრამ იმის ფონზე, თუ რა დიდი მსხვერპლი მოუტანა რუსეთის თავდასხმამ უკრაინელ ხალხს, მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე დრეს ფიქრიც კი ზედმეტია, რომ არაფერი ვთქვათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებულ მხარეთა დაჯდომის შესაძლებლობაზე.

ამასთან, ის ფაქტი, რომ უკრაინის მეზობელი ქვეყნის მოსახლეობამ ხმა ისეთ პოლიტიკოსს მისცა, რომელიც აცხადებს, რომ კიევს ერთი ტყვიითაც კი არ დაეხმარება, კიევის მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს.

რობერ ფიცოს გამარჯვება ევროკავშირისთვისაც აშკარად პრობლემების მომტანია. მით უმეტეს, რომ ევროპის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმითაც, ვაითუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი დაბრუნდესო. მოკლედ, პოლონეთის არჩევნების შემდეგ, თუ კაჩინსკის პარტია ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ევროკავშირში შიდა უთანხმოება კიდევ უფრო დაიძაბება.

წყარო

“რობერტ ფიცო – სლოვაკი პოპულისტი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა – იგი ნატოში და ევროკავშირში ახალი ვიქტორ ორბანი გახდება”-El Pais

ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რობერტ ფიცო – სლოვაკი პოპულისტი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა: იგი ნატოში და ევროკავშირში ახალი ვიქტორ ორბანი გახდება“ (ავტორი – გლორია როდრიგეს-პინა).

რობერტ ფიცოს სლოვაკეთში ყველა პოლიტიკურად მკვდრად თვლიდა. 2020 წელს მისმა პარტიამ „კურსი – სოციალური დემოკრატია“ (SMER) საპარლამენტო არჩევნები წააგო. მანამდე კი, ორი წლით ადრე, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა იმ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად, რომლებიც ქვეყანაში ჟურნალისტ იან კუციაკასა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის შემდეგ აგორდა.

მაგრამ გავიდა სულ რაღაც ორიოდე წელი და რობერ ფიცო, რომელიც უკვე სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა… უფრო მეტად რადიკალური და რევანშის წყურვილით.
გასულ შაბათს რობერტ ფიცოს პარტიამ SMER-მა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყნის მართვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, მას მოლაპარაკება მოუწევს იმ პარტიების ლიდერებთან, მმართველი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად, რომლებმაც პარლამენტში თავიანთი დეპუტატების გაყვანა შეძლეს.

რობერტ ფიცომ იგრძნო, თუ რა აწუხებდათ სლოვაკებს, მათი შიშები კიდევ უფრო გააღრმავა და შემდეგ საკუთარი თავის მხსნელად შესთავაზა. ქვეყანამ გადაიტანა „კოვიდ-19“-ის პანდემია, გაიარა არასტაბილურობის პერიოდი, რომელიც არამარტო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით იყო გამოწვეული, არამედ მმართველი მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის ქაოსური და შეუთანხმებელი მოქმედებით. პოლიტიკური რყევებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, როცა ცხოვრება ძვირდებოდა, ყოფილმა პრემიერმა თანამემამულეებს აღუთქვა როგორც სტაბილურობა და უსაფრთხოება, ასევე… უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა.

59 წლის ვეტერანი პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან ჩაერთო. იგი სწავლობდა აშშ-ში, ხოლო სამშობლოში დაბრუნებისას სლოვაკეთის დემოკრატიული პარტიის (ყოფილი კომპარტიისაგან გამოყოფილი ჯგუფის) ლიდერი გახდა, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, იდეური უთანხმოების გამო მათ დაშორდა და საკუთარი ლიბერალური პარტია „სმერი“ ჩამოაყალიბა.

2006-2018 წლებში რობერტ ფიცო სამჯერ იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიცოს ნაციონალისტური, პოპულისტური, ქსენოფობიური და ანტიუკრაინული გამონათქვამები დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში შეშფოთებას იწვევდა იმ რისკის გამოც, რომ რობერტ ფიცო ევროკავშირში და ნატოში ახალი ვიქტორ ორბანი გახდებოდა. როგორც ცნობილია, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე და შეჭრის შემდეგაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის ყველაზე „ახლო მეგობრად“ ითვლება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის. ახლა რობერტ ფიცოსაც შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის ევროპული გუნდის წევრი გახდეს.

სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებულ ლიდერს, ულტრაკონსერვატიული პოზიცია აქვს „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა მიმართ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ბრალს სდებს კიევს. რობერტ ფიცო იზიარებს ქსენოფობიურ შეხედულებებს მიგრანტების მიმართ და თვლის, რომ ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების შესვლა სლოვაკეთში (და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში) ტერორიზმის საფრთხეს აღრმავებს. იგი, ისევე როგორც მისი პოლონელი და უნგრელი კოლეგები, გამოდის უკრაინის ნატოში და ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ, არ ეთანხმება ბრიუსელის მიერ დადგენილ პრინციპს, ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა განაწილების თაობაზე და არ სურს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პრინციპის – კონსენსუსის შეცვლა, რასაც ბრიუსელი აპირებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას წარმოადგენს და რომ მისი მმართველი რეჟიმი ძალიან შორს დგას დემოკრატიული პრინციპებიდან“, – ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინათ რობერტ ფიცომ სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკრაინის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. სლოვაკეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კიევის იმედებს „ილუზიური“ უწოდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ პრემიერობის კანდიდატმა რობერტ ფიცომ სამთავრობო კოალიცია შექმნას პარლამენტში გასულ პარტია Hlas-თან („ხმა“), რომელიც იდეოლოგიურად SMER-თან ახლოს დგას. არ არის გამორიცხული ისიც, რომ რობერტ ფიცომ, პრემიერის ადგილის დაკავების შემდეგ, თავისი რადიკალიზმი შეარბილოს. სხვათა შორის, მან უკვე განაცხადა, რომ სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არ შეიცვლება, „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კრიტიკისაგან თავს შევიკავებთ“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკვე მიესალმა რობერტ ფიცოს გამარჯვებას: „ყოველთვის სასიამოვნოა სლოვაკ პატრიოტთან მუშაობა. ჩვენ ამას მოუთმენლად ველოდებით“, – დაწერა მან Х-სოცქსელში (ყოფილ Twitter-ში).

წყარო

“პუტინის მსოფლმხედველობა ნებას აძლევს მას, შეცვალოს ევროპის რუკა” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას გაზრდის.

შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინის მსოფლმხედველობა ნებას აძლევს მას, „შეცვალოს ევროპის რუკა, იქ ხაზების შემდეგი პრინციპით დახაზვით: „ეს – თქვენია, ეს – ჩვენია“, მაგრამ ეს ასე არ უნდა მოხდეს“.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე, რათა მან საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ უბრალოდ ვერ იტყვის: „მე გავაგრძელებ მანამ, სანამ არ მივაღწევ ჩემს მიზანს, რამდენი ადამიანის სიცოცხლედაც არ უნდა დაჯდეს ეს, მათ შორის საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლედ“, – აღნიშნა შოლცმა.

მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა უკრაინაში „პუტინის ომი“ საბოლოოდ დასრულდეს, რადგან რაც არ უნდა უთხრას პუტინმა მსოფლიოს, უკრაინაში მისი ქმედებების არსი უცხო სახელმწიფოს დაპყრობაა.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დაპყრობაზე და სხვა არაფერზე”, – აღნიშნა შოლცმა.

“სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება” – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე – რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტურავას მოლოდინი ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ ვიზიტების დროს აწარმოებდა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვიზიტებზე დეტალურად ვერ ისაუბრებენ და მათ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე პასუხები ექნებათ.

ამასთან, როგორც ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს უკმაყოფილების გრძნობა ექნება, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება.

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როგორც ინფორმაცია მოვისმინეთ ტელევიზიებით, ის ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, მხედველობაში მაქვს ვიზიტები. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა, ისინი სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ კანონიდან გამომდინარე ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე, საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში არის სწორედ ის გარემოებები, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სხდომაზე, წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინონ პრეზიდენტი და თქვას არ ვიცი, ვერ გეტყვით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი {პრეზიდენტის} გამოცხადება.

შეიძლება პრეზიდენტმა თქვას, რომ მე არ ვესწრები სხდომას, მაგრამ, თუ სასამართლო მიიღო განჩინება პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ სასამართლოში, ამ შემთხვევაში, ის უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნდა მოვიდეს სასამართლოში, ეს არის ის, რასაც ჰქვია ნების საწინააღმდეგოდ და არა იძულებითი მექანიზმების განხორციელებას. შესაბამისადა, მე არ ვიცი და მარტო მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ეს არის კოლეგიალური ორგანო, 9 მოსამართლისგან შედგება. გასაგებია, რომ იურისტები არიან კვალიფიციურები, გასაგებია, მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს კონკრეტულად ვიზიტების შინაარსს და იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება იცოდეს ამ კითხვებზე ვფიქრობ, რომ ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ ვერ გაგვცემენ“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.