Home Blog Page 2102

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ვნახეთ რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი -პრემიერი

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს.

„რომ ვთქვათ გულწრფელად, ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო სამწუხაროდ და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ამდენი გამოწვევების წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლა არის, მე ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები?

როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს. ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი. როცა ადამიანი მიდის და არღვევს მოძრაობის წესებს ქუჩაში. იცი, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება ბუნებრივია. როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის – რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ, რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა – არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ. ეს არის ჩემი პასუხი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ, ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი  უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში. ზოგადად, როცა შიდა სიტუაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და ვუყვებოდი ვითარებაზე, ამ კონტექსტში მოვუყევი“, – განაცხადა პრემიერმა.

“დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, გაბრაზებული და განაწყენებული არიან”-მაია კოპალეიშვილი

დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა. მათი დარდი არის  წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებული და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, „მათი სურვილია, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან და არა ის, რომ კონსტიტუცია დაირღვა ან კონსტიტუციის გადარჩენის ინტერესი აქვთ“.

„დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს გერმანიის პრეზიდენტის მაგალითიც მოგვიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე. თქვენ ახლა რომ დაადგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, თქვენი ეს დასკვნა ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. თქვენ შეიძლება ძალიან ასიამოვნოთ პოლიტიკურ უმრავლესობას ამ საკითხში, მაგრამ ნდობა თქვენ დასკვნას ვერ ექნება, რადგან ეს არ არის ის კონკრეტული დარღვევა, უხეში დარღვევა, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგი არია“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან, რადგან კონკრეტულად არ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი განცხადება.

„ჩვენ ეს კარგად დავინახეთ დღეს, რომ პოლიტიკური უმრავლესობა თუ იქნება გაბრაზებული საქართველოს პრეზიდენტზე, მას შეუძლია, მანიპულირება მოახდინოს კონსტიტუციის ნორმებით. პიროვნული შეუთავსებლობის გამო სხვა გზა ვერ მონახეს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიყენეს იმპიჩმენტის პროცედურა. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკური პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყევტილებას“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

როცა მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს სტატუსი და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი-ირაკლი ღარიბაშვილი

როცა მიანიჭეს სტატუსი მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან სტატუსის ქვეშ.

„მე ვისაც შევხვდი და ვისაც ვესაუბრე, მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც ამ პანელურ დისკუსიაში ჩვენს მიმართ ძალიან მკაფიოდ გამოვიდნენ ევროპული ქვეყნები და მკაფიოდ დაგვიჭირეს მხარი, რომ არ შეიძლება იმ შეცდომის განმეორება, რომელიც შარშან დაუშვეს. არ შეიძლება გაყოფა. მითუმეტეს, საქართველო მართლაც არის თვალსაჩინო მაგალითი რეფორმების განვითარების კუთხით. მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ქვეყანა წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან სტატუსის ქვეშ. უფრო მეტიც, ბევრი მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრებსაც კი ვუსწრებთ ჩვენი მიღწევებით. ასე, რომ მე ამაზე აღარ მინდა სპეკულირება.

ჩვენ ვიზიარებთ, რომ დამსახურებაზე დამოკიდებული შეიძლება იყოს დასაბუთება, მაგრამ მთავარი ჩვენ კარგად ვიცით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ – როცა მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს სტატუსი და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. აიღეთ პერფორმანსი, ანუ ჩვენი მიღწევები და შესრულება, ნებისმიერ სფეროში, აიღეთ ამ ჩამოთვლილი ქვეყნების შესრულება ნებისმიერ სფეროში და შეადარეთ ჩვენი ქვეყანა და ეს ქვეყნები. თუ დამსახურებაზეა საუბარი.

პოლიტიკური თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ეს არის გამართლებული და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამიტომ ვამბობ და ვიმეორებ – ეს დიახაც, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა პრემიერმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დაასრულა

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს თავად პრეზიდენტი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პარლამენტთან, აქციაზე ბექა გრიგოდიასი და მისი ძმა დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, ორი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი 7-8 მარტის აქციებისას პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგოდიასის მამა, ბექა გრიგოდიასია. მეორე მისი ძმა.

დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს აპროტესტებენ.

მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეაშინოს სამოქალაქო საზოგადოება.

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.

 

წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს -მიქანაძე

რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით – ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ-დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით კიდევ ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატების დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდება.

„რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია – თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად და ძალიან კარგად იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგ პრობლემაა იმ ვეტოს დაძლევა, წინასწარვე გეტყვით, რომ იმ ვეტოსაც დავძლევთ“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის მეორე მოსმენით განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე საარტილერიო დარტყმა მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 49 ადამიანი დაიღუპა

GIF resized on https://ezgif.com/resize

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე საარტილერიო დარტყმა მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 49 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

“დაახლოებით 13:15 საათზე რუსებმა სოფელში მდებარე კაფე და მაღაზია დაბომბეს, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 48 დაღუპული ადამიანის ცხედარი, მათ შორის 6 წლის ბიჭი.

დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. ექიმები მათ აუცილებელ დახმარებას უწევენ. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6783 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6783 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6783 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6806 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8170 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ”

სადაც კი პრეზიდენტი წარსდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

მან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა მმართველ გუნდს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში მოლაპარაკებები აწარმოა.

„მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს „მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგები, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება,“ – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, კოპალეიშვილმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მოლაპარაკებები და რა კონკრეტული შედეგი დადგა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების ლიდერებს კონკრეტული მიზნით – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხზე ესაუბრებოდა, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი იყო.

„ჩვენ მიგვაჩნია, ამას ვადასტურებ, რომ ეს იყო არა მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, არამედ მოლაპარაკებებიც და რატომ? იყო საუბარი ორ მხარეს შორის. აქეთ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარეს იყო მეორე ქვეყნის, ევროკავშირის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის თანამდებობის პირებს კონკრეტული მიზნით ესაუბრებოდა და ეს მიზანი იყო ძალიან კონკრეტული – კანდიდატის სტატუსის მინიჭება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი და სამართლებრივიც,“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი – არა – ჩვენი დროის ციციკორეს როლშია -დავით უსუფაშვილი

 

ახლა პარლამენტში, ტრიბუნასთან დგას მიქანაძე, რომელიც ასევე ადეიშვილის მოადგილე იყო, კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი – არა – ჩვენი დროის ციციკორეს როლშია, – ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის რეპლიკას მაია კოპალეიშვილის მიმართ, რომელსაც კობახიძემ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობა შეახსენა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუკი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტები აქვს, კოპალეიშვილს არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს.

„ახლა პარლამენტში ტრიბუნასთან დგას გივი მიქანაძე, რომელიც ასევე მოადგილე იყო ადეიშვილის და იუსტიციის მინისტრების, სააკაშვილის დროს. კობახიძისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიქანაძე მისაღებია და კოპალეიშვილი, რომელიც სააკაშვილის დროს დაინიშნა სადღაც, ეს მიუღებელია, ესაა კრიტერიუმი და სტანდარტი?! თუ ის, რომ კოპალეიშვილის არგუმენტებს შეეწინააღმდეგოს, თუ აქვს არგუმენტები თავად. მაგრამ ის დღეს ჩვენი დროის ციციკორეს როლშია შესული, რომ ყველას და ყველაფერს განსჯის, ისიც თქვა ჩუგოშვილს რატომ უსმენთ პოლიტიკურად მიკერძოებულიაო და კობახიძე პოლიტიკურად მიუკერძოებელია?! “- განაცხადა უსუფაშვილმა.

“ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა”

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა „რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული“.

„გუშინ გაცხადდა რუსეთის ფედერაციის მორიგი მზაკვრული და აგრესიული ნაბიჯი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა აშენდება. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა. ეს ბაზა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სევასტოპოლში და ნოვოროსისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. ეს გემები ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებსაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უშენენ. შესაბამისად, ეს გემები უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ამ მცდელობას წინ აღუდგნენ, რამდენად ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს რუსეთის ფედერაციაა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები.

ცხადია ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადმოტანის პირდაპირი მცდელობაა, „ქართული ოცნების“ და მისი სპიკერების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაგვიგია, რომლებიც ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს მუდმივად ესხმიან თავს, USAID-ს რაღაც გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ დროს ჩვენთვის საფრთხის შემცველი ასეთი ნაბიჯი იგეგმება, ამის თაობაზე ღიად ცხადდება და ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს, ვერც ერთ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას შეაჩერებს. რუსეთის ფედერაციის დღევანდელი უახლოესი პარტნიორი სამწუხაროდ „ქართული ოცნებაა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს”

ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობისთვის იმყოფება.

ბორელის თქმით, უკრაინას სჭირდება როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ-ის მხარდაჭერა.

„ჩემი და უკრაინელების იმედი და მჯერა, რომ ყველას იმედი, ვისაც ამ ომში პუტინის გამარჯვება არ სურს, შეეხება გზების პოვნას, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებში დაუბრუნდებიან და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

კითხვაზე: შეუძლია თუ არა ევროკავშირს, შეავსოს ხარვეზი შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების ჩასანაცვლებლად? – ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს, თუმცა შეერთებულ შტატებს ვერ ჩაანაცვლებს.

„რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს შეერთებულ შტატებს. ევროპა ზრდის მის მხარდაჭერას, რომელიც წინადადების პროექტში სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 50 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, 20 მილიარდს კი სამხედრო საჭიროებისთვის“, – აღნიშნა ბორელმა.