წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს -მიქანაძე

386
spot_img

რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით – ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ-დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით კიდევ ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატების დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდება.

„რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია – თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად და ძალიან კარგად იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგ პრობლემაა იმ ვეტოს დაძლევა, წინასწარვე გეტყვით, რომ იმ ვეტოსაც დავძლევთ“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის მეორე მოსმენით განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.