Home Blog Page 2096

,, კაცი კაცია და ქალი – ქალი, არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი”- სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ კაცი კაცია, ქალი – ქალი და ადამიანები არ უნდა აიძულონ დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სქესის, რომელიც სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ კაცი კაცია, ხოლო ქალი – ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია.

“მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდის საუბრობენ საავადმყოფოებში მამაკაცებზე ან ქალებზე. ჩვენ არ უნდა გვაიძულონ იმის დაჯერება, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სექსის, როგორიც უნდათ. მათ [ეს] არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი – ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია”, – დასძინა მან.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნასთან”- დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ ანუ 2019 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა.

„2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მგზავრების რეკორდულ ოდენობას – 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს. აღსანიშნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, დაგეგმილია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება, ასევე 50 000 მგზავრზე გათვლილი ახალი სამგზავრო ტერმინალისა და სანავიგაციო კოშკურის მშენებლობა თელავის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება, რომელიც ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახურება.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ვიმუშავეთ ჩინეთთან მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხებზე და შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთანაც გვექნება დაკავშირებადობა“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის, ნიუ დელისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.

,,მათ მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემას ვერ გაუძლეს”- ანრი ოხანაშვილი

დღეს ალბათ პირველი პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლები გაიქცნენ სხდომის დარბაზიდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა.

მისივე თქმით, მათ მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემას ვერ გაუძლეს.

„აბსურდია მათი უსუსური მსჯელობა, რომ დააკნინონ კონკრეტული საკითხები. ოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტი რომ ჩადის სხვა ქვეყანაში, ეს ოფიციალური ვიზიტი იყო თუ არა, დასჭირდათ დრო, რა უნდა ეპასუხათ. ბოლოს ისეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ გაიქცნენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, თუმცა ვერ ასცდებიან ამ პასუხისმგებლობას. ხვალ მოუწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან უნდა თქვან, რომ უბრალოდ პასუხი არ აქვთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიღებულია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილეს.

კანონში ცვლილებას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 23.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებების საფუძველი გახდა 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შესაძლო და დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, რომელიც ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება.

მისი თქმით, გამოძიების დროს გამოვლინდა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უნდა მოეწყოს ე.წ. კარვების ქალაქი, რომლის ტერიტორიაზეც იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.

„გამომდინარე იქიდან, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ კონკრეტულ საკითხს და გვაქვს პოზიტიური ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონმდებლობაში ავსახოთ დამატებითი ნორმები, რომელიც პრევენციულად იმოქმედებს და მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად ავიცილოთ ნებისმიერი დესტრუქცია, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს დაემატება ახალი სანქცია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

,,ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მისი თანამდებობიდან გადადგომა სომხეთის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩემი წასვლით თუ ყველა გამოწვევა ნეიტრალიზებული იქნება, მე ამას გავაკეთებ. მე არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება. ეს არის ერთ-ერთი მიზანი, თუ რატომაც არ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

​მისივე განაცხადებით, ის თუ ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია. ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე.

„სამწუხაროდ, მხოლოდ მთავრობაზე არაა დამოკიდებული სომხეთის გარშემო შექმნილი გლობალური სიტუაცია. გლობალურ სიტუაციაში, ჩვენ უნდა დავიკავოთ სწორი პოზიცია. არა მხოლოდ ახლა, არამედ წარსულშიც, ყოველთვის არ გამოდიოდა სწორი პოზიციის დაკავება. ჩვენ 30 წელი მშვიდობა არ გვქონია. ჩვენ უბრალოდ გვქონდა სიტუაცია, როდესაც ომის გადავადება ხდებოდა, შესაძლოა, სომხეთის დამოუკიდებლობისა და მისი მარიონეტად ქცევის ფასადაც კი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

,,აღნიშნული პროცესი ცალსახად პოლიტიკურია”- ჩუგოშვილი

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და იმპიჩმენტის მოთხოვნას დაეთანხმება, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას, ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა განსაჯონ, ეს რას ნიშნავს, რამდენად ადეკვატურია და რამდენად ნორმალურია , – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცესი ცალსახად პოლიტიკურია.

„[პრეზიდენტს] აბსოლუტურად არანაირი ქმედების განხორციელების უფლება არ აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე, ყველაფრის, მათ შორის, მოსაზრების გამოხატვაც კი მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობით უნდა განხორციელდეს, ეს არის სრული აბსურდი, მეტ სიტყვას ვერ გამოვიყენებ, ეს არის რაღაც, რასაც მსოფლიოში საერთოდ ანალოგი არ აქვს. ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ როგორ შეიძლება ეს არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, მთავრობის, მთელი განკარგულების გარეშე, საერთოდ არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ლიდერი რომ ურეკავს, ტელეფონს უპასუხოს, ეს წარმოუდგენელი რამეა, საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მივიდნენ ასეთი რაღაცის თქმამდე, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თუკი გაითვალისწინებს და დაეთანხმება იმპიჩმენტის მოთხოვნას, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას, ამიტომ თვითონ განსაჯეთ, ჩვენმა მოქალაქეებმა განსაჯონ, ეს რას ნიშნავს, რამდენად ადეკვატურია და რამდენად ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ნორმალური არ არის.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია ცალსახად და ამას არვინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა თავისთავად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმპიჩმენტის დაწყებაც და მისი დასრულებაც პოლიტიკოსების და პოლიტიკური ორგანოს, პარლამენტის ხელშია – ეს რომ პოლიტიკური პროცესია, ამას არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, თვითონ პარლამენტიც და ამ პროცესის დამწყებებიც და წამომწყებებიც. საინტერესოა, რას ემსახურება, რატომ, როდის, რა თემაზე დაიწყო – დაიწყო როდის? როცა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივუახლოვდით და რა თემაზე დაიწყო? რომ ამ თემაზე ჩვენი პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს ხვდებოდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

,,ზარზმის აკადემიის” 38 მოსწავლე კომაროვში ჩაირიცხა

ზარზმის აკადემიის” 38-მა მოსწავლემ სწავლა კომაროვში გააგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მაგდა ბობოხიძე ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, სოფელ ზარზმაში, ბერად აღკვეცილმა მათემატიკოსმა იმდენი მოახერხა, რომ 38 მოსწავლე კომაროვში ჩაირიცხა.

“ერთი ამბავი უნდა იცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და აღმაფრთოვანებელი:

ადიგენში, სოფელ ზარზმის სკოლაში, არის “ზარზმის აკადემია”, რომელშიც ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად და გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა.

ბავშვები მოჰყავთ მთელი რეგიონიდან; მაგალითად, ერთი ბიჭი, კვირაში 3-ჯერ, 55 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან მოდის ზარზმაში, გაკვეთილისთვის გადის 110 კილომეტრს.

ისტორია არის ასეთი: მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში და გადაწყვიტა ბერად აღკვეცა, ასეც მოიქცა. მერე სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება, იმდენი მოახერხა, რომ “ზარზმის აკადემიის” 38-მა მოსწავლემ ჩააბარა კომაროვის გამოცდები და კომაროვში გააგრძელა სწავლა.

“რაღაც პერიოდის მერე ვცდილობთ ინგლისურად მოვიტანოთ ამოცანები, რომ ბავშვები ამ ენასაც შეეჩვიონო”.

რისი აღწერაც რთულია, არის ემოციური ნაწილი: როგორი გადამდები ენთუზიაზმი და მონდომება იგრძნობა მასწავლებლის და მოსწავლეების მხრიდან.

ახლა ცდილობენ აკადემიაში დაამატონ ინგლისური და ეკონომიკა. ეძებენ დაფინანსებას.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვათ და იმედი მაქვს, რომ მათი მაგალითი მოტივაციის მომტანი იქნება სხვებისთვისაც.” – წერს მაგდა ბობოხიძე სოციალურ ქსელში.

,,წარმოიდგინეთ, მუსიკაში ერკვეოდეთ და უსმენდეთ „კაკაფონიას” 7-8 საათის განმავლობაში’- კობახიძე

წარმოიდგინეთ მუსიკაში ერკვეოდეთ და უსმენდეთ „კაკაფონიას” დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში, ასეთი მძიმე შეგრძნებაა. უბრალოდ გაუგონარი რამეა, რასაც ვისმენთ ჩვენ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები ისეთ არაკომპეტენტურობას ავლენენ, რომ ეს მათი მიკერძოებითაც კი ვერ გამართლდება.

„ძალიან მძიმე მოსასმენია. აქ სისუსტეზეც კი არ არის საუბარი. ასეთი რამ შეიძლება დააბრალო პოლიტიკურ მიკერძოებას, რაღაც ინტერესებს, მაგრამ რაღაც ელემენტარული კომპეტენცია თუ გაქვს, ასეთ რაღაცებს უბრალოდ ვერ ილაპარაკებ. უბრალოდ გაუგონარია, რასაც ისინი ლაპარაკობენ.

სრული ნონსენსია, სტუდენტები უყურებდნენ ამ ყველაფერს და უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. მაგალითად, სხვადასხვა რამე რომ გგონია „წარმოადგენს“ და „ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს“ ეს არის სირცხვილი. როცა ვერ არჩევენ ერთმანეთისგან სტატუსს და უფლებამოსილებას, ეს არის სირცხვილი. იურიდიული თემაც არაა, ეს არის უნარების უმარტივესი ტესტის თემა. არაკეთილსინდისიერებაა მაინც მთავარი პრობლემა და არა არაკომპეტენტურობა იმიტომ, რომ ასეთი არაკომპეტენტურობა უბრალოდ წარმოუდგენელია და გაუგებარი. გვესმის მათი პოლიტიკური მიკერძოება, ორივე მათგანი არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ისინი არიან მხარის წარმომადგენელი, თუმცა მაინც ვერ გამართლდება გაუგონარი არაკომპეტენტურობა, რასაც ისინი ავლენენ მთელი პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილს წინასწარ ჰქონდა გარანტიები”- კობახიძე

ჩვენ არ გვგონია, რომ პარლამენტში 100 ხმა იქნება იმპიჩმენტის გარშემო, ერთი მარტივი მიზეზის გამო – დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილს წინასწარ ჰქონდა გარანტიები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მან ზუსტად იცოდა, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერდა მის იმპიჩმენტს. სწორედ ამის გამო გაბედა გარისკვა. გარისკა და არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან ვერ გარისკა ბიუჯეტის ფულის გამოყენება, რადგან ოპოზიციონერები არ იღებენ გადაწყვეტილებას არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, – განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება.

,,ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში”- კობახიძე კოპალეიშვილს

ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.

საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, საკუთარი წარსულისთვის მიეხედა.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი მოადგილე. სხვათაშორის, თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ საქართველოში. თქვენ რაც უნდა თქვათ, ვერანაირად იმოქმედებთ ჩემზე“, – მიმართა მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს.

„რომ ამაყობთ, ეგაა თქვენი პრობლემა“, – უპასუხა პრეზიდენტის წარმომადგენელს ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილიყო სასამართლოში, რადგან რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“. ამის შემდეგ მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ არასოწორი იყო, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა და სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა, იყო თუ არა ეს გაპროტესტების საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა ხვალ განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.

პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც დღეს ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

,,ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”- თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის წევრს თამარ ჩარკვიანს უპასუხა, რომ „კარვების კანონში” ლეიბებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იგეგმება. „მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”. – უთხრა თალაკვაძემ ჩარკვიანს. მანამდე ამავე პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანმა თქვა, რომ სწორი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე კარვებსა და ლეიბებს ითხოვდა. „როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა? თურმე, ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა?“, – თქვა ჩარკვიანმა და ამ კანონს „რუსული კანონი 2“ უწოდა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. „კარვების კანონს” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.