სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მისი თანამდებობიდან გადადგომა სომხეთის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩემი წასვლით თუ ყველა გამოწვევა ნეიტრალიზებული იქნება, მე ამას გავაკეთებ. მე არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება. ეს არის ერთ-ერთი მიზანი, თუ რატომაც არ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განაცხადებით, ის თუ ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია. ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე.
„სამწუხაროდ, მხოლოდ მთავრობაზე არაა დამოკიდებული სომხეთის გარშემო შექმნილი გლობალური სიტუაცია. გლობალურ სიტუაციაში, ჩვენ უნდა დავიკავოთ სწორი პოზიცია. არა მხოლოდ ახლა, არამედ წარსულშიც, ყოველთვის არ გამოდიოდა სწორი პოზიციის დაკავება. ჩვენ 30 წელი მშვიდობა არ გვქონია. ჩვენ უბრალოდ გვქონდა სიტუაცია, როდესაც ომის გადავადება ხდებოდა, შესაძლოა, სომხეთის დამოუკიდებლობისა და მისი მარიონეტად ქცევის ფასადაც კი“, – განაცხადა ფაშინიანმა.