Home Blog Page 2095

“ხვიჩიას რომ არა „სუტენიორის”, არამედ პოლიტიკოსის მსოფლმხედველობა ჰქონოდა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა აგვეხსნა, რას წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაესობა”

„ხვიჩიას სარწმუნო მოსაზრება, რომ იმპიჩმენტის წარმატებული დაგვირგვინების მიზნით, ოცნება აპირებს ნაცების „საროსკიპოს” დაფინანსებას, გამომდინარეობს მხოლოდ მისი დახარვეზებული მორალით გამოწვეული ავადმყოფური ბოდვითი აშლილობიდან, რომელსაც ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ლმობიერებით უნდა მოვეკიდოთ,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხვიჩია კოლეგა-დეპუტატებს მეძავებად განიხილავს და ამასთან, ამ მეძავებს ნაცმოძრაობის რიგებში ეძებს.

„სუტენიორი – ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული სარფიანი პოზიცია. მას იკავებენ ფულის სუნზე დაგეშილი და პოლიტიკას ამოფარებული ავანტიურისტები, რომლებიც მაგალითად ახალგაზრდების გან-სამშობლოებზე დაფუძნებულ პარტიულ ფინანსურ პირამიდებს აგებდნენ, როდესაც 30 „ვერცხლად” მათ კარდინალების ტიტულებს ურიგებდნენ, ქვეყნის დაცვაზე უარის თქმის ფასად.

დღეს სამშობლოს დაცვის სისტემაში „დეკარდინალიზაციის” პროცესების შემომღებ ხელისუფლებაზე განაწყენებული ერთ-ერთი ასეთი „სუტენიორი” იაგო ხვიჩია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირებას განიხილავს თავისთვის ყველაზე გასაგებ კატეგორიაში: თურმე რამდენ “მეძავ” დეპუტატისთვის აპირებს ოცნება ფულის გადახდას.

აქ ყველაფერია „შესანიშნავი”: ის, რომ თავის კოლეგა-დეპუტატებს ხვიჩია „მეძავებად” განიხილავს და ისიც, რომ ამ „მეძავებს” მაინცდამაინც ნაცმოძრაობის რიგებში ეძებს. ერთ რამეში უშვებს შეცდომას ხვიჩია – „ოცნება” როსკიპებში ფულის გადახდის მანკიერ პრაქტიკას შეეშვა. მისთვის ისიც კმარა, რომ თავის დროზე სწორედ მის მიერ მსგავსი დაფინანსებული „მეძავებით” გაივსო დღეს ხვიჩიასთვის ესოდენ მშობლიური ოპოზიციური სპექტრი.

ხვიჩიას რომ არა „სუტენიორის”, არამედ პოლიტიკოსის მსოფლმხედველობა ჰქონოდა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა მისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაესობა, რა არის მისი დარღვევისათვის გარდაუვალი ანგარიშგება, რას ნიშნავს ამ დანაშაულის გამო პრეცედენტის შექმნა, განურჩევლად იმისა, პრეზიდენტი არღვევს ქვეყნის ძირითად კანონს თუ რიგითი მოქალაქე.

ოცნება, რომელმაც პროცესის ინიცირებისთანავე მშვენივრად იცოდა საიმპიჩმენტოდ აუცილებელი 100 ხმის შეგროვების პრობლემატურობის შესახებ, ვერანაირად ვერ გაიხდის თავს სასაცილოდ, როგორც ამას ხვიჩია ვარაუდობს, რომლის პოლიტიკურმა ჯგუფმა კი პირიქით, არაერთგზის ჩაიგდო თავი კომიკურ სიტუაციაში. ხვიჩიას სარწმუნო მოსაზრება, რომ იმპიჩმენტის წარმატებული დაგვირგვინების მიზნით, ოცნება აპირებს ნაცების „საროსკიპოს” დაფინანსებას, გამომდინარეობს მხოლოდ მისი დახარვეზებული მორალით გამოწვეული ავადმყოფური ბოდვითი აშლილობიდან, რომელსაც ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ლმობიერებით უნდა მოვეკიდოთ,” – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სიმართლე ფულზე ძლიერია, ღირსება კი ან გაქვს, ან არა… – ნიკა მელია

ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, „ოცნების“ საოცნებო თამაშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და „ქართული ოცნების“ მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძლებელთ ბრძოლას…

პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით, „ოცნების“ სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა – ვიცოდი, ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ….

ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან ხუთ დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება, რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი.

გავიდა ცხრა თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან“ სამი თვის წინ ვიხილეთ.

და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული – გადავწყვითეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში „აქცია“:

საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო

სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას;

დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული „ახალი მენეჯმენტი“ მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით….

ყოველივე ეს მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, „ოცნების“ ხელწერას, ხელისუფლების კონტრაქციას ბუნებრივ პრეტენზიებზე, არ აგარევინებთო, გვეუბნებიან, „ოცნებიდან“ გრეჩიხა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩრდილოვანი მმართველები…

სიმართლე ფულზე ძლიერია, ღირსება კი ან გაქვს, ან არა…

ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, „ოცნების“ საოცნებო თამაშია…

ძალა მართალი და პრინციპული ადამიანების ერთობაშია“, – წერს ნიკა მელია.

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა.

“აშშ ერთ-ერთი ლიდერია უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით, დემოკრატიის დაცვაში. მე ვგრძნობ, რომ აშშ-ში არის [უკრაინის] მხარდაჭერა”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ Sky TG24-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის “თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა” და “დიდი მხარდაჭერა კონგრესში”.

ზელენსკის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს.

ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს შემოუერთდითო, ამ ფონზე, ვაჭრობას აგრძელებენ რუსეთთან -სოზარ სუბარი

ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს შემოუერთდითო, ამ ფონზე, ვაჭრობას აგრძელებენ რუსეთთან და მაგალითად, ბალტიისპირეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გადაგვასწრო კიდეც რუსეთთან ვაჭრობაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გუშინ გამართულ პარლამენტის პლანარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენა მიმდინარეობდა.

„გადავხედოთ ევროპის სტატისტიკას. ევროპამ რუსეთთან ვაჭრობა ძალიან ბევრ სფეროში კი არ შეამცირა, არამედ იგივე დონეზე დატოვა. სადაც შეამცირა, იქ აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან არ შედის ბენზინი და დიზელი, მაგრამ ჰოი საოცრებავ, რუსული დიზელი და ბენზინი შედის ტუნისიდან, ინდოეთიდან და გაიზარდა ევროპის ვაჭრობა. ახლა, აღმოჩნდა პირიქით, რუსეთმა დააწესა სანქციები, რუსეთში გაძვირდა ბენზინი და დიზელი, ამიტომ რუსეთმა აკრძალა ქვეყნის გარეთ გატანა, ან დააწესა მაღალი გადასახადი ამაზე და იქეთ დაუწესა სანქციები. ჩვენ გვთხოვენ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რომ ჩამოიქცეს ჩვენი ეკონომიკა, გაღარიბდეს ჩვენი მოსახლეობა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ რუსეთის შემდეგ ახალი მტერი აღმოაჩინა და ეს არის ჩინეთი, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

„თუ აქამდე ვლაპარაკობდით, რომ საქართველოზე უნდა გაიაროს შუა დერეფანმა, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ახლა, თურმე ამ ხიდზე ლაპარაკი ხელს უშლის ახლა პროექტს. პროექტს, რომელიც საქართველოს გვერდს უვლის, რომელიც აკავშირებს ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, ისრაელის გავლით ევროპასთან. თურმე ამ პროექტში არის აშშ-ს, ევროკავშირის ინტერესები და ჩვენ თუ განვავითარებთ შუა დერეფანს, მათ ინტერესებს შევუშლით ხელს. ოპოზიციისთვის მათი ინტერესები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი სამშობლო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ამ ყველაფერზე,” – განაცხადა სუბარმა

მისი თქმით, პარლამენტის სხდომაზე ბევრი კითხვა დაისვა ტურიზმზე, თუმცა ამ კითხვებს სვამენ ადამიანები, რომლებიც ტურიზმის განვითარების წინააღმდეგნი თავად არიან.

„თან აქციებს უწყობენ გემს, თუ მასზე ტურისტების ნაწილი მაინც რუსია; თან აქციები უნდა მოაწყონ ყაზბეგში, ლარსთან, ტურისტი რომ არ შემოვიდეს და თან იკითხონ, რატომ არ ვითარდება ტურიზმიო. ბოდიში, მაგრამ ფიჯიდან და სამოადან ჩვენთან ტურისტი ნაკლებად მოსალოდნელია რომ შემოვიდეს, შემოდიან მეზობელი ქვეყნებიდან და ისინი არიან ტურიზმის ბიზნესში მყოფებისთვის პოტენციური დამსაქმებლები. გაგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა ტურისტებს და ეუბნებოდა, ოღონდ შემოდით, თქვენი ჭირიმე, ყველა პირობას შეგიქმნითო და საქართველოს აეროპორტში შემოსულ ყველა ტურისტს, მათ შორის რუსს, ერთ ბოთლ ღვინოს ჩუქნიდნენ, მაშინ თურმე კარგი იყო რუსი ტურისტი. როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა – რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. დღეს ყოფილა თურმე აკრძალული. ბუჩას ტრაგედია ნამდვილად გვტკივა, მაგრამ როცა ბუჩას ტრაგედია გვტკივა, თურმე არ უნდა გვტკიოდეს გადახნული თამარაშენი, გადახნული კეხი, სადაც ერთი სახლიც არ დარჩა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე რუსეთთან ვაჭრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთი მილიარდი დოლარის საქონელი შემოდიოდა ყოველწლიურად რუსეთიდან და არც ერთი თეთრის საქონელი არ გადიოდა საქართველოდან, იმიტომ, რომ რუსეთმა დააწესა სანქცია ქართულ პროდუქციაზე.

„თურმე ის არის კარგი, რუსული საქონელი რომ შემოდის და საქართველოდან არაფერი არ გადის; ამით რომ რუსული ვალუტა ძლიერდება და ქართული ლარი სუსტდება, თურმე ეს კარგია და თუ ქართველი გლეხი გაიტანს მწვანილს ან ატამს, ან ქართველი მეწარმე ღვინოს გაყიდის, ეს თურმე დანაშაული ყოფილა. პარალელურად, ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს შემოუერთდითო, ამ ფონზე, ვაჭრობას აგრძელებენ რუსეთთან და მაგალითად, ბალტიისპირეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გადაგვასწრო კიდეც რუსეთთან ვაჭრობაში”, – აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა აითვისოს წყლის რესურსები, რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი გაზით, ან ურანით.

„დღეს რომ ლაპარაკობენ ხუდონჰესზე, სწორედ ეს ხუდონჰესი და 13 სოფელი მიჰყიდა ერთ ლარად ინვესტორს სააკაშვილმა, თავის ოჯახებიანად. ახლა ჩვენ გვედავებიან, რატომ დაიბრუნეთ ეს ყველაფერი ინვესტორისგანო. დღეს მიდის მუშაობა ახალ პროექტზე. ხუდონჰესი აშენდება არა იქ, სადაც კომუნისტების პერიოდში იყო განსაზღვრული და სადაც სააკაშვილი აპირებდა აშენებას, არამედ ოდნავ სხვა ადგილას, რომელიც სოფლების დატბორვას არ გამოიწვევს,” – განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველომ უნდა განავითაროს. სუბარის თქმით, მაშინ, როდესაც ევროპაში სამთო კურორტების ნახევარი დახურვის საფრთხის წინაშე დგას, აუცილებელია საქართველომ იზრუნოს თეთნულდის და სხვა მთის კურორტების განვითარებაზე, სადაც წლების განმავლობაში ბუნებრივი თოვლის პირობებში ივნისში ტარდებოდა სათხილამურო ჩემპიონატები. ასევე, სუბარმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მოწყობა, რაც ტურისტულად განავითარებს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ რაჭას, სამეგრელოს მთიან ნაწილს და იმერეთს.

დეპუტატი ასევე შრომით მიგრაციას შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ლეგალურ შრომით მიგრაციას, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები უცხოეთშიც იყოს დაცული.

„მიგრაციის გაჩერება შეუძლია ერთ რამეს – თუ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, თუ შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილები და სწორედ ამისთვის არის საჭირო ამ პროექტების განვითარება, რომლებზეც აქ იყო საუბარი. ოპოზიციამ თქვა, რომ ივანიშვილმა უთხრა მოსახლეობას, ევროპაში წადითო და ამიტომ მიდიანო. უბრალოდ ადამიანი, ანა ნაცვლიშვილს ვგულისხმობ, ან ხვდება, რას ამბობს და იტყუება, ან ვერ ხვდება იმიტომ, რომ ვერ წვდება საქმის არსს. ანუ საქმე გვაქვს ან მორალის დეფიციტთან, ან ინტელექტის დეფიციტთან, რადგან ძალიან მარტივად იყო ნათქვამი, რომ ლეგალურ შრომით მიგრაციას უნდა შევუწყოთ ხელი, ნაცვლად არალეგალური მიგრაციისა. როდესაც არალეგალური მიგრანტი მიდის ქვეყნიდან, ის აღარ ბრუნდება იმიტომ, რომ დაბრუნების შემთხვევაში მეორედ ვეღარ წავა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ლეგალური მიგრაცია, რომ ჯერ ერთი მიგრანტი გარკვეულწილად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის და თუ მისი უფლებები დაირღვა, მისი სახელმწიფო უდგას ზურგს უკან. მეორეც, მიგრანტმა იცის, რომ თუ დათქმულ ვადაში ვერ დაბრუნდა, ის მეორედ უკან ვეღარ წავა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას შევუწყოთ ხელი – ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური შრომითი მიგრაციის საშუალება, რომ შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და თავიანთ ოჯახებს,” – განაცხადა სუბარმა, რომლის კომენტარს „ხალხის ძალა“ ავრცელებ

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა

სტიქია გურიაში – ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა მილხიდები, ხიდები, განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

სოფელ მამათში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად დროებითი კონსტრუქციის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.

ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. ასევე, მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერი გრანადაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი გრანადაში 5-6 ოქტომბერს ტარდება.

,,რესურსი აქვს პრეზიდენტს, რომ სარგებელი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით”- სარჯველაძე

ფარსია სინამდვილეში, თითქოს რამე რესურსი აქვს პრეზიდენტს, რომ სარგებელი მოუტანოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ეს არის ხელოვნური მცდელობა, ოინი, რომ როდესაც გიჭირს საქმეში, ეს საქმე ბევრი დეტალით უნდა გაართულო, რომ ადამიანებს დაუკარგო აღქმა თუ რა არის მთავრი.

პრეზიდენტმა იცის, რომ უნდა შეათანხმოს მთავრობასთან, მთავრობა მას ეუბნება არას და ხსნის ამ არას. გაგიჭირდება ქვეყნის წარმატებულად წარმოდგენა, თუ შენ წახვალ და უკან გექნება მოტოვებული შენი განცხადება, რომლითაც ამბობ, რომ საქართველო ნაკლოვანი, ცუდი სახელმწიფოა და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მას რომ კითხვა დაუსვან, მაშინ იტყუებოდი თუ ახლაო, რას იტყვის? ან უნდა დაადასტუროს იგივე, ან უნდა თქვას, რომ არასწორად ვთქვი და საქართველო იმსახურებს სტატუსსო. მოკლედ, უხერხულ მდგომარეობაშია და ეს ფარსია სინამდვილეში, რომ ვითომ რამენაირად წაეხმარება ან რამე რესურსი აქვს პრეზიდენტს, რომ სარგებელი მოუტანოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კანდიდატის სტატუსის მოპოვებას,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,თუ ვინმესთან წავლენ გარიგებაზე, პირველ რიგში ასეთი ეჭვმიტანილი, “ნაცმოძრაობა” იქნება”- იაგო ხვიჩია

შესაძლებელია თუ არა რეალურად დადგეს იმპიჩმენტი – “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ამის რეალური მოლოდინი არსებობს. ხვიჩია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

“მე ძალიან მაინტერესებს რა მოხდება პარლამენტში. მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს იქნება სიურპრიზი, ეს უბრალოდ დამოკიდებულია რამდენს გადაიხდიან “ქოცები.” მე არ მჯერა, რომ მათ[ქართულმა ოცნებამ] ეს ყველაფერი იმისთვის წამოიწყეს, რომ პარლამენტში ჩააგდონ და დასაცინები გახდნენ, რა შინაარსი ექნება ამას?! – თუ პარლამენტში გაიტანენ და ჩააგდებენ, რისთვის დაიწყეს?!

 

ჩვენ ხომ გვესმის, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ. მე მგონია, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ იმპიჩმენტს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმესთან წავლენ ამასთან დაკავშირებით გარიგებაზე, პირველ რიგში ასეთი ეჭვმიტანილი, “ნაცმოძრაობა” იქნება. მიხეილ სააკაშვილიც იქნება იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ იყოს მასთან ასეთი შეთავაზება. მიდით მხარი დაუჭირეთ იმპიჩმენტს და ჩვენ მერე შეღავათს გაგიწევთ, ეს ხომ მაინც არ გიწყალებთ, დაახლოებით ასეთი, მაგრამ მე მგონია, რომ გადააგდებენ მიშას და მას არ ვურჩევდი ამ გზით წავიდეს, თუმცა ამის მიუხედავად, გააჩნია რამდენს გადაიხდიან, მათ თუ იმის მეხუთედი დახარჯეს სალომეს იმპიჩმენტში, რაც მის არჩევაში დახარჯეს, ჩემი აზრით, ამას მოახერხებენ,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

,,ძალიან რთულია არგუმენტებით აბსურდზე ილაპარაკო”- მდინარაძე

ძალიან რთულია არგუმენტებით აბსურდზე ილაპარაკო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მიმდინარე სხდომასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს 2 დღე რომ შევკრათ, საპარლამენტო მოწყობისა და მმართველობის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია სიმბოლური ლიდერის – მეფის, მონარქის, პრეზიდენტის და ა.შ. კომპეტენციაცაა და სტატუსს შორის შეუსაბამობა და აცდენა. ეს რას ნიშნავს? ანუ, სტატუსი გაცილებით მაღალი და მისი უფლებამოსილება აბსოლუტურად შეუსაბამოა ამ მაღალ სტატუსთან. ზუსტად იგივეა საქართველოს კონსტიტუციაშიც. როგორც კი გადაწყდა, რომ საქართველო არის საპარლამენტო მოწყობის ქვეყანა, იმ წუთასვე ეს გაიმიჯნა ერთმანეთისგან. არის ისეთი სიღრმეები, რომელიც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგოს, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ ისე წავიკითხავთ პრეზიდენტის სტატუსის შესახებ მუხლს, როგორც მისი წარმომადგენლები ცდილობენ წააკითხონ საზოგადოებას, სასამართლოს, მაშინ არ გვქონია საპარლამენტო მოწყობის ქვეყანა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რამზან კადიროვი, მარგარიტა სიმონიანის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს

რამზან კადიროვი მარგარიტა სიმონიანის მხარდასაჭერად ტელეგრამ არხზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს:
“კარგად ვიცნობ მარგარიტა სიმონიანს და უფრო კარგად ვიცი მისი პრინციპული პოზიცია. ის ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ნებისმიერ პლატფორმაზე ეროვნულ ინტერესებს იცავს. მის განცხადებებზე აჟიოტაჟის ატეხის ნაცვლად, თავი დამცველებად და ქველმოქმედებად რომ მოგაქვთ, სჯობს სასარგებლო საქმით დაკავდეთ და “ნატოსა” და ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელშესახები წვლილი შეიტანოთ.
მარგარიტა სიმონიანი ისეთი სულელი არ არის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმა შემოგვთავაზოს. ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას უმაღლესი მთავარსარდალი იღებს, იმ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, რაც შეიძლება სახელმწიფოს ემუქრებოდეს. ეს შესანიშნავად იცის მარგარიტამაც და ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ. მის მიერ მოყვანილი მაგალითი ნიშნავს, რომ მოვლენების ასეთი არახელსაყრელი განვითარებითაც კი, რუსეთი, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, სტრატეგიულად არ წააგებს.” – წერს კადიროვი.
ცნობისთვის, სიმონიანმა საკუთარ საავტორო გადაცემაში განაცხადა, რომ ციმბირში ბირთვული ბომბის ჩამოგდება დასავლეთის დასასჯელად კარგი იდეაა. მისივე მტკიცებით, აფეთქება მომაკვდინებელი არ იქნება, რადგან ამის შესახებ მას “ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა” უთხრა.

გერმანია საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

გერმანია საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. ოფიციალურმა ბერლინმა უკვე დაიწყო სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებები ხელშეკრულების გასაფორმებლად. გერმანია ითხოვს კონტროლს მიგრანტთან ნაკადის შესაჩერებლად და აგრეთვე დაჩქარებული წესით დეპორტაციაზე თანამშრომლობას.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ “საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მომთხოვნთა ათ პროცენტზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის”.

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს თქვენთვის რჩევის მოცემას აზრი არ აქვს, მაინც ისე გააკეთებთ, როგორც თავად გსურთ, თუმცა კონფლიქტისთვის განწყობილი არ ხართ და ნებისმიერ უთანხმოებას მშვიდად გადალახავთ.

კურო

ყველაფერში, რაც ფულს და გრძნობებს ეხება, სიტუაციას განაგებთ. მთავარია, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ნებისმიერ საქმეს თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დაასრულებთ. შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდაზეც კი დაელაპარაკოთ – მთავარია, ნაკლები ემოცია და მეტი დამაჯერებელი არგუმენტი მოიმარაგოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და ეს ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ყურადღება იქნება. ბედი გაძლევთ იდეალურ შანსს, რომ თქვენი ძველი გეგმები განახორციელოთ! დროა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რომელსაც ახლა თქვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდება.

კირჩხიბი

ამ დღეს ვიღაც აუცილებლად ეცდება თქვენით მანიპულირებას, თანაც ამას იმდენად მოხერხებულად გააკეთებს, რომ შეიძლება ვერც შენიშნოთ, როგორ აღმოჩნდით მისი გავლენის ქვეშ. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე სხვის დაკრულზე იცეკვოთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიტყვა „არა“ უფრო ხშირად უნდა გამოიყენოთ.

ლომი

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ქალწული

ცდილობთ, რომ რაღაც საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ და ამ საქმიანობაში ოჯახის წევრებიც ჩართოთ. ახლობელი ადამიანები თქვენს ამ ინიციატივას თუ აღფრთოვანებით არა, ზედმეტი წუწუნის გარეშე შეხვდებიან.

სასწორი

ამ დღეს საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. თქვენმა თვითორგანიზების უნარმა შესაძლოა არა მხოლოდ გარშემომყოფები, არამედ თავადაც გაგაოცოთ. მშვენიერი დღეა თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რაშიც ვარსკვლავებიც დაგეხმარებიან.

მორიელი

ამ დღეს დარწმუნდებით, რომ ცხოვრება თამაში არ არის და არც გარშემო მყოფები აპირებენ თქვენი მორჩილი თოჯინის როლი ასრულონ. თუ ადამიანებით მანიპულირების სურვილს ვერ ერევით, გირჩევთ, ის რომელიმე კომპიუტერულ თამაშში გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი

ეს დღე დადებითი, შემოქმედებითი ენერგიით აგავსებთ! თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება სიბრძნითა და წონასწორობით გამოირჩევა. შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ და ახალი პროექტის განხორციელებისთვის თანხა მიიღოთ.

თხის რქა

ნებისმიერ წვრილმანს ზედმეტად ემოციურად აღიქვამთ და ენერგიას უმნიშვნელო საკითხებზე ხარჯავთ. ამის გამო, შესაძლოა, უამრავი შესაძლებლობა დაკარგოთ, რომელსაც ეს დღე გულუხვად გთავაზობთ. წარმატების გასაღები მარტივია – წვრილმანები დაივიწყეთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართეთ.

მერწყული

ბედი თითქმის ყველა შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ სოციალურ იერარქიაში ერთი საფეხურით მაინც აიწიოთ. პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ სარგებელი მიიღოთ და ყველაზე უიმედო საქმეც კი თქვენთვის სასარგებლოდ შეამოატრიალოთ. ამ დღეს ასაკით უფროსი ადამის ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

სახლში საკმაოდ ჰარმონიული და პოზიტიური ატმოსფეროა, რაც იმის დამსახურებაა, რომ კონფლიქტებისა და გაუგებრობების ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრა შეგიძლიათ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები მაინც დაგრჩათ, ეს დღ შესანიშნავია გულწრფელი საუბრისა და ვითარების გამოსასწორებლად.