Home Blog Page 2094

შსს-მ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მას 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი) გულისხმობს.

„ხინკალივით ცხელი ამბები გველოდება წინ“ – რომან გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ლავროვის ოჯახის გაპანღურებამ გარდა პოლიტიკური სიამოვნებისა, სხვა სიამოვნებაც მომგვარა -“სტუმარ მასპინძელი” და “ალუდა ქეთელაური” კიდევ ერთხელ გადავიკითხე.
ვაჟა ფშაველა და სტუმარ-მასპინძელი არ გესმით თქვენო, განუცხადებია “ოცნების” ლიდერობას. ამისთვის ვაჟა ფშაველას წაკითხვა არცაა საჭირო, აგერ “აირზენას” გაიაშვილს ჰკითხეთ და მოკლედ აგიხსნითო:))
ვიღაცამ დაწერა, კობახიძემ ჯოყოლას გვარიც კი არ იცისო. შემრცხვა-ჯოყოლას გვარი თუ ჰქონდა ისიც კი არ ვიცოდი. ალხასტაიძე ყოფილა:))
საბჭოთა პერიოდის უმაღლესში მისაღები გამოცდები გამახსენდა, ჩამჭრელი კითხვები რომ იცოდნენ: “აბა მითხარით ყმაწვილო, რა ჰქვია გოგია უიშვილის ძალს”? ვერავინ პასუხობდა. წავია ჰქვია თურმე:))
“ოცნების” კიდევ უფრო პრორუსულ ფრთას, ხალხის ძალას რომ ეძახიან, კანონპროექტი შეუმუშავებია ასეთი სათაურით: “ სტუმარი ღვთისაა, ხოლო სმა-ჭამა-დიდად შესაგი”! ოპოზიცია ალტერნატიულს ამზადებს, რომელსაც “ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა” ჰქვია.
ხინკალივით ცხელი ამბები გველოდება წინ.“

,,სასამართლო არ იქნება, პირდაპირ დაუწერენ ყველას 2 000-2 000-ლარიან ჯარიმას”- ხაბაიშვილი

“არანაირი სასამართლო არ იქნება, პირდაპირ დაუწერენ ყველას 2 000-2 000-ლარიან ჯარიმას”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ გურჯაანის სასამართლოსთან მივიდა. სწორედ იქ უნდა გაიმართოს გუშინ, კახეთში გამართულ აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტის პროცესი. აქ მოვედით იმიტომ რომ გათავისუფლდნენ და ველოდებით ჩვენს მეგობრებს, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლის ოჯახის წევრებიც ნერვიულობენ, რომ იყვნენ თავისუფლები. არანაირი სასამართლო არ იქნება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ სუყველას განაჩენი, აუცილებლად დაუწერენ 2 000 – 2 000-ლარიან ჯარიმას მინიმუმ. სამოქალაქო აქტივისტებს, სხვა პარტიის წევრებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ყველანაირი დახმარება, მათ შორის სამართლებრივი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ნაწილი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მათ შორის, პროტესტი უნდა იყოს ყველგან უწყვეტი, – ამბობს ხაბეიშვილი.

ევროკავშირის ახალი გზავნილი მათ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

ევროკავშირის ახალი სანქციები იმ ათობით კომპანიას შეეხება, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციების მე-11 პაკეტში 90-მდე კომპანია მოხვდება, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის ტერიტორიიდან და ე.წ. მესამე ქვეყნებიდან სანქცირებულ პროდუქციას აწვდიან. მათ შორის არიან კომპანიებიც, რომლებიც ჩინეთში არიან რეგისტრირებულნი.

ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პოლიტიკური პარტია “დროას” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია გუშინ, თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს. ის სასტუმრო “ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

,,საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს”- მდინარაძე

საქართველოსთვის მავნებლური, მოღალატეობრივი ნარატივი არ იმუშავებს არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

მდინარაძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება.

„ეს არ არის მარტივი და უბრალოდ შესაფასებელი ამბავი, ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ბატონი ასლი. ხედავთ ერთი მხრივ, რა პროცესები მიდის, რა დეტალებთან დაკავშირებით უნდათ დიდი ნეგატიური ნარატივის აგება და მეორე მხრივ, აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ტესტავენ, როგორ შეიძლება, საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე, ევროპულ პერსპექტივებზე და ასე შემდეგ, ილაპარაკოს ვინმემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველამ დაიმახსოვროს, ეს ნარატივი არასდროს არ გავა, საქართველოსთვის მავნებლური და მოღალატეობრივი ნარატივი არ გავა არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს. ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერმა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, და არა მხოლოდ, უნდა დაიმახსოვროს. „ნაცმოძრაობის“ კლასტერის მხრიდან ნუ ხდება გატესტვა ნარატივის, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

,,ზურაბიშვილი სტრატეგიულ საკითხებში ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა” – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ეჭვი და ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებულები არიან „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ტაქტიკურ საკითხებზე შეიძლება, ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდეს უთანხმოება, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში მთავარი მოკავშირეა ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე.

„ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, რატომ? იმიტომ, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს და რასაც აკეთებ კობახიძე, იმას აკეთებს ბიძინა, რადგან კობახიძე ბიძინას გარეშე არ წარმოადგენს არაფერს. ამიტომ, მე არ მჯერა პრეზიდენტის, უნდა გადავიდეს ქმედებაზე. შეიწყალოს ნიკა გვარამია, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი. წავიდეს ევროპაში და 28-ვე ქვეყნის ლიდერს შეხვდეს, ეს იქნება ქმედება და არა ის, რომ არ მიშვებენ საქართველოდან და რა ვქნაო. რა მასშტაბის სისხლი გვაქვს გადახდილი, რომ ცივილიზაციურად და კულტურულად საქართველო ყოველთვის იყო ევროპა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით, ამის შანსი არსებობს და ამას ეღობება „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

უკრაინაში F-16-ის ავიაგამანადგურებლების გაგზავნით, დასავლეთი საკუთარ თავს უზარმაზარ რისკს შეუქმნის – გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, უკრაინაში ამერიკული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნით დასავლეთი საკუთარ თავს უზარმაზარ რისკებს შეუქმნის. გრუშკოს მტკიცებით, რუსეთს ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

„ე.წ. ესკალაციის კიბეზე სიარული გრძელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ ესკალაციის სცენარს მიჰყვებიან. ამით, საკუთარ თავსვე უქმნიან უზარმაზარ რისკს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გათვალისწინებული იქნება ჩვენს ყველა გეგმაში და ჩვენ ყველა აუცილებელი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, – მოჰყავს რუსულ სახელისუფლებო გამოცემა TASS-ს -აცხადებს გრუშკო

,,სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს”- გვიდიანი

ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაინტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფადი ასლის სტატუსის შესახებ.

ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნების უმთავრესი პრიორიტეტია.

„ან ამას ვინ ეკითხება ქართველები რას როგორ გადავწყვეტთ, ან ეს საერთოდ ვინ არის ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს? – არც არავინ. მაგრამ, სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს. ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაინტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია. როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია“, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

„ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად…”- სვიმონ მასხარაშვილი

„ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ – ამის შესახებ ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მასხარაშვილი ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად წერს, რომ ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:

„ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად: ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს: 1. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს იურიდიულად ევროკავშირი საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ პოზიციას აღარავინ შეცვლის სისხლის სამართლის დამნაშავედ და ძებნილად გამოცხადებული პუტინის სასარგებლოდ! შესაბამისად აფხაზეთ-სამაჩაბლოზე უარის თქმის გამო არათუ არ დავუახლოვდებით ევროპას, არამედ უფრო დავშორდებით! 2. რუსეთთან ინტეგრაცია ცხინვალს და აფხაზეთს ვერანაირად ვერ დაგვაბრუნებინებს, რადგან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტთა გამღვივებელი სწორედ რუსი პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთა ცხოვრების წესი იყო და არის: გათიშე და იბატონე და რომელთა უსაყვარლესი იარაღიც დესტრუქციის ექსპორტია. ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ – წერს სიმონ მასხარაშვილი.

გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. არსებული ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მას შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან.

ფადი ასლი არის უსამშობლო ადამიანი, მისი აზროვნება კი – მონური – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურება მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ
ორი არჩევანია – ან საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი ორი ოკუპირებული რეგიონის გარეშე, ან დაიბრუნოს ეს ორი რეგიონი და უარი თქვას სტატუსზე, კახა კალაძე უპასუხებს, რომ ეს არის მონური აზროვნება.

“ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი თითოეული კუთხე, რაიონი, ქალაქი, სოფელი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს, არის: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?”