საქართველოსთვის მავნებლური, მოღალატეობრივი ნარატივი არ იმუშავებს არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“
მდინარაძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება.
„ეს არ არის მარტივი და უბრალოდ შესაფასებელი ამბავი, ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ბატონი ასლი. ხედავთ ერთი მხრივ, რა პროცესები მიდის, რა დეტალებთან დაკავშირებით უნდათ დიდი ნეგატიური ნარატივის აგება და მეორე მხრივ, აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ტესტავენ, როგორ შეიძლება, საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე, ევროპულ პერსპექტივებზე და ასე შემდეგ, ილაპარაკოს ვინმემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველამ დაიმახსოვროს, ეს ნარატივი არასდროს არ გავა, საქართველოსთვის მავნებლური და მოღალატეობრივი ნარატივი არ გავა არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს. ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერმა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, და არა მხოლოდ, უნდა დაიმახსოვროს. „ნაცმოძრაობის“ კლასტერის მხრიდან ნუ ხდება გატესტვა ნარატივის, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.