შსს-მ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

100
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მას 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი) გულისხმობს.