Home Blog Page 2086

“თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება შემოვიდეს ქვეყანაში” – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, მას საქართველოში შემოსვლის სრული უფლება აქვს. ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ თუ რატომ არ ხდება საზღვარზე ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების გათვალისწინება.

„თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ.

ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა

ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების – კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა.

ამ ისტორიული თარიღისა და დახვრეტილი მამულიშვილებისადმი პატივის მიგების მიზნით, ვაკის პარკში, სადაც ისინი დახვრიტეს, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ჩართულობით,თბილისის მერიამ მემორიალური კუთხე მოაწყო. კუთხეში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, ქვაჯვარი და სასანთლე.

დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მემორიალური კუთხე.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სივრცე გაკეთდა იმისთვის, მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„100 წელი გავიდა ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან. ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ჩვენ, ცხადია, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ დღესაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის.

დღეიდან, ვაკის პარკში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია ამ გმირებს მივაგოთ პატივი. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონისმაჟორიტარი დეპუტატები.

ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები.

მემორიალური კუთხე და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1000-ზე მეტი დარეგისტრირებული უფროსკლასელი თიბისის განათლების პროგრამაზე

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი დღის განმავლობაში, 1000-ზე მეტი უფროსკლასელი დარეგისტრირდა.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ დაიწყო მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული, საგანმანათლებლო პროგრამა.

მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.

ამ ეტაპისთვის გაზაფხული-ზაფხულის ნაკადი სრულად შევსებულია. კურსებზე მიღება შემოდგომიდან განახლდება.

აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებით, თიბისი მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

 

R

“მათი განცხადებები არის საქართველოს ევროინტეგრაციისა და მთლიანად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

 „ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, –   ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე  ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გამიზნულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში არა ჩართვა, არამედ,  პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებით, მისთვის ხელის შეშლა.

„ეს ადამიანები არიან საბოტაჟის რეჟიმში და თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს არის საბოტაჟი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის  ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ჩვენ ვისმენთ მათ ფარისევლურ განცხადებებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.

თქვენ იცით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი  კომპონენტი იყო პოლარიზაციის შემცირება და ეს ადამიანები ამ პოლარიზაციას პირიქით აღრმავებენ. არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ. არათუ მხარდაჭერა და დახმარება, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მომავალს, ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან” – პაპუაშვილი

ნებისმიერი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან – ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკური დაცულობის გარანტიას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავად ოპოზიციამაც აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

„რამდენჯერმე წამოწიეს ეს თემა. ყოველ ჯერზე ეს თემა განხილული იყო და საზოგადოებამ პასუხი გასცა. თავად ოპოზიციამ, საბოლოო ჯამში აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კმ-ში, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე.

ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას.

ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ნებისმიერი დამატებითი სანქციების დაწესება ესკალაციას ნიშნავს. ამ რისკის წინაშე არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურდა როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე 2021 წელს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

“ჩვენი მოქალაქეები იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ეს დადასტურებულია გამოკითხვებით”

ჩვენი მოქალაქეები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურებულია როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე დადასტურდა ბოლო შუალედური არჩევნებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მიიღო 2021 წელს.

„მთავარი საკითხი არის ერთი. ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. არცერთ ქვეყანას არ აქვს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ვართ ქვეყანა, რომელიც, სხვათა შორის, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე იყო სწორედ რუსეთის მხრიდან სანქცირების ობიექტი. შესაბამისად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ გვქონდა გარკვეული სტატუს-კვო რუსეთთან და ჩვენ დამატებით გართულებას, სანქციების დაწესებას – ნებისმიერი სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაციას, მათ შორის, ესკალაცია ნიშნავს შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას – ამ რისკის წინაშე არ ვაპირებთ, მოქალაქეები დავაყენოთ. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ. ეს დადასტურებულია როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ეს დადასტურდა ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მიიღო 2021 წელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტს დასავლეთის მიღმა მხარდაჭერის მიღებისათვის იყენებს“ – უცხოური პრესა

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტს დასავლეთის მიღმა მხარდაჭერის მიღებისათვის იყენებს“ (ავტორი – პატრიკ ვინტური, დიპლომატიური რედაქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვეულებრივად „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტებზე ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ დასავლური თავისუფალი სამყაროს ბრძოლაზე და პრობლემების მოგვარებაზე, იღებენ ეფემერულ კომუნიკეებს და შემდეგ მათი მნიშვნელობის გარკვევა დიპლომატებს უწევთ.

ჰიროსიმაში გამართულ G-7-ის სამიტზე მიღებულ ზოგიერთ კომუნიკეს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა, განსაკუთრებით ჩინეთთან ვაჭრობასთან მიმართებით, მაგრამ ყველაზე მეტად სამიტის როლი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „მოულოდნელმა ვიზიტმა“ აამაღლა, რომელიც იაპონიას საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მიცემული თვითმფრინავით ეწვია. ეს გახდა კულმინაცია უკრაინელებისათვის, რომ მათ გაეცნობიერებინათ – თურმე კიევს ბოლო თვეების განმავლობაში იმ ადამიანებთან არ ჰქონდა კავშირი, რომლებისთვისაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმო.

დიახ, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მუდმივი კავშირები დასავლელ მოკავშირეებთან და მათგან დახმარების მიღება, მაგალითად, ჯო ბაიდენის ბოლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოიხსნა ვეტო უკრაინელი მფრინავების გადამზადებაზე ამერიკული „ფანტომ-16“ (F-16) პილოტირებისათვის (იმ იმედით, რომ ეს ავიაგამანადგურებელი უკრაინას გადაეცემა) და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინის იდენტიფიცირება დასავლეთთან და კერძოდ, ევროპასთან უკვე დასრულებულია, რაც სამიტზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვლის დასასრულშიც სიმბოლურად გამოხატა: „დიდება უკრაინას – დიდება ევროპას“.

მაგრამ უკრაინამ კარგად იცის, რომ არიან ქვეყნები, მაგალითად, 40-მდე „მიუმხრობელი“ სახელმწიფო, რომლებმაც თავი შეიკავეს გაეროს გენასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერისაგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაგმობის საკითხში. ინდოეთმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა და აფრიკის თითქმის 20-ზე მეტმა ქვეყანამ თავი აარიდა ხმის მიცემას. კიევი მიხვდა, რომ აღნიშნული ქვეყნების მხარდაჭერის მიღებაში მხოლოდ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს და თვითონაც უნდა გააქტიურდეს.

დღეისათვის უკრაინას აფრიკის ქვეყნებში მხოლოდ 10 საელჩო მუშაობს, რაც, როგორც ჩანს, არასაკმარის რესურსს წარმოადგენს აფრიკის ქვეყნების მენტალიტეტის შესაცვლელად უკრაინის მიმართ. გასული წლის ოქტომბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დიპლომატიური ტურნე აფრიკის ოთხ ქვეყანაში განახორციელა – ეწვია სენეგალს, კოტ დივუარს (ყოფ. „სპილოს ძვლის ნაპირს“), განას და კენიას. იგი დარწმუნდა, რომ ამ ქვეყნებში ძალიან მკაფიოდ არის რუსული ნარატივი, თუმცა, მისივე თქმით, „დადგა უკრაინის სიმართლის დროც“.
დიმიტრი კულბა აფრიკელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ცდილობდა მათთვის „სამი რუსული სიცრუის“ უარყოფა მოეხდინა:

პირველი, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა უკრაინის მიზანი ნატოს წევრობა კი არა, არამედ ნეიტრალიტეტი იყო.
მეორე – დიმიტრი კულებამ აფრიკელებს განუმარტა, რომ მათი წარმოდგენა, თითქოსდა რუსეთი და უკრაინა ერთიანი ქვეყანა იყო და ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უფლება ჰქონდა უკრაინელებისთვის თავისი ნება მოეხვია, საფუძველშივე მცდარია. „სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ქვეყნები ვართ ენით, კულტურით და ისტორიით. აბა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეზობელი მოდის და გეუბნებათ, რომ თქვენი კულტურა, ენა და ისტორია არ არსებობს, თქვენი სახელმწიფოებრიობა შეცდომა არისო. რა განწყობა გექნებათ?“.

მესამე რუსული სიცრუე იმაში გამოიხატება, რომ მოსკოვური პროპაგანდის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთს სურს, უკრაინა კი თურმე არ ეთანხმება. სინამდვილეში კი ომის შეწყვეტაზე წინადადება პირველმა უკრაინამ წამოაყენა.

უკრაინა ცდილობს, რომ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს თავისი პოზიციები კარგად განუმარტოს. მაგალითად, ნიუ-დელიში (ინდოეთში) ყოფნისას დიმიტრი კულებას მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ მოლაპარაკების დროს ხაზი გაუსვა ინდოეთისა და უკრაინის ბრძოლის მსგავსებას კოლონიალიზმის საქმეში და იკითხა, თუ „რატომ არ ჩამოდის ჩვენთან კიევში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აჯიტ დოვალი, რომელსაც სულ მოსკოვში ვხედავთო“.

რასაკვირველია, კიევის მცდელობა არა იმდენად იმისკენაა მიმართული, რომ გაეროში დამატებით 20 თუ 25 ხმა მიიღოს, არამედ მას უფრო პრაქტიკული მიზანი აქვს – უკრაინას სურს ამ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს იმ სამშვიდობო სამიტზე, რომელიც, კიევის ვარაუდით, შეიძლება ივლისში გაიმართოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი შეხვედრებზე ჯიდაში და ჰიროსიმაში შეეცადა არაბული ქვეყნების ლიდერებისთვის (და პირადად ინდოელი პრემიერ-მინისტრისთვისაც) მიენიშნებინა, რომ მართალია, ისინი არ ემხრობიან დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს და, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, „კანონიერად“ მოქმედებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი მოქმედება ამორალურია და ნეიტრალიტეტის გამოვლენად ნამდვილად არ ჩაითვლება.
რა თქმა უნდა, ჰიროსიმაში ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო სწორედ საქმის გარკვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან. ინდოეთი რუსეთისაგან დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობს და ამით კრემლს ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ, როგორც ჩანს, ზელენსკიმ ინდოეთის ლიდერის დარწმუნება ვერ მოახერხა – ნარენდრა მოდი რუსული იაფფასიანი ნავთობის იმპორტს არ შეწყვეტს, მით უმეტეს, იმიტომაც, რომ, როგორც ირკვევა, რუსულ გაწმენდილ ნავთობს ინდოეთისგან თურმე… ევროპა ყიდულობს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ კი თავი აარიდა უკრაინელ კოლგასთან შეხვედრას და „დროის უკმარისობა“ მოიმიზეზა. ბრაზილიის დელეგაციის განცხადებით, პრეზიდენტი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე. თუმცა ლუის ინასიო ლულა და სილვამ თავის გამოსვლის დროს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ „გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და უარყოფს ომს, როგორც დავების გადაწყვეტის საშუალებას“.

ობიექტურობის დაცვის მიზნით, უნდა ითქვას, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პოზიცია სულ სხვა იყო აპრილში, როცა იგი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. მან ნატო ექსპანსიონიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ამერიკამ ომის პროპაგანდა უნდა შეწყვიტოს და მშვიდობაზე ლაპარაკი უნდა დაიწყოს“. ასეთი განცხადების გამო ბრაზილიის ლიდერი დასავლეთმა „პრომოსკოვურობაში“ დაადანაშაულა.

დიახ, ლუის ინასიო ლულა და სილვამ რიტორიკა ცოტა შეცვალა, მაგრამ იგი მაინც უარს ამბობს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე. მისი თქმით, დღევანდელი პრობლემების გადაწყვეტა ანტაგონისტური ბლოკების ჩამოყალიბებით ვერ გადაწყდება, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს. „არ აქვს აზრი ისეთ მოწოდებებს, როგორებითაც დასავლეთი განვითარებად ქვეყნებს მიმართავს და მათ ინტერესებს არ იზიარებს“, – განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას და G7-ს გლობალური მმართველობის ძირითადი ორგანოების – გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმირებისაკენ მოუწოდა.

საბოლოო ჯამში, სანამ ეს საკითხები არ გადაწყდება, ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური ძალისხმევა მიზნის მიღწევისგან ჯერ ისევ შორს იქნება.

წყარო

“ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებები არის ფარისევლური” – კახა კალაძე

მათი ყველა განცხადება, ყველა ქმედება არის ფარსი, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყვარელში პროტესტთან დაკავშირებით ჟუნალისტის კითხვას, „ელენე ხოშტარია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი. ცნობილია, რომ ის თავად იღებს რუსეთიდან დაფინასებას, როგორ შეაფასებთ ამას“.

კალაძემ ოპოზიციის აქციების შეფასებისას აღნიშნა, რომ მათ დღეს უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებული და ამ თამაშს თამაშობენ.

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, გადახედეთ, წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებული არიან. თვითონ აღიარებენ ამას და პირდაპირ კომენტარებშიც არ ერიდებიან საუბარს, ამბობენ, თითქოს მაშინ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კუთხით სხვა ვითარება იყო, არ ვიცი, რა ვითარებაზე საუბრობენ, 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო, თუმცა თურმე მაშინ, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება, ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ადამიანები. უბრალოდ მაშინ უთხრეს, უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, დღეს უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებული, ამ თამაშს თამაშობენ, ეს ძალიან მარტივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“ – ამერიკის ხმა

აშშ-ის რადიოს „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“ (ავტორი – ზაზა წულაძე, თბილისელი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

საქართველოს ხელისუფლებამ ერთდღიანი უარყოფის და საზოგადოების პროტესტის შემდეგ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ნამდვილად შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა და მისი ქმარი, რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ვინოკუროვი. ცოლ-ქმარ ლავროვა-ვინოკუროვის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციები 2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოქმედებს. ეკატერინე ლავროვა-ვინოკუროვას, მიუხედავად იმისა, რომ იგი აშშ-ის მოქალაქეც არის, აკრძალული აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და უკრაინაში შესვლა.

როგორც „ამერიკის ხმას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ უთხრა, „ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“. მისი აზრით, „ყველა ნაბიჯი, რაც მმართველმა პარტიამ ბოლოს გადადგა, რუსეთთან ფრენების აღდგენის და იმის ხაზგასმის ჩათვლით, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არასოდეს მიუერთდება, სწორედ აქეთკენ არის გადადგმული. „ოცნებას“ აცნობიერებს, რომ ის რეფორმები, რომლის შესრულებასაც 12 პირობის სახით ითხოვს მისგან ევროკავშირი, პირველ რიგში, „ოცნების“ ძალაუფლებას დაასუსტებს“.

საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილისთვის საზღვრის კვეთის უფლების მიცემა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორედ იმით ახსნა, რომ საქართველო არ მიერთებია და არც აპირებს მიუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამავე დროს, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს არასწორი უწოდა.
„არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ეს გერმანიაში ვისწავლე…თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, არ გვქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოგვეშვა საქართველოში“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა ოჯახის წევრებთან და სამეგობროსთან ერთად, მაზლის – ისრაელის მოქალაქე მოშე ვინოკუროვის – ქორწილში ჩამოვიდა. მოშემ, სასცენო სახელით – MIKA VINO, ცოლად რუსეთის მოქალაქე დიანა ახმადიშინა მოიყვანა და ხელი თბილისში, უზნაძის ქუჩაში მდებარე, „ქორწინების სახლში“ მოაწერა. “ქორწინების სახლში” ამტკიცებენ, რომ ცერემონიის დეტალები ჯერ კიდევ, მარტში შეთანხმდა და ჯავშანიც მაშინ გაფორმდა.

სიტუაცია უკიდურესად, მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ინსტაგრამსა“ და „ტვიტერზე“ რუსმა სტუმრებმა საქართველოში მოლხენის ამსახველი ვიდეოს გავრცელება დაიწყეს. ამის შემდეგ, ოპოზიციამ ყვარელში, სასტუმრო Kvareli Like Resort-ის ბლოკირება სცადა, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მაყრიონის ნაწილი, მათ შორის ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვაც იმყოფებოდა.

პოლიციამ საერთო ჯამში, ყვარელსა და თბილისში საპროტესტო აქციებზე, 17 პირი დააკავა, მათ შორის, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ამ დროისთვის, შსს-ის განცხადებით, ყველა დაკავებული თავისუფალია.

როგორც Kvareli Like Resort-ში, ისე Akhasheni Wine Resort-ში 20 მაისს, კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ მათთან სტუმრად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი იმყოფებოდა. მათ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელეს და მედიაში გასულ ინფორმაცია, დეზინფორმაცია უწოდეს.

ყვარლის ტბასთან პოლიციასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, Kvareli Like Resort-ში საქმიან სადილზე ვერ შეძლო შესვლა საქართველოში ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ყვარელში ეკატერინა ლავროვას ყოფნა.

„ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი ევროპის ქვეყნებში შეშვება აკრძალულია. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სანქციებს არ უერთდებიან, მეორე მხრივ მათ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ. თუმცა აუცილებლობის მიუხედავად, ამას ვერ ვხედავთ“ – განაცხადა ქართულ მედიასთან ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა.

„რას ნიშნავს, რომ სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის პუტინის გარემოცვა, ჩამოდის ქვეყანაში…“ – ასე გამოეხმაურა საქართველოში ლავროვის შვილის შემოშვებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის და 31 მაისს, ევროპარლამენტში გამოსვლის უფლებას არ აძლევს, გამოვიდა ღია მოწოდებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდეს და საავიაციო მიმოსვლა შეწყდეს.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაარწმუნა, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება“.

პრეზიდენტის ეს განცხადება მოგვიანებით „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს – „შეუძლებელია, რომ შსს მინისტრს პრეზიდენტისთვის ეთქვა, რომ ის ქორწილს გადადებდა, რადგან ეს გომელაურის და შსს-ს საქმე არ არის“ – განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ადამიანი შემოვიდა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავების ქორწილზე დასასწრებად და პროტესტის შემდეგ, რამდენმა დატოვა ქვეყანა. შსს-ში ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ქორწილი საქართველოში, დროში დაემთხვა, 23 წლის შემდეგ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მოხსნას და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას.

19 მაისს, თბილისის აეროპორტში, პირველი ფრენა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, 20 მაისს კი მოსკოვის აეროპორტში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ლაინერი დაჯდა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთში ფრენების დაწყებისთვის „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი ოფიციალურად გამოუცხადა და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ამ ავიაკომპანიის სერვისით აღარ ისარგებლონ.

საპასუხოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და პრეზიდენტის წინაპრები, რომლებმაც ქვეყანა 1921 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ დატოვეს, „საქართველოს ხაზინის, მუზეუმების და ეკლესია-მონასტრების გაძარცვაში“ დაადანაშაულა. „ჩვენ მას (ზურაბიშვილს) ბორტზე არ დავუშვებთ“ – ხაზი გაუსვა გაიაშვილმა.

ნიშანდობლივია, რომ გაიაშვილმა მოსკოვში, „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი ფრენის შემდეგ, რუსული ტელევიზიის ეთერით, ვლადიმერ პუტინს სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს რუსეთთან, მანამდე საქართველოს ხელისუფლებაც მიესალმა.

„დღეისათვის ვითარება ასე ჩანს, რომ რუსული ნარატივი დასავლური ნარატივის წინააღმდეგ, გახდა სახელისუფლებო ნარატივი – ოპოზიციური ნარატივის წინააღმდეგ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის სპეციალისტმა. მისი თქმით, „ასეთი გარემოს შექმნაზე, ძირითადად, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნარატივი ხშირად ემთხვევა რუსულ ნარატივს. ყველა დანარჩენ ადამიანებს, ვინც დასავლურ ნარატივზე ვდგავართ და ვცდილობთ, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი დავიცვათ, ხელისუფლება გვაცხადებს, ბნელებად, მოღალატეებად, ომის პარტიის წევრებად და ა.შ. ამიტომ, როგორც კი ვდგებით იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება და მისი მომხრეები ცალსახად იმას ამბობენ, რასაც რუსეთი ამბობს… ბუნებრივია, რომ რუსეთი აუცილებლად გადადგამს რაღაც ნაბიჯებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას მხარი დაუჭიროს. ამას დღეს ნათლად ვხედავთ“.

„სულ რომ გულწრფელად არ იყოს, „ქართული ოცნება“ პრორუსული, არადა, რეალობა, მათი ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ფრენების აღდგენის ჩათვლით, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულია, რუსეთის ხელისუფლება ამას ისე შეფუთავს და ისეთ ვითარებას შექმნის, რომ ყველამ იფიქროს, საქართველოს ხელისუფლების კურსი შეიცვალა და იგი პრორუსულია. სწორედ ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის მთელი არსი“, – ამბობს დავით ძიძიშვილი.

მესამე სექტორის აზრით, ამ დროისთვის, ევროკავშირის 12 პუნქტიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია 5 მოთხოვნა, 4 მოთხოვნა ნაწილობრივ არის შესრულებული და სრულად შესრულებულად კი მხოლოდ 2 მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს.

ამ ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და გახსნა ორმხრივი ფრენები, რაც რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მოკავშირე დასავლეთის სტრატეგიულ პოლიტიკას ცალსახად ეწინააღმდეგება.

წყარო

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის – „შპიგელი“

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ინდოეთის პორტებში რუსული ნავთობით დატვირთული, სულ მცირე, ორი ტანკერი შედის, რაც თვეში 70 ტანკერია.

„შპიგელი“ წერს, რომ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მდებარეობს, სადაც რუსული ნავთობის ბენზინად და ნავთობად გადამუშავება ხდება და შემდეგ ევროპაში შედის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ინდოეთმა ევროკავშირში საუდის არაბეთზე მეტი საწვავი შეიტანა.

ინდოეთში „ვადინარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თითქმის 50 პროცენტი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ საკუთრებაშია.

ლაგოდეხში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფოს დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, რიგით 32-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი ჯგუფი (TBC Group PLC) იყო.

ფორუმი, სახელწოდებით “Investing in Resilience”, 16 მაისს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ფინანსური და კორპორატიული სექტორის აღმასრულებლებმა, მეწარმეებმა, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ მთელი მსოფლიოდან.

ფორუმზე თიბისი ჯგუფის (TBC Group PLC) დელეგაციას ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. სადისკუსიო პანელებში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკი უზბეკეთისა და Payme უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი თეთრაშვილი, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ციფრული პროგრესის მნიშვნელობას, უზბეკეთის ბაზრის მიმზიდველობას და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას ფინანსურ ჩართულობაზე.

“მოხარული ვარ, რომ თიბისი ჯგუფი, მასში შემავალ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილია EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ბოლო 12 წლის განმავლობაში.  თიბისი ჯგუფს EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რომელიც უკვე ორ ათწლეულს ითვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თიბისი უზბეკეთის გაფართოებაში, რაც საშუალებას  გვაძლევს, უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, 2021 წელს თიბისი ბანკი უზბეკეთის კაპიტალის მოცულობის ზრდაში მიიღო მონაწილეობა. პირველი შენატანის სახით, თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარი განახორციელა. EBRD და IFC კაპიტალის მოცულობის ზრდას 2024 წლამდე გააგრძელებენ.

სამარყანდის ფორუმმა თემების ფართო სპექტრი მოიცვა, მათ შორის: უზბეკეთის საინვესტიციო პერსპექტივა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და განახლებადი ენერგიები; უკრაინასთან ომით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი გამოწვევები; დიჯიტალიზაცია განვითარებად ბაზრებზე და ფინანსური ჩართულობა.

R