„ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტს დასავლეთის მიღმა მხარდაჭერის მიღებისათვის იყენებს“ – უცხოური პრესა

78
spot_img

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტს დასავლეთის მიღმა მხარდაჭერის მიღებისათვის იყენებს“ (ავტორი – პატრიკ ვინტური, დიპლომატიური რედაქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვეულებრივად „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტებზე ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ დასავლური თავისუფალი სამყაროს ბრძოლაზე და პრობლემების მოგვარებაზე, იღებენ ეფემერულ კომუნიკეებს და შემდეგ მათი მნიშვნელობის გარკვევა დიპლომატებს უწევთ.

ჰიროსიმაში გამართულ G-7-ის სამიტზე მიღებულ ზოგიერთ კომუნიკეს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა, განსაკუთრებით ჩინეთთან ვაჭრობასთან მიმართებით, მაგრამ ყველაზე მეტად სამიტის როლი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „მოულოდნელმა ვიზიტმა“ აამაღლა, რომელიც იაპონიას საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მიცემული თვითმფრინავით ეწვია. ეს გახდა კულმინაცია უკრაინელებისათვის, რომ მათ გაეცნობიერებინათ – თურმე კიევს ბოლო თვეების განმავლობაში იმ ადამიანებთან არ ჰქონდა კავშირი, რომლებისთვისაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმო.

დიახ, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მუდმივი კავშირები დასავლელ მოკავშირეებთან და მათგან დახმარების მიღება, მაგალითად, ჯო ბაიდენის ბოლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოიხსნა ვეტო უკრაინელი მფრინავების გადამზადებაზე ამერიკული „ფანტომ-16“ (F-16) პილოტირებისათვის (იმ იმედით, რომ ეს ავიაგამანადგურებელი უკრაინას გადაეცემა) და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინის იდენტიფიცირება დასავლეთთან და კერძოდ, ევროპასთან უკვე დასრულებულია, რაც სამიტზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვლის დასასრულშიც სიმბოლურად გამოხატა: „დიდება უკრაინას – დიდება ევროპას“.

მაგრამ უკრაინამ კარგად იცის, რომ არიან ქვეყნები, მაგალითად, 40-მდე „მიუმხრობელი“ სახელმწიფო, რომლებმაც თავი შეიკავეს გაეროს გენასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერისაგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაგმობის საკითხში. ინდოეთმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა და აფრიკის თითქმის 20-ზე მეტმა ქვეყანამ თავი აარიდა ხმის მიცემას. კიევი მიხვდა, რომ აღნიშნული ქვეყნების მხარდაჭერის მიღებაში მხოლოდ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს და თვითონაც უნდა გააქტიურდეს.

დღეისათვის უკრაინას აფრიკის ქვეყნებში მხოლოდ 10 საელჩო მუშაობს, რაც, როგორც ჩანს, არასაკმარის რესურსს წარმოადგენს აფრიკის ქვეყნების მენტალიტეტის შესაცვლელად უკრაინის მიმართ. გასული წლის ოქტომბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დიპლომატიური ტურნე აფრიკის ოთხ ქვეყანაში განახორციელა – ეწვია სენეგალს, კოტ დივუარს (ყოფ. „სპილოს ძვლის ნაპირს“), განას და კენიას. იგი დარწმუნდა, რომ ამ ქვეყნებში ძალიან მკაფიოდ არის რუსული ნარატივი, თუმცა, მისივე თქმით, „დადგა უკრაინის სიმართლის დროც“.
დიმიტრი კულბა აფრიკელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ცდილობდა მათთვის „სამი რუსული სიცრუის“ უარყოფა მოეხდინა:

პირველი, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა უკრაინის მიზანი ნატოს წევრობა კი არა, არამედ ნეიტრალიტეტი იყო.
მეორე – დიმიტრი კულებამ აფრიკელებს განუმარტა, რომ მათი წარმოდგენა, თითქოსდა რუსეთი და უკრაინა ერთიანი ქვეყანა იყო და ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უფლება ჰქონდა უკრაინელებისთვის თავისი ნება მოეხვია, საფუძველშივე მცდარია. „სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ქვეყნები ვართ ენით, კულტურით და ისტორიით. აბა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეზობელი მოდის და გეუბნებათ, რომ თქვენი კულტურა, ენა და ისტორია არ არსებობს, თქვენი სახელმწიფოებრიობა შეცდომა არისო. რა განწყობა გექნებათ?“.

მესამე რუსული სიცრუე იმაში გამოიხატება, რომ მოსკოვური პროპაგანდის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთს სურს, უკრაინა კი თურმე არ ეთანხმება. სინამდვილეში კი ომის შეწყვეტაზე წინადადება პირველმა უკრაინამ წამოაყენა.

უკრაინა ცდილობს, რომ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს თავისი პოზიციები კარგად განუმარტოს. მაგალითად, ნიუ-დელიში (ინდოეთში) ყოფნისას დიმიტრი კულებას მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ მოლაპარაკების დროს ხაზი გაუსვა ინდოეთისა და უკრაინის ბრძოლის მსგავსებას კოლონიალიზმის საქმეში და იკითხა, თუ „რატომ არ ჩამოდის ჩვენთან კიევში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აჯიტ დოვალი, რომელსაც სულ მოსკოვში ვხედავთო“.

რასაკვირველია, კიევის მცდელობა არა იმდენად იმისკენაა მიმართული, რომ გაეროში დამატებით 20 თუ 25 ხმა მიიღოს, არამედ მას უფრო პრაქტიკული მიზანი აქვს – უკრაინას სურს ამ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს იმ სამშვიდობო სამიტზე, რომელიც, კიევის ვარაუდით, შეიძლება ივლისში გაიმართოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი შეხვედრებზე ჯიდაში და ჰიროსიმაში შეეცადა არაბული ქვეყნების ლიდერებისთვის (და პირადად ინდოელი პრემიერ-მინისტრისთვისაც) მიენიშნებინა, რომ მართალია, ისინი არ ემხრობიან დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს და, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, „კანონიერად“ მოქმედებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი მოქმედება ამორალურია და ნეიტრალიტეტის გამოვლენად ნამდვილად არ ჩაითვლება.
რა თქმა უნდა, ჰიროსიმაში ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო სწორედ საქმის გარკვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან. ინდოეთი რუსეთისაგან დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობს და ამით კრემლს ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ, როგორც ჩანს, ზელენსკიმ ინდოეთის ლიდერის დარწმუნება ვერ მოახერხა – ნარენდრა მოდი რუსული იაფფასიანი ნავთობის იმპორტს არ შეწყვეტს, მით უმეტეს, იმიტომაც, რომ, როგორც ირკვევა, რუსულ გაწმენდილ ნავთობს ინდოეთისგან თურმე… ევროპა ყიდულობს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ კი თავი აარიდა უკრაინელ კოლგასთან შეხვედრას და „დროის უკმარისობა“ მოიმიზეზა. ბრაზილიის დელეგაციის განცხადებით, პრეზიდენტი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე. თუმცა ლუის ინასიო ლულა და სილვამ თავის გამოსვლის დროს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ „გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და უარყოფს ომს, როგორც დავების გადაწყვეტის საშუალებას“.

ობიექტურობის დაცვის მიზნით, უნდა ითქვას, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პოზიცია სულ სხვა იყო აპრილში, როცა იგი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. მან ნატო ექსპანსიონიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ამერიკამ ომის პროპაგანდა უნდა შეწყვიტოს და მშვიდობაზე ლაპარაკი უნდა დაიწყოს“. ასეთი განცხადების გამო ბრაზილიის ლიდერი დასავლეთმა „პრომოსკოვურობაში“ დაადანაშაულა.

დიახ, ლუის ინასიო ლულა და სილვამ რიტორიკა ცოტა შეცვალა, მაგრამ იგი მაინც უარს ამბობს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე. მისი თქმით, დღევანდელი პრობლემების გადაწყვეტა ანტაგონისტური ბლოკების ჩამოყალიბებით ვერ გადაწყდება, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს. „არ აქვს აზრი ისეთ მოწოდებებს, როგორებითაც დასავლეთი განვითარებად ქვეყნებს მიმართავს და მათ ინტერესებს არ იზიარებს“, – განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას და G7-ს გლობალური მმართველობის ძირითადი ორგანოების – გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმირებისაკენ მოუწოდა.

საბოლოო ჯამში, სანამ ეს საკითხები არ გადაწყდება, ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური ძალისხმევა მიზნის მიღწევისგან ჯერ ისევ შორს იქნება.

წყარო