“ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან” – პაპუაშვილი

66
spot_img

ნებისმიერი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან – ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკური დაცულობის გარანტიას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავად ოპოზიციამაც აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

„რამდენჯერმე წამოწიეს ეს თემა. ყოველ ჯერზე ეს თემა განხილული იყო და საზოგადოებამ პასუხი გასცა. თავად ოპოზიციამ, საბოლოო ჯამში აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კმ-ში, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე.

ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას.

ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ნებისმიერი დამატებითი სანქციების დაწესება ესკალაციას ნიშნავს. ამ რისკის წინაშე არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურდა როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე 2021 წელს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.