Home Blog Page 2083

“გასულ წელს, შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის”

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები – მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს, აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი ინვესტორების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება. მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმაზე, რომ საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლოს ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტს“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.

“საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი” – პრემიერი

განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე” და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი” უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

„ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის” საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი” გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში”. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები,”- განაცხადა პრემიერმა.

“მიშას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე და გვარამიას ციხიდან გამოშვება ერთმანეთთანაა კავშირში”

მიშას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე და გვარამიას ციხიდან გამოშვება ერთმანეთთანაა კავშირში, – ასე ეხმაურება “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

“ნაცების” ჩამოშლა-გაბითურებამ “ოცნება” ძალიან შეაფიქრიანა-ხალხს კი უნდა ამათი გაქრობა, მაგრამ ოცნებას რაა? ბოლო ორ არჩევნებში “ოცნებას” ხალხი ძირითადად იმიტომ უჭერდა მხარს, რომ “ნაცები” არ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. თუ “ნაცები” გაქრებიან, “ოცნებას” მხარს საკუთარი წევრების გარდა აღარავინ დაუჭერს. ჰოდა, მიშაც უნდა “დაბრუნდეს” და გვარამიაც გამოვიდეს, რომ “ნაცები” კვლავ გაძლიერდნენ და ბუად იქცნენ ისევ.

დასავლეთიც კმაყოფილი დარჩება, რუსებიც და “ოცნება-ნაცებიც”. ერთადერთი ჩვენ ვიქნებით ისევ უკმაყოფილო. დანარჩენი ყველაფერი ამომრჩევლის დასაბოლებლად გამართული სპექტაკლია. სალომე ამას მარტო ვერ გაბედავდა…” – წერს ვაჟა შუბითიძე.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.

“გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ოპოზიციის ლიდერებზე ახალი იერიში მიიტანონ”

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე. რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი. ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მიკვირს, როგორ შეიძლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის გამო რომელიმე საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყოს გაბრაზებული და გავეშებული. მაგრამ რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი რათა მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ ახალი ტყვეები აიყვანონ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ფონზე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამას არათუ ვვარაუდობ, არამედ ეს ჩანაფიქრი და გეგმა უკვე აქვს ხელისუფლებას და დღეიდანვე დაიწყება მისი ეტაპობრივი განხორციელება. ახლა მკითხავთ, რა არის გამოსავალი. გამოსავალია კოორდინაციაში, საერთო ძალისხმევაში და ამის მაგალითი არა მხოლოდ 7-8 მარტი, არამედ თუნდაც გუშინდელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, როცა ყველამ ერთად საერთო ძალისხმევით შევძელით ეს. ძალა ერთობაშია და არა ურთიერთდაპირისპირებასა და კინკლაობაში!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგიაა აღმაშენებელი“ ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტი თავისი პოლიტიკური კარიერის “გაღმა გავიდა” – დემურ გიორხელიძე

საქართველოს პრეზიდენტი თავისი პოლიტიკური კარიერის “გაღმა გავიდა!” ახლა მთავარია, რაიმე უბედურება არ მოსწიოს ქვეყანას, არადა, აშკარად ყველაფერზე წამსვლელია, – საერთოდ დაიკიდა ქვეყანა და ხალხი! ასეა! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე წერს.

 

მისი თქმით, ხალხს რამდენიმე კაცი რომ არ ეგულება ქვეყანაში და ზეგარდმო მოვლენილ “ბელადს” ემონება, – დიდი საფრთხეები ელის.

“ახია ქართველებზე! საკუთარი ქვეყნის ბედი არ შეძლება ვინმეს ხათრით ვინმეს ანდო! ხალხს რამდენიმე კაცი რომ არ ეგულება ქვეყანაში და ზეგარდმო მოვლენილ “ბელადს” ემონება, – დიდი საფრთხეები ელის.

მაგრამ, არა უშავს! ან ისწავლის ქართველი საკუთარი ქვეყნის მოვლას და სხვის ხელშემყურეობას მოეშვება, ან ეს ქვეყანა მალე დაკარგული იქნება მისთვის: 30 წელი ისეთი ნაგავია გამოზრდილი, – მალეა გასახვეტი, სანამ ქართველები გაუხვეტიათ ამ ქვეყნიდან.

12-პუნქტიანი სისულელითა და “აქეთ-იქით” ორიენტაციებით, მხოლოდ ჭკუასუსტ ხალხს ატყუებენ! ეს “ევროკავშირი” არარაობა და უდღეური წარმონაქმნია – არაფერი კავშირი აქვს კლასიკურ ევროპასთან, მის კულტურასთან, მეცნიერებასთან და ა.შ.

მაგრამ სახიჩართა გარემოში გაზრდილს, სახიჩარი ნორმა ჰგონია! ეს შეურაცხმყოფელი ზეწოლა უმცირესობაში მყოფი არარაობების მეშვეობით, – ესეც ტესტია! ქართველებმა ეს ტესტი, ისევე როგორც ყველა სხვა მზაკვრული ტესტი, – უნდა ჩააგდონ! “ან-ან” სხვა არ იქნება!”– წერს დემურ გიორხელიძე.

https://www.facebook.com/demur.giorkhelidze/posts/pfbid02WMYGTir1ECMcPQZuxbpfZcS6eNmkQtu5wVL4BwDqB6qkhQkUZ3sT6sVTAJiFqWeTl

“გვარამიას გათავისუფლების არგუმენტაციაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ისაუბრა” – რატი ბრეგაძე

ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომლის არგუმენტაციაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ისაუბრა, ამიტომ ბუნებრივია, მე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, რას გულისხმობდა იგი ამ შეწყალების აქტით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების მოტივზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ქვეყანაში დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა და შესაბამისად, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა.

„ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება კონკრეტული ადამიანების მიმართ, არის სამართლიანი, სანამ საპირისპირო არ იქნება დამტკიცებული. ბოლო სტატისტიკებიც რომ ვნახოთ, სტრასბურგში ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოება, ნდობას უცხადებს საქართველოს სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგ პრეზიდენტმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, განაცხადა: „ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია“.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.

“პრეზიდენტს ალბათ „გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლად გამოაცხადებენ” – ვახტანგ მეგრელიშვილი

პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო – მასაც ალბათ, „გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლად გამოაცხადებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კონკრეტული მუხლით ადამიანის პატიმრობა დაუშვებელია და ეს საქართველოს რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა.

„მუხლი, რომელლითაც გვარამია გასამართლდა არის მენეჯერის მიერ კომპანიის ქონების არამიზნობრივად გამოყენება. ამაზე არ შეიძლება სახელმწიფო ედავებოდეს, ეს შეიძლება იყოს კერძო დავა. მსგავსი რამ არსად არსებობს, ამ მუხლით ნიკა გვარამიას და არც სხვა ადამიანის ციხეში ჯდომა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე ძალიან ადეკვატური იყო გვარამიას გამოშვება. მეორე საკითხია, ეს დეპოლარიზაციას შეუწყობს თუ არა ხელს. მე გუშინ როგორც დავაკვირდი, მათ შორის, რა შეფასებაც გააკეთა თავის წარსული ქმედების, საინტერესო იქნება, დღეს რა ჭკუაზეა, რა მოიფიქრა იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ციხეში იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს იყოს კარგი. შეიძლება ისევ იმ ბრძოლაში ჩაერთოს, რომელშიც იყო როგორც „ნაციონალურო მოძრაობის“ მთავარი პარტიული მედიასაშუალების დირექტორი და ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი. აქედან გამომდინარე ეს საკითხი დამოკიდებულია გვარამიას ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რაზეც ის არის ჩამოყალიბებული. პრეზიდენტის ქმედების ლოგიკა არ ვიცი. სამართლიანობის თვალსაზრისით, ჩვენ მოვუწოდებდით მას, ეს ნაბიჯი გადაედგა. თუმცა, მე არანაირი გარანტია არ მაქვს, ეს პოლარიზაციას შეამცირებს თუ არა. თუმცა, ეს ადამიანი იყო გამოსაშვები და ეს მოქმედებდა საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად, ეს ფაქტია. ამიტომ, რა მოტივაციაც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის გადაწყვეტილების უკან, ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი. რაც შეეხება “ქართული ოცნების დამოკიდებულებას ამ საკითხზე, იცით ჩემი პოზიცია, რომ “ქართული ოცნება” სინამდვილეში დგას “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირებაზე, ზიზღის კამპანიაზე, პრეზიდენტი ჩართეს ფაქტობრივად ამ საქმეში, ალბათ, ისიც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლად იქნება გამოცხადებული”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

“აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

„ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და ემატებოდა იმ ღრმა პოლარიზებას, რომელსაც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა პოლარიზაციის შესამცირებლად საქართველოში, რომელმაც დაყო საზოგადოება, მიიყვანა გაურკვევლობამდე და რომლითაც ხანგრძლივ მოქმედ პერსპექტივაში მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ახლა ქართველებს დაყოფის დრო არ აქვთ, ახლა გაერთიანების დროა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების პრეროგატივა. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ თავიდანვე შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მეგობრები გამოთქვამენ შეშფოთებას და ეს არ არის ჩარევა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

“ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია”- პაპუაშვილი

ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მასზე იყო გარედან ზეწოლა.

„უპირველეს ყოვლისა, თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. მეორე – საჯაროდ ვხედავდით მოწოდებებს, რომლებიც იყო პრეზიდენტის მიმართ. ზეწოლაა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს აძლევ რჩევებს და მისთვის სპეციფიკურ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი, ამ შემთხვევაში, რომ პრეზიდენტს მიეღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. რეაქციებითაც ვხედავთ, ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ. ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, რომ დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ვინაიდან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია.

ვნახოთ, თუკი ეს იყო ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის საფუძველი, ვინაიდან მათ შესაძლოა, მიაჩნდათ, რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება. ახლა, ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს. ამაში ჩართული იყვნენ, მათ შორის, უცხოეთიდან ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს შეწყალებისკენ, ახლა აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ ოპოზიცია რამდენად შეცვლის საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაერო-მ რუსეთი უკრაინაში ბავშვების მკვლელობისა და მათი უფლებების დარღვევისთვის „შავ სიაში“ შეიყვანა

გაერო-მ რუსეთი უკრაინაში ბავშვების მკვლელობისა და მათი უფლებების დარღვევისთვის ყოველწლიურ „შავ სიაში“ შეიყვანა.

როგორც უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და მათთან აფილირებულმა დაჯგუფებებმა გასული წლიდან მოყოლებული, 480-მდე თავდასხმა განახორციელეს სკოლებსა და საავადმყოფოებზე. ამ ანგარიშის მიხედვით, თავდასხმების შედეგად, 136 ბავშვი დაიღუპა და 518 დაშავდა.

ამავე ანგარიშში საუბარია, რომ გასული წლის განმავლობაში, კონფლიქტების ფონზე, ბავშვთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოვლინდა და ამან 13 469 ბავშვი დააზარალა. მათ შორის 2 985 დაიღუპა. ასეთ ქვეყანათა სიაშია მიანმარი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური საჰელის ქვეყნები, მათ შორის ბურკინა ფასო. ასევე, გაერო-ს მონაცემებით, ძალადობამ იმატა კოლუმბიაში, ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე, ლიბანში, ლიბიაში, მალიში, ნიგერიაში, სუდანსა და სირიაში.

“პრეზიდენტმა თავმოყვარეობა გვერდზე გადადო“ – გივი მიქანაძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

“პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო, მისთვის მთავარია, რა დავალებას მიიღებს, არ გამიკვირდება, თუ საზოგადოების რეაქცია მწვავე იქნება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

„თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია, ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა მიქანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა დაწვეს.

„არავის არავინ მიუგზავნია, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. ეს არის საზოგადოების რეაქცია და არ გამიკვირდება თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია. გახსოვთ 26-27 მაისს გაკეთებულ განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და როგორ გახდა იძულებული რიტორიკა შეეცვალა, როცა ევროპარლამენტში გამოვიდა და უფრო მეტად ზომიერი და ორიენტირებული ყოფილიყო ქვეყნის ინტერესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. ზოგადად, ევროკავშირი ჩვენი პოლიტიკური მიზანია და ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება მხარდაჭერილი და მოწონებული, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანმა რა პოზიცია გამოთქვა და ამის დაკავშირება „ქართულ ოცნებასთან“ არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა მიქანაძემ.

სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა მიერთებები და მოედნები.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.