“გასულ წელს, შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის”

46
spot_img

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები – მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს, აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი ინვესტორების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება. მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმაზე, რომ საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლოს ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტს“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.