“აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას”- კელი დეგნანი

59
spot_img

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

„ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და ემატებოდა იმ ღრმა პოლარიზებას, რომელსაც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა პოლარიზაციის შესამცირებლად საქართველოში, რომელმაც დაყო საზოგადოება, მიიყვანა გაურკვევლობამდე და რომლითაც ხანგრძლივ მოქმედ პერსპექტივაში მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ახლა ქართველებს დაყოფის დრო არ აქვთ, ახლა გაერთიანების დროა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების პრეროგატივა. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ თავიდანვე შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მეგობრები გამოთქვამენ შეშფოთებას და ეს არ არის ჩარევა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.