Home Blog Page 2082

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წევრებს სადეპუტატო კითხვებს უგზავნის – დეტალები

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს და ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვებს მთავრობის წევრებს უგზავნის.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ ისაუბრეს.

როგორც მათ აღინიშნეს, კითხვები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს გაეგზავნებათ.

დეპუტატები განმარტავენ, რომ „ჯორჯიან ეარვესი” და ავიაციის სამოქალაქო სააგენტო დამოუკიდებლად მოლაპარაკებების წარმოებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ვინ და როდის აწარმოა ეს მოლაპარაკებები.

„ფაქტია, ამ მოლაპარაკებებში განხილული იყო ტექნიკური უზრუნველყოფა, უსაფრთხოების საკითხები აეროპორტებში, დრო, როცა უნდა შესრულებულიყო პირველი რეისი. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ასეთი საკითხი გადაწყდა გაიაშვილის და სამოქალაქო სააგენტოს დონეზე. ამიტომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და ღიად გვითხრას ქართველ ხალხს, რა მოლაპარაკებებშია რუსეთთან და რა არაფორმალური არხები გამოიყენეს. ფაქტია, ლავროვის შვილი „ეფესბეს“ დაცვის გარეშე არ დადის, ფაქტია, რომ იყო ეს წინასწარი შეთანხმება, რომ ლავროვის შვილი ჩამოვიდა, ფრენები აღდგა. ყველაზე უფრო საზიანოა ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტის დაგეგმვა, რომელიც მოლაპარაკებების საგანია”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა ღიად იკვეთება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

„აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი გასცეს საზოგადოებას როგორ ახდენს სახელმწიფოს მიტაცებას დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ, როგორ იყო ის, რომ პრემიერი ეახლა ბატონ გაიაშვილს, სანამ ფრენები აღდგებოდა, როგორ შემოდის სანქცირებული ლავროვის შვილი ქვეყანაში და საერთოდ, როგორ აპირებს ეს ხელისუფლება საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და გავაღწიოთ ევროპულ ოჯახში მშვიდობიანად. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ რისი სურათიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა აქუბარდიამ.

„ლელოს” დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოლაპარაკებებს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოქალაქეების და პარლამენტისგან დაფარულად აწარმოებს, რომელიც პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელია.

„ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია და ამას ემსახურება სადეპუტატო კითხვების გაგზავნა, რომელზე პასუხიც სამართლებრივად სავალდებულოა და პასუხის არ გაცემა იწვევს პასუხისმგებლობებს, მათ შორის, ეს შეიძლება დასრულდეს იმპიჩმენტით. ამიტომ ვითხოვთ პასუხებს – როდის, რა მანდატით და რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვინ არის მასში ჩართული? საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება სერიოზული საფრთხეები და ვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აქვს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატები განმარტავენ, რომ დაელოდებიან კითხვებზე პასუხებს, რის შემდეგაც განიხილავენ ასევე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას.

“მივმართავთ ხელისუფლებას კითხვით, რა ფარული მოლაპარაკებები და შეთანხმებები მიმდინარეობს რუსეთთან”

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთისკენ ახალი მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა და სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა, ვერ მოხდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე.

დეკანოიძის განცხადებით, შვიდი დეპუტატი კითხვებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე.

„ხაზს ვუსვამ – ეს არის საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ, შვიდი დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია მათ შორის ფრენების გახსნაზე, საზღვაო ტვირთების მიმოსვლის აღდგენაზე და ასევე სანქცირებული პირების შემოსვლაზე. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდებოდა თუ არა და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესების მიმართულებით და რაც ასევე, ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ექსპანსიას ააქტიურებს რუსეთთან. ჩვენი მთავარი კითხვა საქართველოს ხელისუფლებისადმი არის შემდეგი: რა ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმებები და ექსპანსიის გაფორმება მიმდინარეობს რუსეთთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია” – შალვა პაპუაშვილი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია და არა არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ერთად უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. ჩვენ გვაქვს ზეპირი კომუნიკაცია სხვადასხვა დედაქალაქში, ასევე ბრიუსელთან კომუნიკაციით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიცით, რომ არის პოზიტიური შეფასებები. მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმის, ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით და ომბუდსმენთან დაკავშირებით. ის „ენჯეოები“, რომლებიც თვითონ ვერ გახდნენ ომბუდსმენები, ახლა დგანან და აფასებენ როგორც შეუსრულებელ რეკომენდაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“ვერ ვიტყოდი, რომ დიდმა შვიდეულმა მაინცადამაინც დიდ წარმატებას მიაღწია” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე მყოფი ზელენსკის პასუხი ბახმუტის რუსების მიერ აღების შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს ახალი გენერაციის, “მეოთხე თაობის” , როგორც მას ხშირად უწოდებენ – “დიფუზიურ ომთან”; გარკვეულწილად, ესაა თითქოსდა იგივე მდგომარეობა, რაც პირველ მსოფლიო იმპერიალისტურ ომში შეიქმნა: ტერიტორიის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, ვის უფრო დიდ ხანს ეყოფოდა რესურსი და ვინ უფრო მეტად გაძლებდა; შეგახსენებთ, ავსტრია უნგრეთისა და გერმანიის კაპიტულაციამდე თუნდაც ერთი დღით ადრე სწორედ ისინი აკონტროლებდნენ საომარი თეატრის უმეტეს ტერიტორიას და არა ანტანტა.

მაგრამ დღევანდელი იმპერიალისტური ომის – რაც ასევე, ოღონდ პოსტ-იმპერიების მიერ, კვლავაც მთელი მსოფლიოს გადასანაწილებლად წარმოებს, განსხვავება იგივე პირველ მსოფლიო ომთან ესაა: სამხედრო მოქმედებათა თეატრია არა მთელი კონტინენტი ან მით უმეტეს, მთელი მსოფლიო, არამედ ერთი მონაპირე ქვეყანა; მეტიც: მეომარ მხარეთა სტრატეგიული ინტერესიცაა, რომ არაფრით დაუშვან “საომარი ლელოს” გაფართოება და საბრძოლო მოქმედებათა გავრცელება უკრაინის ფარგლებს გარეთ;

აშკარაა: ეს უკვე პოსტ-ომია, ანუ პოსტ-ინდუსტრიული და პოსტ-მოდერნული ეპოქის პირველი მსოფლიო ომი; ომი, როგორც აშკარად ჩანს – იმპერიალისტურია, მაგრამ მისი შედეგები ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთისა თუ უკრაინის სამხედრო ძალების მიერ უფრო მეტ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებასთან, მეტიც – იმაზეც კი არა, ვის უფრო დიდ ხანს ეყოფა რესურსი; არამედ გადამწყვეტია – “გამარჯვების აღქმების” შექმნა; სწორედ ამას მიუთითებდა თავად შეკითხვაცა და ზელენსკის პასუხიც; საერთოდაც – მთელი ეს პოსტ-მოდერნული, დიფუზიური ომის სცენარიც, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება: ყველა რესურსი, მათ შორის, უწინარესად – სამხედროც, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება, რათა ყველაფრის, ე.ი. ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, მოწინააღმდეგის დამარცხების და საკუთარი “სიმართლის” გამარჯვების აღქმა შეიქმნას;

ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყოდი, რომ დიდმა შვიდეულმა მაინცადამაინც დიდ წარმატებას მიაღწია; ისინი ცდილობენ შექმნან აღქმა, რომ თითქოსდა ეს დიდი შვიდეული “შესანიშნავი შვიდეულია”, რომელიც კალვერას ბანდისგან, ე.ი. პუტინის რუსეთისგან აგრესიის მსხვერპლად ქცეულ სოფელს, ანუ – უკრაინას, იცავს; ყველა ხედავს, რომ ამ “შესანიშნავი შვიდეულის” კრისი, ე.ი. ბაიდენი, ისევე როგორც სხვა წევრები, არათუ სულაც არ აპირებს სოფლისათვის თავი გაწიროს, არამედ სწორედაც პირიქით: სწირავენ სოფელს, რათა კალვერა ჰააგაში ყურით მიათრიონ ანდა ის მოუსავლეთში გადაიხვეწოს; ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აგრესორი პუტინი კალვერა არ არის, არამედ უფრო ამას – კრისი ბაიდენიც კალვერაა.

ვინ მოიგებს ამ პოსტ-ომს? ეჭვი მაქვს ის, ვინც ეს დიფუზიური სცენარი დაწერა; დიფუზიურობა კი ესაა – კალვერა კრისია და კრისი კალვერა. საცოდავი სოფელი კი ბოლომდე დაქცეული სოფელია. სოფლელებისგან სოფელი რომ დაიცლება, მერეღა გამოჩნდება დიდი დიფუზიონერი, რომელიც ადამიანი, შესაძლოა, სულაც არ იყოს.

თიბისის უნიკალური შეთავაზება –  5 000 000 ლარი ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად

თუ გაქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს – პირველად საქართველოში, თიბისი ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს.

თიბისი ბიზნესის გუნდმა განსაკუთრებული შეთავაზება შექმნა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბაზარზე. შენ შეგიძლია მიიღო იდეის დაფინანსება 200,000 ლარამდე. ამისთვის კი არ გჭირდება ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ასევე, არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. რაც მთავარია შეგიძლია ისარგებლო 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით.

სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა შენი იდეა იყოს ინოვაციური და მომზადებული გქონდეს პროექტის ბიზნეს გეგმა.

„თიბისიმ ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდასაჭერად, უნიკალური შესაძლებლობა გააჩინა, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმოადგინოს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დავეხმარებით. რა თქმა უნა, უნდა ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის, დაამუშავებს და მხოლოდ ის მიიღებს ჩვენ მხარდაჭერას, რომლის რეალურ ბიზნესად ქცევის პოტენციალი წინასწარ დადასტურდება,“ – ამბობს თიბისის მცირე და საშუალოო ბიზნესის განვითარების ლიგის ხელმძღვანელი ვეფხვია ლომინაშვილი.

პირველ ეტაპზე, ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად თიბისიმ 5 000 000 ლარი გამოყო – გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იჩქარე, შემოტანე განაცხადი დაფინანსების მისაღებად.

დეტალებს გაეცანი აქ: სტარტაპ იდეა

 

R

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია „სკატი“ განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ სკატის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.

2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1’330’861 ვიზიტი) აღდგენილია 82 % – ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +178%-ია.

რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +124 % -ით (209’569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +460%-ია.

“უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის მცდელობა არასწორია” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა მიმდინარე ეტაპზე აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

პარლამენტში გამოსვლისას რიში სუნაკმა ლეიბორისტების ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს უპასუხა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა.

მან ბრიტანეთს მოუწოდა მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მოწოდებებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის მშვიდობა, მაგრამ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ომი გაგრძელდება და უფრო და უფრო გაუარესდება“, – განაცხადა კორბინმა.

სუნაკმა მის საპასუხოდ თქვა, რომ ის არ იზიარებს კორბინის განცხადებას.

„რუსეთმა განახორციელა უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა. მან ჩაიდინა საშინელი სამხედრო დანაშაულები და ამაზე სწორი და ერთადერთი პასუხი არის რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინიდან. კონფლიქტის უბრალოდ გაყინვის მცდელობა, არასწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს რიში სუნაკი.

„დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება” – შალვა პაპუაშვილი

დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება. ამ ორგანიზაციებს აქვთ მარგინალური მხარდაჭერა საზოგადოებაში და მათი როგორც საარჩევნო შედეგით, ისე სხვა მხრივ მხარდაჭერა გასაგებია რაც არის. პრობლემა ისაა, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ „გირჩის“ შემთხვევაში, რომ დაფინანსება ხდება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით. „დროასაც“ აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი „ენჯეო“ და პირდაპირ პარტიაში საზღვარგარეთიდან შედის ფული. ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი ისაა, რომ ეს ფული არის სხვადასხვა წყაროდან. ეს არის როგორც კეზერაშვილისგან, ისე რუსეთიდან დაფინანსება. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი არის არეულობის მოწყობა, რადიკალიზმი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა, რომლის ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, ეს დონორები ამ ორგანიზაციებს გაემიჯნონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს”- არჩილ თალაკვაძე აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაზე

შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან საკითხი ეხება უბრალო ადამიანების – ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმოსვლას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს სანქციები თავის დროზე რუსეთმა ცალმხრივად დააწესა და ახლაც ცალმხრივად გააუქმა.

„ჩვენთვის პირველ რიგში პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს და გაუგებარი და მიუღებელია ის მოთხოვნა, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ სანქციები დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს. არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ახლა რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის მხარდაჭერა და გადავადების გარეშე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლიანად აქვს დამსახურებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

“ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ”

მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? , – ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველების საქართველოში ჩამოსვლას შეუწყობს ხელს, ასევე დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„დღეს ჩვენ გვიწევს იმაზე საუბარი, რის ირგვლივ არის ხელოვნურად მწვავე და პრაგმატული შეფასებებიც. რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის 149 ბრძანებულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებოდათ ე.წ. ვიზა. მიხეილ სააკაშვილი თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟოზე რუსს ტურისტებს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდა და ბოთლი ღვინით უმასპინძლდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს პოლიტიკური მიზანი და მიღებული გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ რუსებს უფრო კარგად უნდა გაეცნოთ ქართული სახელმწიფო, დაეგემოვნებინათ ღვინო, მინერალური წყლები და დამტკბარიყვნენ ბუნებით. ანუ დღემდე რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი იყო ლარსის გამშვები პუნქტიდან, ან მესამე ქვეყნიდან. დღეს რუსეთის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია უფრო თავისუფლად. ამ შემთხვევაში არჩევანი აქვს თავად შემომსვლელს (ეს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ რუსეთის) შემოვიდეს ლარსიდან სახმელეთო გზით, თუ ავიარეისით. ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ძირითადად ვერაფერი ვერ შეცვალა (ისევ ის არის, რაც იყო). მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? ჩვენ უნდა აღვნიშნოთ მთავარი – მსოფლიოში ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს რუსეთში (ცხრაასი ათასი მოქალაქე). ამ გადაწყვეტილებით 900 ათას მოქალაქეს მარტივად შეეძლება ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, თუ ადრე შემოდიოდნენ ლარსის გამშვები პუნქტიდან ან მესამე სახელმწიფოდან, რომელიც დაკავშირებული იყო ფინანსურ შესაძლებლობებთან, დღეს შეუძლიათ შემოვიდნენ თავისუფლად. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ 900 ათასი ადამიანის წინაშე სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება. კონსტიტუციური ვალდებულებაა, დიასპორასთან სახელმწიფო ინარჩუნებდეს ურთიერთობას. გზის გახსნით პრინციპში, იმ სტუდენტებისათვისაც გამარტივდა რუსეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც განათლების მიღების პრიორიტეტად ასახელებენ რუსეთს. რატომ? – იმიტომ რომ მედიცინის თვალსაზრისით ვიცით, ძალიან განვითარებულია და ვისაც ევროპაში ან ამერიკაში არ აქვს წასვლის საშუალება, მისთვის მარტივია, რომ წავიდეს რუსეთში. მეტსაც გეტყვით, ყოველწლიურად რუსეთს სასწავლო კვოტა (ქართველების მიღების კვოტა) 500-მდე გაზრდილი აქვს (ეს არ არის პატარა ციფრი). ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორის აღნიშვნა. ჯერ კიდევ აუთვისებელ სიტუაციაში დაანგარიშდა, ტურისტულ ნაკადის შემოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მიიღებს ნახევარ მილიარდ დოლარს წლის განმავლობაში (ესეც ხომ ეკონომიკური ფაქტორია). უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა, ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ გვყავს მეზობლები (რუსეთი არის ჩვენი მეზობელი). თურქეთი არის მწარმოებელი ქვეყანა და მათ ნაკლებად სჭირდებათ ჩვენი პროდუქცია. რაც შეეხება რუსეთს, შესაძლებელია, რომ ჩვენმა გლეხმა იხეიროს (მარტივად რომ ვთქვათ) რუსულს ბაზარზე გასვლით. ამ გადაწყვეტილებით (კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, არის რუსეთის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება) სარგებელს პოულობს ქართველი გლეხი, ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მარტივი გზით დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ეკონომიკური ფაქტორიც. ამის მიუხედავად, არც ჩემი პირადად და არც სახელისუფლო გუნდის (მე ვიცი) პოზიცია არ იცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ეს იქნება მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. მაგრამ, ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, – უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

საქართველოს ხვალ ხავიერ კოლომინა ეწვევა

საქართველოს ხვალ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა.

კოლომინა თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოდის და საქართველოს გარდა ის სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

ვიზიტის მიზანსა და შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ხავიერ კოლომინა ხვალ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ისაუბრებს, როდესაც დღის მეორე ნახევარში ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც თიბისი ჯგუფი ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თიბისი ბანკმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით თიბისის პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

თიბისიმ EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლი ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში თიბისი წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.

ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, თიბისი კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეცხრედ მიიღო. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.

ღონისძიებაზე EBRD-იმ თიბისის მეორე – წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო.

2022 წელს თიბისისა და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო.

თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.

R