Home Blog Page 2073

“წელს საქართველოში ცოფის 46 შემთხვევაა დაფიქსირებული” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, წელს საქართველოში ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მან განმარტა, ეს შემთხვევები საყურადღებოა, რადგან თითოეულ ძაღლს შესაძლოა რამდენიმე ადამიანთან ჰქონოდა შეხება.

„ვინაიდან დაავადება არის ენდემური, საქართველოში ყოველ წელს გვაქვს გამოვლინებები. წელს არის 46 დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცხოველების უმეტესობა იყო აუცრელი და როცა ცხოველი არის აუცრელი, ყოველთვის თავს იჩენს დაავადება, რადგან ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა გაითავისოს, რომ თავისი ცხოველი დაცული და აცრილი იყოს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქება არის, რადგან ეს შემთხვევები ქვეყანაში ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა არის საყურადღებო, ვინაიდან ყოველი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ადამიანთან შეხება, დააინფიციროს სხვა ცხოველი და დაავადება გავრცელდეს. ყველას შევახსენებთ, რომ ეს დაავადება არის ლეტალური. 100%-ით კლავს, თუმცა, ამასთანვე, დადებითი მხარე ის არის, რომ დაავადება არის მარტივად კონტროლირებადი. არსებობს ვაქცინები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, ცხოველი აბსოლუტურად უვნებელია და ჩვენ შეგვიძლია დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,-განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო პატრონიან ცხოველებს ცრის, თუმცა, თუ მიმართვიანობა იქნება, ცოფზე სხვა ცხოველებსაც აცრის.

„რაც შეეხება უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებს, თუ იქნება მომართვიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მიკედლებული პირის მხრიდან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, რომ ამ ცხოველებშიც პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაატაროს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ან იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ უპატრონო ძაღლებზე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ ვაქცინაციაზეც, რადგან ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ცოფის დაავადების შემცირებას და შესაბამისად, გამოვლინებები ყოველ წელს იქნება“,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

4,67 მილიონი ტურისტით, დუბაიში ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა

2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც დუბაის სასტუმროებში 1 ღამეზე მეტი გაატარეს, 4,67 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი პანდემიის შემდგომ პერიოდში საუკეთესო შედეგს წარმოადგენს და 17%-ით მაღალია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დუბაის საამიროს 3,97 მილიონი ტურისტი სტუმრობდა.

ტურიზმის ინდუსტრიის უახლესი შედეგებით, დუბაი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აღდგენად ტურისტულ მიმართულებად არის წარმოდგენილი. 2023 წლის პირველ კვარტალში საამირომ 98%-ან ზრდას მიაღწია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით და გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO პროგნოზსაც კი გადააჭარბა, რომლის თანახმად, 2023 წელს საერთაშორისო ტურისტების ნაკადი, განსაკუთრებით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, პანდემიამდელი დონის 80-95% ნიშნულს მიაღწევდა. 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ით განსხვავდება პანდემიამდელი, 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლისგან, როდესაც დუბაიში 4,75 მლნ ტურისტი ჩავიდა.

2023 წლის პირველ კვარტალში საკვანძო რეგიონებიდან ვიზიტორთა რაოდენობამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო 4 რეგიონში დუბაის მიმართულებით ტურიზმი არათუ სრულად აღდგა, გადააჭარბა კიდევაც 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს: დსთ და აღმოსავლეთ ევროპა (48%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა (32%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (9%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით) და ავსტრალია, ახალ ზელანდია და ოკეანეთი (2%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). როგორც სამხრეთ აზია, ასევე დასავლეთ ევროპა ახლოსაა ტურიზმის მოცულობის თვალსაზრისით პანდემიამდელი დონის მაჩვენებლებთან.

სასტუმრო სექტორმა სტუმარ-მასპინძლობის ყველა სხვა პარამეტრის მიხედვითაც გადააჭარბა პანდემიამდელ ნიშნულს. წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ჯამურად დუბაის სასტუმრო ნომრების რეალიზებული ჯავშნების რაოდენობამ 10.98 მლნ შეადგინა, რაც 7%-ან ზრდას ნიშნავს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ხოლო 27%-ან ზრდას – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დუბაის სასტუმროების ნომრებში 8,63 მილიონი ღამე დაიჯავშნა.

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს დუბაის მთავრობას გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში ემირატის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ხელი შეუწყოს დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას.

როგორც ამ ამოცანის ნაწილი, DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.

DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს.

შსს-მ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე – 1961 წელს დაბადებული ბ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის ერთი ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი““, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აყვეს იმ თამაშს” – ზაზა შათირიშვილი

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლარიზაცია ამერიკელების საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში წყლის ამღვრევის და შემდეგ, თავისივე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის საშუალებას აძლევს. საქართველოშიც პოლარიზაცია სწორედ მათი შემოქმედებაა. ეს არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამერიკელებმა, ძალდატანებითი კოჰაბიტაციით, 2012 წლიდან მოგვახვიეს თავს. როდესაც დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევ, ბუნებრივია, ამით ქვეყანას პოლარიზაციის ჩაკეტილი წრისთვის წირავ.

ასე მოხდა საქართველოშიც, როდესაც ამერიკელები ნაცმოძრაობას, ანუ საკუთარ აგენტურას ბოლომდე გადაეფარნენ. 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამერიკელები ასულდგმულებენ ნაციონალებს. ისინი აძლევდნენ ხელშეუხებლობის გარანტიებს კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, ამერიკასა და ევროპაში. დღემდე ამერიკული გარანტიებით დასეირნობენ ევროპაში ასევე ორი უმძიმესი კრიმინალი – კეზერაშვილი და ადეიშვილი. ამერიკელები აფინანსებენ ენჯეოებს და შემდეგ, მათ ავალებენ, ნაცმოძრაობის მფარველისა და ე.წ. გარე რესურსის მისია იტვირთონ. რომ არა ამერიკელები, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობისა და ხაბეიშვილის ფორმალური თავმჯდომარეობის, ანუ სამი „ინტელექტუალი“ ლიდერის იმედად დარჩენილი ნაცმოძრაობა, ბუნებრივია, სრულად განულებული იქნებოდა.

პოლარიზაციასთან ერთად, ამერიკელები ბოლო დროს აქტიურად იყენებენ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა მათივე შექმნილი პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის ახალი, ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის შეთავაზება. ეს პრაქტიკა ამერიკელებმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე წარმატებით დანერგეს.

აშკარაა, რომ ახალი, ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბებას ამერიკელები დღეს საქართველოშიც ცდილობენ. ამისათვის, მათ პოლიტიკურ აქციებზე სცენაზე აიყვანეს ჯერ ე.წ. ჟურნალისტები, ხოლო შემდეგ ენჯეოშნიკები. პოლიტიკურ სცენაზე გამოჰყავთ ნინო ლომჯარია, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიოს ორდენები დაკიდეს, თუმცა, საზოგადოების თვალში იმიჯი მაინც ვერ გამოუსწორეს. უკანასკნელ აქციებზე სცადეს მარგველაშვილისა და გახარიას გააქტიურებაც, თუმცა, დაინახეს, რომ ისინი ელექტორატის ყველა სეგმენტისთვის მიუღებელნი და უპერსპექტივოები არიან.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ჯერ სალომე ზურაბიშვილს დააწყებინეს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი, ახლა კი IRI-ის აფინანსებინებენ ღონისძიებებს, სადაც პოლიტიკური სტატუსის არმქონე ადამიანები ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ, რისი მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალისთვის ახალი სახეების შერჩევაა. როგორც ჩანს, ფსევდოშუაშისტური ძალის ჩამოყალიბებისას ამერიკელები სალომე ზურაბიშვილზე ფსონს მომავალშიც დადებენ.

იმავე მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება. თუმცა, მისი ამ მესიჯიდან ცხადად იკითხება ამერიკელების მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალებისა და ფსევდოშუაშისტების კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და საქართველოში ახალი აგენტოკრატია დაამყარონ. საბედნიეროდ, ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ ხოლმე და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ნოდარ ხარშილაძესთან ერთად დააწყებინეს, რითაც ყველაფერს თავადვე მოჰფინეს ნათელი.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მცდელობის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ კეზერაშვილისთვის მიბარებაც. ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აყვეს იმ თამაშს, რომლის მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის მეშვეობით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. თუ გვინდა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში, მათ მკაფიოდ უნდა მოვთხოვოთ, შეაფასონ ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი წარსული და მას მკვეთრად გაემიჯნონ“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართა

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართა.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დერეკ ჰოგანმა და თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ლორა კუპერმა.

საღამოს საქართველოს დესპანი აშშ-ში ხათუნა კვესელავა უძღვებოდა.

მოწვეულმა სტუმრება დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ხაზი გაუსვეს თაობების მანძილზე საქართველოს თავდადებულ ბრძოლას, და დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.

ღონისძიება ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების კომპონენტებს მოიცავდა. საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ შეასრულა. სპეციალური მოწვევით, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ თეატრალურის კვარტეტი და კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი. გაიმართა ქეთი პაიჭაძისა და Art Cross Foundation-ის ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Rooted in Culture – rootedinculture.art.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კამპანიის – Wines of Georgia – ფარგლებში და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების ჩართულობით (Silk Road Wine, Georgian Wine House, Interbalt Wines and Fine Spirits) მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაციის კუთხე.

ღონისძიებას 600-მდე სტუმარი ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კონგრესიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, დიასპორული ორგანიზაციებიდან, და ასევე დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან.

 

“ფრონტის ხაზებზე ქარიშხლის წინა ჩაჩუმებაა” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსეხმაურება:

“ღამე იყო ურდოს მხრიდან შახიდების დრონებით უკრაინაზე მორიგი თავდასხმა! ყველა დრონი განადგურებულია!
დღეს რამშტაინის მეთორმეტე შეხვედრა გაიმართება! საბოლოო დეტალები შეთანხმდება ფ-16-ების გადმოცემასთან დაკავშირებით!

ამასობაში კიევში დაუგეგმავად ჩავიდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი. მისმა მასპინძელმა ოლექსი რეზნიკოვმა ძალიან კმაყოფილმა და მადლიერმა განაცხადა, რომ შტორმ შედოუს რაკეტებისთვისაც ძალიან მადლიერია და კიდევ სხვა “ტკბილეულობებისთვის”, რომლებზეც ჯერ ვერაფერს იტყვის!

ნეიტრალურმა!! შვეიცარიამ!!!! მიიღო გადაწყვეტილება მისი კუთვნილი ლეოპარდ 2 ტანკების გაყიდვის თაობაზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა უკრაინას!!!

გერმანიაში უკრაინის ელჩმა მაკეევმა დააანონსა, რომ დაპირებული 110 ტანკი ლეოპარდ 1 მაააალე იქნება უკრაინაში (ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე უკრაინაშია);

გერმანიაში უკვე ჩავიდა 250 უკრაინელი ტანკისტი რომელიც იწყებს მომზადებას ამერიკული ტანკების აბრამს 1 ასათვისებლად. აქვე ჩნდება ცნობები, რომ ნაცვლად გამოცხადებული 31 ერთეულისა, აშშ უკრაინას გადასცემს მინიმუმ 50 აბრამსს!

ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ 260 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინისთვის ჭურვების შეძენის პროგრამის ფარგლებში! გლიჯავს ნიდერლანდები!

ბელგოროდიდან გამოვიდა ორივე ანტიპუტინისტური დანაყოფი და ჩაატარა დიდი პრესკონფერენცია საერთაშორისო მედიისთვის. “მიზნად რომ გვქონოდა ბელგოროდში შესვლა, შევიდოდით”; “რამდენიმე საათის განმავლობაში საერთოდ არავითარი წინააღმდეგობა შეგხვხვედრია; მხოლოდ ახალწვეულები”; “2 დაღუპული, 10 დაჭრილი” – ეს არის რეალური დანაკარგები ამ რეიდის!

ურდოს ადმინისტრაციამ ბელგოროდში ტერიტორიული თავდაცვის 7 ბატალიონი შექმნა, მაგრამ….. უიარაღოდ. კანონმდებლობა არ აძლევთ უფლებას, ახლა ცვლიანო.

ამასობაში ურდოს სიკვდილის სამინისტროს გაუჩნდა გუშღამ ხანძარი; დაკვამლიანება იყო ყირიმის ხიდზეც; ურდოს სამხედრო-სადაზვერვო გემზე, რომელიც ბოსფორის სრუტეში შევიდა, ნეიტრალურ წყლებში იყო წყალზედა დრონებით თავდასხმის მცდელობა! კიდევ იქნება! ურდოს ყველგან მოხვდება!

ფრონტის ხაზებზე ქარიშხლის წინა ჩაჩუმებაა. ბახმუტის ფრონტებზეც და შიგ ბახმუტშიც საბრძლო ინტენსივობამ იკლო; ასევე მარიინკაში; ავდეევკაზე რაცხას გლახაობენ ურდოსები, მაგრამ არაფერი სერიოზული; იგივე კრემინას მიმართულებაზეც. სვატოვო-კუპიანსკი – პოზიციური ბრძოლები და არტდუელები!

მოდის მოდის!!! დღე მოდის!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, გონს მოდი 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის მიზნით, – ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მაისის დასაწყისში თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.

“ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია” – ხავიერ კოლომინა

პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საგანგებო წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისა და გამართული შეხვედრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროებაზე რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და  უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.

“50 წელიწადი ველოდი თავის უფლებას!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგოა ხაინდრავა twitter-ში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ამაღლებაა! გილოცავთ უფლის დღეს სასწაულს! ხვალ, 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე! გილოცავთ! გაიხარეთ! 50 წელიწადი ველოდი თავის უფლებას! ჩვენს უფლებას! ვიცხოვროთ მამა-პაპათა წესით და არჩევანით, რომელიც ჩვენ გვწადია და არა ბატონებს! მოვესწარი! მადლობა უფალო! დიდება!, – წერს გოგა ხაინდრავა.

“უკრაინელებმა რუსების გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს” – ომის 456-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 456-ე დღე

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები – ბახმუტი და მარინკა – რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.

„ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰიდი“ განადგურდა!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო.

შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსების მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

“მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს”

ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.

„ასე რომ, ეს ქცევის მოდელი მკაფიო შეხსენებაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში ამ ომს არ ეხება, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების აწყობის მცდელობები ჩავარდა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო. მათ გავლენის სფეროების ხელახლა დამყარება სურდათ, რათა მეზობლები ეკონტროლებინათ. და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს მრავალ მეზობელს, პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს არ ექნებათ დამოუკიდებლობა, რაც, ჩვენი რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან რეფორმების გატარების, პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით.

„რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომელთაც ხშირად „შუაში“ მყოფ ქვეყნებს ვუწოდებ, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოთქმა არ არის, უბრალოდ, ეს ქვეყნები არ არიან ნატოელი მოკავშირეები, თუმცა ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ასეთი ქვეყნები მოწყვლადები არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების”- ნინო ფოჩხუა

ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების ან ამ ნაძირალებს რა უფლება აქვთ საერთოდ ახსენონ 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის სადღესასწაულო დეკორაციებში ევროკავშირის დროშის არარსებობა ქვეყნის კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისი მოაწყვეს ან არ გაუპროტესტებიათ იმდროინდელი მოვლენები, არ აქვთ უფლება დროშების შესახებ ისაუბრონ. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ “ერთ საათიან ტყუილს” მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე პასუხი გასცა.

„ისევ ერთ საათიანი ტყუილი. ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების ან ამ ნაძირალებს რა უფლება აქვთ საერთოდ ახსენონ 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა. დააკვირდით, როგორ აღიზიანებთ ქართული, ეროვნული სიმბოლიკა.
რომელ დამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან, მაშინ როცა თავისი გურუ, უფროსი ბოსების ბრძანებების მონური შემსრულებელი, ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებისაც კი თვალდახუჭული ასრულებდა და დამოუკიდებლობა ახლო მომავალშიც არ ჩანდა?
ან მათ მიერ გამართული სამარცხვინო 26 მაისი, ევროპის დროშებით მოფენილი და სისხლის გუბეებზე ჩატარებული აღლუმი. ამ სისხლზე მორბენალი ზუსტად ეს ადამიანები, რომლებიც ახლა აპროტესტებენ ევროპის დროშების არ ქონას წლევანდელ აღლუმზე, მაშინ სად იყვნენ, როცა ნიკა კვინტაძის და სულიკო ასათიანის ცხედრები ჯერ კიდევ მაღაზიის სახურავზე იყო შემოდებული?
უკვე გაუსაძლისია ამ ყველაფრის ატანა. გასცა პასუხი მთავრობის ადმინისტრაციამ, აქაც ჩაისვარეს.
საქართველოს გზა და მომავალი ევროპისკენაა და რაც არ უნდა უკადრებელი იკადრონ, ვერაფერს შეცვლიან.
დიახ, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ეს, თან ღირსეულად და არ მათსავით ცალ ფეხზე“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.