“წელს საქართველოში ცოფის 46 შემთხვევაა დაფიქსირებული” – სურსათის ეროვნული სააგენტო

69
spot_img

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, წელს საქართველოში ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მან განმარტა, ეს შემთხვევები საყურადღებოა, რადგან თითოეულ ძაღლს შესაძლოა რამდენიმე ადამიანთან ჰქონოდა შეხება.

„ვინაიდან დაავადება არის ენდემური, საქართველოში ყოველ წელს გვაქვს გამოვლინებები. წელს არის 46 დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცხოველების უმეტესობა იყო აუცრელი და როცა ცხოველი არის აუცრელი, ყოველთვის თავს იჩენს დაავადება, რადგან ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა გაითავისოს, რომ თავისი ცხოველი დაცული და აცრილი იყოს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქება არის, რადგან ეს შემთხვევები ქვეყანაში ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა არის საყურადღებო, ვინაიდან ყოველი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ადამიანთან შეხება, დააინფიციროს სხვა ცხოველი და დაავადება გავრცელდეს. ყველას შევახსენებთ, რომ ეს დაავადება არის ლეტალური. 100%-ით კლავს, თუმცა, ამასთანვე, დადებითი მხარე ის არის, რომ დაავადება არის მარტივად კონტროლირებადი. არსებობს ვაქცინები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, ცხოველი აბსოლუტურად უვნებელია და ჩვენ შეგვიძლია დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,-განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო პატრონიან ცხოველებს ცრის, თუმცა, თუ მიმართვიანობა იქნება, ცოფზე სხვა ცხოველებსაც აცრის.

„რაც შეეხება უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებს, თუ იქნება მომართვიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მიკედლებული პირის მხრიდან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, რომ ამ ცხოველებშიც პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაატაროს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ან იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ უპატრონო ძაღლებზე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ ვაქცინაციაზეც, რადგან ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ცოფის დაავადების შემცირებას და შესაბამისად, გამოვლინებები ყოველ წელს იქნება“,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.