Home Blog Page 2073

დანიის პრემიერ-მინისტრი, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილება

ამერიკული გამოცემა POLITICO დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი სერიოზულად განიხილება ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.

ნატოს მოქმედი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი არ აპირებს თავისი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას. ის ამ თანამდებობაზე თითქმის ცხრა წელი მუშაობს და უფლებამოსილება უკვე სამჯერ გაუხანგრძლივეს.

როგორც გამოცემა POLITICO წერს, მოკავშირეები ეძებენ პოლიტიკოსს, რომელსაც მთავრობის მეთაურის გამოცდილება აქვს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს ყველა წინა ხელმძღვანელი მამაკაცი იყო, ქალი კანდიდატის არჩევის მიზნით ძლიერი ზეწოლა არსებობს.

„ვფიქრობ, ის სერიოზული კანდიდატია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

„მას მართლაც სერიოზულად განიხილავენ მოკავშირეები“, – აღნიშნა კიდევ ერთმა დიპლომატმა ცენტრალური ევროპიდან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფრედერიკსენი იმ ქვეყნიდანაა, რომლის წარმომადგენელს ახლახანს ეკავა აღნიშნულიპოსტი – დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივანი იყო 2009-2014 წლებში.

,, სანამ რუსეთს აქვს ძალა, ის ერთ გოჯ ქართულ მიწას არ დათმობს” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:

,,მთავრობები მიდიან და მოდიან, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა კი უცვლელია. ამ იდეიისთვის, ქართველი ერი, 3000 წელია დაუღალავად იღწვის და იბრძვის. თუ ჩავუღრმავდებით, ყველაზე ძველი ზეეროვნული იდეა, რომლის მიმართ დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა, ქართული სახელმწიფოებრივობის იდეაა.
თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, ბევრი საინტერესო და საქართველოსთვის სასარგებლო ტენდეცია იკვეთება. გამოწვევები, რისკები და საფრთხეები ყოველთვის თან გვდევდა და არც დღევანდელობაა გამონაკლისი, მაგრამ გამოიკვეთა რამდენიმე შესაძლებლობა, რომელსაც შეიძლება ისტორიული შანსიც კი ვუწოდოთ და ეს ნამდვილად არ იქნება გაზვიადებული შეფასება.
ისტორიულად, ჩვენი ყველაზე დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია, ჩვენ მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოებთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული და მისი დასუსტება-დაუძლურების პროცესი შეუქცევადია. იმპერიის არსებობისთვის საჭირო სამი პირობიდან, ის ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს: არ გააჩნია ლეგიტიმური საიმპერიო მისია, არ შეუძლია გაფართოებისთვის ( საიმპერიო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის) საჭირო ძალის ორგანიზება და ვერ ახერხებს მოქმედებისთვის საჭირო რესურსის მობილიზებას ან შეძენას.მეტიც, ჩნდება ნიშნები, რომ რღვევის პროცესი არა მომავალში, დამარცხების შემდეგ დაიწყოს, არამედ უახლოეს მომავალში. რამდენად დადებითი და გრანდიოზული მოვლენაა საქართველოსთვის „დიდი სისხლიანი რუსობის“ ეპოქის დასასრული, ამის ახსნა მე მგონი ზედმეტია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმავე პროცესის გაგრძელებაა, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის სწრაფი მოგვარების შანსის გაჩენა. საქართველო ძალიან ახლოსაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობასთან. იმპერიები, დასუსტების პროცესის პარალელურად, ეტაპობრივად კარგავენ გავლენებს მათ მიერ საზღვრებს გარეთ შექმნილ საექსპანსიო პლაცდარმებზე. გავლენის დაკარგვის პროცესები ჯერ დუნედ იკრეფენ ძალებს და მერე მყისიერად ახალი რეალობა დგება. იყო ბერლინის კედელი, მყარად, მოვლილი, მავთულხლართიანი და სისხლიანი და ერთ დღეში ჩამოინგრა. იყო ბაზა ცხინვალში და ხვალ აღარ იქნება. იყო ეშერაში რუსული ლაბორატორია და ხვალ აღარ იქნება. ეს შეუქცევადი პროცესია, ასე ხდება ხოლმე, იმპერიას ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, ის გადარჩენისთვის იბრძვის და პირველ ეტაპზე იმის დათმობას დაიწყებს რაც ზედმეტი ტვირთია მისთვის. ჩვენ უკვე დღეს უნდა გვქონდეს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან დიალოგი დაწყებული, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მათ ეგიდის ქვეშ სამშვიდობო მისიის მოსამზადებლად. ეს ისტორიული შანსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და რეგიონების რეინტეგრაცია სამაგალითოდ უხარვეზოდ მოვახდინოდ. რეინტეგრაციის პროცესი დაახლოებით ასე უნდა განხორციელდეს: სამშვიდობო მისიის ორგანიზება და მშვიდობის შენარჩუნების ძალების განთავსება რეგიონებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების მართვა, რაგიონების ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში, რეგიონების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, რეინტეგრაციის პროცესის დასრულება.
ამიტომ მგონია და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ამ კუთხით უნდა დავინახოთ და ამისთვის მოვემზადოთ. დიდი სიბეცეა, საზოგადოებაში იმ აზრის შემოგდება, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ოკუპირებული რეგიონების დათმობაზე გადის, სიბრიყვეა ამის პოლიტიკურ თემად ქცევის სურვილი. კიდე უფრო დიდი სიბრიყვეა, საქართველოს დეოკუპაცია რუსეთის კეთილ ნების გამოვლენად წარმოვაჩინოთ. სანამ რუსეთს აქვს ძალა, ის ერთ გოჯ ქართულ მიწას არ დათმობს, როცა ამის ძალა არ ექნება ( მალე ), სულერთი იქნება მისი ნება კეთილია თუ ბოროტი.
რომ შევაჯამოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სულ უფრო რეალური ხდება. მაგრამ, მიზნის მისაღწევად საჭიროა რუსეთის მიმართ მტკიცე, პრინციპული და უკომპრომისო პოლიტიკის გატარება და რეგიონების რეინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერი მოპოვება.”

,,მიხეილ სააკაშვილის სახელით პედალირება უნდა შეწყდეს” – ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილის სახელით პედალირება უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა.

,,ეს ადამიანი არის საპყრობილეში, საავადმყოფოშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატიმრობაშია და არ არის კარგად.  ბოლო ინფორმაცია არ მაქვს ნამდვილად. მიუხედავად იმისა, სტრასბურგის შუალედური დასკვნა იყო ისეთი როგორიც იყო… ახლა ამ მდგომარეობაში მისი სახელით პედალირება უნდა შეწყდეს. ეს არის ჩემი პოზიცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

,,24 მაისის 23:00 სთ-იდან 27 მაისის 07:00 სთ-მდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ასევე, რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.

გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. მეტროსადგურ “რუსთაველიდან” და მერაბ კოსტავას ქუჩიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.

“თავისუფლება” – რა არის წელს 26 მაისის მთავარი სლოგანი

დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი და პარლამენტის შენობა თემატიკასთან შესაბამისი ატრიბუტიკით ფორმდება. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია “თავისუფლება”, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა.

გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ – “ევროპისკენ” და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები.

წინა წლებში,  სადღესასწაულო ღონისძიებების თემატიკა მოიცავდა ასევე “დამოუკიდებლობიდან 100 წელს” და “ვეფხისტყაოსანს”, შესაბამისად, ფორმდებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაც.

,,რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ” – „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერი

სულ ცოტა მოთმინება იქონიეთ, რამდენიმე დღე დაიცადეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ, – ამის შესახებ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა, „უაით რექსის“ სახელით ცნობილმა დენის კაპუსტინმა განაცხადა. „მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს რუსეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე უპასუხა.

მისი თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ოპერაციის გაფართოებას აპირებს. ამასთან, მას სამომავლო მოქმედების დეტალებზე არ უსაუბრია.

შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ბელგოროდზე თავდასხმისას ამერიკული ტანკები, კაპუსტინმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, მათ ამერიკული ტანკები ჰქონოდათ, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ასე არ არის.

კაპუსტინმა განაცხადა, რომ „მოხალისეთა კორპუსი“ რუსებისგან შედგება. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებებს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერის თქმით, ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან მათ.

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წევრებმა მედიასთან შეხვედრა ერთობლივად გამართეს და ჟურნალისტებს წარუდგინეს ბელგოროდის ოლქში შეჭრისას ხელში ჩაგდებული ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე განაცხადეს, რომ ჰყავთ ერთი ტყვე. ასევე, თქვეს, რომ მათ რიგებში არიან დაჭრილები.

,,რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, აუცილებლად მიაღწევს სამართლიან მსოფლიო წესრიგს”- პუტინი

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, აუცილებლად მიაღწევს სამართლიან მსოფლიო წესრიგს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოდელი, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო სხვის ხარჯზე ვითარდება, წარსულში დარჩება.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის ყველაზე მჭიდრო ურთიერთქმედებისთვის ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან, რათა დაუპირისპირდეს „საერთო საფრთხეებსა“ და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთს ჰყავს მრავალი პარტნიორი სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა კონტინენტზე, ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ, ჭეშმარიტად სანდო კავშირებს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან. ჩვენ ამ კავშირებს და მეგობრობას გავაძლიერებთ“, – აცხადებს პუტინი.

,, ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას”- ხავიერ კალომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კალომინას განცხადებით, ნატო ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და საქმე, რომელიც ორმხრივ ფორმატში კეთდება, შესანიშნავია.

კალომინას თქმით, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესთან და ტემპთან მიმართებით, ისევე როგორც უცხოური გავლენების პროექტთან დაკავშირებით.

„რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ და ვხედავთ, არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. მე გადავეცი ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეაქციები საქართველოს მხრიდან იმ მომენტში, როდესაც კრიტიკული მომენტია, ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას.

ვფიქრობთ, ამგვარმა რეაქციებმა შესაძლოა, შექმნას ჩრდილი, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის შესაძლო თავის არიდება ხდება ამ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინისთვის, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ, რა საკვირველია, ჩვენთვის შეშფოთებას იწვევს და ესეც გავუზიარეთ თქვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა ხავიერ კალომინამ.

,,უკრაინა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას” – The Washington Post

რუსეთის სასტიკი შეჭრის მიუხედავად, რომელსაც ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, უკრაინა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას, რასაც კიევისა და მოსკოვისთვის შემოსავალი მოაქვს და იმის ილუსტრაციაა, თუ რამდენად რთულია სასტიკი მტრებისთვის კავშირების გაწყვეტა, – წერს გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით ომის მიუხედავად, უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას უშვებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დასავლელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრი სანქციების დაწესებასა და რუსეთთან პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას ითხოვენ და ამბობენ, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს“ რუსეთის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუმცა რამდენად სურეალისტურად არ უნდა ჩანდეს, უკრაინა ამტკიცებს, რომ მას პრაქტიკულად სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა საკუთარი კომერციული გარიგებების შენარჩუნებისა და აცხადებს, რომ ისინი გარკვეულ ბერკეტს აძლევენ კრემლთან მიმართებით და ამცირებენ რუსული სამხედროების მხრიდან საჰაერო თავდასხმების სიხშირეს“. ნაფტოგაზი [უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია] და პოლიტიკური ლიდერები ამტკიცებენ, რომ უკრაინას არ შეუძლია და არ უნდა დახუროს მილსადენები, მათ შორის იმის გამო, რომ კიევის ზოგიერთი ევროპელი მხარდამჭერი ჯერ კიდევ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსეთის შემოსავალი და კიევის იმედგაცრუება ახლახან გამოიკვეთა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე წლის დასაწყისში ფიქრობდა „დრუჟბას“ ნავთობსადენის აფეთქებაზე. გასულ წელს, რუსეთი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს გზავნიდა „დრუჟბას“ მილსადენით, რომელიც კვეთს უკრაინას. გარდა ამისა, რუსეთი, ხელშეკრულებით, რომელიც ომამდე გაფორმდა, ასევე ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიტანოს დაახლოებით 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემით. „უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან. რუსულ ნახშირწყალბადებს, რომლებიც კვეთენ უკრაინის ტერიტორიას, კრემლისთვის მილიონობით დოლარი მოაქვს და ხელს უწყობს კრემლის ომის მანქანის დაფინანსებას. მაგრამ კიევს ასევე სჭირდება ფული, რომელსაც ის შოულობს ტრანზიტით და სურს იყოს საიმედო ეკონომიკური პარტნიორი ევროპული ქვეყნებისთვის, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება დაემუქროს ფასების დესტაბილიზაცია, თუ რუსეთის ენერგომომარაგება მოულოდნელად შეწყდება“, – ნათქვამია სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია დამატებითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას რუსეთის დასასჯელად, თუმცა გეგმა აშკარად ითვალისწინებს უკრაინის გავლით რუსული ენერგიის ტრანზიტის შენარჩუნებას.

დავით ქართველიშვილი, დიმიტრი ხუნდაძის შესახებ, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა

ჩვენი ოპოზიციური საოჯახო ტანდემი, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, პარლამენტის წევრ დიტო ხუნდაძეს უწუნებს აშშ-ს ელჩის შესახებ განცხადების გაკეთებას. „ცალფეხა“ ლაქიაობის აპოლოგეტებისთვის, ქალბატონი ელჩის ელემენტარული მოხსენიებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მისთვის მარტივი შეკითხვების დასმაზე – „ანტიდასავლური“ და „ანტიქართული“ რიტორიკა ყოფილა, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის შესახებ გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიამ განაცხადა, რომ ხუნდაძის განცხადებებში რუსული ოკუპაციის ხსენება არ არის.

ქართველიშვილი საზოგადოებას შეახსენებს აგვისტოს ომის შემდეგ გიგა ბოკერიას სიდედრის დასაქმებას „თელასში“ და აცხადებს, რომ კომპანიაში ბოკერიას სიდედრი КГБ-ს თადარიგის გენერალ-მაიორ ლევონ ვლადიმერის ძე სტეფანიანის საკურატორო თანამდებობაზე დაინიშნა.

„გიგა ბოკერია მეუღლითურთ გარდა იმისა, რომ „ხალხის ძალას“ შეეხო, ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ახსენა და ასევე რამდენიმე გვარი ჩამოგვითვალა. მეც სულ რამდენიმე გვარით შემოვიფარგლები. მერამდენედ შემოვიფარგლები უკვე, ვინაიდან ბატონ ბოკერიას მეუღლეს დაბლოკილი ვყავარ და მისგან პასუხი დღემდე არ მიმიღია.

ჩვენი ოპოზიციური საოჯახო ტანდემი, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, პარლამენტის წევრ დიტო ხუნდაძეს უწუნებს აშშ-ს ელჩის შესახებ განცხადების გაკეთებას. „ცალფეხა“ ლაქიაობის აპოლოგეტებისთვის, ქალბატონი ელჩის ელემენტარული მოხსენიებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მისთვის მარტივი შეკითხვების დასმაზე – „ანტიდასავლური“ და „ანტიქართული“ რიტორიკა ყოფილა.
შეგახსენებთ, რა შეკითხვით მივმართე ქალბატონ ჩერგოლეიშვილს: რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს ოპოზიციურ წყვილს, ნიკოლოზ პატრუშევის რძალი სამუშაოდ რომ აეყვანათ „ქართუ ფონდში“.

მადლობა, არაა საჭირო – ეს რიტორიკული იყო. ახლა კი კონკრეტული შეკითხვა: რა რეაგირება უნდა გვქონოდა ჩვენ, როდესაც უშიშროების საბჭოს ექს-მდივნის გიგა ბოკერიას სიდედრი, შესაბამისად მისი მეუღლის დედა, აგვისტოს ომის შემდეგ, სამსახურში მოაწყვეს КГБ-ს თადარიგის გენერალ-მაიორ ლევონ ვლადიმერის ძე სტეფანიანის საკურატორო თანამდებობაზე „თელასში“. საინტერესოა, რომ თვით გენერალი სტეფანიანი „თელასის“ გენდირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა თავისი კურატორისა და მეგობრის, „ინტერ რაო“-ს უშიშროების ბლოკის ხელმძღვანელის, ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკის კუზნეცოვის რეკომენდაციით.

გვაქვს თუ არა უფლება, თეორიულად ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, აღნიშნული „კომბინაციური ბმული“ (სიძე-სიდედრი) ოპერატიული თვალსაზრისით, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გამოსაყენებლად საკმაოდ მიმზიდველ არხს წარმოადგენდა. მე მგონი რომ გვაქვს და მე ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ამ „კომბინაციას“ ФСБ უყურადღებოდ და სათავისოდ არ გამოიყენებდა. და კიდევ ერთი გვარი, რომელიც გიგა ბოკერიამ გააჟღერა: „იანუკოვიჩი“.

კეთილი ინებეთ და 2013 წლის ოქტომბერში თქვენს (ანუ სააკაშვილის) მიერ „ბრწყინვალების ორდენით“ დაჯილდოებული, გენერალ სტეფანიანის ეს სავარაუდო მეგობარი – ჩვენ აღარ გვიხსენოთ. თქვენ და თქვენმა პრეზიდენტმა ქვეყანაში სახელმწიფო ჯილდოების სრული პროფანაცია მოახდინეთ. ეს თქვენი „ღირსების“ ორდენის კავალერია მეგის ქარდავა და თქვენივე „ბრწინვალების“ ორდენის კავალერია – იანუკოვიჩი. ასე რომ, „სხვაგან მოხვდით“, – წერს ქართველიშვილი.

,,აშშ-ის მიერ რუსეთიდან ზოგიერთი საქონლის იმპორტი 2023 წლის მარტში უფრო მაღალი იყო”- statista.com (ფოტო)

აშშ-ის მიერ რუსეთიდან ზოგიერთი საქონლის იმპორტი 2023 წლის მარტში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2022 წლის თებერვალში, როგორიცაა არაორგანული ქიმიკატებისა და ელექტროენერგიის წარმომქმნელი დანადგარების იმპორტი. შესაბამის მონაცემებს საიტი statista.com-ი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ძირითადი პროდუქტები 2023 წლის მარტის თვის მდგომარეობით შემდეგია:

  • ფერადი ლითონები – 145 მილიონი დოლარი
  • სასუქები – 101 მილიონი დოლარი
  • არაორგანული ქიმიკატები – 247 მილიონი დოლარი

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში 2022 წლის თებერვალთან შედარებით, არაორგანული ქიმიკატების იმპორტი 71 მილიონი დოლარიდან 247 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

,,ვიფიქრე, რომ გონებაჩლუნგობით მოუვიდა ეს, მაგრამ არ არის გონებაჩლუნგი”- ვოლსკი ვაშაძეზე

როდესაც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი მოჭიდავეების მას ფიზიკურად გაუსწორდებიან, ვიფიქრე, რომ გონებაჩლუნგობით მოუვიდა ეს, მაგრამ არ არის გონებაჩლუნგი. დროთა განმავლობაში ანალოგიური მოსაზრებები მოვისმინე რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან, რომლებმაც თავისი გულუბრყვილობით თუ თავისი პოლიტიკური მიკერძოებით დაიჯერეს, რომ აბა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხომ არ მოიტყუება, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება „ქართული ოცნება“ და სადღაც მსოფლიოში, თუნდაც იმ პროპაგანდისტულ სივრცეში, სადაც უშველებელი ფული ჩაყარა სააკაშვილის გარემოცვამ, გაიჟღერა ამ თემამ და „ქართული ოცნების“ მიმართულებით რაღაც ბნელი ბუნდოვანება შეიქმნა, რომ თურმე, ჩვენ შეიძლება ფიზიკურად გვანადგუროთ პოლიტიკური ოპონენტები. ახლა კიდევ ომის თემა მოიგონა. ჯერ ერთი, მთელი რესურსი არის მიმართული იმისკენ, რომ ის სტრატეგიული საომარი დაპირისპირება თავიდან ავირიდოთ. მეორე, განა ასეთი გონებაჩლუნგია, რომ არ იცის რუსეთმა რისთვის მოახდინა იმ ტერიტორიების ოკუპაცია. შეიძლება არც აქვს წაკითხული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც რუსეთმა გამოაქვეყნა. იქ პირდაპირ წერია, რომ რუსეთი იარაღს მოიხმარს იმისათვის, რათა გავლენა შეინარჩუნოს ენერგო რესურსების მოპოვებისა და ტრანზიტის რეგიონზე. და რომ მისი ინტერესის სრულად დაკმაყოფილება მოახდინა იმ ხელისუფლებამ, რომელშიც გიორგი ვაშაძე იყო საკმაოდ სერიოზულ პოსტზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.