,,უკრაინა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას” – The Washington Post

76
spot_img

რუსეთის სასტიკი შეჭრის მიუხედავად, რომელსაც ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, უკრაინა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას, რასაც კიევისა და მოსკოვისთვის შემოსავალი მოაქვს და იმის ილუსტრაციაა, თუ რამდენად რთულია სასტიკი მტრებისთვის კავშირების გაწყვეტა, – წერს გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით ომის მიუხედავად, უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას უშვებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დასავლელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრი სანქციების დაწესებასა და რუსეთთან პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას ითხოვენ და ამბობენ, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს“ რუსეთის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუმცა რამდენად სურეალისტურად არ უნდა ჩანდეს, უკრაინა ამტკიცებს, რომ მას პრაქტიკულად სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა საკუთარი კომერციული გარიგებების შენარჩუნებისა და აცხადებს, რომ ისინი გარკვეულ ბერკეტს აძლევენ კრემლთან მიმართებით და ამცირებენ რუსული სამხედროების მხრიდან საჰაერო თავდასხმების სიხშირეს“. ნაფტოგაზი [უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია] და პოლიტიკური ლიდერები ამტკიცებენ, რომ უკრაინას არ შეუძლია და არ უნდა დახუროს მილსადენები, მათ შორის იმის გამო, რომ კიევის ზოგიერთი ევროპელი მხარდამჭერი ჯერ კიდევ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსეთის შემოსავალი და კიევის იმედგაცრუება ახლახან გამოიკვეთა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე წლის დასაწყისში ფიქრობდა „დრუჟბას“ ნავთობსადენის აფეთქებაზე. გასულ წელს, რუსეთი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს გზავნიდა „დრუჟბას“ მილსადენით, რომელიც კვეთს უკრაინას. გარდა ამისა, რუსეთი, ხელშეკრულებით, რომელიც ომამდე გაფორმდა, ასევე ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიტანოს დაახლოებით 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემით. „უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან. რუსულ ნახშირწყალბადებს, რომლებიც კვეთენ უკრაინის ტერიტორიას, კრემლისთვის მილიონობით დოლარი მოაქვს და ხელს უწყობს კრემლის ომის მანქანის დაფინანსებას. მაგრამ კიევს ასევე სჭირდება ფული, რომელსაც ის შოულობს ტრანზიტით და სურს იყოს საიმედო ეკონომიკური პარტნიორი ევროპული ქვეყნებისთვის, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება დაემუქროს ფასების დესტაბილიზაცია, თუ რუსეთის ენერგომომარაგება მოულოდნელად შეწყდება“, – ნათქვამია სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია დამატებითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას რუსეთის დასასჯელად, თუმცა გეგმა აშკარად ითვალისწინებს უკრაინის გავლით რუსული ენერგიის ტრანზიტის შენარჩუნებას.