Home Blog Page 2069

ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს Uzbekistan Airways-ი შეასრულებს

Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო.

უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Uzbekistan Airways-ი ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე. ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

“იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა”

იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე – ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

“ქართულ ოცნებას” უყვარს ყალბი პათეტიკა სიმბოლოებზე. დღეს არ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა ევროკავშირს და მის დროშას რუსთაველზე? ქვეყანა ელოდება სტატუსს და ამ დროს კეთდება მავნებლური, დივერსიული განცხადებები. მგონი, პირველი სანქციები ბოჭორიშვილს უნდა დაუწესონ – საქართველოს დროშამ გაგაღიზიანათო. ვგავარ ახლა მე ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მაღიზიანებს?! საქართველოს დროშა კი არ მაღიზიანებს, ის მაღიზიანებს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ღონისძიებაზე. შემთხვევითი არ არის, რასაც ღარიბაშვილი და კობახიძე ამბობენ ყოველ დღე. რუსეთი წლების მანძილზე ითხოვდა უარი გვეთქვა ნატოზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე და რასაც საუბრობენ “ლიბერალურ ფაშიზმზე”, არის დუგინის დოქტრინა. შემთხვევით დაემთხვა, რომ ლურჯი ფერი არ ჰქონდათ და დროშა ვერ დაბეჭდეს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს დროშის გამოსახულება ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება – 26 მაისი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

„აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება.

ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში კი ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა.

26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით.

ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა – “Kingdom Tower”, თურქეთში კი ქ. იზმირის მთავარი სიმბოლო – საათის კოშკი.

აზერბაიჯანში, 26 მაისის აღსანიშნავად, განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი”, კვიპროსში კი, ქ. ნიქოზიის ცენტრალური მოედანი.

ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში ქ. სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოიხატება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.

ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში – ქ. ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება ქ.კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი – ეროვნული მონუმენტი და შადრევანი.

ქ.ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, ქ. თესალონიკში კი – მერიის შენობა.

ამასთან, ქ. ნიუ-იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, ქ. სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ქ. ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.

ასევე, ნიდერლანდებში, ქ.ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა.

შვეიცარიაში, ქ. ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია.

ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია.

კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმის – „ საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში,სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ქ. ჟენევაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მომავალი ჩვენია“ – თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

2023 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105-ე წელი შესრულდა. 26 მაისს თიბისი, ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს.

ამ დღის აღსანიშნავად, თიბისიმ კრეატიულ სააგენტო  Playmakers-თან ერთად ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის ინსპირაციაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან. ვიდეოსთვის სპეციალურად ადაპტირდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რომელზეც პოეტმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ იმუშავა.

„მომავალი ჩვენია“ – ამ სიტყვებით ულოცავს თიბისი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ლექსის ადაპტირებული ვარიანტის მთავარი აქცენტებია, რომ მომავალი თითოეული ადამიანის ხელშია და მასზე ზრუნვა ახლა, აწმყოში იწყება. მომავალი არ არის პერსპექტივაში და არც კონკრეტულად რომელიმე თაობის განსახორციელებელი, არამედ მომავალზე, ყველამ ერთად, აწმყოში უნდა ვიზრუნოთ.

„თიბისის გუნდი მთელ საქართველოს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებულია, ისევე როგორც ჩვენი ბრენდისთვის. თიბისის წლევანდელი კამპანიის გზავნილი ყველა თაობის ადამიანს ეკუთვნის,   „მომავალი ჩვენია“ – ამ სიტყვებით გვინდა,  ადამიანებს შთაგონება მივცეთ, რომ მომავალზე სწორედ ახლა, აწმყოში იფიქრონ,“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.

კამპანიის ვიდეოს ნახვა თიბისის Facebook-ის გვერდზე შეგეძლებათ. თიბისის ფილიალებში მისულებს კი რიგის ნომრებზე ლექსის ამონარიდი და 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მილოცვა დაგხვდებათ.

საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს მასშტაბურად აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით და პროექტებით ეხმაურება. მათ შორისაა, დამოუკიდებლობის სკოლა – ლექციების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფლებაზე; პროექტი „გმირები“, რომელიც ქართველი ეროვნული გმირების საკოლექციო ფიგურების გამოშვებას ითვალისწინებდა; კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ანიმაცია;  რადიოსპექტაკლი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტს მიეძღვნა და სხვ. თითოეული პროექტი ადამიანების ისტორიული როლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

გთავაზობთ წლევანდელი კამპანიისათვის ადაპტირებული ლექსის სრულ ვერსიას.

ემო კარგო ქვეყანავ

 

ჩემო კარგო ქვეყანავ

რაზედ მოგიწყენია,

მზე რომელიც შენ ცას ათბობს

სიყვარულზე მწველია.

 

თქვი, რაც გინდა გამოხატო

და ბოლომდე გამოთქვი,

ვიცი ბრძოლის მერე ხმლისგან

ჩონგურს როგორ გამოთლი.

 

რომ მეც შენი შვილი ვარ და

არასოდეს მბეზრდები,

რომ დინებას მიჰყვებიან

მხოლოდ მკვდარი თევზები.

 

შენ შენი გაქვს გასავლელი

ჰოდა სულ წინ იარე,

სტუმარს პური გაუყავი-

მტერზე გადაიარე,

 

შენ ნიჭის და თავგანწირვის

უძლეველი კერა ხარ,

გმირს რომელსაც ელოდები

მიხვდები რომ შენა ხარ.

 

შენთან დღესაც უყურებენ

პოეტები ვარსკვლავებს,

ვლოცავ რაც ჩვენ ერთ მუშტად გვკრავს,

ვლოცავ – რაც ჩვენ გვასხვავებს.

 

მომავალი მაშინ მოჩანს

როცა აწმყოც ჩვენია,

ერთმანეთის სიყვარულის

მეტი რა დაგვრჩენია,

 

ჩემო კარგო ქვეყანავ

ომავალი ჩვენია!!!!

(R)

 

“კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს” – იაგო ხვიჩია

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა – ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” არგუმენტს, რომ კრიტიკოსები ქართული დროშის დანახვამ გააღიზიანა, ხვიჩია ამბობს, რომ ღალატს ვერ შეფუთავენ და “ის დროშებს მიღმაც მოჩანს.”

“სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია იქ იყო თუ არა ევროკავშირის დროშა, მაგრამ ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. დროშა იქ რომც იყოს, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და ეს ჩემი აზრით, “ქოცებს” გადაიყოლებს.

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი, ჩემი აზრით. რაც არ უნდა დროშებით ფუთო ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც,” – განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ნატო-ს გენმდივნის განცხადებას, რომ “მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს და ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.”

“ქოცების” ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ნატო-ს გენმდივნამდეც, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოდან შეიძლება რუსეთი მარაგდებოდეს საბრძოლო ინვენტარით. ის, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი ზიანი ახლა, ამ წუთას, ამ მოცემულობით, რადგან აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ახლა” ქართული ოცნება” გამოდის და ცდილობს ქართული ხომალდი რუსეთისკენ მიატრიალოს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” კრახამდე მიიყვანს, მეგობრები, როგორც ეს მეგობრებს შეეფერებათ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” რამე უშველის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს,” – განაცხადა ხვიჩიამ.

“2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 585.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 585.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 255.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 76.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (38.1 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 5.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 98.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 37.0 პროცენტით შემცირდა და 830.8 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“, დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით” – მთავრობის ადმინისტრაცია

წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე განმარტებით, 2016 წლიდან ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება.

„წლებია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“. მაგალითისთვის, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეორგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

თიბისი დაზღვევა “ლექსუს თბილისის” მომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

თიბისი დაზღვევა “ლექსუს თბილისთან” გახსნის დღიდან თანამშრომლობს და მის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ სპეციალურად მათზე მორგებული 3 უნიკალური სადაზღვევო პაკეტიდან ერთ-ერთი აირჩიონ.

 

ნებისმიერ პაკეტს საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. გარდა ამისა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა საქართველოს გარდა შეუძლიათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე და ასევე ლექსუსი ცენტრში ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით სარგებლობა 5 წლის განმავლობაში. “ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ლექსუსთან პარტნიორობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა,” – თიბისი დაზღვევა.

21 მაისს შატო მუხრანში “ლექსუს თბილისის” ორგანიზებით გაიმართა ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია, რომლის მხარდამჭერიც იყო თიბისი დაზღვევა. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის RX-ის მეხუთე თაობის მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება. თიბისი დაზღვევა აგრძელებს “ლექსუს თბილისთან” თანამშრომლობას და ავტოინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანას.

(R)

“წელს საქართველოში ცოფის 46 შემთხვევაა დაფიქსირებული” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, წელს საქართველოში ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მან განმარტა, ეს შემთხვევები საყურადღებოა, რადგან თითოეულ ძაღლს შესაძლოა რამდენიმე ადამიანთან ჰქონოდა შეხება.

„ვინაიდან დაავადება არის ენდემური, საქართველოში ყოველ წელს გვაქვს გამოვლინებები. წელს არის 46 დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცხოველების უმეტესობა იყო აუცრელი და როცა ცხოველი არის აუცრელი, ყოველთვის თავს იჩენს დაავადება, რადგან ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა გაითავისოს, რომ თავისი ცხოველი დაცული და აცრილი იყოს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქება არის, რადგან ეს შემთხვევები ქვეყანაში ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა არის საყურადღებო, ვინაიდან ყოველი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ადამიანთან შეხება, დააინფიციროს სხვა ცხოველი და დაავადება გავრცელდეს. ყველას შევახსენებთ, რომ ეს დაავადება არის ლეტალური. 100%-ით კლავს, თუმცა, ამასთანვე, დადებითი მხარე ის არის, რომ დაავადება არის მარტივად კონტროლირებადი. არსებობს ვაქცინები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, ცხოველი აბსოლუტურად უვნებელია და ჩვენ შეგვიძლია დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,-განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო პატრონიან ცხოველებს ცრის, თუმცა, თუ მიმართვიანობა იქნება, ცოფზე სხვა ცხოველებსაც აცრის.

„რაც შეეხება უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებს, თუ იქნება მომართვიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მიკედლებული პირის მხრიდან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, რომ ამ ცხოველებშიც პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაატაროს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ან იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ უპატრონო ძაღლებზე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ ვაქცინაციაზეც, რადგან ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ცოფის დაავადების შემცირებას და შესაბამისად, გამოვლინებები ყოველ წელს იქნება“,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

4,67 მილიონი ტურისტით, დუბაიში ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა

2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც დუბაის სასტუმროებში 1 ღამეზე მეტი გაატარეს, 4,67 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი პანდემიის შემდგომ პერიოდში საუკეთესო შედეგს წარმოადგენს და 17%-ით მაღალია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დუბაის საამიროს 3,97 მილიონი ტურისტი სტუმრობდა.

ტურიზმის ინდუსტრიის უახლესი შედეგებით, დუბაი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აღდგენად ტურისტულ მიმართულებად არის წარმოდგენილი. 2023 წლის პირველ კვარტალში საამირომ 98%-ან ზრდას მიაღწია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით და გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO პროგნოზსაც კი გადააჭარბა, რომლის თანახმად, 2023 წელს საერთაშორისო ტურისტების ნაკადი, განსაკუთრებით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, პანდემიამდელი დონის 80-95% ნიშნულს მიაღწევდა. 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ით განსხვავდება პანდემიამდელი, 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლისგან, როდესაც დუბაიში 4,75 მლნ ტურისტი ჩავიდა.

2023 წლის პირველ კვარტალში საკვანძო რეგიონებიდან ვიზიტორთა რაოდენობამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო 4 რეგიონში დუბაის მიმართულებით ტურიზმი არათუ სრულად აღდგა, გადააჭარბა კიდევაც 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს: დსთ და აღმოსავლეთ ევროპა (48%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა (32%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (9%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით) და ავსტრალია, ახალ ზელანდია და ოკეანეთი (2%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). როგორც სამხრეთ აზია, ასევე დასავლეთ ევროპა ახლოსაა ტურიზმის მოცულობის თვალსაზრისით პანდემიამდელი დონის მაჩვენებლებთან.

სასტუმრო სექტორმა სტუმარ-მასპინძლობის ყველა სხვა პარამეტრის მიხედვითაც გადააჭარბა პანდემიამდელ ნიშნულს. წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ჯამურად დუბაის სასტუმრო ნომრების რეალიზებული ჯავშნების რაოდენობამ 10.98 მლნ შეადგინა, რაც 7%-ან ზრდას ნიშნავს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ხოლო 27%-ან ზრდას – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დუბაის სასტუმროების ნომრებში 8,63 მილიონი ღამე დაიჯავშნა.

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს დუბაის მთავრობას გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში ემირატის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ხელი შეუწყოს დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას.

როგორც ამ ამოცანის ნაწილი, DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.

DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს.

შსს-მ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე – 1961 წელს დაბადებული ბ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის ერთი ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი““, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აყვეს იმ თამაშს” – ზაზა შათირიშვილი

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლარიზაცია ამერიკელების საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში წყლის ამღვრევის და შემდეგ, თავისივე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის საშუალებას აძლევს. საქართველოშიც პოლარიზაცია სწორედ მათი შემოქმედებაა. ეს არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამერიკელებმა, ძალდატანებითი კოჰაბიტაციით, 2012 წლიდან მოგვახვიეს თავს. როდესაც დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევ, ბუნებრივია, ამით ქვეყანას პოლარიზაციის ჩაკეტილი წრისთვის წირავ.

ასე მოხდა საქართველოშიც, როდესაც ამერიკელები ნაცმოძრაობას, ანუ საკუთარ აგენტურას ბოლომდე გადაეფარნენ. 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამერიკელები ასულდგმულებენ ნაციონალებს. ისინი აძლევდნენ ხელშეუხებლობის გარანტიებს კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, ამერიკასა და ევროპაში. დღემდე ამერიკული გარანტიებით დასეირნობენ ევროპაში ასევე ორი უმძიმესი კრიმინალი – კეზერაშვილი და ადეიშვილი. ამერიკელები აფინანსებენ ენჯეოებს და შემდეგ, მათ ავალებენ, ნაცმოძრაობის მფარველისა და ე.წ. გარე რესურსის მისია იტვირთონ. რომ არა ამერიკელები, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობისა და ხაბეიშვილის ფორმალური თავმჯდომარეობის, ანუ სამი „ინტელექტუალი“ ლიდერის იმედად დარჩენილი ნაცმოძრაობა, ბუნებრივია, სრულად განულებული იქნებოდა.

პოლარიზაციასთან ერთად, ამერიკელები ბოლო დროს აქტიურად იყენებენ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა მათივე შექმნილი პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის ახალი, ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის შეთავაზება. ეს პრაქტიკა ამერიკელებმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე წარმატებით დანერგეს.

აშკარაა, რომ ახალი, ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბებას ამერიკელები დღეს საქართველოშიც ცდილობენ. ამისათვის, მათ პოლიტიკურ აქციებზე სცენაზე აიყვანეს ჯერ ე.წ. ჟურნალისტები, ხოლო შემდეგ ენჯეოშნიკები. პოლიტიკურ სცენაზე გამოჰყავთ ნინო ლომჯარია, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიოს ორდენები დაკიდეს, თუმცა, საზოგადოების თვალში იმიჯი მაინც ვერ გამოუსწორეს. უკანასკნელ აქციებზე სცადეს მარგველაშვილისა და გახარიას გააქტიურებაც, თუმცა, დაინახეს, რომ ისინი ელექტორატის ყველა სეგმენტისთვის მიუღებელნი და უპერსპექტივოები არიან.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით, ამერიკელებმა ჯერ სალომე ზურაბიშვილს დააწყებინეს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი, ახლა კი IRI-ის აფინანსებინებენ ღონისძიებებს, სადაც პოლიტიკური სტატუსის არმქონე ადამიანები ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ, რისი მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალისთვის ახალი სახეების შერჩევაა. როგორც ჩანს, ფსევდოშუაშისტური ძალის ჩამოყალიბებისას ამერიკელები სალომე ზურაბიშვილზე ფსონს მომავალშიც დადებენ.

იმავე მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება. თუმცა, მისი ამ მესიჯიდან ცხადად იკითხება ამერიკელების მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალებისა და ფსევდოშუაშისტების კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და საქართველოში ახალი აგენტოკრატია დაამყარონ. საბედნიეროდ, ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ ხოლმე და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ნოდარ ხარშილაძესთან ერთად დააწყებინეს, რითაც ყველაფერს თავადვე მოჰფინეს ნათელი.

ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მცდელობის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ კეზერაშვილისთვის მიბარებაც. ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს და არ აყვეს იმ თამაშს, რომლის მიზანიც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალის მეშვეობით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. თუ გვინდა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში, მათ მკაფიოდ უნდა მოვთხოვოთ, შეაფასონ ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი წარსული და მას მკვეთრად გაემიჯნონ“, – წერს ზაზა შათირიშვილი.