“იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა”

56
spot_img

იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე – ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

“ქართულ ოცნებას” უყვარს ყალბი პათეტიკა სიმბოლოებზე. დღეს არ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა ევროკავშირს და მის დროშას რუსთაველზე? ქვეყანა ელოდება სტატუსს და ამ დროს კეთდება მავნებლური, დივერსიული განცხადებები. მგონი, პირველი სანქციები ბოჭორიშვილს უნდა დაუწესონ – საქართველოს დროშამ გაგაღიზიანათო. ვგავარ ახლა მე ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მაღიზიანებს?! საქართველოს დროშა კი არ მაღიზიანებს, ის მაღიზიანებს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ღონისძიებაზე. შემთხვევითი არ არის, რასაც ღარიბაშვილი და კობახიძე ამბობენ ყოველ დღე. რუსეთი წლების მანძილზე ითხოვდა უარი გვეთქვა ნატოზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე და რასაც საუბრობენ “ლიბერალურ ფაშიზმზე”, არის დუგინის დოქტრინა. შემთხვევით დაემთხვა, რომ ლურჯი ფერი არ ჰქონდათ და დროშა ვერ დაბეჭდეს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება,” – განაცხადა მანჯგალაძემ.