Home Blog Page 2064

“რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს”

მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, „დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“.

„საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის, მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დე ფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე). აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე.

„სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად. დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო.

“ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია”-ალუდა ღუდუშაური

ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნარჩენებს საკადრის პასუხს გავცემთ ქართველ ხალხთან ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„მათ ურჩევნიათ საკუთარ პარტიაში გაერკვნენ რა ხდება. ხან ნიკანორ მელია უწესებს სანქციას „ქურქუმალ ვაითს“, ანუ მის ფორმალურ ლიდერს, თავმჯდომარეს, ხაბეიშვილს და ხან ხაბეიშვილი ემუქრება თავისი მაღალი დონის ინგლისურით მელიასა და მის ჯგუფს. ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნარჩენებს საკადრის პასუხს გავცემთ ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5140 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5140 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5170 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7581 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7536 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ხვალ დაგეგმილ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე, ნატო-ს მომავალ სამიტსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების რეალურ შანსებზე.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილი სამიტი შეიძლება, გახდეს ისტორიული.

„არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დადგა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ურთიერთობის დღევანდელ ფორმატზე მეტი გვჭირდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატო-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიებიც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იენს სტოლტენბერგი დღეს კიევში ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მიხაილოვსკის მოედანზეც იმყოფებოდა და ომში დაღუპულთა მემორიალი მოინახულა. ხვალ რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრა იგეგმება, რომელზეც უკრაინის სამხედრო საჭიროებებს განიხილავენ.

“ქვეყანა ვითარდება და ყოველ ახალ ეტაპს შესაბამისი გამოწვევები მოსდევს” – გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ცხადია იყო საუბარი არსებულ პრობლემებზე, რაც აუცილებლად მისახედია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ კვლევის ანგარიშში ხაზგასმულია ხელისუფლების მიერ ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოება და ფულადი დახმარების ოდენობა.“

როგორც ექსპერტი წერს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სახელმწიფო მაქსიმალურად აკეთებს თავის გასაკეთებელს და ეს ძალიან კარგია.

„საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.

ცხადია, იყო საუბარი არსებულ პრობლემებზე, რაც აუცილებლად მისახედია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ კვლევის ანგარიშში ხაზგასმულია ხელისუფლების მიერ ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოება და ფულადი დახმარების ოდენობა.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ლი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. 2022 წელს, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი გახდა 275 ლარი; 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 340 ლარი გახდა; 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა; დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში თითქმის არ ფიქსირდება; 2018 წლიდან 2022 წლამდე 66%დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მკაცრი რეაგირება ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე; იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია). ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -აღწევს,

სახელმძღვანელოები და კომპიუტერები, რომლებსაც პირველ კლასში ყველა ბავშვს გადასცემენ, ყველასთვის ცნობილია. ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სოფელში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი მოსწავლეა სკოლაში (1, 3 თუ 7), მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახლომდებარე სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირებას უახლოეს სკოლაში. და ბოლოს ყველაზე მთავარი – დაწყებულია საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 1 მილიარდიანი პროგრამა და 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული და შესაბამისად ადაპტირებული.

მოკლედ რომ ვთქვა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, რომლებიც მუდმივად იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანა ვითარდება და ყოველ ახალ ეტაპს შესაბამისი გამოწვევები მოსდევს, სახელმწიფო მაქსიმალურად აკეთებს თავის გასაკეთებელს და ეს ძალიან კარგია“- წერს გია გაბრიჭიძე.

https://www.facebook.com/gia.gabrichidze.5/posts/pfbid03Dtw7iQ1RMDktu1vVFFxZGRMqSZdb7giqiFtosnjbX6krQ8qq8R14FtYtEvaK5W3l

“ჩვენი ოპოზიცია როგორც იქნა ეღირსა ამერიკელების და ევროპელების მხარდაჭერის მათთვის სასურველ ხარისხს”- ზაალ ანჯაფარიძე

ის მყიფე ბალანსი, რასაც აშშ ბოლო წლები მოჩვენებითად იცავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ცალსახად დაირღვა ოპოზიციის სასარგებლოდ, -წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების და ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა მიუთითებს, რომ ოპოზიციას, ამერიკელების და ევროპელების მხარდაჭერის მათთვის სასურველი ხარისხი აქვს. თუმცა, ანჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები კარგად ხვდებიან, რომ მათ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.

„რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ აშშ-ს მიერ ჩვენი მოსამართლეების დასანქცირებასა და ამ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ პერიპეტიებიდან?
ის მყიფე ბალანსი, რასაც აშშ ბოლო წლები მოჩვენებითად იცავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ცალსახად დაირღვა ოპოზიციის სასარგებლოდ.
შესაბამისად, ჩვენი ოპოზიცია როგორც იქნა ეღირსა ამერიკელების (იკითხე ევროპელებისაც!) მხარდაჭერის მათთვის სასურველ ხარისხს.
თუმცა, ისინი ვერ ეღირსნენ და ვერც ეღირსებიან ხალხის მხარდაჭერის მათთვის სასურველ ხარისხს და ყველაზე უკეთ თავად ხვდებიან ამას.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე

“დარმუნებული ვარ, ქუდზე კაცი გამოვა, 30 აპრილს ვიქნებით აქციაზე”

დარმუნებული ვარ, ქუდზე კაცი გამოვა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც წლების წინ ვიდექით უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, 30 აპრილს ვიქნებით აქციაზე, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მომხრეები, რომელთაც ომი უნდათ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან.

„მთელი ჩემი ახალგაზრდობიდან ვდგავარ იქ, სადაც ჩემს საქართველოს სჭირდებოდა, ყოველთვის ვიდექი ქუჩაში და გამოსვლებში ვიღებდი მონაწილეობას, რადგანაც პატრიოტულ ოჯახში ვარ გაზრდილი. დღესაც სამწუხაროდ, ამდენი ბრძოლის შემდეგ, ისევ მიწევს ქუჩაში გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ამდენი წლის შემდეგაც ისინი არ აძლევენ ქვეყანას განვითარებისა და წინსვლის საშუალებას. სააკაშვილის ბოროტმა რეჟიმმა ჩემით დაიწყო და 160-მდე უდანაშაულო ბიჭი გაწყვიტა ქუჩაში. მისი რეჟიმი სათანადოდ არ დაისაჯა, ბევრი რამ მიეტევათ და ამით ისარგებლებს. უკვე დავიღალეთ. დარმუნებული ვარ, ქუდზე კაცი გამოვა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც წლების წინ ვიდექით უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, 30 აპრილს ვიქნებით აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი აღარასოდეს განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. გვინდა, დავანახოთ მსოფლიოსაც და თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მათ მომხრეებს, რომ ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. მათ უნდათ ომი და ქვეყნის დაქცევა ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და რევოლუციებისთვის ემზადებოდნენ, არაფერი გამოუვათ. ამით დავანახებთ, რომ მთელი ერი ერთად ვდგავართ და არ მივცემთ უფლებას, რაღაცა ისეთი ჩაიდინონ, რომ ქვეყანას ავნონ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

30 აპრილს აქცია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ გაიმართება.

როგორ გააგრძელებს ევროკავშირი უკრაინისადმი დახმარებას ისე, რომ საკუთარი ფერმერები არ დააზარალოს

როგორც გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი (სათაურით „როგორ გააგრძელებს ევროკავშირი უკრაინისადმი დახმარებას ისე, რომ საკუთარი ფერმერები არ დააზარალოს“), ბრიუსელმა ზომები მიიღო, რომ უკრაინიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შეტანილი ხორბალი სატრანზიტო ქვეყნებში – პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში და ბულგარეთში არ დარჩეს და მესამე ქვეყნებში გავიდეს. გარდა ამისა, ევროკომისია აღნიშნული ქვეყნების დაზარალებულ ფერმერებს 100 მილიონ ევროს გამოუყოფს, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობნ, „ეს დახმარება ზღვაში წვეთია“.

პუბლიკაციაში განმარტებულია კრიზისის მიზეზები: „ევროკომისიის ჩინოვნიკების თქმით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის მკვეთრი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში იმიტომ მოხდა, რომ შავი ზღვის „ხორბლის გარიგება“ ბოლო დროს „ჯეროვნად ვერ მუშაობდა“. ჩინოვნიკებმა ფართო კომენტარების გაკეთებას თავი აარიდეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ მშვიდობიან დროს უცხოეთში შავი ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის 90% გადიოდა, ახლა კი თითქმის იგივე რაოდენობა სახმელეთო გზით – რკინიგზით გადის დასავლეთ უკრაინიდან, რომელიც სლოვაკეთს და პოლონეთს ესაზღვრება. ამ ქვეყნებში შეტანილი ხორბალი მდინარე დუნაით ხვდება ბულგარეთშიც და რუმინეთშიც… უკრაინული აგრარული კომპანიებისათვის უფრო ადვილია ხორბლის ევროპაში გატანა, რომელიც ძალიან იაფი ჯდება და რისკებიც ნაკლებია, შავი ზღვის აკვატორიასთან შედარებით.

წყარო

„ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპას იშორებს?“ – რას წერს ჟურნალი „სფექთეითორი“

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპას იშორებს?“ (ავტორი – ენდრიუ ტოტენბორნი), რომელშიც განხილულია რიგ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის შეტანით გამოწვეული დაძაბულობა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

თავისი 66-წლიანი არსებობის განმავლობაში ევროკავშირის მისიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მისი უფლებამოსილების განუხრელი გაფართოება, რაც ნიშნავდა მითითებას და კარნახს ორგანიზაციის წევრების მიმართ, თუ რა უნდა აკეთონ და როგორ უნდა მოიქცნენ, როგორი პოლიტიკა უნდა გაატარონ.

მაგრამ ახლა ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ახლო მომავალში მას უკანდახევა და „ახლო წარსულში დაბრუნება მოუწევს“. თუ ბრიუსელი დღევანდელი ცენტრალიზებული ტექნოკრატიიდან, რომელიც თავის ვასალებს ბრძანებებს აძლევს, არ გადაიქცევა იმ ორგანიზაციას, რომელიც ფართო კონსენსუსს დაეფუძნება არჩეულ მთავრობებს შორის, მაშინ ის, ალბათ, განზე დარჩება და შეიძლება კონტინენტურ განხეთქილების მიზეზიც კი გახდეს
მსგავსი მოვლენის ილუსტრაციას წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული ხორბლის საკმაოდ მოულოდნელი სიჭარბე. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში უკრაინა ევროკავშირში უბაჟო დაშვებით სარგებლობდა და თავისი პროდუქცია შეღავათებით გაჰქონდა ევროპის ბაზარზე. უკანასკნელ დრომდე ეს არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავდა – უკრაინული ხორბალი, ნიდერლანდებისა და ესპანეთის გარდა (რომლებიც ხორბალს ძირითადად საქონლის საკვებად იყენებდნენ), ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ შედიოდა და თითქმის მტლიანად განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირდებოდა (აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ა.შ.).

მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერში კორექტივები შეიტანა: ათეულობით ათასი ტონა შედარებით იაფი უკრაინული მარცვლეული, შავი ზღვის „ხორბლის დერეფნის“ გარდა, ამჟამად აღმოსავლეთ ევროპისკენაც არის მიმართული, რაც ადგილობრივ ფერმერებს გაკოტრებით ემუქრება. რასაკვირველია, მათ პროტესტი განაცხადეს და თავიანთ მთავრობებს რეაგირება მოსთხოვეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკიამ – ეს ქვეყნები სოფლის მეურნეობის პროდუქციით გამოირჩევიან, თანაც ორში არჩევნები უნდა ჩატარდეს – სწრაფად იმოქმედეს და უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალეს. უნგრელ, პოლონელ და სლოვაკ კოლეგებს, ალბათ, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებიც მიბაძავენ და „ხელში პოლიტიკურ იარაღს აიღებენ“.
ბევრი ევროპელი, ევროკრატების გარდა, ალბათ, სიმპათიებს გამოხატავს მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მათ გვერდში დგანან, სოლიდარობის ნიშნად. მართლაცდა, ახლა აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში უფრო სჭირდებათ უკრაინის ხორბალი, ვიდრე ევროკავშირში. ამიტომაც სრულიად გასაგებია ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობების სწრაფი რეაგირება. გლობალური თავისუფალი ვაჭრობა, რასაკვირველია, ზოგადად კარგია, მაგრამ არცერთი ნორმალური მთავრობა განზე არ გადგება და არ მისცემს საშუალებას „გლობალური თავისუფალი ვაჭრობის“ მომხრე უკრაინულ კომპანიებს, როცა ისინი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიან ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორს.

ეს ყველაფერი ბრიუსელს, რომელიც, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, საგარეო ვაჭრობას აკონტროლებს, მძიმე სიტუაციაში აყენებს. რასაკვირველია, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება ხორბლის ექსპორტში, მაგრამ ბრიუსელმა ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. მათ სრული უფლება აქვთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოსთხოვონ პრობლემის ისე გადაწყვეტა, როგორიც მათ ინტერესებს შეესაბამება. ამ შემთხვევაში ურსულა ფონ დერ ლაიენის თანაგრძნობა არ კმარა.

თუ თქვენ გინდათ იპოვოთ ისეთი ორგანიზაციის მართვის ყველაზე უგერგილო წესი, როგორიც ევროკავშირია, მაშინ თქვენ მიზანთან ახლოს ხართ: ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოწმობს იმას, რომ ბრიუსელს არ აქვს აღმოსავლეთევროპელთა გაგების უნარი. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ეფექტური სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგად ითვლება, ანუ ის უნდა წახალისდეს და არა შევიწროვდეს.

იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელი დაფიქრდეს და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, ის უაპელაციოდ უკრძალავს პოლონეთის უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს გააკეთონ ის, რაც მათ ეროვნულ ინტერესებშია. ობიექტურად თუ ვიტყვით, ევროკრატების უდიდეს ნაწილს არასდროს არ ესმოდათ იმ ქვეყნებისა, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლის წინათ საბჭოთა კავშირის (ჩათვალე – რუსეთის) ჩრდილქვეშ არსებობდნენ.

ევროკავშირის ხელმძღვანელობას თეორიულად ჯერ კიდევ აქვს საკუთარი თავის რეაბილიტაციის შესაძლებლობა, რომ უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ამის გაკეთებას არ აპირებს. თუ ასე გააგრძელებს, მაშინ ევროკავშირი სულ უფრო დაემსგავსება რომლითაც ახალმოვლენილ „საღვთო რომის იმპერიას“, რომელიც სულ უფრო მეტ მკაცრ ბრძანებებს აძლევს თავის ვასალებს, მაგრამ ისინი იმპერიის ხელმძღვანელს – არჩეულ მონარქს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

წყარო

“მესამე დღეა, „ქუდზე კაცი“ ვართ გამოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს” – გიორგი ვაშაძე

მესამე დღეა, „ქუდზე კაცი“ ვართ მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს – ველოდები, რომ დღესაც იგივე იქნება, მაგრამ ასე გავაგრძელებთ ბრძოლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“.

„ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ ბოლომდე გააშიშვლა „ქართული ოცნება“. ისინი არიან „კლანის“ ავტორები და ბოლომდე იცავენ „კლანის“ ყველა წევრ მოსამართლეს. ისინი არიან დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები და შემქმნელები, რომლებიც საქართველოს აშორებენ ევროინტეგრაციის გზას. ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ ერთიანი, მესამე დღეა ჩვენ ქუდზე კაცი ვართ მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს, სამარცხვინოდ ზის „ქართული ოცნება“ დარბაზში, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მომსახურე პერსონალი, მაგრამ არ გადიან რეგისტრაციას. ველოდები, რომ დღესაც იგივე იქნება, არ ველოდები რაიმე განსხვავებულს, მაგრამ ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან კენჭისყრების გარეშე სხვა საკითხები დღის წესრიგში ვეღარ დადგება, თუ კვლავ არ დაარღვიეს პროცედურა და კვლავ კანონსაწინააღმდეგო პროცედურებს არ ჰქონდა ადგილი.

გაგახსენებთ, გასულ წელს, როცა 12 პუნქტზე რიგგარეშე სხდომა მივიწვიეთ, მათ კარები ამოქოლეს, არ მოვიდნენ, არ შექმნეს კვორუმი სხდომის ჩასატარებლად. დღეს ისინი სხედან დარბაზში და სამარცხვინოდ ღილაკს ხელს არ აჭერენ. ეს მკაფიო მაჩვენებელია საზოგადოებისთვის, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ხალხი აპირებს გააკეთოს ყველაფერი პერსონალური ინტერესებისთვის და წინ აღუდგეს ევროინტეგრაციის გზას,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნებისგან“ სიურპრიზებია მოსალოდნელი.

„რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ „ქართული ოცნებისგან“, არავინ იცის. როგორც შარშან გვარამია დააკავეს და მოსმენების კანონი მიიღეს, ასე აპირებდნენ ზუსტად რუსული კანონის მიღებას და ვის დაკავებას აპირებენ, ჯერ არ ვიცით, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ მობილიზებული ვიყოთ. ეს რასაც ახლა ოპოზიცია აჩვენებს, არის მათ შორის, მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რადგან ჩვენ ახლა ვართ საყრდენი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, რადგან ვერავინ განსაზღვრავდა სამწუხაროდ, თუნდაც დასავლელი პარტნიორები, რომ რუსეთთან „მოთანამშრომლე“ ხელისუფლება გვეყოლებოდა.

კობახიძეს არ უნდა კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის ნებისგან განსხვავებით, ეს არის დიაგნოზი, ამიტომ ამბობს, რომ შანსი 50 პროცენტია. ახლა რომ დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიცია ვიყოთ ხელისუფლებაში, ყველაფერი შესრულებული იქნებოდა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

“აფხაზეთი საქართველოსთან ვაჭრობის ფრთხილ აღდგენას იწყებს” – უცხოური პრესა

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ (Независимая газета) 20 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აფხაზეთი საქართველოსთან ვაჭრობის ფრთხილ აღდგენას იწყებს“ (ავტორი – იური როქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აფხაზეთმა ნაწილობრივ გააუქმა საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო ფიზიკური პირებისათვის: პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა 14 პოზიცია, რომლის იმპორტი აფხაზეთში ლეგალურად შეიძლება. მართალია, დოკუმენტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მას ხელი ჯერ კიდევ 31 მარტს მოეწერა.

ემბარგო საქართველოდან შეტანილ ტვირთებზე აფხაზეთის ხელმძღვანელობამ 2007 წელს შემოიღო, სერგეი ბაღაფშის ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც ქართული ჯარის კოდორის ხეობაში შეყვანამ გამოიწვია. იმ პერიოდიდან მოყოლებული, აფხაზეთი ძირითადად რუსეთთან ვაჭრობდა და რუსული პროდუქციის იმპორტს ახდენდა.

მაგრამ მას შემდეგ „ბევრმა წყალმა ჩაიარა“, დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აფხაზური სტრატეგიის გადახედვას ბიძგი მისცა რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა – აფხაზეთს სატრანზიტო ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა გაუჩნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები საკმაოდ ფრთხილია: ასლან ბჟანიას მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალში შევიდა მცენარეების ნერგები, თესლი, შინაური ფრინველი, პირუტყვის საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, ძრავის ზეთი და სხვა მოწყობილობები.

როგორც აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალიას ლაბახუამ განმარტა, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებენ მხოლოდ ფიზიკური პირები, მათ ფაქტობრივად მხოლოდ იმდენი ტვირთის გადატანის უფლება მიეცათ, რამდენიც ავტომანქანის საბარგულში ჩაეტევა, კერძო კომპანიებისათვის (იურიდიული პირებისათვის) კი ემბარგო კვლავ ძალაში რჩება.

როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში, „მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-აფხაზური ომი 30 წლის წინ დასრულდა, ყოველი აფხაზური მთავრობა საქართველოსთან ვაჭრობას ფრთხილად უდგება. არადა, ვაჭრობა, ოფიციალური ემბარგოების მიუხედავად, პრაქტიკულად არ შეწყვეტილა, აფხაზური ბაზარი სავსე იყო კონტრაბანდული პროდუქციით. იყო მცდელობები სიტუაციის შეცვლის მიზნით, ვაჭრობის ლეგალიზებისათვის, მაგრამ მსგავს განზრახვებს დღესაც აქტიურად ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოების ნაწილი, რომლის წარმომადგენლების აზრით, „მტერთან ვაჭრობა არ შეიძლება“.

ამიტომაც, ინალ ხაშიგის თქმით, არალეგალურად არსებული ვაჭრობის ლეგალიზება არ მოისურვა არც ალექსანდრე ანქვაბმა და არც რაულ ხაჯიმბამ. ალბათ, სიტუაცია არც ახლა შეიცვლებოდა, რომ არა რუსეთის მიერ დაწყებული „სპეცოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ. „სპეცოპერაციამ“ ბევრ საკითხის კორექტირება მოახდინა, მათ შორის სავაჭრო მარშრუტებისაც. რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების გამო ბევრი პროდუქტი აფხაზეთში საქართველოს გავლით შემოდის, ამიტომაც პრეზიდენტს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, თუმცა შეზღუდვები მაინც რჩება“.

თბილისში აფხაზეთთან სავაჭრო კავშირების აღდგენას პოზიტიურ მოვლენად აფასებენ, ურთიერთობის ნორმალიზების გათვალისწინებით. კაცმა რომ თქვას, საქართველო ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს აფხაზეთის დასაბრუნებლად (ხელახლა შემოერთების მიზნით). კერძოდ, კონსტიტუციაში აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენად ითვლება. აფხაზეთის ყველა ენერგო ხარჯს საქართველოს ბიუჯეტი ანაზღაურებს.

აფხაზეთის (ისევე როგორც „სამხრეთ ოსეთის“) მოსახლეობისათვის არსებობს უამრავი უფასო პროგრამები სამედიცინო დარგში, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ზუგდიდთან ახლოს, პრაქტიკულად აფხაზებისათვის მოქმედებს 220-ადგილიანი სუპერთანამედროვე მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა, იქვეა სასტუმროც პაციენტების ნათესავებისათვის. მკურნალობა მაღალხარისხიანია: კლინიკის პერსონალმა მომზადება ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და რუსეთში გაიარა. ამ პროექტისათვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მკურნალობა პრაქტიკულად უფასოა, მოქმედებს სოციალური სადაზღვევო შეღავათები: საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, „აფხაზები და ოსები ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი ისეთივე სიკეთით უნდა სარგებლობდნენ, როგორც დანარჩენი მოსახლეობა“.

აფხაზები სარგებლობენ ყველანაირი შეღავათებით და პროგრამებით, მაგრამ თვლიან, რომ ეს პრივილეგიები მათ ისედაც ეკუთვნით, საქართველოს მიერ მიყენებული სამხედრო ზიანის კომპენსაციის სახით.

წყარო

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 72 ავტომატური მეტროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟებაა დაგეგმილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული. დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მომდევნო წელს დასრულდება.

„აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე, ამინდის პროგნოზის ხარისხს, მიაწვდის უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ჩვენს ფერმერებს და ყველა იმ სექტორს, რომლის ფუნქციონირებისთვის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.