Home Blog Page 2063

“ჩვენს თანამოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადან ბაირამს”

ჩვენს თანამოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადან ბაირამს, ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს დასრულდა მარხვის წმინდა თვე და მორწმუნე მუსლიმებს შერიგების, ერთიანობისა და მოწყალების ზეიმი აქვთ.

„ეს ღირებულებები საერთოა საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის და ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის საამაყო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მთავარი საფუძველია.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთესა და კეთილდღეობას, სიხარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“აღარავის უნდა ურდოსთვის დახმარების ხელის გაწოდება”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშღამ ისევ იყო შაჰიდური შეტევები. კიევის თავზე 6 შაჰიდი დრონი ჩამოაგდეს;

გუშღამ ურდოსულ სუ-34-ს ბელგოროდის თავზე ფრენისას უნებლიედ ბომბი გაძვრა. ბელგოროდელების ბედი, რომ დეტონაცია მიწისქვეშ მოხდა;

“პეტრე დიდს” დახერხავენ და ჯართში ჩააბარებენ – დიახ, ერთ დროს ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმან ყველაზე მსხვილ წყალზედა ბირთვულ კრეისერს ვეღარ არემონტებენ უფულობის გამო, ამიტომ წავიდა პეტრე დიდიიი ჯართშიიიი.

ბიუჯეტში მართლა მაგარი გარღვევა აქვთ: პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვთ; რასაც ესენი ნავთს და გაზს ყიდიან და მაინც ამხელა ხვრელი აქვთ ურდოსტანის ბიუჯეტში.

აღარავის უნდა ურდოსთვის დახმარების ხელის გაწოდება. აგერ კუხარკა პრიგოჟინი თურმე ჩინეთთან მათხოვრობდა შეიარაღებას, მარა მიიღო ბიშტი; ეგ კიდევ რა არის, დიდი შვიდეული განიხილავს რუსეთში ექსპორტზე ტოტალური ემბარგოს დაწესებას, ანუ თუ შეთანხმდნენ, მაშინ მედიკამენტების და სურსათის გარდა, ვერაფერს შეიტანენ ურდოსტანში; ევროკავშირი რას იზამს, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ისე გუშინ “გაანათა” უნგრელი ორბანის კანცელარიამ, რუსეთი ჩვენი მეგობარი არაა, ჩვენი პარტნიორიაო. ჩვენი მეგობრები ჩვენი მოკავშირეები არიან, მოკავშირეები კი ნატოში აშშ და ევროპის ქვეყნები არიანო. რა ხთეფაააა?

აი, ეგ მოკავშირეები და კიდო სხვები დღეს რამშტაინში იქნებიან. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს გამოვაცხადებთ ახალ პაკეტსო; დანიამ და ნიდერლანდებმა ერთობლივად გადავცემთ უკრაინას ლეოპარდ 2 ა4 ტიპის 14 ტანკსო; ესტონელებმა, დამატებით ჭურვებს გამოვალთ ჩვენ მილიონი ჭურვის პროგრამის ფარგლებშიო;

პოდოლიაკი აცხადებს, რომ ძირითადი ლაპარაკი წავა 100 და მეტ კილომეტრ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადმოცემაზე;

გუშინ მოულოდნელად კიევის ქუჩებში ნატო-ს გენ.მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოჩნდა; მერე ზელენსკის შეხვდა; საუბარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერას შეეხებოდა, მაგრამ სტოლტენბერგმა უმაგრესი გზავნილები გააჟღერა: ნატოს წევრების უმრავლესობა თანხმდება, რომ უკრაინის კანონიერი და დამსახურებული ადგილი ნატოშიაო. ვნახოთ ეს განცხადება ვილნიუსის ივლისის სამიტზე რაში გადაითარგმნება. ზელენსკი ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს ნატოსგან ივლისში; ასევე უნდა, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრებამდე უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე შეთანხმდნენ ნატოში;

ვიდრე უკრაინა ემზადება გენერალური კონტრიერიშისთვის და ელოდება ამინდების გაუმჯობესებას (ჩვენც მათთან ერთად), ფრონტის ხაზებზე ფართო სურათში ვითარება უცვლელია; რა თქმა უნდა, ყველაზე კრიტიკული ვითარება ბახმუტშია; ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რკინიგზის ხაზის გაყოლებაზე ურდომ აიღო კონტროლი ხელში; ჩრდილოეთით ხრომოვოზე და სამხრეთით სტუპოჩკებზე ასევე მაგრად გვაწვებიან, რომ გადაგვიკეტონ მომარაგების მთავარი არტერიები ო 0506 ჩრდილოეთით და ტ0504 სამხრეთით. მიუხედავად ძალიან მძიმე ბრძოლებისა, ბახმუტის მომარაგება ჩვენების მიერ კვლავ გრძელდება.

ავდეევკის მიმართულებაზე შეინიშნებოდა გააქტიურება ურდოს მხრიდან; მარიინკას ხომ ვერა და ვერ იღებენ; ამ სამივე მიმართულებაზე ურდო ახლა ცდილობს რომ შემოუაროს თავდაცვის ზღუდეებს და ალყაში მოაქციოს ჩვენები, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. მოიერიშე ჯგუფებს ანადგურებენ ჩვენები ხმელეთზე და გუშინ გაუნადგურეს მოიერიშე ვერტმფერენი მი-24 ჰაერში!

ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე არტუ.დუელები მიმდინარეობდა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი.

“2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა  ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან”, – აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა.

“სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი  მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, – ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების” თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა – კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით – წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ – ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

„რესპუბლიკელი“ სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი ბაიდენს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება

რესპუბლიკელმა სენატორებმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს, არსებულ ფორმატში უკრაინისადმი დახმარება შეაჩეროს.

წერილს ხელს აწერს 20 კონგრესმენი.

„ომის მეორე წელი დაიწყო, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია. მარიონეტული ომი რუსეთთან უკრაინაში არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში და ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს“, – ნათქვამია წერილში.

სენატორებისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრების აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის არსებული სტრატეგია – მუდმივი დახმარება და სანქციები – მეტ ესკალაციას, ძალადობას უწყობს ხელს და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს. მათ ასევე გააკრიტიკეს „ჰაიმარსების“ უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სერიოზულ პროვოკაციად აღიქვამენ.

როგორც წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, ნატო-სთან „მარიონეტული ომის წარმოებისას“ მოსკოვის მოთმინება, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ამოიწუროს, ხოლო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მზადაა ძალის გამოყენებისთვის.

ხელმომწერები ასევე აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ძალიან დიდ ფულს ხარჯავს უკრაინის ინტერესებისთვის, რომლის მთავრობაც „ისტორიულად ჩაფლულია კორუფციაში“ იმ ფონზე, როდესაც შეერთებულ შტატებს საკმარისი შიდა პრობლემები აქვს. გარდა ამისა, სენატორები და წარმომადგენლობითი პალატის წევრები ამტკიცებენ, რომ ასეთი მასშტაბური დახმარება ზიანს აყენებს ამერიკული არმიის საბრძოლო მზადყოფნას. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა ხელს უწყობს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას, რაც დამატებითი საფრთხეა.

ბელგოროდის ცენტრალურ ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ბელგოროდში, გუბკინისა და ვატუტინის ქუჩების კვეთაზე, ეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია. ბელგოროდის ოლქი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

როგორც უკრაინული ტელეგრამ არხები წერენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების ადგილზე უზარმაზარი, 20 მეტრის დიამერტის ორმო გაჩნდა.

დაზიანდა ახლოს მდებარე მრავასართულიანი სახლის ნაწილი.

აფეთქების ადგილიდან ერთ კილომეტრში კი ელექტროსადგურია განთავსებული. როგორც რუსეთის პროპაგანდისტული მედია აცხადებს, სამიზნე შესაძლოა აღნიშნული ელექტროსადგური იყო.

ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა შუშები ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში და დაზიანდა ავტომობილები. მისივე განცხადებით, აფეთქებამ  20 მეტრის რადიუსის ღრმული დატოვა.

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ ეს დღე ძველი საქმეების დასრულების და ახლის დაწყებისთვის გამოიყენოთ. ნებისმიერ საქმეში იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ და მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ შეხედულებების ან ღირებულებების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ, დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.

კურო

ამ დღეს ყველაზე კარგად რთულ დავალებებს უმკლავდებით. თქვენს თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოეპარება. ცოდნა და გამოცდილება მიზნის მიღწევისთვის უმოკლესი გზის პოვნაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

საინტერესო დღე გელით. სირთულეები დაბრკოლებები მოსალოდნელი არაა, ამიტომ შეგიძლიათ ჩანაფიქრის განხორციელებას დილიდან შეუდგეთ. თამამი პროექტის დასრულებაში ერთგული მეგობრები დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელიც მომავალში დიდ შემოსავალს მოგიტანთ. იდეა რომ არ დაგავიწყდეთ, კალამი და ქაღალდი მუდმივად თან ატარეთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ. ხელსაყრელი დღეა შერიგებისთვის – თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, გირჩევთ პატარა ოჯახურ წვეულებაზე მიიწვიოთ და გაუგებრობას წერტილი დაუსვათ.

ლომი

ხელსყრელი დღეა უჩვეულო იდეების განხორციელებისთვის. დროა, მუშაობის ძველი სტილი დაივიწყოთ და პრობლემის გადაჭრის ინოვაციური ხერხი მოსინჯოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს წარმატებას და გამომგონებლობას შენიშნავს. უმჯობესია, საღამო ხალხმრავალი ადგილის ნაცვლად მყუდრო, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს სასურველია, მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დანიშნოთ – დღის ამ მონაკვეთში გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ძველი, თითქოს უიმედო საქმე შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. დილიდან სამუშაო განწყობაზე ხართ, ამიტომ ბევრი საქმის დაწყებას და დასრულებას შეძლებთ. პრობლემა, რომელიც ბოლოს დროს ძალიან გაღელვებთ თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შესაძლოა, რაღაც საქმის ან მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

მორიელი

რთული და დაძაბული დღეა. თქვენი დახმარება, რჩევა ან ყურადღება ერთდროულად უამრვ ადამიანს დასჭირდება. იძულებული ხართ სხვა ადამიანების პრობლემებს გაუმკლავდეთ და მოულოდნელად წამოჭრილი საკითხები მოაგვაროთ. შუადღის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. არსებობს ახალი ურთიერთობის დაწყების შანსი.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის. დროა გატკეპნილ ბილიკზე სიარული შეწყვიტოთ და ახლებურად ცხოვრება დაიწყოთ. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება.

თხის რქა

ეს დღე ნერვიულობისთვის უამრავ მიზეზს მოგცემთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემებს სხვა მხრიდან შეხედოთ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, რამდენიმე დადებით ასპექტს შენიშნავთ, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მერწყული

მოჭარბებული ენერგია მიმდინარე საქმეებში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ადამიანების დარწმუნება კარგად გეხერხებათ, ამიტომ მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნა არ გიჭირთ. მარტოხელა მერწყულებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით, დაოჯახებულებს კი ოჯახის წევრებთან ერთად მყუდრო და სასიამოვნო საღამო.

თევზები

ეცადეთ მშვიდი განწყობა შეინარჩუნოთ და დღის განმავლობაში თქვენთვის მოწყობილ პროვოკაციებს არ აჰყვეთ. მიმდინარე მოვლენებს გვერდიდან შეხედეთ – ეს დაგეხმარებათ იმედგაცრუება და ზედმეტი განცდები თავიდან აიცილოთ. საღამოს რთული საქმის დასრულებას შეძლებთ და შესაძლოა, მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი თითქმის ორი წელია არ მინახავს – შალვა პაპუაშვილი

ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე, მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც აღნიშნა, რომ „უმრავლესობის თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს დირექტივას, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტი მესამე დღეა, პარალიზებულია, რადგან უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია“.

თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართა, კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა კენჭისყრა და რეგისტრაცია, გაეთავისებინა თავისი როლი, როგორც ამ ინსტიტუციის თავმჯდომარეს და მოეწოდებინა უმრავლესობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელიდან მანდატები გადაყრილი იყო და თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

„პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონი, ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. მეორე – ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. სწორედ ამით შედგა ეს პარლამენტი და დემოკრატია. მაშინ რომ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა თქვენი მომართვა, ზუსტადაც ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი ამ პარლამენტში დღეს წარმოდგენილი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენი ამომრჩეველი დღეს არის წარმოდგენილი ამ პარლამენტში, არის „ქართული ოცნება“, თქვენი ხელიდან ეს მანდატები იყო გადაყრილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, თუმცა კვორუმი კვლავ ვერ შედგა. პარლამენტის 52-მა წევრმა გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

“ორმაგი სტანდარტია, როცა „ნაცმოძრაობის“ რეალურ ლიდერთან დაკავშირებით პრაქტიკული დაცვა ხდება”- მამუკა მდინარაძე

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ადასტურებდა იმას, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ როგორც ჩანს, საკითხი მომზადდა საქართველოში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მას ეყრდნობიან, ვინც მათი წარმომადგენელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა სანქციის გამოყენება ხდება მტკიცებულებების არარსებობის ფონზე.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ის მხრიდან არასწორ ქმედებას მავნებლობით ამყარებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ყველა ქვეყანა და ბიუროკრატია ასე მუშაობს, დიპლომატები ასე მუშაობენ და ამ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი არ იყო არც ერთი მტკიცებულება. ძალიან ცუდია, მეგობრები ერთმანეთთან ურთიერთობაში ამ სტანდარტს როცა ვნერგავთ. ოდნავ მაინც როცა გაქვს ეროვნული თავმოყვარეობა და ზოგადად, თავმოყვარეობა, როგორც სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკოსს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა თქვა. ოპონენტები პირიქით იქცევიან. ამ არასწორ ქმედებას თავიანთი მავნებლობით ამყარებენ. კომისიას ითხოვენ მაშინ, როცა წლის ბოლოს უნდა შეგვაფასოს ევროკომისიამ და თქვას, რამდენად კარგად მივყვებით რეფორმას. მათ შორის ამ შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სასამართლოს. კომისიას იმიტომ ითხოვენ, დაამტკიცონ, რა კარგად არის სასამართლოში ყველაფერიო? მათ აქვთ ოცნება, დაამტკიცონ, რომ სასამართლოში ხდება უბედურება. სინამდვილეში, არ ხდება არც სტატისტიკის მიხედვით, არც მონაცემების მიხედვით. მათ უნდათ მდინარის საწინააღმდეგოდ სვლა, რათა ხელი შეუშალონ ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებას, ანუ საქართველოს ევროინტეგრაციას. სხვა დასკვნას ვერ გამოვიტან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე კომენტარი გააკეთა კელი დეგნანის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო.

„ორმაგი სტანდარტია, როცა „ნაცმოძრაობის“ რეალურ ლიდერთან დაკავშირებით კეთდება განცხადება, რომ სამართლიანი სასამართლო, მტკიცებულებები და ასე შემდეგ, ანუ პრაქტიკული დაცვა ხდება ამ მიმართულებით, მეორე მხრივ კი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ ინფორმაციას იღებ საკუთარ თავზე, ოღონდ ინფორმაციაში მტკიცებულების ნასახი და ნატამალიც არ არის. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამის თქმა გვიწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი მესამედაც არ შედგა

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი არ შედგა.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, შეგახსენებთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს და სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად ვმოქმედებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობას სამწუხაროდ უწევს მოქმედება ამ პრინციპების დასაცავად, იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომელთაც ეწოდებათ ოპოზიცია.

„შესაბამისად დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა პლენარულ სხდომაზე.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვროუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ისევ არ შედგა, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს.

„ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ქართული სახელმწიფოს და ქართული სასამართლოს მიმართ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

” როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია”-გვრიტიშვილი

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია. რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება?, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას.

„სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. აქ რეალიზებულია სახელმწიფოს დანაწილების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სახელისუფლებო შტო არ არის უფლებამოსილი გააკონტროლოს მეორე სახელისუფლებო შტო. ანუ, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია პოლიტიკოსების მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაღაც შოუს ელემენტებს ვხედავ საზოგადოების დასანახად, რაღაც მასკარადის მოწყობას. ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბარონ მოსამართლეები და მოითხოვონ მათგან ანგარიში მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ვხედავ, რომ ხელყოფილი იქნება ზუსტად ეს ფუძემდებლური პრინციპი ხელისუფლების დანაწილების, რამეთუ სასამართლო ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ ფორმით საპარლამენტო კონტროლის ადრესატი.

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა ასეთი საგამოძიებო კომისია?!რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება?!

უპირველესი ოპოზიციური კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აკეთებს განცხადებას, რომელსაც აშშ-ში მრავალმილიონიანი მხარდაჭერა აქვს, აკეთებს განცხადებას, რომ სასამართლო არის კორუმპირებული და პოლიტიზებული. რატომ იქ არ იქმნება მაშინ მსგავსი საგამოძიებო კომისიები?!“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

“არ არსებობს მოსამართლეების თემაზე გამოძიების დაწყების საფუძველი”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება საკითხისადმი სუბიექტურ მიდგომას აჩვენებს, ვინაიდან არ არსებობს კომისიის შექმნის საფუძველი.

მისივე თქმით, არ არსებობს შესაბამისი ფაქტები და ამიტომ სწორია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს ამ თემაზე გამოძიების დაწყების ფაქტი და საფუძველი. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება გამოძიება თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ფაქტები და როდესაც სახეზეა ამ ფაქტების არარსებობის შემთხვევა, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწოდებული ინფორმაცია ემყარება მხოლოდ ღია წყაროებს, სუბიექტური მიდგომაა და სწორია ის გადაწყვეტილება, რაც უმრავლესობამ მიიღო, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, რომ თემა უნდა განიხილოს საგამოძიებო სტრუქტურებმა და შემდეგ სასამართლოს გადაეცეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მართებული მიდგომაა, მაგრამ ასეთივე მართებულ მიდგომას მოითხოვს იმ მოსამართლეების საკითხიც, რომლებიც ასე ხელაღებით დაადანაშაულეს კორუფციაში. თუ ვინმე დასვამს შეკითხვას ორმაგი სტანდარტის შესახებ, ამ შეკითხვას საკმაოდ მყარი საფუძველი ექნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ვერც გუშინ შედგა. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას – ქართველ მოსამართლეებს. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ არ გაიარა რეგისტრაცია.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ“.

“უნდა ვიცოდეთ ზოგადი წესი, რომ ომის თავიდან აცილების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს”

ადრე ლაჩრობა სირცხვილი იყო! ახლა პოლიტიკური პოზიციაა და არგუმენტად გამოიყენება! რადგან ასე მოხდა, ჩვენც უნდა მოვერგოთ სიტუაციას და შესაბამისად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან შენგელია წერს.

მისი თქმით, წინასწარ უნდა ვიცოდეთ ზოგადი წესი, რომ ომის თავიდან აცილების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს!

“მაშ ასე- რჩევები იმათთვის, ვისაც ომის ეშინია!
(“აბა, ომი გინდა?!”)
ომი თითქმის არავის უნდა! ოღონდ წინასწარ უნდა ვიცოდეთ ზოგადი წესი, რომ ომის თავიდან აცილების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს!

აი, როგორ შევამციროთ ომის შანსი – ამაზე ვილაპარაკოთ!
თუ გეშინია – შეიარაღდი, რადგან მტერი შეუიარაღებელზე თავდასხმას უფრო ადვილად გადაწყვეტს!
თუ გეშინია – ეძებე მეგობრები, ვინც დაგეხმარება ომის დროს! ( ოღონდ ისიც იცოდე – მეგობრობას ერთი ნაკლი აქვს – მეგობრობა ორმხრივია და მეგობარი იგივეს ელის შენგან!)

თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ ეშინია და ომი უნდა! თუ ომი გინდა – გამოაცხადე, რომ ხელის განმძრევი არ ხარ და ძალიან მალე მტერს დაინახავ საკუთარ ოჯახში შემოვარდნილს, რადგან კაპიტულანტი იოლი მოსაკლავია და მტერი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს!

თუ ომი გინდა და არ გეშინია – თამამად უარი თქვი მეგობრებზე, რადგან მეგობრების ყოლამ შეიძლება მტერი შეაფიქრიანოს და ომზე ხელი ააღებინოს!

მოკლედ, არჩევანი შენზეა – თუ ასე გეშინია ომის, შეიარაღდი და მეგობრებთან ერთად ემზადე ომისთვის, რადგან მხოლოდ ამით თუ აიცილებ ომს!

ხოლო თუ უშიშარი ხარ და ერთი სული გაქვს ომში ამოყო თავი – იარაღზე და მეგობრებზე უარი თქვი, რათა მტერი უყოყმანოდ და სიხარულით დაგესხას თავს!”– წერს ლევან შენგელია.