“ორმაგი სტანდარტია, როცა „ნაცმოძრაობის“ რეალურ ლიდერთან დაკავშირებით პრაქტიკული დაცვა ხდება”- მამუკა მდინარაძე

179
spot_img

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ადასტურებდა იმას, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ როგორც ჩანს, საკითხი მომზადდა საქართველოში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მას ეყრდნობიან, ვინც მათი წარმომადგენელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა სანქციის გამოყენება ხდება მტკიცებულებების არარსებობის ფონზე.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ის მხრიდან არასწორ ქმედებას მავნებლობით ამყარებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ყველა ქვეყანა და ბიუროკრატია ასე მუშაობს, დიპლომატები ასე მუშაობენ და ამ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი არ იყო არც ერთი მტკიცებულება. ძალიან ცუდია, მეგობრები ერთმანეთთან ურთიერთობაში ამ სტანდარტს როცა ვნერგავთ. ოდნავ მაინც როცა გაქვს ეროვნული თავმოყვარეობა და ზოგადად, თავმოყვარეობა, როგორც სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკოსს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა თქვა. ოპონენტები პირიქით იქცევიან. ამ არასწორ ქმედებას თავიანთი მავნებლობით ამყარებენ. კომისიას ითხოვენ მაშინ, როცა წლის ბოლოს უნდა შეგვაფასოს ევროკომისიამ და თქვას, რამდენად კარგად მივყვებით რეფორმას. მათ შორის ამ შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სასამართლოს. კომისიას იმიტომ ითხოვენ, დაამტკიცონ, რა კარგად არის სასამართლოში ყველაფერიო? მათ აქვთ ოცნება, დაამტკიცონ, რომ სასამართლოში ხდება უბედურება. სინამდვილეში, არ ხდება არც სტატისტიკის მიხედვით, არც მონაცემების მიხედვით. მათ უნდათ მდინარის საწინააღმდეგოდ სვლა, რათა ხელი შეუშალონ ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებას, ანუ საქართველოს ევროინტეგრაციას. სხვა დასკვნას ვერ გამოვიტან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე კომენტარი გააკეთა კელი დეგნანის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო.

„ორმაგი სტანდარტია, როცა „ნაცმოძრაობის“ რეალურ ლიდერთან დაკავშირებით კეთდება განცხადება, რომ სამართლიანი სასამართლო, მტკიცებულებები და ასე შემდეგ, ანუ პრაქტიკული დაცვა ხდება ამ მიმართულებით, მეორე მხრივ კი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ ინფორმაციას იღებ საკუთარ თავზე, ოღონდ ინფორმაციაში მტკიცებულების ნასახი და ნატამალიც არ არის. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამის თქმა გვიწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.