Home Blog Page 2058

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: სენტიმენტების ცვლილება – ლარის გაუფასურების მიზეზი

აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის – 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაცია, რომ ამ მხრივ შემცირებას აქვს ადგილი. ამასთან, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა პრევალირებდა და ეს ფაქტორი, სავალუტო შემოდინებებს მიღმა, გამყარების მიმართულებით დამატებით ზეწოლას ქმნიდა, მაისში უკვე საპირისპირო ტენდენცია იკვეთება. ჯერჯერობით, სესხების კუთხით ანალოგიური ინფორმაცია არაა გამოქვეყნებული, თუმცა თიბისი კაპიტალის აზრით, აქაც უკვე სესხების ლარიზაციის მატებას ექნებოდა ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ეს ფაქტორი, რასაც ე.წ. შოკის გამაძლიერებელი შეიძლება ეწოდოს, ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა.

რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? თიბისი კაპიტალის აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ საშუალო კურსის გრძელვადიანი ტენდენციიდან და ინფლაციის პროგნოზიდან გამომდინარე, ლარის მცირე, თუმცა როგორც ჩანს მაინც გაუფასურების მიმართულებით შესწორება საბაზო სცენარია. ასევე თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

2022 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6 პროცენტს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, გასულ წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4 პროცენტი შეადგინა, 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 15.3 პროცენტი, ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 10.5 პროცენტი.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობოთ, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისთვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისთვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8 პროცენტს შეადგენს.

“პუტინმა “რუსული ოცნება” ტყუილში ამხილა”-თინა ბოკუჩავა

“ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს მიმართავს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას  განცხადებით,  საზოგადოებამ იმ ადამიანების სახელი და გვარი უნდა იცოდეს, ვინც ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოღალატეობრივად მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

“ვლადიმირ პუტინმა “რუსული ოცნება” ტყუილში ამხილა, როცა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა.

თავად საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მტერთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ დიახ, მტერთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მისი გადაწყვეტილება საპასუხო გადაწყვეტილება იყო, რომელიც პირადად მან მიიღო.

ამ ვითარებაში კითხვები საკმაოდ მწვავეა, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან? იყო ერთი პიროვნება თუ პირთა წრე? საზოგადოებამ იმ ადამიანების სახელი და გვარი უნდა იცოდეს, ვინც ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოღალატეობრივად მოლაპარაკებებს აწარმოებდა! რა მიიღო სანაცვლოდ რუსეთმა და რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ? რა იყო სხვა საკითხები, რომელიც აღნიშნულ ფარულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა? – მაგალითად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ასევე ხორციელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად. ეს არის ყველაზე მწვავე კითხვები, რომელიც ახლა დგას დღის წესრიგში და საქართველოს პრემიერ-მინსიტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალოებას, ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ამის ვალდებულება გააჩნია კანონით, რომ პირველ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, ” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.

მისივე თქმით, რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ.

მინისტრის განმარტებით, ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავტოსადგურების რეფორმა დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

„ეს რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა სამინისტროში და შემდგომში იხილებოდა ეკონომიკურ გუნდში. დღეს უკვე გამზადებული პაკეტი მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში. კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ჩვენი სახმელეთო სააგენტოს მიერ.

იცით, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთაშორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. სამი ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში, იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდებათ.

ასევე, ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ.

2024 წლის თებერვლამდე უკვე პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ გადამზიდავებმა, რაც შეეხება მინიმალურ მოთხოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდეს და უკვე 2025 წლის მაისისთვის, ავტოსადგურების მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც დავითაშვილი აცხადებს, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მგზავრობის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

„სატრანსპორტო საშუალებები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ბილეთების ფასი ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგადად, ამ რეფორმების ფარგლებში, ბილეთის ფასის გაძვირებას არ ველოდებით,“ – განაცხადა დავითაშვილმა.

“მომბეზრდა კატათაგვობანა, რომელიც პრეზიდენტსა და „ქოცებს“ შორის არის” – იაგო ხვიჩია

პრეზიდენტის სიტყვას საქმეებიც უნდა მოჰყვეს. მეტი ნაბიჯი თუ არ გადაიდგა, ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს ისეთი უფლებები აქვს, რითიც „ქართული ოცნების“ მეტად „შეწუხებაა“ შესაძლებელი.

„ცოტა არ იყოს, მომბეზრდა კატათაგვობანა, რომელიც პრეზიდენტსა და „ქოცებს“ შორის არის გამართული და თან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება – განცხადებებს არც პრეზიდენტი არ ამწვავებს და არც „ქართული ოცნება“. მგონია, რომ მათ შორის ურთიერთკრიტიკის რაღაც საზღვრები ჩამოყალიბდა და ამის შიგნით ორივე მხარე თავის პოზიციებს გამოხატავს. ან მათ უნდა შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულებები და ოდნავ რადიკალურები გახდნენ, ან ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. პრეზიდენტი თუ ასე ფიქრობს, მის სიტყვას საქმეებიც უნდა მოჰყვეს. პრეზიდენტს ისეთი უფლებები აქვს, რითიც „ქართული ოცნების“ მეტად შეწუხებაა შესაძლებელი. უფრო მეტი ნაბიჯი თუ არ გადაიდგა, ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. პირველ რიგში, შეწყალების ინსტრუმენტს ვგულისხმობ, რითიც მას შეუძლია სასამართლო ხელისუფლების კრიტიკა, რაც ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ვისი შეწყალება? ეს ჩემი საქმე არ არის. ამ სასამართლოს პირობებში ციხეში ბევრი ადამიანი უსამართლოდ ზის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება რეალობაა და ამას ხელს უშლის „ქართული ოცნება“ – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება რეალობაა და ამას ხელს უშლის „ქართული ოცნება” – „ალდე“ მხარს უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას და გმობს “ქართული ოცნების” ქმედებებს,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„შვედეთში ლიბერალებისა და დემოკრატების კონგრესზე მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, „სტრატეგია აღმაშენებლის” წარდგინებით მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ერთხმად მხარი დაეჭირა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ასევე მზადყოფნაა გამოთქმული საქართველოს ნატო- ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ რეალობაა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ამას ხელს უშლის “ქართული ოცნება”. მაშინ, როცა ჩვენი ჩართულობით გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, “ქართულმა ოცნებამ” გამართა მოლაპარაკებები პუტინთან და ბიზნეს ელჩი გაუგზავნა პუტინს 26 მაისს, სულში ჩააფურთხეს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს და მადლობები გადაუხადეს ჩვენს მტერს.

პარტნიორებმა დაგმეს “ქართული ოცნების” ასეთი ქმედებები (რეზოლუციაში). როცა სანქცირებულია ევროპაში რუსული კომპანიები, არ უნდა გაგრძელდეს პირდაპირი ფრენები, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, საუბარია ნიკა გვარამიაზე, მიხეილ სააკაშვილზე, ასევე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით საუბარია, რომ მიღებულ იქნას სამართლიანი გადაწყვეტილებები, მოწოდებაა, რომ შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ 12 რეკომენდაცია, მკაცრი მოწოდებაა ასევე, შეწყვიტონ ანტიდასავლური, ანტიქართული რიტორიკა. აქეთ არის ევროპული შესაძლებლობა, იქით რუსული ჭაობი და ხელისუფლებას წოდებულმა ძალამ რუსული ჭაობისთვის გაწირა საქართველო და მისი მოქალაქე. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ჩვენ მოვიტანეთ ერთი პატარა გამარჯვება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ახლა ყველამ ერთად უნდა მოვიტანოთ გამარჯვება ამ გზაზე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ.

„საერთაშორისო (Bloomberg, The Wall Street Journal, Financial Times, Radio Free Europe, Forbes და სხვა) და ქართული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დაინტერესებული პირების/საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით წარმოგიდგენთ დეტალებს ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით.

სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა

სინგაპურის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანი ანაზღაურება, 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ Credit Suisse Trust Limited-მა (მოპასუხე) დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, დაეცვა მოსარჩელეთა აქტივები, რითაც მათ მიაყენა ზიანი.

უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურის სასამართლომ მოპასუხეს დაავალა დაკისრებული თანხის წინასწარი განთავსება, მოსარჩელეთა მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

სინგაპურის სასამართლომ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 926 მილიონ აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ბანკის მიერ მორიგების საფუძველზე მოსარჩელეებისთვის გადახდილი დაახლოებით 79,430,773 მილიონი აშშ დოლარი. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული თანხა არის ის, რომელიც ბანკს შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაეხადა და რომლის გადახდაც დაახლოებით 3 წლით გაჭიანურდა. როდესაც სინგაპურის სასამართლოს მოსამართლე დაინტერესდა, ინფორმაცია ბანკის მიერ შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შეუსრულებლობის შესახებ შეესაბამებოდა თუ არა რეალობას/სინამდვილეს, ბანკმა, როგორც ჩანს, იგრძნო საფრთხე, რომ აღნიშნულს შეიძლება უარყოფითად ემოქმედა მოსამართლის შინაგან რწმენაზე და გააქტიურა მოლაპარაკების პროცესი და შემდეგ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გადაიხადა აღნიშნული 79,430,773 მილიონი აშშ დოლარი.

სინგაპურის სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მხარეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი, რომ ბერმუდის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა შესაბამისობაში მოვიდეს სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხასთან, ერთი და იგივე ქმედებისთვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრება რომ იქნეს თავიდან აცილებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მხედველობაში მიღება საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობაზე.

ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო დავა

როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით Credit Suisse-ს /მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირს/ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს დაავალა თანხის წინასწარი განთავსება. მოცემული მომენტისთვის თანხა (607 მილიონი აშშ დოლარი) განთავსებული არის კიდეც ე.წ. ესქროუ ანგარიშზე.

ბერმუდის პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ/მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო ინსტანციაში. საქმის არსებითი განხილვა დასრულდა ზემდგომი ინსტანციაში და გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრამდე.

საქმის მასალების და მხარეთა არგუმენტების ანალიზის საფუძველზე არსებობს მოლოდინი, რომ უცვლელად დარჩება ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბერმუდისა და სინგაპურის იურისდიქციებში მიმდინარე საქმეების მიხედვით Credit Suisse-ს (მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს), თუ გავითვალისწინებთ ადვოკატების ხარჯების ოდენობასაც, დაკისრებული აქვს მილიარდ ნახევარ აშშ დოლარზე მეტის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და დაკავშირებული იურიდიული პირების სასარგებლოდ.

შვეიცარიაში მიმდინარე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები

სამოქალაქო საქმე ეხება ბანკისთვის თანხის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნა მოიცავს ბანკისთვის იმ თანხების დაკისრებას, რომელიც უკანონო, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც შვეიცარიის სასამართლოს მიერ არის დადგენილი, დანაშაულებრივი ქმედებით იქნა „მიტაცებული“ და რომელიც არ არის ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე დავების მსჯელობის საგანი/ნაწილი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, გარკვეული პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული აღნიშნული მიმართულებითაც.

სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს ბანკის წინააღმდეგ. ერთი კვირის წინ შვეიცარიაში ადვოკატებს მიუვიდათ პროკურორის შეტყობინება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება გაიხსნა ბანკის წინააღმდეგ, ორგანიზაციული საკითხების მიმართულებით დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. პროკურორმა ადვოკატებს, აგრეთვე, აცნობა, რომ ბანკის მიმართ ფულის გათეთრების ნაწილში იგეგმებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა და ადვოკატებს მიეცათ ვადა პოზიციების წარსადგენად.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ბანკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ფულის გათეთრების ნაწილშიც. შესაბამისად, წარდგენილი იქნება შესატყვისი არგუმენტები და ადვოკატების მხრიდან აღნიშნული საკითხი, საჭიროების შემთხვევაში, გახდება კიდეც სასამართლოს მსჯელობის საგანი. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა, მოცემულ საქმეში, ეწინააღმდეგება შვეიცარიის სასამართლო პრაქტიკას და, თუ სასამართლოს მოუწევს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, წარმატების შანსი, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს მსვლელობა ბანკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ნაწილშიც, არის საკმაოდ მაღალი.

და ბოლოს,

წარმოგიდგენთ ინფორმაციას Credit Suisse-ის უკანონო და, როგორც ერთხელ უკვე ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან და აქტივებთან დაკავშირებით.

როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბანკის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შეცვალა დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით: შექმნა დაბრკოლებები და შეუზღუდა ბენეფიციარებს აქტივებთან წვდომა. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

შემდეგ კი სხვადასხვა ხელოვნური ბარიერით შეეცადა ვალდებულების შესრულების თავის არიდებას.

არსებული მდგომარეობიდან დარჩა ერთადერთი გამოსავალი, ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა გამოგონილი ბარიერით საკითხის გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვანების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო მისთვის მიმართვა.

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც მისი განხილვა.

გენზის კუნძულის სასამართლომ 2023 წლის 24 მარტს მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვნებისა და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების სასარგებლოდ ტრასტის დაშლის თაობაზე.

მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის ტრასტი აჭიანურებს ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტას, ტრასტის დაშლასა და აქტივების ბენეფიაციარების სურვილების შესაბამისად განაწილებას.

საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უჭირს სამართლებრივი ახსნა მოუძებნოს იმ გამოგონილ მიზეზებს, რომელსაც ბანკის ტრასტი იყენებს ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების გაჭიანურების მიზნით. მათი აზრითაც, ბანკის ტრასტის მიზეზები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება; იუმორის ჟანრში გადადის.

დღევანდელი მოცემულობით, ბანკის ტრასტი აბრკოლებს ბენეფიაციარების წვდომას აქტივებთან, თუმცა, ადვოკატები ვფიქრობთ, რომ მათ ფანტაზიებს, მიზეზების შეთხზვის თვალსაზრისით, ექნება საზღვარი და ბანკის ტრასტს მაინც მოუწევ ტრასტის დაშლაც და აქტივების განაწილებაც. სხვათაშორის, ხელშეკრულებაც ტრასტის დაშლის შესახებ და აქტივების განაწილების თაობაზე რეზოლუციის ტექსტიც შეთანხმებული არის მხარეებს შორის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა არ გახდება საჭირო. ბანკის ტრასტი უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებს ხელს მოაწერს და გამოსცემს რეზოლუციას აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულით კი აღსდგება შეუზღუდავი წვდომა აქტივებთან, იმ აქტივებთან, რომელთანაც წვდომა შეზღუდული არის 2022 წლის მარტიდან: როგორც Credit Suisse-ის ტრასტი ამბობს, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“.

ადვოკატები:

ლაშა კალანდაძე

ნიკა გულუა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 18 საკითხი განიხილეს.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულება,    რომლის მიხედვით,   სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ 133 ოჯახს სიმბოლურ ფასად,  1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 160 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე განთავსებული საცხოვრებელი ფართებით. გადასაცემი ქონება მდებარეობს ხონში, ახმეტაში, ასევე ლაგოდეხის, წალკის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და  სიღნაღის   მუნიციპალიტეტებში.

მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს ასევე განკარგულება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი  ღონისძიებების თაობაზე.

განკარგულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოცხადდება აუქციონი და შეირჩევა ინვესტორი, რომელმაც ოთხი წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური.

დღესვე მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონის პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში.

კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ასევე შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. რეფორმა ხელს შეუწყობს სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.

მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის” ამოქმედებასთან დაკავშირებით. პროგრამის მიზანი მთელი ქვეყნის  მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებსა და დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებაა.

პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

დამატებითი პროცენტული ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რათა მოხდეს მათი დაინტერესება და წახალისება არსებულ რეგიონსა და მაღალმთიანი დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მიზნით.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი  პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.

აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია

თიბისი დაზღვევამ ახალი აპი, „აჯენტო“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც დამატებითი შემოსავლის გამომუშავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თუ გარშემო ბევრჯერ გეკითხებიან აზრს დაზღვევასთან დაკავშირებით და ხშირად გიწევს მეგობრებისთვის რჩევების მიცემა, შეგიძლია ეს საქმე შემოსავლის წყაროდ აქციო. როცა აღმოაჩენ, რომ  ვინმეს მანქანის, ბინის, კრიტიკული დაავადებების ან სიცოცხლის დაზღვევა სურს, აპის მეშვეობით გაგზავნე მისი მონაცემები, დაზღვევის შემთხვევაში კი ბონუსი დაგერიცხება.

აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით შეგიძლია, გამომუშავებული თანხის ოდენობა კი სრულად შენზე იქნება დამოკიდებული.

მთავარია, დაარწმუნო მეგობრები, რომ თიბისი დაზღვევასთან ერთად სანერვიულო არაფერია, რადგან დღევანდელი მონაცემებით ეს ის კომპანიაა, რომელსაც ყველაზე სწრაფი და კომფორტული მომსახურება აქვს. მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი 6 წუთია. რაც მთავარია, შენ მსგავსად, დაზღვეულიც შეძლებს ყველაფერი ციფრულად გააკეთოს, იქნება ეს პოლისის შეძენა-განახლება, ანაზღაურების მოთხოვნა-მიღება თუ სხვა.

„აჯენტო“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე IOS მომხმარებლებისთვის.

 

R

“მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში” – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას – მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული და მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები განსხვავდება იმ პრეზიდენტის უფლებებისგან, რომელიც არის არამარტო სახელმწიფოს მეთაური, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. ასეთ პირობებში, როგორც ევროპის პრაქტიკა და კონსტიტუციონალიზმი გვიჩვენებს, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში იღებდეს მონაწილეობას. ჩვენ დავინახეთ, რომ ის პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც ნამდვილად, არც კონსტიტუციის სულისკვეთებას და არც იმ ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, რომლისკენაც ვისწრაფვით. აქედან არის გამოწვეული ჩვენი წუხილი და აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვინდა ვიყოთ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ინსტიტუტის მიმართ ერთგულნი და ამავდროულად, მოვუწოდებდეთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.

“პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია დისკომფორტი შეგექმნებაო” – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძე განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, პრეზიდენტს ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების აცილებაში დავეხმაროთ“.

„მე აღვიქვი, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს ორ რამეს: ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტი – სახელმწიფო მეთაური, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი – ბუტაფორია, რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებს; მეორე, სულ აფრთხილებდნენ, წითელი ხაზი არ გადაკვეთოო. მათი გაგებით, წითელი ხაზია ის, რომ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს არ დაუპირისპირდეს. სალომე ზურაბიშვილი შეიძლება, საქართველოს დაუპირისპირდეს, „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არის წითელი ხაზი და გულისხმობენ ნიკა გვარამიას საკითხს. გვარამია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ამ პატიმარს თუ გამოუშვებ, ეს იქნება წითელი ხაზი ჩვენთვისო. პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო, თუ არ დარჩები კომფორტის ზონაში, თუ არ იქნები ბუტაფორია, როგორიც ხარ, შესაბამის ზომებს მივიღებთო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა – გიორგი გახარია

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წსერს.

ის ეხმიანება პარტიის დაფუძნებიდან  ორი წლისთავს და ამბობს, რომ დღეს, სამწუხაროდ, გამართლდა ყველაფერი, რის გამოც ორი წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

“დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან.

დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა.

მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების” მაშინდელმა ბოსებმა – თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ “ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”.

დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.

ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს გახარია.

https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/pfbid0muGrxNqqfGE1iCeKeE4S2L8qS8Qicgr5NtA4EQbdNyYDu47fCmdRfCsQhavYW7jGl