საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს

spot_img

საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.

მისივე თქმით, რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ.

მინისტრის განმარტებით, ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავტოსადგურების რეფორმა დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

„ეს რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა სამინისტროში და შემდგომში იხილებოდა ეკონომიკურ გუნდში. დღეს უკვე გამზადებული პაკეტი მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში. კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ჩვენი სახმელეთო სააგენტოს მიერ.

იცით, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთაშორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. სამი ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში, იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდებათ.

ასევე, ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ.

2024 წლის თებერვლამდე უკვე პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ გადამზიდავებმა, რაც შეეხება მინიმალურ მოთხოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდეს და უკვე 2025 წლის მაისისთვის, ავტოსადგურების მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც დავითაშვილი აცხადებს, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მგზავრობის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

„სატრანსპორტო საშუალებები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ბილეთების ფასი ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგადად, ამ რეფორმების ფარგლებში, ბილეთის ფასის გაძვირებას არ ველოდებით,“ – განაცხადა დავითაშვილმა.