“მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში” – ირაკლი ქადაგიშვილი

80
spot_img

პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას – მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული და მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები განსხვავდება იმ პრეზიდენტის უფლებებისგან, რომელიც არის არამარტო სახელმწიფოს მეთაური, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. ასეთ პირობებში, როგორც ევროპის პრაქტიკა და კონსტიტუციონალიზმი გვიჩვენებს, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში იღებდეს მონაწილეობას. ჩვენ დავინახეთ, რომ ის პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც ნამდვილად, არც კონსტიტუციის სულისკვეთებას და არც იმ ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, რომლისკენაც ვისწრაფვით. აქედან არის გამოწვეული ჩვენი წუხილი და აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვინდა ვიყოთ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ინსტიტუტის მიმართ ერთგულნი და ამავდროულად, მოვუწოდებდეთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.