Home Blog Page 2057

“პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს” – პრემიერი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია.

„მეამაყება, რომ ჩვენი პროკურატურა სწორედ ასეთ – თანამედროვე, ანგარიშვალდებულ, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
მადლობას გიხდით იმ უდიდესი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ეწევით, და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერი.

ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას უფრო გაამწვავებს.

„ნატო მკაცრად გმობს KFOR-ის სამხედროების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კოსოვოში არაპროვოცირებულ თავდასხმებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დაშავდა. მსგავსი თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, და ჩაერთონ დიალოგში. კოსოვოში ნატო-ს ძალები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ უსაფრთხო და დაცული გარემოს შესანარჩუნებლად და გააგრძელებენ მიუკერძოებლად მოქმედებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1999 წლის რეზოლუციით მინიჭებული მანდატის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ნატო-ს ძალები სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობეთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განათავსეს.

ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა, როდესაც ადგილობრივი სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ.

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღემ შეიძლება არჩევანის წინაშე დაგაყენოთ, რომელიც სამსახურს, ურთიერთობებს, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს ეხება. როგორც არ უნდა ეცადოთ, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთოთ და მის საფუძველზე იმოქმედოთ. ნებისმიერ არჩევანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ექნება, ამიტომ ეცადეთ კარგად გამოთვალოთ, თქვენთვის რომელი უფრო სასარგებლო იქნება.

კურო

ამ დღეს ისეთი მოწესრიგებული ხართ, როგორც არასდროს. ყველაზე მეტად არეულობა გაღიზიანებთ და ქაოსის ყველა გამოვლინებას ებრძვით. სამუშაო მაგიდის დალაგება ადვილია, საკუთარი აზრებისა და გეგმების მოწესრიგება კი – გაცილებით რთული. როცა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ, მუშაობის დაწყებაც შეგიძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ამის დრო დაგრჩათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ამბიციური გეგმის განხორციელებისთვის. ვარსკვლავების განლაგება, მოვლენათა განვითარება და გარშემო მყოფი ადამიანები სტატუსის გაძლიერებისკენ მიმართული გადამწყვეტი და გაბედული ნაბიჯებისკენ გიბიძგებენ. საეჭვოა, რომ ამ დღეს კუთხეში, მოკრძალებულად დგომა ან ნეიტრალური პოზიცია დაკავება შეძლოთ, რაც თქვენი თვითშეფასებისთვის ძალიან კარგია.

კირჩხიბი

შესაძლოა, რომელიღაც პრობლემასთან ბრძოლაში დამარცხება აღიაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ და პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ – სხვა დღეს პრობლემის მოგვარების მეტი შანსი გექნებათ.

ლომი

ამ დღეს თქვენი ტვინი სწრაფად და შეუმცდარად მუშაობს და უცნობი გარემოს შესწავლაში, პრობლემების გადაჭრაში და ახალი იდეების გენერირებაში გეხმარებათ. ერთი სიტყვით, ამ დღეს სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა მიზნის მისაღწევად და საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად გამოიყენოთ.

ქალწული

ფინანსურ საკითხებში რისკის მოყვარული არ ხართ – გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევნიათ, სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამის გამო, შეიძლება ძალიან მაცდური ფინანსური პერსპექტივა დაკარგოთ, მაგრამ ზედმეტ ხარჯებს და შესაძლო დანაკარგებსაც თავიდან აიცილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ბიუჯეტის მოწესრიგებას დაუთმოთ – ახლა თქვენს ყურადღებიან მზერას არაფერი გამოეპარება!

სასწორი

ამ დღეს პირად საქმეებს, დასვენებას და გართობას დაივიწყებთ და მთლიანად საერთო საქმეების მოგვარებაზე გადაერთვებით. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის მიღებაა. სავარაუდოდ, თქვენი თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩება და უახლოეს ხანში ფინანსურ ბონუსებს მოგიტანთ.

მორიელი

ამ დღეს ინფორმაციასთან მუშაობის შესანიშნავ უნარებს გამოავლენთ! საჭიროების შემთხვევაში, ციფრებით და ფაქტებით ოსტატურად მანიპულირება, ინფორმაციის ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ. წვრილმანების შემჩნევის უნარი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება არასასურველია, რადგან მოსალოდნელი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ეს ეხება გარიგებებს, მოლაპარაკებებს და ახალ პროექტებს. ჯობს, საქმის დაწყება ერთი დღით გადადოთ, ვიდრე შეცდომის შედეგებს ებრძოლოთ.

თხის რქა

ამ დღეს თუ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, დიდი შანსია, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. ზოგ შემთხვევაში თქვენი მონდომება გაამართლებს, მაგრამ არა ყოველთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავდაჯერების მიუხედავად, ნებისმიერი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც შეიძლება შეცდეთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ფაქტები ყურადღებით გადაამოწმეთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყოთ. თუ თქვენ შორის გაუგებრობის კედელია აღმართული, მისი დანგრევა უნდა სცადოთ. გულახდილი საუბარი სულიდან მძიმე ტვირთს მოგაცილებთ და თქვენთვის სასურველ შედეგს მოგიტანთ. თუნდაც პრობლემა მყისიერად არ მოგვარდეს, ეს თქვენს ურთიერთობებზე მაინც სასიკეთოდ აისახება.

თევზები

ვარსკვლავები კატეგორიულად არ გირჩევენ, რომ ამ დღეს უფროსებთან და კარიერულად თქვენზე მაღლა მდგარ პირებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. სამწუხაროდ, ურთიერთგაგებისთვის არახელსაყრელი დღეა, რის გამოც თქვენი ყველაზე მშვენიერი იდეაც კი შეიძლება დაიწუნონ. ამ დღეს მოქმედების საუკეთესო ტაქტიკა იქნება, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.

 

კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია კოსოვოში განთავსებული ნატო-ს მისიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ძალების იტალიური და უნგრული კონტინგენტის სამხედროები არაპროვოცირებული თავდასხმის სამიზნე გახდნენ და მიიღეს ტრავმები მოტეხილობებითა და აალებადი მოწყობილობების აფეთქების შედეგად დამწვრობებით.

„ნატო-ს დანაყოფებზე არაპროვოცირებული თავდასხმები მიუღებელია და ნატო-ს ძალები კოვოსში გააგრძელებენ თავიანთი მანდატის მიუკერძოებლად შესრულებას“, – ნათქვამია კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაურის, ანჯელო მიკელე რისტუჩიას განცხადებაში.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ცნობით, დაშავებულ სამხედროებს შორის 11 იტალიელია, სამი მათგანის მდგომარეობა სერიოზულია.

სერბული მედიის ცნობით, ასევე, სერბი დემონსტრანტების მხრიდან შეტაკებებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი – კრიტიკულ, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ. ვითარების ესკალაციის გამო კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს.

ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

“მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად”-სააკაშვილი

“იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება.
მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.
მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!
ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე,” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს – ნიკა გვარამია

განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს, – ამისშესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა

ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენლად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის“, – წერს ნიკა გვარამია.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/pfbid0nCCfHnpuZNRDp65teDcpXd9smGRmg56UMbPDmjJD2zTTevbzHM7NsY8i2q35BzEvl

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხელისუფლება რუსეთის მიმართ სანქციებს არ აწესებს, ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან დააზიანებს საქართველოს – მამუკა მდინარაძე

მადლობა ევროკავშირის ელჩს, რომ მან ხაზგასმით თქვა, ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ აპირებს სანქციების დაწესებას და ამით საკუთარი მოქალაქეების დაზიანებას.

„არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცენ, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ.  არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ. გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო ელემენტარული სტატისტიკა. 2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გახლდათ 258 მილიარდი ევრო, დღეში 700 მილიონი ევრო.  რაც არის ევროკავშირის ბრუნვა ოთხი დღის განმავლობაში, იმას ვაჭრობს საქართველო რუსეთთან. ასეთი საკითხები როცა არის ხელისგულზე, არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებზე. თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით – არც დე ფაქტო, არც სხვა, რეალური სანქციების დაწესებით – არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.

უმრავლესობა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ვიცე სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას.

„გაგაცნობთ რამდენიმე გადაწყვეტილებას: პირველი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით. მეორე, საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას. მესამე, დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბატონი ნოდარ ტურძილაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნოდარს. ის არის უაღრესად კარგი ადამიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის პროფესიონალი, წარმატებული მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციაზე ბევრ წარმატებას მიაღწევს და დაგვეხმარება ძალიან.

ასევე, ჩვენ მიმდინარე უმრავლესობის ხდომაზე ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რეგიონის გამოწვევებზე. ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის, უმრავლესობის სახელით მივულოცოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება. მიგვაჩნია, რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის რეგიონში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ვიცოდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყო უსამშობლო ადამიანების პოლიტიკური პარტია და ახლა გავიგეთ, რომ ეჭვიანი ადამიანების პოლიტიკური პარტიაც ყოფილა”- იონათამიშვილი

„ჩვენ ვიცოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უსამშობლო ადამიანების პოლიტიკური პარტია და ახლა გავიგეთ, რომ ეჭვიანი ადამიანების პოლიტიკური პარტიაც ყოფილა იმიტომ, რომ მთელ ამ პროცესში ყველაზე მეტად რაც დაინახა საზოგადოებამ, ხომ ვიცოდით, რომ ღირებულებებისგან დაცლილი იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ერთმანეთს როგორ არ ენდობიან და რა ხარისხის უნდობლობა აქვთ ერთმანეთის მიმართ ეს ყველაფერი დაინახა,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ასეთი უნდობლობის და ეჭვიანობის ხარისხი აჩვენეს მათ საზოგადოებას და როდესაც პოლიტიკური პარტია ასე ნიღაბ ჩამოხსნილია და ვერ მალავს თავის რეალურ სახეს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სივრცეში ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ მე ამ პროცესებს მივესალმები იმიტომ, რომ რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“ მით უფრო გაძლიერდება დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში“- აღნიშნა იონათამიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციატივაზე, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად თუ ერთი პარტიული სიით არიან წარმოდგენილი ადამიანები პარლამენტში, მათ აქვთ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება, ხოლო თუ ბლოკის სიით არიან წარმოდგენილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ამის უფლება არ აქვთ.

„სინამდვილეში, თავის დროზე, მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ პოლიტიკური ჯგუფების ცნება შემოვიტანეთ იმიტომ, რომ ამით საპარლამენტო ტრიბუნის სარგებლობის შესაძლებლობა მიგვეცა პოლიტიკური პარტიებისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის და ესეც ერთგვარი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული იმისთვის, რომ პატარა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი და თანმიმდევრული ნაბიჯი იყო, ამ კონტექსტში ჩვენ არაერთი სხვა გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე. ამ შემთხვევაში, ის ჩანაწერი, რომელიც მოქმედია პარლამენტის რეგლამენტში გულისხმობს, რომ თუ ერთი პარტიული სიით არიან წარმოდგენილი ადამიანები პარლამენტში, მათ აქვთ იმის უფლება, რომ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან და თუ ბლოკის სიით არიან წარმოდგენილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ამის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, როდესაც ეს ორი ადამიანი, დეკანოიძე და გოცირიძე გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმიტომ ვერ შეიქმნა, რომ ეს ბლოკი იყო თავის დროზე. ახლა ისინი რომ ამ ინიციატივით შემოვიდნენ, ჩვენ ამაზე ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და უნდა ვიმსჯელოთ ზუსტად უმრავლესობის სხდომაზე, სანამ ამ საკითხის განხილვა იქნება კომიტეტებზე.“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები გამოყენებული არ იქნება”

ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან – უზრუნველყოფენ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის რუსული თვითმფრინავის, ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27-ვე წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და შეცვალონ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, ის საქმის კურსში არ არის, მიმდინარეობს თუ არა რაიმე დისკუსია საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხზე.

„მე საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე დისკუსიების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას ეხება“,– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

“ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და ზეწოლა მათზე” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ჰერჩინსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი საუბარი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე. მე დავალებული მქონდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამეცა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 დედაქალაქის მიერ. თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების მიღების შესახებ.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეს პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან და არ დაუშვას რუსული თვითმფრინავის ფრენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება, რომ ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და ზეწოლა მათზე, რათა შეცვალოს რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ჯერ კიდევ აგრძელებს. მართალია, საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს მოითხოვდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას“, – განაცხადა ელჩმა.