ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

186
spot_img

ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას უფრო გაამწვავებს.

„ნატო მკაცრად გმობს KFOR-ის სამხედროების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კოსოვოში არაპროვოცირებულ თავდასხმებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დაშავდა. მსგავსი თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, და ჩაერთონ დიალოგში. კოსოვოში ნატო-ს ძალები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ უსაფრთხო და დაცული გარემოს შესანარჩუნებლად და გააგრძელებენ მიუკერძოებლად მოქმედებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1999 წლის რეზოლუციით მინიჭებული მანდატის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ნატო-ს ძალები სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობეთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განათავსეს.

ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა, როდესაც ადგილობრივი სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ.