“ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და ზეწოლა მათზე” – ევროკავშირის ელჩი

78
spot_img

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ჰერჩინსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი საუბარი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე. მე დავალებული მქონდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამეცა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 დედაქალაქის მიერ. თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების მიღების შესახებ.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეს პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან და არ დაუშვას რუსული თვითმფრინავის ფრენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება, რომ ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და ზეწოლა მათზე, რათა შეცვალოს რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ჯერ კიდევ აგრძელებს. მართალია, საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს მოითხოვდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას“, – განაცხადა ელჩმა.