რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ალან გაგლოევის განცხადებით, დესტრუქციული ძალები კვლავ უბიძგებენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ.
ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ამის გამო ცხინვალმა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად ყველა აუცილებელი ზომა მიიღო.
გაგლოევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში.
„ჩვენი სამხედროები და მოხალისეები რუს სამხედროებთან ერთად საერთო ინტერესებს იცავენ და უკრაინის ნაციონალიზმს ებრძვიან, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტის როლს ასრულებს“, – განაცხადა გაგლოევმა.
გაგლოევმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე მუშაობით შემოიფარგლება.
გაგლოევის თქმით, ცხინვალმა მხარი დაუჭირა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანებას და იმედი გამოთქვა, რომ „მალე სამხრეთ ოსეთის ჯერიც მოვა“.