Home Blog Page 2054

“2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე” – ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია

2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, ჯამურად, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას 449 კვ.მ. მიწა. დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე, ასევე შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ქვეყანა.

„ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, ჯამურად, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას 449 კვ.მ. მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდ. მეწარმე, ასევე შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი. დამერწმუნებით, ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აღდგებოდა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან და აწარმოებენ ბიზნესს, უძრავ ქონებას ყიდულობენ, პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა, გვეჩვენებინა, რომ არ ვართ მაინც და მაინც მათი პარტნიორები.

რატომ ვივიწყებთ, რას აკეთებს ევროპა ჩვენთვის? რა გაუკეთებია და რა მხარდაჭერას ავლენს საქართველოსთან დაკავშირებით. ის, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ევროპის დამსახურებაა. უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს. არ არის სწორი იმის შედარება, რა სარგებელს იღებს ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო. ცოტა უხერხულია ამ ტიპის შედარებების გაკეთება. არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური სარგებლით მოტყუება, ადამიანების სიღარიბით მანიპულაცია, მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს კლავენ. არავინ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ამოვწყდეთ ენერგორესურსების გარეშე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დავიცვათ, ნუ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ჩვენი ქვეყანა“,- აღნიშნა კორძაიამ.

კორძაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს კითხვით მიმართა, როდესაც საქართველოში რუსეთის ამდენი მოქალაქეა შემოსული, შესწავლილი აქვთ თუ არა მათი საქმიანობა.

„უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამ რაოდენობის რუსებთან დაკავშირებით კონტროლის თვალსაზრისით. ჩვენ ველოდებით ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში ანგარიშის წარმოდგენის სახით. მინდა აქედან დავუსვა შეკითხვა, ამდენი ადამიანი რომ არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ და იურიდიული პირი აქვს დაფუძნებული, შესწავლილი ჰყავს თუ არა ისინი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას უსაფრთხოების სფეროში, როდესაც ამდენი რუსეთის მოქალაქეა შემოსული“, -აღნიშნა კორძაიამ.

“რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?”- ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს

„საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს მიმართავს.

ექსპერტის თქმით, მაშინ, როდესაც თავად ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით, რატომ ითხოვენ საქართველოსგან, მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით.

„კითხვები ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს:

1. საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. იხილეთ ფოტოზე ფრანკფურტი – შანიანი, ჟენევა – პეკინი. ასეთი ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?

2. მესმის თქვენი, ამოკლებთ მარშრუტს, ამცირებთ ყველანაირ საავიაციო ხარჯებს, ამცირებთ ფრენის დროს, რითაც თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ა.შ. მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვთ, რომ ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით? რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?

3. გუშინ დემარში რომ მოაწყვეთ, რა მოსთხოვეთ ვიცე-პრემიერს, ფრენების სფეროში სანქცია დააწესოს საქართველომ? პუტინმა გააუქმა მის მიერ დაწესებული სანქცია. იურიდიულად სხვა რა ფორმა არსებობს ფრენების შეჩერების, გარდა სანქციის დაწესებისა?

P.S. ცნობისთვის. 2022 წელს რუსეთის საჰაერო მოძრაობის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში, როგორც შიდა, ისე ტრანზიტული ფრენებიდან, 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.“- წერს ამირან სალუქვაძე.

https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/pfbid0yykP8kzVuUfWVSADHnVSfsTwn4mq3viBh8zVQtWHJrfFdPA33JifPQ4trqcQHxxol

“რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულის პასუხად, ინტერვიუერმა განაცხადა, რომ მას ეგონა ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.

ღარიბაშვილი ჩაეკითხა, თუ რატომ ფიქრობს ინტერვიუერი, რომ ივანიშვილი ოლიგარქია.

ინტერვიუერის თქმით, „ივანიშვილს ასე მოიხსენიებენ და არ არის სწორი?!“

„თქვენც ოლიგარქი შეიძლება გამოხვიდეთ არა?!“ – განუცხადა კითხვის ავტორს ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც კი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იქნება მიღებული, ყველაფერი გარკვეული იქნება და „მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს“.

„უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. ამიტომ, რადგან იკითხეთ [„ქართული ოცნების“] დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს მას განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციაზე გამოცდილება უკრაინიდან მიიღო.

„ოდესაც საქართველოს მიეცა ევროკომისიის მხრიდან 12 პრიორიტეტი, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მათზე მუშაობა და ივნისისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული ერთი რეკომენდაციის გარდა – ის დეპოლარიზაციაა. რადგან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი 2 წლის წინ მიიღო უკრაინამ. ბევრ სხვა ქვეყანას არა აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება, ამიტომ უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, უცხოური აგენტების გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ინტერვიუერის კითხვაზე – „თუ რატომ არის აუცილებელი, რომ იარლიყები მივაწებოთ ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომელიც 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ“, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს თავი დახურულია და აქცენტი უფრო სერიოზულ საკითხებზე უნდა გაკეთდეს“.

„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა, ეს კანონი გაწვეულ იქნა, დავხურეთ თავი, და ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იქნა განხილული მსგავსი კანონის მიღება. მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, არც სპეკულაციაში. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ეს თავი დახურულია. მინდა საუბარი წარვამართო უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე, რაც არის შემდეგი ნაბიჯები ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვმუშაობთ ამ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. ეს იყო ბონუსი მოლდოვისთვის და უკრაინისთვის, ძალიან გვიხარია მათი სახელით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ზურაბიშვილის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა გვარამიას”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ფიქრობს, მაშინ გამოდის, რომ ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომელსაც ნიკა გვარამია მის მიმართ გამოთქვამდა.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას.

„როდესაც კონკრეტული ადამიანი გეძახის რეზიდენტს და არ მინდა, კიდევ გავიმეორო რას გეძახის. ამის მერე თუ ფიქრობ მის შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, ეს ყოფილა სწორი და მართალი, თუ ის დათანხმდება მის შეწყალებას. ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი“, – განაცხადა კობახიძემ.

“დეპოლარიზაცია ნიშნავს არა დამეგობრებას, არამედ ყველასათვის თანაბარი პირობების შექმნას”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დეპოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა.

აღნიშნული კომენტარით გია ვოლსკიმ ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა, რომელიც მათ შორის პოლარიზაციას ეხება.

„რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსის მოცემა განიხილება ორ ასპექტში, ერთი, რომ ევროპული საზოგადოება, შესაბამისი სტრუქტურები ობიექტურად აფასებენ იმ რეფორმებს, რაც  საქართველოში გატარდა, არანაირ ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკურ სპეკულაციებს. დეპოლარიზაცია არ ნიშნავს დამეგობრებას, ნიშნავს თანაბარი პირობების შექმნას ყველასათვის. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანდიდატის სტატუსის მიცემა. გულწრფელობა არის აუცილებელი, როცა ამ ტრიბუნას იყენებ. ფაქტია, პოლარიზება მსოფლიოში არის თვალსაჩინო, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარებისათვის სამხედრო ძალას მოიხმარს, ასეთი რეალობა შეიქმნა, როდესაც პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანამ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი”- ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის ომზე

მიმაჩნია, რომ ალბათ ყველაზე გამოწვევებით აღსავსე დროაჩვენ ძალიან რთული დღეები გვქონდა 2008 წელს. დღეს შეიძლება ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20% პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ააშენეს 2 სამხედრო ბაზა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, თუ იყო ეს აქტიური არაპროვოცირებული აგრესია.

 „არ მინდა დეტალებზე საუბარი ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, საკუთარი. ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, როდესაც არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ის ომი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება. იმ აგრესიას, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები”, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 პრემიერმა უპასუხა კითხვას, უნდა დაეწესებინათ თუ არა 2008 წელს სანქციები.  

 „ასე ვფიქრობ, ასე მწამს. ჩვენთვის რა განსხვავება აქვს ხომ. ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი. ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

“ჩემი საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, – მშვიდობიანი გზით” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ვისაუბრო საქართველოს სიტუაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, გვინდა რომ მშვიდობა აღდგეს და ძალიან მალე აღდგეს, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო ჯერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ომის შემდეგ, 2008 წელს, მემგონი საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება რუსეთთან.
„მე მესმის თქვენი კითხვა, მესმის თქვენი აზრი და ფიქრები უკრაინაზე და ყველას აზრი მესმის, მაგრამ ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს, რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვირჩევდი, რომ იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ეს ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ არ საუბრობდა ადრე. და ომის შემდეგ, 2008 წელს, მემგონი საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, გავიმეორებდი, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება რუსეთთან.
ამიტომ ჩემი საბოლოო მიზანი და ყველა ქართველის და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით.
2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა, ჩვენ მას „სტრატეგიულ მოთმინებას” ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ რუსეთთან, ამიტომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მეორეს მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფა.
თანამედროვე ისტორიაში, როცა დავიბრუნეთ 90-იან წლებში დამოუკიდებლობა, ეს ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობის პირობებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი და ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ. ეს მემგონი საოცრებაა, ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია, ხო ასეა, ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ პატარა ქვეყანა. კი ბატონო, პატარა ქვეყანა, არ ვართ ნატოს წევრი, თუმცაღა გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ აი ამ რთულ სიტუაციაში”, –  განაცხადა პრემიერმა.

“ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა” – ირაკლი ზარქუა

ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა.

„მე მგონი, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა, რადგან, როგორც იცით, ეს დემარში ნომერი ორია. პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხელი მოაწერინეს ელჩებზე. არ ვიცი, სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს და შემოატანინეს ეს განცხადება დემარშის, სადაც ეწერა, თურმე სააკაშვილს წამლავს ხელისუფლება, არ აძლევს რეაბილიტაციას, ცუდ პირობებში ამყოფებს და ექვემდებარება გადაყვანას სხვა ქვეყანაში. გახსოვთ თქვენ ეს პირველი დემარშის შინაარსი. მერე რა მივიღეთ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არც მოწამლული არ არის და არათუ ქვეყნიდან გაყვანის სააკაშვილის, არამედ კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობსო. ანუ ამით ის პირველი დემარში გააქარწყლა და თქვა, რომ ამაზე მოდით შეცდომაში ხართ შეყვანილი.

რახ შეეხება მეორე დემარშს, შემოიტანეს განცხადება და მისი სულის კვეთება რა არის, რომ, ე.ი. ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მიეცეთ შესაძლებლობა ვიზის გარეშე დამატებითი ხარჯების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩვენ გვთხოვენ, რომ სანქციები დავუწესოთ? ეს არის არსი? აბა, დანარჩენი რუსეთის მოქალაქეები ისედაც შემოდიან ლარსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან. პრობლემა რაშია. ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან დაკავშირებითაც. საფუძველი არ არსებობს. ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციებს არ დავაწესებთ. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები პირველი საზრუნავია, ამას ჩვენ აქამდეც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ“, – განაცხადა ზაქრუამ.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.

ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური, გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა.

მათი ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული.

„ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, „უეფას“ 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი მეტსახელად „გამეზა“ „სთრით არტ ფესტის“ გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. აღნიშნულ მურალს დეპარტამენტი ბათუმის, როგორც სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიცინიორებისა და სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სამიზნე ქვეყნებში აქტიურად გამოიყენებს. კედლის მხატვრობა ბათუმში შოთა რუსთაველის გამზირზე, ბულვართან ახლოს მდებარეობს, რაც მის ხილვადობასა და პოპულარობას გაზრდის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველამ იცის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო.

„მგონი, ყველამ იცის მიზეზი. მგონი, კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატო-ს გაფართოება, ასევე ბევრი სხვა მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ნატო-ს გაფართოება იყო ომის დაწყების პროვოცირება. პრემიერის თქმით, საკითხზე სპეკულირება არ სურს.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი შეცვალა, რომლის დროსაც ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთის, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ამ საკითხის ირგვლივ ყველა ბრალდება და მისტიკა მოიხსნება.

„მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაზე აქ ვისაუბრო, მაგრამ რეალური ოლიგარქი არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბრატისლავაში გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე წამყვანი დაინტერესდა, რატომ ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლიგარქია, რადგან მას გაუჩნდა ასოციაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.

„ასე მოიხსენიებენ [კეზერაშვილს] და არ არის სწორი? როგორც კი მივიღებთ ამ კანონს [დეოლიგარქიზაციის შესახებ] ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ბრალდებებს. უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რადგან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში კლავდნენ, ქუჩებში კლავდნენ. 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში და ეს ცვლილება იყო დრამატული. დღე და ღამე რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა [ახლანდელ სიტუაციას და ყოფილი ხელისუფლების დროინდელს შორის]“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ევროპულ ინტერესში შედის”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, – განაცხადა კახა კალაძემ.