“2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე” – ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია

92
spot_img

2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, ჯამურად, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას 449 კვ.მ. მიწა. დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე, ასევე შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ქვეყანა.

„ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, ჯამურად, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას 449 კვ.მ. მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდ. მეწარმე, ასევე შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი. დამერწმუნებით, ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აღდგებოდა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან და აწარმოებენ ბიზნესს, უძრავ ქონებას ყიდულობენ, პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა, გვეჩვენებინა, რომ არ ვართ მაინც და მაინც მათი პარტნიორები.

რატომ ვივიწყებთ, რას აკეთებს ევროპა ჩვენთვის? რა გაუკეთებია და რა მხარდაჭერას ავლენს საქართველოსთან დაკავშირებით. ის, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ევროპის დამსახურებაა. უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს. არ არის სწორი იმის შედარება, რა სარგებელს იღებს ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო. ცოტა უხერხულია ამ ტიპის შედარებების გაკეთება. არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური სარგებლით მოტყუება, ადამიანების სიღარიბით მანიპულაცია, მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს კლავენ. არავინ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ამოვწყდეთ ენერგორესურსების გარეშე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დავიცვათ, ნუ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ჩვენი ქვეყანა“,- აღნიშნა კორძაიამ.

კორძაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს კითხვით მიმართა, როდესაც საქართველოში რუსეთის ამდენი მოქალაქეა შემოსული, შესწავლილი აქვთ თუ არა მათი საქმიანობა.

„უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამ რაოდენობის რუსებთან დაკავშირებით კონტროლის თვალსაზრისით. ჩვენ ველოდებით ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში ანგარიშის წარმოდგენის სახით. მინდა აქედან დავუსვა შეკითხვა, ამდენი ადამიანი რომ არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ და იურიდიული პირი აქვს დაფუძნებული, შესწავლილი ჰყავს თუ არა ისინი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას უსაფრთხოების სფეროში, როდესაც ამდენი რუსეთის მოქალაქეა შემოსული“, -აღნიშნა კორძაიამ.