“რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია” – პრემიერი

97
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულის პასუხად, ინტერვიუერმა განაცხადა, რომ მას ეგონა ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.

ღარიბაშვილი ჩაეკითხა, თუ რატომ ფიქრობს ინტერვიუერი, რომ ივანიშვილი ოლიგარქია.

ინტერვიუერის თქმით, „ივანიშვილს ასე მოიხსენიებენ და არ არის სწორი?!“

„თქვენც ოლიგარქი შეიძლება გამოხვიდეთ არა?!“ – განუცხადა კითხვის ავტორს ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც კი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იქნება მიღებული, ყველაფერი გარკვეული იქნება და „მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს“.

„უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. ამიტომ, რადგან იკითხეთ [„ქართული ოცნების“] დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს მას განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციაზე გამოცდილება უკრაინიდან მიიღო.

„ოდესაც საქართველოს მიეცა ევროკომისიის მხრიდან 12 პრიორიტეტი, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მათზე მუშაობა და ივნისისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული ერთი რეკომენდაციის გარდა – ის დეპოლარიზაციაა. რადგან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი 2 წლის წინ მიიღო უკრაინამ. ბევრ სხვა ქვეყანას არა აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება, ამიტომ უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, უცხოური აგენტების გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ინტერვიუერის კითხვაზე – „თუ რატომ არის აუცილებელი, რომ იარლიყები მივაწებოთ ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომელიც 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ“, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს თავი დახურულია და აქცენტი უფრო სერიოზულ საკითხებზე უნდა გაკეთდეს“.

„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა, ეს კანონი გაწვეულ იქნა, დავხურეთ თავი, და ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იქნა განხილული მსგავსი კანონის მიღება. მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, არც სპეკულაციაში. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ეს თავი დახურულია. მინდა საუბარი წარვამართო უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე, რაც არის შემდეგი ნაბიჯები ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვმუშაობთ ამ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. ეს იყო ბონუსი მოლდოვისთვის და უკრაინისთვის, ძალიან გვიხარია მათი სახელით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.