Home Blog Page 2053

“ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას – ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილ ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დაადასტურებს მათი, როგორც სუვერენული ერების, სტატუსს“.

„ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დამოუკიდებლობას და მისი პოზიცია უცვლელია. ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი!- ONGO.GE

ქოლცენტრებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი – აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი!, – ამ სათაურით სტატიას ONGO.GE ავრცელებს. ONGO.GE-ს თანახმად, კეზერაშვილის დავალებით, სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლცენტრი, საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა. მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ჯორჯიან თაიმსი”  ONGO.GE-ს სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების ამბავი გაუსკდა, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლებმა ამ თემიდან გამიჯვნა გადაწყვიტეს და მათი ნაწილი ცდილობს ქოლ-ცენტრები მხოლოდ კეზერაშვილთან ასოცირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ათეულობით მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება არა მხოლოდ კეზერაშვილის, არამედ მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ბიზნესი და მთავარი შემოსავლის წყაროა. თავად კეზერაშვილმა კი თავდაცვითი სამოქმედო ფრონტი ორი მიმართულებით გაშალა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე თავდაცვა მისი ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა, მან ამისთვის ახალი ტაქტიკა, – ჩაშვება აირჩია. მისი პირველი სვლა თავის გარემოცვის უახლოესი წევრის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი მეგობრის, რატი ალექსიძის ჩაშვება იყო, რითაც მან სცადა ისრები საქართველოს თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისკენ გადაეტანა, რომელიც ალექსიძის ყოფილი ქვისლია. ალექსიძე დაკავებულია! მეორე სვლით კეზერაშვილმა განახორციელებინა ზარი სამართალდამცავებთან და ჩაუშვა ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლ-ცენტრი, რომელიც საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებდა. ამავე შენობაშია განთავსებული როგორც ჯიბლაძის, ასევე ელისო კილაძისა და ვალერი გელბახიანის ოფისები. საგამოძიებო მოქმედებები დილის 10 საათამდე, მთელი ღამე მიმდინარეობდა. ელისო კილაძე თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ამ პროცედურებს, ხოლო ვალერი გელბახიანი ბიზნეს ცენტრში იმ ღამით არ გამოჩენილა. სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ასამდე კომპიუტერი და ლეპტოპი, თუმცა ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მათ ადგილზე არ დახვდნენ, რადგან, როგორც წყარო იუწყება, კომპანია „სვეტის“ თანამშრომლებმა მოასწრეს მათი გაფრთხილება ბიზნეს ცენტრთან საეჭვო მოძრაობების შესახებ. ადგილზე იყო შსს-ს ყოფილი პრესცენტრის ხელმძღვანელი, ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი – გურამ დონაძე, რომელიც ქოლ-ცენტრების საქმიანობის მენეჯმენტში ელისო კილაძის რეკომენდაციით არის ჩართული. საინტერესოა ისიც, რომ ელისო კილაძეს ამ ამბის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ONGO წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ამ ინფორმაციის გაცემით, ერთი მხრივ, შური იძია ელისო კილაძეზე, რომელიც იმავე ინფორმაციის თანახმად, გურამ დონაძესთან ერთად თავად წარმართავს ქოლ-ცენტის საქმიანობას და მეორე მხრივ ბაზრიდან ჩამოიშორა შედარებით მცირე კალიბრის, მაგრამ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი კონკურენტი. წყარო ასევე გვიამბობს, რომ ელისო კილაძე ყოველთვის ახლო კონტაქტში იყო თაღლითობისათვის ნასამართლევ გივი ჯიბლაძესთან. ის ჯიბლაძეს კომპანია „სვეტის“ საქმეების მოგვარებაშიც ეხმარებოდა. ახლა კი მათი გზები საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობაშიც გადაიკვეთა. ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ მსხვილ შემოსავალს უკავშირდება ელისო კილაძის საკმაოდ სოლიდური შენაძენები და ძვირადღირებული ვოიაჟები უცხოეთში. ის ბოლო დროს გადაადგილდება Toyota Land Cruiser 300-ის მარკის ავტომანქანით, რომლის ღირებულებაც აღემატება 100 000 ევროს, ასევე უკანასკნელ პერიოდში აქვს შეძენილი ძვირადღირებული უძრავი ქონებები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებსაც აფორმებს როგორც თავისი ოჯახის წევრების, ასევე სანდო ახლობლების სახელზე. როგორც ჩანს დავით კეზერაშვილი უკვე აქტიურ მოქმედებებზეა გადასული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ ფლობს ქოლ-ცენტრების უმსხვილეს ქსელს, არამედ ინფორმაციაც აქვს მისი შედარებით მცირე, შიდა კონკურენტების შესახებაც.

წყარო ასევე გვაუწყებს, რომ კეზერაშვილი ფინანსებს არ დაიშურებს იმისთვის, რომ იმავე, BBC-ის ეთერში გავიდეს ახალი სიუჟეტი, რომელიც ან მის რეაბილიტაციას, ან მის მიერ დალაგებული თაღლითური სქემის სხვაზე გადაბრალებას მოემსახურება, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებს. ახლა ქართველი სამართალდამცველები ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან, როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ქოლ-ცენტრების საქმე ურთულესია როგორც გამოსაძიებლად, ასევე მტკიცებულებების სტანდარტის თვალსაზრისითაც. ONGO აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლ-ცენტრთან დაკავშირებით, რასაც უმალვე მიაწვდის თავის მკითხველს“, – წერს ONGO.GE.

“ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ონკოპაციენტი ბავშვის დაფინანსების საჭიროება დადგა, მეტი რესურსი გამოიყოფა, რათა მათი საჭიროებები სრულად დაფინანსდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, არცერთი ის ბავშვი არ დარჩება ამ პროგრამის მიღმა, რომელთაც უცხოეთში სჭირდებათ მკურნალობა.

„ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში, თუ მათ უცხოეთში სჭირდებათ მკურნალობა, რეფერალური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ამ მკურნალობის შესაძლებლობას, თუმცა ნაწილობრივ ხდება მაინც იმ თანხების დაფარვა, რაც ბავშვებს სჭირდებათ. 300, რა თქმა უნდა, არის პროგნოზული, პირობითი ციფრი, თუ მეტი საჭიროება იქნება, მეტი რესურსი გამოიყოფა იმისთვის, რომ ბავშვების საჭიროებები დაკმაყოფილდეს სრულად. ეს მექანიზმი, რომელიც ახლა შემუშავდა ითვალისწინებს წინასწარ კლინიკების შერჩევას, მათთან შეთანხმების გაფორმებას, რომ ბავშვები იქნებიან იმ კლინიკებში გაგზავნილი. რა თქმა უნდა, კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტს, ამ პროგრამაში რომ მოხვდეს. წინასწარ არ მინდა კლინიკების დასახელება, რადგან შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ბავშვების საჭიროება არის მთავარი, ფინანსური რესურსი, ამ შემთხვევაში, არის მეორეხარისხოვანი, როცა საქმე ეხება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას. მთავარია, გვქონდეს გარანტირებული შედეგების საფუძვლები. ამრიგად, ის, რომ ჩვენ დღეს პროგნოზულად, სავარაუდოდ, სამას შემთხვევაზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ბავშვი დარჩება ამ პროგრამის მიღმა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ამ პროგრამის მიღმა და ერთიანი ჩარჩო – შეთანხმება, რომელიც გაფორმდება ამ კლინიკებთან, გაითვალისწინებს ამ ბავშვების საჭიროებებს. აქ არამხოლოდ სამედიცინო საჭიროებები იგულისხმება, არამედ ის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, როცა ბავშვი უცხოეთში ჩავა ოჯახთან ერთად. 300 არის პროგნოზული მაჩვენებელი ბიუჯეტური გათვლებისთვის. რამდენიც დაგვჭირდება, იმდენი დაფინანსდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერმა და მთავრობამ” – არჩილ თალაკვაძე

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ, მისასალმებელია, მხარს ვუჭერთ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, ყოველთვიურად საზოგადოებას ესმოდა არაერთ შემთხვევის შესახებ, როდესაც დამატებითი ფინანსები სჭირდებოდათ ბავშვებს, ოჯახებს, რომ ეს ძვირადღირებული მკურნალობა მიეღოთ საზღვარგარეთ.

„ახლა შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება მიიღებდა. მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა. ყოველწლიურად, ბავშვები, მათი ოჯახები, ვინც სასიცოცხლოდ აუცილებელ მკურნალობაზე ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ, მიიღებენ ასეთ დაფინანსებას და ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სფეროში და იმ უფლების რეალიზებისთვის, რასაც ჰქვია უფლება ჯანმრთელობაზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ჩვენ დავუბრუნეთ ჯანდაცვა მოქალაქეებს და მომავალშიც განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას, რომლის მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან

სახალხო დამცველი, მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან.

როგორც იოსელიანმა განმარტა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის განხორციელება.

„როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაიმე პრობლემა იქნება, აქაც ჩართულები ვართ და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები.

მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი. მნიშვნელოვანია არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის გაკეთება“,- აღნიშნავს იოსელიანი.

უცხოური ვალუტის კურსი 25 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5105 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7533 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 oლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“სააკაშვილი, კეზერაშვილი, გვარამია არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ”

ზოგადად, ნებისმიერი პოზიტიური ჩანაწერი, რაც შეიძლება, გვხვდებოდეს სხვადასხვა რეზოლუციაში სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, გვარამიასთან და სხვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთგვარ გადაწერას, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „აღნიშნულ ადამიანებზე პოლიტიკურ კონტექსტში საუბარი კატეგორიულად მიუღებელია“.

„იმ ადამიანებმა, ვინც ასეთ რეზოლუციებს უჭერდნენ მხარს, კონკრეტული დასტური მიიღეს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი არის კორუმპირებული, მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი და კვლავ აგრძელებს დანაშაულების ჩადენას. ამჯერად უკვე ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. მგონი, ბევრისთვის ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს სამშობლო გადაურჩინა” – თამარ ჩიბურდანიძე

ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს სამშობლო გადაურჩინა და დღეს ქართველი ხალხი თავად დაიცავს მის უსაფრთხოებას. შესაძლოა, ვიღაც მასზე იყოს გაბრაზებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი თქვენს მზაკვრულ გეგმას შეუერთდება. გონება გულის კარნახით მოქმედებს, უმეტესად. გული კი ყოველთვის სიმართლეს ირჩევს. აბა, გაბედეთ! ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის ხლება პროცესებს თქვენთვის სავალალოდ კი არ დააჩქარებს, არამედ დაასრულებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პატიმრობაზე საუბარი ქართული საზოგადოების მღელვარების ფონზე, თანაც ერთ-ერთი აგენტის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ უვიცობისა და უგუნურების გამოვლინებაა.

„რა დონის უგუნური უნდა იყო, რომ დღეს, საზოგადოების მღელვარების პიკში ერთ-ერთ აგენტს ათქმევინო ის, რაც მათი დიდი ხნის ოცნებაა – ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრება.

რა დონის უვიცი უნდა იყო, რომ ვერ გათვალო, რა მოჰყვება ამას და რაზეა წამსვლელი ქართველი ხალხი? როგორც ჩანს, მათთვის ერთადერთი გამოსავალი ეს დარჩა. უკრაინის ომისგან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დასავლეთი გამოსავლის გზებს ეძებს და ვერ პოულობს. საქართველო მსხვერპლი უნდა გახდეს. საქართველოს მსხვერპლთშეწირვაში კი მათ ბიძინა ივანიშვილი ეღობება. ამას არ პატიობენ და სურთ, შური იძიონ მასზე.

ფრთხილად! ქართველი ხალხი დუღს!

2012 წელი აუცილებლად განმეორდება კიდევ უფრო დიდი მღელვარებით. მაშინ ივანიშვილმა შეძლო ისტორიული ცვლილებების უსისხლოდ მოტანა და ხალხიც დაემორჩილა. დღეს საზოგადოების დამორჩილება ძნელია. დღეს ყველამ გაიგო ის, რაც დამალული იყო სააკაშვილის იმ ავბედითი სისხლიანი მმართველობის დროს! დღეს ხალხმა გაიგო მშვიდობის ფასი! დღეს ქართველმა ხალხმა ღიად დაინახა, თუ როგორ ანაცვლებს რუსეთს ამერიკა, როგორც დამპყრობელი!

დღეს ქართველი ხალხი ხედავს ყველაფერს და ვეღარავინ შეძლებს მის მოტყუებას!

დასავლეთი სამოქალაქო ომს ამზადებს საქართველოში, მაგრამ მჯერა ხალხის გონიერების, რომ არ აჰყვება მათ პროვოკაციას. რთულად, მაგრამ კვლავ მშვიდობით გადავიტანთ ამ არნახულ ზეწოლას დასავლეთიდან და გავიყვანთ ქვეყანას უვნებლად.

მინდა, იცოდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მტერმა, რუსეთმა თუ ახალმა დიქტატორებმა, რაც არ უნდა ძლიერ აჟღარუნოთ იარაღი, თქვენ მოკვდავნი ხართ, საქართველოს კი უკვდავების გვირგვინი ადგას თვით ღვთისმშობლისგან და შეუძლებელია მისი განადგურება!

ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს სამშობლო გადაურჩინა და დღეს ქართველი ხალხი თავად დაიცავს მის უსაფრთხოებას. შესაძლოა, ვიღაც მასზე იყოს გაბრაზებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი თქვენს მზაკვრულ გეგმას შეუერთდება. გონება გულის კარნახით მოქმედებს, უმეტესად. გული კი ყოველთვის სიმართლეს ირჩევს.

აბა, გაბედეთ! ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის ხლება პროცესებს თქვენთვის სავალალოდ კი არ დააჩქარებს, არამედ დაასრულებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს”

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს.

თამარ გაბუნია ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, ფორმატში ჩაერთოს.

„მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მშობლების ჯგუფებთან. სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. მანამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საჭიროებები, რაზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ – რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია, სოციალური სერვისი თუ სხვა ტიპის დახმარება, სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს.

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ ამ საკითხზე, რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს. მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Forbes Woman-მა და თიბისიმ და ქალთა გაძლიერების თემაზე ღონისძიებას „The Power of No” უმასპინძლეს

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes Woman Georgia-მ 22 აპრილს სასტუმრო „სტამბაში” სამიტი „The Power of No” გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიების, მათ კარიერულ განვითარებაში „არა”-ს როლისა და მათ წინაშე არსებული ბარიერების გადალახვის გამოცდილების გაზიარებას.

„The Power of No”-ს ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბა, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდა, ცნებით კატეგორიებად ითარგმნა და ცოდნად იქცა. კონფერენციის ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერები იყო, რომლებიც ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.

სიტყვა „არა” გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.

სამიტი დიალოგის ფორმატში, მომხსენებლების, მოდერატორისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით წარიმართა. სამიტი გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, სპიკერები კი იყვნენ: თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი ცირა კემულარია, „Sciences Po Psia”-ს ლექტორი ეკატერინე ზღულაძე, „ACT Global”-ის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, „AzerTelecom”-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ნაკაშიძე, “Tag&Match” დამფუძნებელი ანა აგლაძე, „Munchies by food goddess”-ს დამფუძნებელი ირინე ხუნდაძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებების წარმომადგენელი ანა აბაშიძე, „თეთრი კვადრატი”-ს აღმასრულებელი დირექტორი შორენა დარჩიაშვილი, „აჭარა ჯგუფი”-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიკვილაძე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი”-ს რექტორი ნინო ენუქიძე, თეოლოგი თამარ გრძელიძე, ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის” მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია, ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია, Cellfie-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე, “Forbes Woman Georgia”-ს კონტრიბუტორი თინათინ მაღრაძე.

ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის) სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიცაა ქალთა გაძლიერება, პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

(R)

ხუთი მიზეზი, რომლითაც ევროპამ გასულ ზამთარში რუსეთთან გაზის ომი მოიგო -რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ხუთი მიზეზი, რომლითაც ევროპამ გასულ ზამთარში რუსეთთან გაზის ომი მოიგო, მაგრამ შეიძლება მომავალ ზამთარში წააგოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპამ გასული ზამთარი ბლექაუთების, ეკონომიკური კრიზისისა და რევოლუციების გარეშე გადაიტანა – კრემლის მცდელობის მიუხედავად, რომელმაც, უკრაინაში შეჭრის პარალელურად, ევროპას გაზის ომი გამოუცხადა. ფაქტია, რომ ევროპელებმა ზამთარს გაუძლეს და გადაიტანეს: ერთი მხრივ, იღბალი შეხვდათ – თბილი ზამთარი იყო, მეორე მხრივ, კოლოსალური სახსრები იქნა დახარჯული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის. მეორედ მსგავსი სიტუაცია რომ დადგეს, ევროპა ასეთ გამოცდას უკვე ვეღარ გაუძლებს.

სპეციალისტებმა დაადგინეს ის ხუთი მთავარი მიზეზი (იხილეთ ქვემოთ), რომლის შედეგადაც ევროკავშირმა გასული ზამთარი წარმატებით გადაიტანა, მაგრამ რომლებიც მომავალ ზამთარში შეიძლება ევროპელებს საწინააღმდეგოდ შეუბრუნდეთ.

„ვლადიმერ პუტინისა და სხვა ბევრი ადამიანის მოლოდინის მიუხედავად, ევროპა არ გაყინულა და არც ევროპული ეკონომიკა არ ჩამოშლილა, – ამბობს ფაჰით ბიროლი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი, – მაგრამ შემდეგი 2023-24 წლების ზამთარი, შარშანდელთან შედარებით, შეიძლება უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდეს“.

„ჩვენ მოგვიწევს გავუძლოთ არა მარტო რთულ მომავალ ზამთარს, არამედ სულ მალე ზაფხულის პრობლემებსაც“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი, – ამ დროისათვის ჯერ-ჯერობით ბევრი რამ გაზით მომარაგების საკითხში გარკვეული არ არის, ამიტომ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ“.

ვლადიმერ პუტინს მარაგში ჯერ კიდევ აქვს კოზირები – მას ამ ეტაპზე ყველა გაზსადენი მთლიანად არ გადაუკეტავს. გაზი ევროპულ სანქციებში არ არის შეტანილი, მაგრამ კრემლმა, სხვადასხვა საბაბით, ევროპისათვის „ცისფერი საწვავის“ მიწოდება, ომამდელ მოცულობასთან შედარებით, 60-80%-ით შეამცირა.

საბოლოო ჯამში, შარშანდელი აგვისტოს სარეკორდო ფასებთან შედარებით, ევროპაში გაზის მოხმარების ტარიფებმა დაიკლო, მაგრამ მაინც სამჯერ და ოთხჯერ მეტია, ვიდრე ეს ომამდელ ათწლეულში იყო. ენერგეტიკული ომის ხარჯები ევროკავშირის 27 ქვეყანას გიგანტურ თანხად უჯდება – მათ უკვე გამოჰყვეს 650 მილიარდი ევრო მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად და ისეთი პირი უჩანს, რომ ხარჯები მალე ტრილიონ ევროს მიაღწევს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ამ ფულის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კრემლი იღებს. უკრაინასთან ომის პირველ წელს ევროკავშირმა რუსული გაზისა და ნავთობისათვის 140 მილიარდი ევრო გადაიხადა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარება რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

როგორ განვითარდება „გაზის ომი“ მიმდინარე წელს? აი, ხუთი ძირითადი მიზეზი, რომლის მიხედვითაც ევროპამ შეძლო გასული ზამთრის გადატანა, მაგრამ შეიძლება იმავე მიზეზებით მომავალ ზამთარში დაზარალდეს.

№1 – გაზისა და ელექტროენერგიის ეკონომია

როგორ დაეხმარა 2022-ში: ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ევროკავშირის ქვეყნებმა მოილაპარაკეს და დათქვეს, რომ გაზის ხარჯვას 15%-ით შეამცირებდნენ. პირობა შესრულდა – ზამთრის დადგომამდე ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვიურად ამცირებდნენ გაზის მოხმარებას და თანდათან იყენებდნენ ენერგოდამზოგ ზომებს, აჩერებდნენ საწარმოებს და გადადიოდნენ ალტერნატიულ წყაროებზე – წიაღისეულზე (ქვანახშირზე) და განახლებადზე (ქარისა და მზის ენერგიაზე). რუსული გაზის მოხმარება ყველაზე მეტად ფინეთმა შეამცირა (55%-ით) და ბალტიისპირა ქვეყნებმა (30-40%-ით. რუსეთის ომამდელმა ყველაზე დიდმა კლიენტმა გერმანიამ – 17%-ით.

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, „ტექნიკურად მეტის შემცირებას ვეღარ შევძლებთ, უკვე კედელთან ვართ მიყენებული. ვეღარ ვაიძულებთ ადამიანებს, რომ სიცივეში ბინები არ გაათბონ. ვეღარ შევაჩერებთ მრეწველობას და პროდუქციის გამოშვებას. მრეწველობა ისედაც ზარალდება გაზზე მაღალი ფასებით“. წარმოიდგინეთ: ევროკავშირში, მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე გაერთიანებაში, გაზის ფასი 23%-ით მაღალია, ვიდრე ჩინეთში, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში და 53%-ით მეტი, ვიდრე აშშ-ში, პლანეტის ყველაზე მდიდარ სახელმწიფოში. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კომპანიებს თავიანთი წარმოება იქ გადააქვთ, სადაც ენერგია უფრო იაფია. ბუნებრივია, ამით ევროპა წაგებაშია.

„ერთადერთი რეზერვი – ენერგიის დაზოგვაა“, – ამბობენ საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარები. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს ევროპას დაჭირდება 30-40 მილიარდი კუბმეტრი რუსული გაზის მოცულობის ჩანაცვლება, ვიდრე გასულ წელს. აქედან 20 მილიარდს იმპორტირებული თხევადი გაზით ჩაანაცვლებენ, მაგრამ დანარჩენს – ვერსაიდან, მხოლოდ უმკაცრესი ეკონომიით. სხვა გამოსავალი არ არის.

№2 – თბილი ზამთარი

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპას იღბლიანი წელიწადის დრო ჰქონდა – ზამთარი ისეთი ცივი არ გამოდგა, როგორიც წინა წლებში იყო: გვიანი შემოდგომა და ზამთრის პირი რეკორდულად თბილი იყო. ასეთივე რეკორდი დამყარდა სითბოს მხრივ დეკემბერში და იანვარშიც – ყველაზე ცივ თვეებში. ანუ ნაკლები გაზი დაიხარჯა გათბობისათვის.
რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც ამ კვირაში გავიგეთ, ზამთარზე რომ არაფერი ვთქვათ, ზაფხულიც ახალ კატაკლიზმებს გვიმზადებს: მოსალოდნელია დიდი სიცხეები და გვალვა, რის გამოც მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება გასაგრილებლად, მაგრამ იმავდროულად მცირდება ელექტროენერგიის გამომუშავება – ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავებში წყალი სწრაფად მცირდება, მაღალი ტემპერატურით წყალი თბება, ხოლო წყალსატევების და მდინარეების თბილი წყალი კარგად ვერ აცივებს ატომური ელსადგურების რეაქტორებს. ამის შედეგად ენერგეტიკოსები იძულებულნი ხდებიან ისევ გაზი გამოიყენონ ელექტროენერგიის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებისათვის. სხვათა შორის, შარშან, საკმაოდ ცხელი ზაფხულის პირობებში, ენერგეტიკა ერთადერთი დარგი იყო, რომელშიც გაზის მოხმარება კი არ შემცირდა, არამედ მოიმატა: იმიტომ, რომ ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო გახდა თბოელექტროსადგურებში გაზის მეტი რაოდენობის ხარჯვა.

№3 – რეზერვი გაზსაცავებში

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროკავშირმა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დაადგინა, რომ ნოემბრისათვის თავისი გაზსაცავები 90%-ით შევსებულიყო. თბილი ზამთრის გამო საცავებში საკმაო გაზი დარჩა. ამჟამად მათი ბოლომდე შევსება ხდება, მაგრამ…

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: …შევსების გრაფიკი ვარაუდებით არის შემუშავებული – იმ იმედით, რომ კრემლი არ გადაკეტავს ჯერ კიდევ შემორჩენილ გაზსადენებს („ჩრდილოეთის ნაკადების გარდა) უკრაინისა და თურქეთის გავლით და ევროპისათვის გაზის მიწოდებას მიმდინარე დონით მიაწოდებს. მაგრამ გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი პირობა გარანტირებული არ არის. „გაზპრომი“ თავის ბოლო პრეს-რელიზში უკვე აფრთხილებს ევროპას, რომ გაზსაცავებს შარშანდელივით ვეღარ შეავსებს. „მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ევროპას სავსე გაზსაცავები რომც ჰქონდეს, გაზის ფასები მაინც არ შემცირდება“, – ამბობს ICIS-ის გაზის ანალიტიკოსების ხელმძღვანელი ტომ მარზეკ-მანსერი.
„ახლა რომ შარშანდელზე შედარებით მცირე (მაგრამ მაინც მაღალი) ფასებია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი დასრულდა. ოქტომბრისათვის გაზსაცავების შევსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გაზზე ფასები დაეცემა, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს – არა ისე, როგორც შარშან, მაგრამ მაინც. თუ ჩვენთან ცივი ზამთარი იქნება და აზიაშიც თხევად გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს გარემოება სიტუაციას ნეგატიურად შეცვლის“, – ამბობს ფრანგი ექსპერტი.

№4 – თხევადი გაზი და ჩინეთი

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპა მტკიცედ „იჯდა“ რუსული მილსადენებით მიწოდებულ ციმბირული გაზის „ნემსზე“. რუსეთი მის მოთხოვნილებას ომამდე თითქმის 50%-ით აკმაყოფილებდა, ახლა მხოლოდ 8%-ით. შარშან თითქმის შეუძლებელი ჩანდა რუსული გაზის ჩანაცვლება – რუსულის გარდა, ევროპაში სხვა მსხვილი მილსადენები არ არსებობს. გაჭირვების ჟამს ევროპა თხევადმა გაზმა გადაარჩინა: გაზმზიდმა ტანკერებმა, მაღალი ევროპული ფასების გამო, კურსი აზიიდან ევროპისაკენ აიღეს. ბრიუსელმა მოახერხა საჭირო რაოდენობის თხევადი გაზის მიღება.

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: რატომ იყო გასულ წელს თხევადი გაზი საკმაო რაოდენობით, რატომ მოახერხა ევროკავშირმა თხევადი გაზის მომარაგება? იმიტომ, რომ ჩინეთმა, კოვიდის პანდემიის გამო, კატარული გაზის მოხმარება შეამცირა, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, 21%-ით (22 მილიარდი კუბმეტრით!), რაც სარეკორდოა გასულ წლებთან შედარებით, როცა ყოველწლიურად მოხმარება 17%-ით იზრდებოდა. გამოთავისუფლებული გაზი ევროპამ წაიღო. მაგრამ ახლა ლოკდაუნი ჩინეთში მოხსნილია, მისი ეკონომიკა გამოცოცხლების პერიოდშია, მას ისევ ჭირდება გაზი, მოთხოვნა მატულობს.

ევროპამ თხევადი გაზის ტერმინალები ააშენა და მზადაა დიდი რაოდენობით თხევადი გაზის მიღებისათვის, მაგრამ მიწოდება უკვე პრობლემატურია: კატარში და აშშ-ში თხევადი გაზის ახალი პროექტები მხოლოდ ორი წლის შემდეგ განხორციელდება. რუსეთს აქვს თავისუფალი თხევადი გაზი – შარშან ევროპამ 20%-ით მეტი შეისყიდა, მაგრამ მიმდინარე წელს გადაწყვეტილი აქვს, რომ მოსკოვისაგან თხევადი გაზის შესყიდვა შეაჩეროს.

ამიტომაც ჩინეთში თხევადი გაზის მოხმარების ზრდა ევროპისათვის გაურკვეველ სიტუაციას ქმნის – ბრიუსელმა ჯერ-ჯერობით არ იცის, რით ჩაანაცვლოს ახლა უკვე კატარული თხევადი გაზი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიახლოებითი პროგნოზით, ევროპას 10-დან 30 მილიარდამდე კუბმეტრი გაზი დააკლდება.

№5. ევროკავშირის ერთიანობა და სუბსიდიები

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპელნი რუსული საწვავის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით და საკმაოდ მაღალი დისციპლინით გამოვიდნენ. თითქმის ყველა ქვეყანამ დათმო საკუთარი ინტერესები საერთო საქმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „გაზის ომისათვის“ გაეძლოთ. ევროპის ქვეყნებმა მთავარი გააკეთეს – მათ კოლოსალური თანხა დახარჯეს როგორც გაზის შესყიდვის, ასევე მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად.
რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც კომპანია Bruegel-ის ექსპერტებმა გამოთვალეს, შარშანდელი სუბსიდიები 650 მილიარდი ევროს რაოდენობით, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს შეიძლება 1 ტრილიონ ევრომდე გაიზარდოს. ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც რეცესიის პირზე დგას, ასეთ დატვირთვას უკვე ვეღარ გაუძლებს, ის კიდევ უფრო დაშორდება კონკურენტებს და სტაგნაციაში ჩავარდება. ასეთ სიტუაციაში თანხების ხარჯვა ხარჯების დაფარვისათვის და არა ეკონომიკის გაფართოება-წინსვლისათვის, ძალიან პრობლემატური იქნება. „მოკლედ, სუბსიდიები საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიტუაციას უფრო აუარესებს, ვიდრე აუმჯობესებს. ასეთი ზომებით პრობლემა ვერ გადაიჭრება“, – ამბობენ Bruegel-ის ექსპერტები.

რაც შეეხება ევროკავშირის ერთიანობას, აქაც უკვე ბზარები შეინიშნება – ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ პროექტზე, რომლის მიხედვით, გაზს ევროკავშირი თავისი სახელით შეისყიდის და შემდეგ 27 წევრზე გაანაწილებს. ყველა ქვეყანას თავისი პრეტენზიები აქვს.

ცივი და სავარაუდოდ, „ბნელი“ ზამთრის პოლიტიკური შედეგები კი აუცილებლად თავს იჩენს: ბიზნესი გაკოტრდება, ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ, მოსახლეობა დაიღლება ომით, ევროპელები უწინდელი კეთილდღეობისა და კომფორტის დაბრუნებას მოისურვებენ… გაიზრდება იმ პოლიტიკოსების რაოდენობა და პოპულარობა, რომლებიც ამომრჩევლებს ან რუსეთთან დათმობისაკენ მოუწოდებენ, ან პროტექციონიზმისაკენ.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გერმანია: მთავრობამ ენერგოკრიზისთან საბრძოლველად 265 მილიარდი ევრო გამოყო და იმავდროულად ყველა თბო- და ატომური ელექტროსადგური ჩართო, რომლებიც გაჩერებულები იყვნენ. მეზობლებმა ევროკავშირის ყველაზე მდიდარ ქვეყანას დაუყოვნებლივ დააბრალეს, რომ ბერლინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. დღეს კი სულ უფრო ხშირად გაისმის ლაპარაკი ცალკეული ქვეყნებიდან თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვაზე – პოლიტიკოსებს წონადი არგუმენტი გამოუჩნდათ დადგნენ თავიანთი ამომრჩევლების მხარეზე და არა უკრაინის დასახმარებლად და აგრესორზე – რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

ვინ გაიმარჯვებს გაზის ომში

რამდენად შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება, ამას მომავალში ვნახავთ, მაგრამ კურსი უცვლელია – მოსკოვთან ურთიერთობის შეწყვეტა გარდაუვალია. „ჩვენ სამომავლოდ არასოდეს აღარ უნდა ჩავვარდეთ ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, როგორიც ომის დაწყების შემდეგ აღმოვჩნდით“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმონი. იმავეს აზრი აქვს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელს ფაჰით ბიროლს: „ევროპული ეკონომიკური მოდელი, რომელიც იაფ რუსულ გაზს და ნავთობს ეყრდნობოდა, წარსულში დარჩა. მორჩა, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს“.

რას გააკეთებს რუსეთი? მოსკოვი ვერაფერს ვეღარ შეცვლის, – ასე ვარაუდობენ ფრანგი ექსპერტები IFRI-დან: „რუსეთმა ევროკავშირს თითქმის ყველა გაზსადენი გადაუკეტა და ამით თავდაპირველად სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა, თვითონ კი რეკორდული შემოსავლები მიიღო ფასის გაზრდით. მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთმა დაკარგა მსხვილი და საუკეთესო ბაზარი, რომლის რეალური ალტერნატივა არ არსებობს“, – წერენ ფრანგი ექსპერტები. „რუსეთმა თვითონ გაიკეთა გაზური ამპუტაცია და ახლა თანდათანობით კარგავს ენერგეტიკული ზესახელმწიფოს სტატუსს“, – დარწმუნებულნი არიან საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარები.

წყარო

„მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“

როგორც ცნობილია, 21 აპრილს, ფრანგული ტელაერხის LCI-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლიუ შაიემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების სუვერენიტეტი საეჭვოა და სრულყოფილი არ არის.

ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ («Le Monde») დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია 80-მდე ევროპარლამენტარის წერილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კატრინ კოლონასადმი, რომელშიც დეპუტატები ფრანგული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებენ პასუხი გასცეს ჩინეთის ელჩის ასეთ გამოხდომას. პუბლიკაციის სათაური ასეთია: „მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“.

გთავაზობთ სრული სახით:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ კატრინ კოლონას.

ჩვენ, ევროკავშირის პარლამენტის წევრები, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მოწოდებას საფრანგეთის მთავრობისადმი, რათა მიიღოთ ზომები ჩინეთის ელჩის, ბატონ ლიუ შაიეს მიერ პარასკევს, 21 აპრილს, ტელეარხ LCI-ის ეთერში გაკეთებულ გამონათქვამის გამო, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც განხილული უნდა იქნეს როგორც საფრანგეთის პარტნიორ ევროპელი ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ გამოხატულ მუქარად.

ელჩმა ლიუ შაიემ საჯაროდ განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ გააჩნიათ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამტკიცებს, რომ „არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მათი [დამოუკიდებელი] სტატუსის მატერიალიზებას მოახდენს“. ასეთი კომენტარები დასაშვები დიპლომატიური დისკურსის ჩარჩოებს სცილდება. საქმე ეხება [ჩინეთის ლიდერის მიერ შემოღებულ] ე.წ. „მგლური დიპლომატიის“ კულმინაციურ მომენტს, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

გარდა იმისა, რომ ჩინეთის ელჩი გამონათქვამი ქვეყნებისა და ხალხების ისტორიის, კულტურისა და ფუძემდებლური ფასეულობების ღრმა შეურაცხყოფას წარმოადგენს, ის მიმართულია იმ პრინციპების ძირის გამოთხრისაკენ, რომლებსაც პროგნოზირებადი დიპლომატიური ურთიერთობა ემყარება. ჩინეთს – ისევე როგორც ყოველ ნებისმიერ სახელმწიფოს – არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, რომელიც დიპლომატიური სათამაშო არ არის. სუვერენიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს.

იმ დროს, როცა ევროპაში ომი ბობოქრობს, როცა ვხედავთ რუსეთის აგრესიას, მიმართულს მისი მეზობლის – უკრაინის წინააღმდეგ, უკიდურესად აუცილებელია, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი მტკიცე სიგნალი გაუგზავნოს ავტორიტარულ სახელმწიფოებს, ჩვენი მოკავშირეების დაცვის მიზნით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთის ელჩი ლიუ შაიე აღმაშფოთებელ და სკანდალურ, დამამცირებელ გამონათქვამებს აკეთებს. ამას წინათ მან განაცხადა, რომ როგორც კი ტაივანი ჩინეთის კონტროლქვეშ გადავა, კუნძულის მოსახლეობა „ხელახლა იქნება აღზრდილი“.

ახლო წარსულში საფრანგეთის მთავრობამ სწრაფად მიიღო ზომები იმ დიპლომატების გასაძევებლად, რომლებიც მსგავს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ. სწორედ ამ პრეცედენტების გათვალისწინებით, გთხოვთ ელჩი ლიუ შაიე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოთ, მისი სრულიად მიუღებელი საქციელის საპასუხოდ.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გადადგამთ ამ ნაბიჯებს საფრანგეთის ვალდებულების ხაზგასასმელად იმ ფუნდამენტური ღირებულებებისადმი, რომლებიც გვაერთიანებს არა მარტო ევროპელ, არამედ სხვა პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიდგომას.

წყარო