რუსეთ -უკრაინის ომის 460-დღე
ფრონტზე წინა თვეებთან შედარებით სიმშვიდეა: დღის განმავლობაში მტერმა მხოლოდ 19 შეტევა განახორციელა, მაგრამ შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეიცვალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსები შეტევაზე გადავიდნენ შახტიორსკის მიმართულებით – ველიკა-ნოვოსელკას მიდამოში, რომელიც უჰლედარის დასავლეთით მდებარეობს.
„შეტევები გრძელდება კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც ასევე ბოლო დღეებში გაძლიერდა. იქ მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას მასიუტოვკას რაიონში“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულება კვლავ ცხელ წერტილად რჩება, სადაც რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ორეხოვო-ვასილევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ივანოვსკის მიმართულებით. რთული ვითარება იყო მარინკას ტერიტორიაზე, სადაც, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 12 შეტევა მოიგერიეს.
„უჩვეულო სიმშვიდე იყო ავდიივკას მიმართულებით. გუშინ, ერთ წელზე მეტი ხნის უწყვეტი ბრძოლის შემდეგ პირველად, მტერს ფრონტის ამ სექტორზე შეტევა არ განუხორციელებია. სიმშვიდე დაფიქსირდა ლიმანის მიმართულებითაც“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის სამხედრო ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების პოზიციებს 15 დარტყმა მიაყენა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის ავიაციამ ასევე ექვსი დარტყმა მიაყენა რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს: რუსების შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის სამი ტერიტორია, S-300-სა და Tor-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საარტილერიო დანადგარი, მტრის საბრძოლო მასალის საცავი და სადაზვერვო დრონი.
ამასთან, გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაზე 97 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ Shahed-ის ტიპის 59 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 58 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს. ასევე, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 39-ჯერ გაუხსნეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, კიევის თავზე, 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, მტერმა Shahed-ები გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმასთან ერთად, მტრის TU-95MS-მა კასპიის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, სავარაუდოდ, Kh-101/555 ტიპის. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. კიევზე თავდასხმა დაუშვებელია!”– აღნიშნა პოპკომ.
ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ზოგიერთ ოლქში და დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.