ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია კოსოვოში განთავსებული ნატო-ს მისიის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ძალების იტალიური და უნგრული კონტინგენტის სამხედროები არაპროვოცირებული თავდასხმის სამიზნე გახდნენ და მიიღეს ტრავმები მოტეხილობებითა და აალებადი მოწყობილობების აფეთქების შედეგად დამწვრობებით.
„ნატო-ს დანაყოფებზე არაპროვოცირებული თავდასხმები მიუღებელია და ნატო-ს ძალები კოვოსში გააგრძელებენ თავიანთი მანდატის მიუკერძოებლად შესრულებას“, – ნათქვამია კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაურის, ანჯელო მიკელე რისტუჩიას განცხადებაში.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ცნობით, დაშავებულ სამხედროებს შორის 11 იტალიელია, სამი მათგანის მდგომარეობა სერიოზულია.
სერბული მედიის ცნობით, ასევე, სერბი დემონსტრანტების მხრიდან შეტაკებებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი – კრიტიკულ, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ. ვითარების ესკალაციის გამო კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს.
ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.