Home Blog Page 2051

“საქართველო დიდ საფრთხეში ჩააგდეთ” – ფადი ასლი  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

“11 წლის მანძილზე ეს მესამე ღია წერილია, რომელსაც გწერთ; რამაც შთამაგონა ამ წერილის დაწერა არის ის, თუ როგორ გადაწყვიტეთ ერთპიროვნულად და ცალმხრივად საქართველოს კურსის ცვლილება ევროპიდან რუსეთისკენ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80% სურს ქვეყნის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა.

საქართველოს ევროპული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული; გარდა ამისა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი ევროკავშირთან, რომელმაც ქართველ ხალხს ასევე მიანიჭა უვიზო რეჟიმი.

15 წელზე მეტი ხნის მანძილზე ასრულებდა საქართველო ევროკავშირის ბევრ რეგულაციას და ნერგავდა კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაერთიანებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნეს კლიმატისთვის, მაგრამ ყველა დაინტერესებულ მხარეთა შორის იყო ერთსულოვანი შეთანხმება, რომ ამ ფასის გადახდა ნამდვილად ღირდა.

2022 წლის ერთ დილას თქვენ გაიღვიძეთ და გადაწყვიტეთ შეგეჩერებინათ ევროპული ინტეგრაცია და ქვეყანა გაგეხადათ რუსეთის ვასალი; ამით არღვევთ რა საქართველოს კონსტიტუციას, უგულვებელყოფთ ქართველების 80%-ის სურვილსა და ოცნებებს, სანაგვეზე ისვრით ყველა იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ წლების მანძილზე გაიღო, რათა ევროკავშირის კანონმდებლობა დაეცვა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, თავადაც რომ ესწრებოდით, თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დასახული იმ მიზნების მიღწევის საშუალება იყო, რომლებიც თქვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერეთ და აქედან გამომდინარე რამოდენიმე კვირაში ვინც თქვენ აგირჩიათ, ხმა მისცა თქვენს ევროპულ დღის წესრიგს.

ახლა, როდესაც სრულად შეცვალეთ მიმართულება და ცდილობთ ჩვენ ყველანი რუსეთში წაგვიყვანოთ ნაცვლად ევროპისა, თქვენმა პარტიამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ვინაიდან თქვენ ეწინააღმდეგებით თქვენსავე საარჩევნო პროგრამას და თქვენი ამომრჩევლების ევროპულ არჩევანს, ეს კი სრულიად არალეგიტიმურად აქცევს თქვენს მთავრობას, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას ახდენს.

ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის მანძილზე, თქვენ საზოგადოება დაყავით და პოლარიზება მოახდინეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბით; შეგახსენებთ, რომ ის ქართველი მმართველები, რომლებიც ისტორიას ახსოვს, ნამდვილად არ არიან ისინი, ვინც თავისი ხალხი ისე დაყო, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ნამდვილად არიან ის მმართველები, რომლებმაც თავიანთი ხალხი გააერთიანა ერთი დროშის ქვეშ, ასეთები კი იყვნენ ფარნავაზ I, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი V და დავით II.

თქვენ საქართველოში დააბრუნეთ კორუფცია, ნეპოტიზმი, შოვინიზმი, კლიენტელიზმი, უნიათობა, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა და ღალატი, ზურგში მახვილის ჩაცემით თქვენი ევროპელი და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც უდრეკად იდგნენ საქართველოს გვერდით სამი ათწლეულის მანძილზე და თქვენ კი საქართველო ვერცხლის ლანგრით მიჰგვარეთ მის დაუძინებელ მტერს.

2022 წელს, თქვენ მიზანმიმართულად მოახდინეთ რუსეთთან მთლიანი ეკონომიკური აქტივობის უპრეცედენტო მასშტაბის ზრდა, რაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 22%-ს ექვივალენტს წარმოადგენს, განსხვავებით 2003 წლისგან-9% და 2012 წლისგან-8%.

თქვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილების გამო, საქართველო დიდ საფრთხეში ჩააგდეთ, აქციეთ რა ქვეყანა ეკონომიკურ მძევლად რუსეთის მთავრობისა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, როცა მოესურვება, გააკოტროს და მოგუდოს ქვეყანა, თუ თქვენ ზედმიწევნით არ შეასრულებთ მათ ბრძანებებსა და ინსტრუქციებს.

საქართველოს გაკოტრება და მოგუდვა ძალიან ნაცნობი სცენარია, რომელსაც რუსმა ლიდერებმა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე რამოდენიმეჯერ მიმართეს ქვეყნის წინააღმდეგ და თქვენი გულუბრყვილობა, რომ რუსეთი ამჯერად არაფერს გვავნებს, მახსენებს ამ ციტატას: „სიგიჟის განმარტებაა, როდესაც იგივეს აკეთებ განსხვავებული შედეგების მოლოდინით“.

თქვენი პარტიის ლიდერებმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თქვენი მთავრობა რუსეთიდან ფრენების აღდგენას იმიტომ დათანხმა, თითქოს არ გსურდათ რუსეთის მთავრობის „გაბრაზება“; ეს არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო უკვე არის რუსეთის მთავრობის მძევალი და შანტაჟის მსხვერპლი.

თქვენსავე ლოგიკას რომ მივყვეთ, მიუღებელია გაბრაზება იმ რუსეთისა, რომელიც ჩვენი მშპ-ს 22% -ის ეკონომიკური ექვივალენტია, მაგრამ სრულიად მისაღებია გაბრაზება იმ დასავლეთისა, რომელიც ჯამურად წარმოადგენს ჩვენი მშპ-ს 40%-ის ეკონომიკურ ექვივალენტს. ეს გამორჩეულად ირაციონალური აზროვნებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს წარმატებულ ლიდერად და დიდებულ შორსმჭვრეტელად მიიჩნევს.

თქვენ შესაძლოა უარი თქვით დასავლეთზე და რუსეთს შესთავაზეთ საქართველო, გაცდუნათ რა რუსულმა დაპირებებმა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებდათ, თავად კი ეროვნულ გმირად გაქცევდათ, ეს კი ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის გარანტია იქნებოდა.

თუ მართლა დაიჯერეთ რუსული დაპირებები, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულუბრყვილო პოლიტიკოსი; მაგრამ, თუ თქვენ, ყველანაირი დაპირებების გარეშე, ქვეყანას რუსეთისკენ შეუცვალეთ კურსი, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კრიმინალური პოლიტიკოსი ქართველი ხალხის ოცნებების, იმედებისა და მისწრაფებების ჩაკვლისა და დიდი ხნით ქვეყნის რუსეთის ვასალად გადაქცევის გამო.

ეს იქნებოდა უპატიებელი ღალატი, არამხოლოდ ქართველი ხალხისა და მათი დასავლური მისწრაფებების მიმართ, არამედ ყველა იმ თავისუფალი კაცისა და ქალის ხსოვნის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაიღუპა, განსაკუთრებით კი იმ ურიცხვი კაცისა და ქალის, ჯარისკაცისა თუ სამოქალაქოს ხსოვნის მიმართ, რომლებიც რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა მოკლეს ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე.

თქვენ თავად საბჭოთა კავშირის პროდუქტი ხართ, სხვებზე უკეთ უნდა იცოდეთ, რომ რუსეთს არც მეგობრები და არც მოკავშირეები არ ჰყავს, რუსეთს მხოლოდ აგენტები და მსახურები ჰყავს; არ მჯერა, რომ რომელიმე ამაყ და თავმოყვარე ქართველს სურს რომელიმე ქვეყნის აგენტობა ან მსახურება განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის აგენტობასა და მსახურებას ეხება.

თქვენი პარტიის ლიდერები ყველას, ვინც თქვენს მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, აგენტობასა და უსამშობლოობას სწამებენ; ეს არის კომპულსიური ნარცისების სახელმძღვანელო, როდესაც საკუთარ მანკიერებებს სხვებს სწამებენ.

საქართველოში აგენტები მხოლოდ ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი და ქვეყანა პირადი კეთილდღეობისათვის მტერს მიჰყიდა და რომლებმაც ხალხის ევროპული ოცნება, თავისუფლება და მომავალი გაყიდა რუსეთის ვასალობაზე.

ერთადერთი უსამშობლო ხალხი ისაა, ვინც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს, მეორე დღესვე კი მტერს მიჰყიდის ქვეყანას და აგრეთვე ისინიც, ვინც თავიანთ კალამს, სიტყვებს, გაზეთებსა და ტელეარხებს მტერთან კოლაბორაციის გასაძლიერებლად ყიდის და ისინიც, ვინც ღალატობენ ხსოვნას იმ ათასობით ქართველი გმირისა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა და ყველაზე მეტად, უსამშობლოებს შორის ისინი არიან უსამშობლონი, ვინც საკუთარ ღირსებას, სინდისსა და ქართველების მომავალს 30 ვერცხლად ყიდის.

ბ-ნ ივანიშვილო, თქვენ და თქვენს მხლებლებს ძალიან მკაცრად განგსჯით ქართველი ხალხი და ისტორია,”-  ნათქვამია ფადის ასლის წერილში

 

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი მოღალატე ამ ქვეყნის, რომელმაც გუშინ პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა”- გიორგი ბოტკოველი

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი მოღალატე ამ ქვეყნის, რომელმაც გუშინ პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა.“ – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი,  გიორგი ბოტკოველი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატილსავში  ვიზიტს.

„ჩვენ რომ სულ არ მოგვესმინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე, ნებისმიერ ქართველს რომ მოესმინა და ვინც მოისმინა, დარწმუნებული ვარ ყველას შეექმნა ერთი წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მოღალატე ამ ქვეყნის, რომელმაც გააკეთა ის განცხადება, რომელიც არა მავნებლური იქნება რუსეთისთვის, არამედ, პირიქით, პირდაპირ რუსული პოზიცია გააჟღერა და ჩვენ რასაც ვისმენდით ამ პერიოდის განმავლობაში პუტინისგან, სწორედ ეს გაიმეორა და შეფასებებიც ანალოგიური და ლოგიკური მოყვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დავრწმუნდეთ და ჩამოვყალიბდეთ, რომ ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა და ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი.“ – აცხადებს გიორგი ბოტკოველი

“ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

აღნიშნული კომენტარით ვახტანგ გომელაურმა უპასუხა კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“.

„ამით გაიზარდა სტატისტიკა? თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენ ვმალავთ? სტატისტიკა დაკლებულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, თუმცა ხომ იცით, რა არის მათემატიკა? თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა დანაშაული, მოხდა, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას, არ მოხდეს, თუმცა სტატისტიკა არ გაზრდილა, დაკლებულია, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან მიმართებითაც“, – განაცხადა ვახტანგ  გომელაურმა.

“ჯერ არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ პრეზიდენტს, ახლა კი შეწყალების წერილებს უწერენ” – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უღირსი დამოკიდებულება აჩვენა. ჯერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს, არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ და დღეს შეწყალების წერილებს უწერენ, ეხვეწებიან, რომ მათი თანაგუნდელები შეიწყალოს. ასეთი თავმოყვარეობა დაკარგული პოლიტიკური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერები, რომლებიც წარსულში უმძიმეს დანაშაულებში არიან ბრალდებულები, დღეს კი რიგ შემთხვევაში ბიზნესსა და ჟურნალისტებს არიან ამოფარებულები.

„პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოებას ცალსახად ვუთხარით. ჩვენ არ ვაპირებთ უთანხმოება, თუ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული პოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებად გადავაქციოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, მთლიანად სახელმწიფო იდგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყველამ ერთად გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება.

ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ის გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას, იმ არჩევანს, რომელიც ჩვენი საერთო არჩევანია.

მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი {ნიკა გვარამიას საქმეზე} მაგრამ, მე ვიცი, რა თქვა მან გვარამიასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან ობიექტური იყო. მან თქვა, არ სჯერა, რომ გვარამიას შეწყალება მოემსახურება დეპოლარიზაციას, პირდაპირ თქვა, რომ შეწყალება – არ შეწყალება პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი ბრძოლა. იცით, რომ სამართლებრივ ბრძოლაში სასამართლომ გადაწყვეტილებები მიიღო. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ აბსოლუტურად უღირსი დამოკიდებულება აჩვენეს, როდესაც ჯერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს, მას არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ და დღეს შეწყალების წერილებს უწერენ, ეხვეწებიან, რომ შეიწყალოს მათი თანაგუნდელები. ასეთი თავმოყვარეობა დაკარგული პოლიტიკური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერები, რომლებიც წარსულში უმძიმეს დანაშაულებში არიან ბრალდებულები და დღეს რიგ შემთხვევაში პარტიებს, ბიზნესს და ჟურნალისტებს არიან ამოფარებულები, გვარამიაც მათ შორის არის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

“ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან”- რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამშვიდდნენ და ფრაქციაში მშვიდად განაგრძონ მუშაობა.

„აბსურდია, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ადამიანების გარდა, სხვას არ ჰქონდა. ეს ვარიანტი გასწორდა, არ არის საჭირო ამ თემაზე ბევრი კამათი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“. დამშვიდდნენ, რადგან „ქართული ოცნების“ მიზანია განხეთქილების შეტანა.

ის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს თუ შევქმნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვება მოუნდებათ, ფრაქცია დაეშლებათ და ამაზე წუხან, მაშინ სამწუხარო ფაქტი იქნება და ფრაქციის გაძლიერებაზე იზრუნონ. „ქართული ოცნების“ მიზანი იყო „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების შეტანა. დამშვიდდნენ, „ქართული ოცნების“ ოინებზე ნუ წამოეგებიან. ფრაქციაში მშვიდად გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Netის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკები და სიახლეები, როგორებიცაა:

  • Microservice Architecture – Approaches, Principles, Best Practices
  • Code and Source Generators
  • GraphQL – Hot Chocolate
  • SignalR

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საშუალება გვქონდა ერთის მხრივ გაგვეღრმავებინა ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებით საინტერესო პრეზენტაციების და დემო პროექტების საშუალებით, მეორე მხრივ,  არაფორმალურ გარემოში პირისპირ გვესაუბრა პირად გამოცდილებებზე, ტექნიკებზე და მიგნებებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება და თითოეულმა დეველოპერის კმაყოფილების დონე ძალიან მაღალი იყო, ვიმედოვნებ რომ ხშირად შევძლებთ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.” – ჯუბო ფალელიშვილი, თიბისის .net დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.

თიბისი Tech Meetup-ის პირველი შეხვედრა 13 იანვარს თიბისი კონცეპტის სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის”

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების ეფექტურად აღსაკვეთად, მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების მონიტორინგისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებული წესების ხელახლა შეფასება და გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს ევროპარლამენტთან და ევროპულ საბჭოსთან იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი, რის შემდგომაც, კომისია 2023 წლის შემოდგომაზე საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით.

როგორც ევროკომისია გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლას მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისთვის.

ამავდროულად, ევროკომისია დასძენს, რომ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო მიმოსვლიდან შესაძლოა წარმოიქმნას მნიშვნელოვანი მიგრაციული და უსაფრთხოების გამოწვევები.

ამასთან, ევროკომისია აცხადებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან არასაკმარისმა შესაბამისობამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანა შესაძლოა სატრანზიტო ჰაბად გადააქციოს ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისთვის. აღნიშნულის მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ის ქვეყნებია დასახელებული, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს და რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მზარდი რაოდენობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესასვლელად გამოიყენებოდა.

საკითხზე ევროკომისიასა და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის დაუყოვნებლივი კონტაქტის შემდეგ, უვიზო რეჟიმთან შესაბამისობის მხრივ, არსებითი პროგრესის მიღწევა მოხდა. შედეგად კი, ევროკომისიის ცნობით, არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში შემცირდა.

“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს”

წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული პოლიციის დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

„ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის, დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე. დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს. წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა. ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის. თქვენ ყოველდღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში არა ერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების მაღალი პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში. თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს. პოლიციის დღეს და პოლიციელების დღეს, დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მწუხარება გამოთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების გამო.

„დღეს აგრეთვე, ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს იმ შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასათვის თვალსაჩინოა – ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნავი პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი. ვამაყობთ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი. სახელმწიფო თქვენ გვერდით დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“თქვენ ფასდაუდებელ სამსახურის ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის” – პრემიერი პოლიციელებს

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მივესალმები ჩვენს მეგობრებს და მივესალმები ჩვენს საამაყო და გმირ პოლიციელებს. პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და რაც მთავარია მაღალპროფესიული.

„მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და რაც მთავარია მაღალ-პროფესიული პოლიცია. ეს რა თქმა უნდა არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი, ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის და მისი გუნდის ეფექტური მუშაობის შედეგი და რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი.

თქვენ შეძელით ის, რაც არც თუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ თქვენთან ერთად ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურის ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

“როდის იყო უკრაინა უფრო მეტად დამოუკიდებელი, 2014 წლამდე თუ მას შემდეგ?!”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“უკრაინიზაცია” ამ კვაზი ერი-სახელმწიფოს, რომელიც ვერ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით მაინც, შედგა, უმძიმესი ტრაგედიაა; არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ომშია და ფიზიკურად ინგრევა, მსხვერპლი, რაც ვერასდროს ვერაფრით ანაზღაურდება, ყოველ წუთას ეზრდება, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ლტოლვილები, მიუსაფარნი, უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენილნი, განიცდიან ენით აუწერელ ტკივილსა და ტანჯვას; არამედ იმიტომაც, რომ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის გაღებული ეს უზარმაზარი მსხვერპლი თითქოსდა ამაოა და შედეგი არ მოაქვს, გამოსავალი არა ჩანს – არც ომს უჩანს კეთილი დასასრული და რაც მთავარია, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მომავალი სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება;

რუსული ოკუპაცია ოკუპაციად, აუნაზღაურებელი დანაკარგები – დანაკარგებად, მაგრამ მთავარი ესაა: სიმწრით მეცინება ხოლმე, როცა უკრაინის დამოუკიდებლობაზე პათეტიკურად საუბრობენ. ამაზრზენი რეალობა კი საპირისპიროა: უკრაინა ამჟამად 100%-ით არის დამოკიდებული უცხოეთზე, იმ გარეშე ძალთა ბალანსზე, რასაც უკრაინა, რაც არ უნდა დიდი მსხვერპლი გაიღოს, არსებითად ვერ შეცვლის; სავალალოა, რომ არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ უარესიც: ყოველი მთავრობა, რაც კი შეიძლება წარმოსადგენ პერსპექტივაში იქ მოვიდეს, უნდა იყოს და იქნება კიდეც ამ უცხოური ძალების კლიენტელა და მათი ნების შემსრულებელი. სხვა გზა – 2014 წლის შემდეგ უკრაინას არ დაუტოვეს. უცხოეთზე სრული დამოკიდებულება გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ გარდა ცოცხალი ძალისა, რაც გამოლევადია, ომის წარმოების ყველა სხვა რესურსი – ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური თუ სამხედრო, არსებითად გარეშეა; ეს თავისთავად უდიდესი უბედურებაა – უკრაინა პროქსი-სახელმწიფოა, პროქსი-ომის ინსტრუმენტია; უარესი უბედურება კი ისაა, რომ უცხოეთზე სხვისდება უკრაინის მიწა, ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკური სიმძლავრეების დიდი ნაწილი; ეს სიმძლავრეები ან ნადგურდება, ოკუპანტების ხელში გადადის ანდა, რაც ამას გადაურჩება, საერთაშორისო კორპორაციებს მიაქვთ თითქმის ყველაფერი, რისი წაღებაც კი შესაძლებელია; და პირველ რიგში, მათ მიაქვთ მომავლის პერსპექტივა: საინვესტიციო სუპერ-გიგანტი “ბლექ როკი” უკვე ფლობს კონტრაქტს, რომ ომისშემდგომი უკრაინის ეკონომიკური ყოფიერება ლამის სრულად განაგოს: მის კორპორაციულ და არა უკრაინის სუვერენულ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რა აშენდება იქ და რა არა, რა განვითარდება და რა არა, ვინ იცხოვრებს და იმუშავებს იქ და ვინ არა, როგორი იქნება უკრაინის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის საინვესტიციო პორტფელი და რაც მთავარია, როგორ განაწილდება სარგებელი, რაც ამ ქვეყნის უმდიდრესი რესურსების ექსპლუატაციისგან შეიძლება მიიღონ.

დავსვათ რიტორიკული კითხვა: როდის უფრო მეტად იყო უკრაინა დამოუკიდებელი, 2014 წლამდე თუ მას შემდეგ?! პასუხი ნათელი და მკაფიოა. ამ თვალსაზრისით ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობის ხარისხი შეუდარებლად აღემატება უკრაინისას, რომელიც, ვიმეორებ – სრულად დამოკიდებული ქვეყანა გახდა და როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს იგი ამ დამოკიდებულებიდან, რაც კიდევ უარეს “ლომკებს” იწვევს, ვიდრე ნარკომანის წამალდამოკიდებულებაა, გაათავისუფლოს…

…”უკრაინიზაცია” ესაა: იგი არათუ კოლონიაა, არამედ იხვეწება – ოღონდ თქვენი კოლონია ვიყო და თუნდაც გავწყდებით ამისათვისო….

არავის – არც მტერს, არ ვუსურვებ ამგვარ მწარე ხვედრს…

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.