Home Blog Page 2048

“ვიმედოვნებთ, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას” – შალვა პაპუაშვილი

დღეს პატივი გვაქვს, ვუმასპინძლოთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც აღმასრულებელ, ასევე, საკანონმდებლო დონეზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში განხორციელებულ უმაღლესი დონის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტებზე ისაუბრა. კერძოდ, 2022 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომლის საპასუხოდ, 2023 წლის იანვარში, ასევე პირველად, საქართველოს ორმხრივი ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვია.

„აღსანიშნავია, რომ წელს, ივნისში, ჩემს კოლეგა, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას ვუმასპინძლეთ „სლავკოვის“ ფორმატის ფარგლებში. ახლა კი ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი გვეწვია და კვლავ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობის გამყარება. მადლიერები ვართ, რომ ავსტრია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე წარმატებით გადავიდეთ.

„მივესალმებით ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში. ვაფასებთ წარმატებულ პროექტებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით სფეროებში და მოხარულები ვართ, რომ საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება.

შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ხაზი გავუსვი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოხატეს, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

„აღვნიშნეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. ასევე, ველოდებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო განათლების წახალისებაზე იქნება მიმართული. აღნიშნულ საკითხზე განზრახულობათა წერილს ბატონი სობოტკას ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი.

მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, საქართველოს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას საინტერესო საუბარი შედგა.

„ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი მოსალოდნელია დეკემბერში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. საქართველო გააგრძელებს ამ პრიორიტეტების შესრულებას, დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა.

საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში-ევროკომისია

“მიმდინარე კვირას ევროპის საბჭოს მივეცით რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში,” – ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებას თან ერთვის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც შეფასებულია საქართველოს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა სექტორულ მიმართულებაში.

ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოში პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიც არის საჯარო სამსახურის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვა, საარჩევნო რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა, განათლება და კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.

ანგარიშში განსაკუთრებით დადებით შეფასებას იმსახურებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში არის სტაბილური მაკრო-ეკონომიკური მდგომარეობა, და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას, საქართველოში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახა როგორც ფისკალური დეფიციტის ასევე ქვეყნის საგარეო ვალის მნიშვნელოვნად შემცირებაში.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შემდეგი მიმართულებებით: სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის გაზრდა; საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესება; სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ანტიკორუფციული საბჭოს დაარსება; დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფა.

“ედისონ რისერჩში“ 100 პროცენტი ჰგონიათ 102 პროცენტი, გამოგვადგება 2024 წლის არჩევნებს როცა მოვუახლოვდებით”

როდესაც უხეში გაყალბება ხდება კვლევების, მგონი, სულ მცირე, არის ეთიკის და ღირსების საკითხი ნებისმიერი ორგანიზაციის, რომ თავი დაანებოს კვლევებს, „ედისონ რისერჩს“ შეეხება ეს განსაკუთრებით, თუმცა სხვა ორგანიზაციებიც გვინახავს ჩვენ, რომელიც აბსოლუტურად აცდენილი არიან ხოლმე რელობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გარკვეულ კვლევით ორგანიზაციებში არის კორუფცია.

„ეს არის დასტური კორუფციისა კვლევით ორგანიზაციებში და პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც ჩანს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციას თავისი კვლევითი ორგანიზაციები აქვს, რომლითაც მანიპულირებს შემდეგ საზოგადოების განწყობებზე. სინამდვილეში, ასეთი კვლევები არის არა იმისთვის, რომ შეისწავლონ საზოგადოების განწყობა, არამედ არის ის, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოების განწყობებზე. დავიმახსოვროთ, მოვინიშნოთ, „ედისონ რისერჩში“ 100 პროცენტი ჰგონიათ 102 პროცენტი. გამოგვადგება 2024 წლის არჩევნებს როცა მოვუახლოვდებით და მათი კვლევები გამოქვეყნდება, გავიხსენოთ ხოლმე, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელთანაც 100=102-ს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებელს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება”

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამინისტროს არ სურს, რომ ხელფასების ცვლილების გადაწყვეტილება მასწავლებლებთან კომუნიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს.

„ძალიან მალე, ვფიქრობ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როგორც მოხერხდება თარიღის მიხედვით, ზოგადი განათლების მიმართულებით, იმ განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია გვექნება, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხავს, უშუალოდ მასწავლებლებთან პირადად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში ახლა ვარ ჩართული. წინა კვირას თბილისში დაახლოებით, 700 მასწავლებელს შევხვდი, სამსაათიანი დისკუსია გვქონდა სწორედ ამ საკითხზე. როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში რეგიონებში მაქვს გასვლა. არ გვინდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ გვინდა, ყველა მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემი უახლოესი ორი-სამი კვირა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უშუალოდ პირადად მასწავლებლებთან კომუნიკაციას დაეთმობა. საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, უპირველესად, მასწავლებელთა ინტერესებში შედის და რომელმაც ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა უნდა მოიტანოს. შესაბამისად, ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იცით, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც სამინისტროში ახლა ვმსჯელობთ, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მან ასევე, პროფესიული განათლების ახალი პროექტის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის მხრიდან ბევრი განაცხადი შემოდის, კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით ბევრ ადამიანთან დაწყებულია, ხოლო სამშენებლო მიმართულებით კონკრეტული პროექტი უკვე შემუშავებულია.

„სამუშაო ველი იმ მიმართულებებით, რომლებიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ და ყველაზე მოთხოვნადად და პრიორიტეტულად მივიჩნიეთ, გაშლილია. ასეთი 7-8 არის, რომელიც ჩვენს პრეზენტაციაში წარმოვადგინეთ. სამშენებლო მიმართულებით კონკრეტული პროექტიც უკვე არის და იმედი მაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებაც და ყველა, ერთობლივად ვიხილავთ ამას. კერძო საჯარო პარტნიორობით ახალი კოლეჯი დაფუძნდება, სადაც თანაინვესტირება იქნება, როგორც სახელმწიფოსი, ასევე, ბუნებრივია, კერძო სექტორის, მათ შორის, ჩვენი დონორი ორგანიზაციების. სწორედ, ამ მოდელით ვფიქრობთ გაგრძელებას. განაცხადი საკმაოდ ბევრი შემოგვდის. კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრ ადამიანთან დაწყებული გვაქვს. დარჩენილ თვენახევარს, წლის ბოლომდე გამოვიყენებთ, რომ ის შეთავაზებები დავაიდენტიფიციროთ და გავცხრილოთ, რაც კერძო სექტორიდან მოდის. ახალი წლის შემდგომ, უკვე აქტიურად დავიწყებთ განხორციელებაზე მუშაობას და არა, ვთქვათ, გეგმარების პროცესზე. წინადადებები ახალი კოლეჯების ერთობლივად დაფუძნებაზეა, ასევე არსებული კოლეჯების მიმართულებების გაძლიერებაზე და იმ მიმართულებების მართვის ხელში აღებაზე. ამიტომ, ამ კუთხით, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ უახლოეს ორ წელში ვგეგმავთ, რომ დაახლოებით, მინიმუმ ოთხი ათასი კაცის დასაქმების სიმძლავრე შევქმნათ ყოველწლიურად“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

“ქართული ციხე ხშირ შემთხვევაში შიგნიდან ტყდება, არიან მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან გამოაცალონ საყრდენი”

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და ჩვენ გვყავს სამწუხაროდ საქართველოში, როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე ხმამაღლა ყვიროდა, ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს, გასულ წელს შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

„ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან, ივნისში, შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ დღესაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით რადგან ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება, მოგვენიჭოს. ქართული ციხე, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს, არიან ის ჯგუფები, მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენები, ჩამოაგდონ ციხის კედელი, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ ამას ცდილობენ ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გასაკვირი არაფერია, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

„რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც არის ოკუპაციის საფუძველი, სხვა რამ კი არ არის. ეს არის ის, რომ თავისი გავლენები ჰქონდეს რეგიონში და სწორედ ამიტომ არის ჩვენი მცდელობა, რომ მოვიპოვოთ ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, მოვიპოვოთ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ეს არის მთელი არსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა ბოლო 11 წელია, რომ საქართველო მყარად დააკავშიროს ევროკავშირს, იმ სივრცეს, რომელიც არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე. ერთ მხარეს არის რუსეთი, მეორე მხარეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია, შუაში არის ქართველი ხალხი და საქართველო. სამწუხაროდ, როგორც რუსეთის, ისე რადიკალური ოპოზიციის და სხვა ჯგუფების მხრიდან, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არის თავდასხმის ობიექტი. სხვადასხვა ინტენსივობის, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ შედეგი არის ის და მიზანი არის ის, რომ მათ სურთ ქართული სახელმწიფოს დაზიანება და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“საპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ გვეძლევა” – ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა.

ამ თემაზე სპეციალური განცხადება ლილუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დროულად მოხდეს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის გახსნის თემაზე და ასევე, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტების განხილვა და სესიაზე გატანა.

„პოლიტიკურ ჯგუფს “საქართველოსთვის“ 29 სადეპუტატო შეკითხვა აქვს გაგზავნილი, რაზეც პასუხი არის ვადაგადაცილებული და რეგლამენტით განსაზღვრული ვადები დარღვეულია. სხვადასხვა საკითხზე ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა 12-ჯერ არის გადატანილი.

ჩვენ ჩვენი მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ გვეძლევა – ამაში ხელი ხელოვნურად გვეშლება“, – განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური ცნო.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს.

თამაზ გინტური კირბალში, 11 ნოემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

“რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას”-ბრიტანეთის ელჩი

ყველა გამოკითხვა ამბობს, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ყველა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ეს არის თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ეს წერია თქვენს კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას,რომ თავად აკეთებთ არჩევანს. ასევე, არის ბევრი რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს და ეს რეფორმები აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება შემდგომ ნაბიჯებს, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებში ჩაერთვება, როგორც 12 პრიორიტეტში ჩაერთო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. მე ნამდვილად მიხარია, რომ პროგრესი მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება“, – აღნიშნა ელჩმა.

“მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს” – ვახტანგ ცინცაძე

„საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც – ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ. აშშ. დოლარს აღემატება” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის ათ თვეში ექსპორტი, ჯამურად 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ათი თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად – 16.2%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც და 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.

“კონტრიერიშის ჩავარდნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან კონფლიქტი აქვს”-ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარის კონტრიერიშის ჩავარდნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან კონფლიქტი აქვს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ესპანურ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ზელენსკის პოლიტიკა სულ უფრო და უფრო არაეფექტურია.

როგორც არესტოვიჩი აცხადებს, უკრაინელი სამხედროები უკმაყოფილოები არიან ხელისუფლების არაკომპეტენტურობით და იმით, თუ როგორ გამოიყენება დასავლეთის დახმარება.

„პრეზიდენტის განცხადებები სულ უფრო ემოციური ხდება, რაც გამოწვეულია იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის. ზელენსკიმ თავისი კომპეტენციის ზღვარს მიაღწია, ამიტომ ცვლილებებია საჭირო, პრეზიდენტი ვერ შეიცვლება, ამიტომ აუცილებელი იქნება არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, „რაც არაა ნორმალური“.

“ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება, მისი სახელწოდება კი იქნება „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“

მომავალი წლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მიმართულება, ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. მთავრობის მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც, რა თქმა უნდა, გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებსა და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში -დევიდ კემერონი

დევიდ კამერონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტული მოკავშირეების მხარდაჭერა და პარტნიორობის გაძლიერება იქნება.

„პრემიერ-მინისტრმა მთხოვა, ვიყო მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენ საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში. ამ ღრმა გლობალური ცვლილებების დროს, ამ ქვეყნისთვის იშვიათად ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოკავშირეების გვერდით დგომა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ხმა გაიგონ“, – წერს კამერონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად ყოფნის თერთმეტწლიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის ექვსწლიანი გამოცდილება საშუალებას მისცემს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გლობალურ არენაზე მუშაობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებითია. საერთაშორისო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შიდა უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ ვეთანხმები ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ნათელია, რომ რიში სუნაკი არის ძლიერი და უნარიანი პრემიერ მინისტრი, რომელიც რთულ დროს სამაგალითო ლიდერობას ავლენს. მსურს, დავეხმარო მას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და იმაში, რომ იყოს ყველაზე ძლიერი გუნდის ნაწილი, რომელიც ემსახურება გაერთიანებულ სამეფოს“, – აღნიშნა კამერონმა.