“ვიმედოვნებთ, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას” – შალვა პაპუაშვილი

68
spot_img

დღეს პატივი გვაქვს, ვუმასპინძლოთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც აღმასრულებელ, ასევე, საკანონმდებლო დონეზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში განხორციელებულ უმაღლესი დონის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტებზე ისაუბრა. კერძოდ, 2022 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომლის საპასუხოდ, 2023 წლის იანვარში, ასევე პირველად, საქართველოს ორმხრივი ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვია.

„აღსანიშნავია, რომ წელს, ივნისში, ჩემს კოლეგა, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას ვუმასპინძლეთ „სლავკოვის“ ფორმატის ფარგლებში. ახლა კი ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი გვეწვია და კვლავ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობის გამყარება. მადლიერები ვართ, რომ ავსტრია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე წარმატებით გადავიდეთ.

„მივესალმებით ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში. ვაფასებთ წარმატებულ პროექტებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით სფეროებში და მოხარულები ვართ, რომ საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება.

შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ხაზი გავუსვი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოხატეს, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

„აღვნიშნეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. ასევე, ველოდებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო განათლების წახალისებაზე იქნება მიმართული. აღნიშნულ საკითხზე განზრახულობათა წერილს ბატონი სობოტკას ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი.

მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, საქართველოს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას საინტერესო საუბარი შედგა.

„ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი მოსალოდნელია დეკემბერში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. საქართველო გააგრძელებს ამ პრიორიტეტების შესრულებას, დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა.