“ქართული ციხე ხშირ შემთხვევაში შიგნიდან ტყდება, არიან მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან გამოაცალონ საყრდენი”

133
spot_img

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და ჩვენ გვყავს სამწუხაროდ საქართველოში, როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე ხმამაღლა ყვიროდა, ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს, გასულ წელს შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

„ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან, ივნისში, შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ დღესაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით რადგან ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება, მოგვენიჭოს. ქართული ციხე, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს, არიან ის ჯგუფები, მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენები, ჩამოაგდონ ციხის კედელი, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ ამას ცდილობენ ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გასაკვირი არაფერია, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

„რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც არის ოკუპაციის საფუძველი, სხვა რამ კი არ არის. ეს არის ის, რომ თავისი გავლენები ჰქონდეს რეგიონში და სწორედ ამიტომ არის ჩვენი მცდელობა, რომ მოვიპოვოთ ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, მოვიპოვოთ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ეს არის მთელი არსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა ბოლო 11 წელია, რომ საქართველო მყარად დააკავშიროს ევროკავშირს, იმ სივრცეს, რომელიც არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე. ერთ მხარეს არის რუსეთი, მეორე მხარეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია, შუაში არის ქართველი ხალხი და საქართველო. სამწუხაროდ, როგორც რუსეთის, ისე რადიკალური ოპოზიციის და სხვა ჯგუფების მხრიდან, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არის თავდასხმის ობიექტი. სხვადასხვა ინტენსივობის, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ შედეგი არის ის და მიზანი არის ის, რომ მათ სურთ ქართული სახელმწიფოს დაზიანება და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.