Home Blog Page 2046

„BRICS“-ის ვალუტას დოლარის დომინირების შერყევა შეუძლია“ – Foreign Policy

ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) აქვეყნებს სტატიას სათაურით „BRICS“-ის ვალუტას დოლარის დომინირების შერყევა შეუძლია“ (ავტორი – ჯოზეფ სალივანი, თეთრი სახლის ყოფილი ეკონომიკური ექსპერტი).

„ბოლო დროს „ბრიკს“-ის (BRICS) წევრები – რუსეთი, ჩინეთი და ბრაზილია აქტიურად განიხილავენ დედოლარიზაციის პროექტებს. მართალია, მსოფლიოში მსგავსი განზრახვები ადრეც იყო, მაგრამ ისინი იმ დროინდელი სიტუაციაში წარმატებულნი არ აღმოჩნდნენ, ახლა კი, როცა ბრიკს“-ის ქვეყნები საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ-ეკონომიკურ პოტენციალს ფლობენ, მათ ნამდვილად შეუძლიათ ამერიკული ვალუტა „ბრძოლაში გამოიწვიონ“ და მისი ბატონობა საფუძვლიანად შეარყიონ“, – ნათქვამია სტატიაში.

„ამას წინათ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის იგნასიო სილვა და ლულამ, თავის კოლეგა სი ძინპინთან შეხვედრისას პეკინში, ხატოვნად აღიარა, რომ „ეს საკითხი არ მასვენებს, მასზე დღე და ღამე ვფიქრობო“, – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, მსგავსი ლაპარაკი დოლარის როგორც სტაბილური ვალუტის მიმართ უკვე იმას ნიშნავს, რომ „ცალთვალა დოლარის ბატონობას ბრმა კონკურენტებზე – ჩინურ იუანზე და ევროპულ ევროზე“ შეიძლება ბოლო მოეღოს.

სახელმწიფოთა სწრაფვას – გათავისუფლებულიყვნენ დოლარზე დამოკიდებულებიდან – საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამად დოლარი საგარეო ვაჭრობაში 84%-ით გამოიყენება, ჩინური იუანი კი – მხოლოდ 4,5%-ით. ასე რომ, ერთი შეხედვით, რუსეთის წინადადება „ბრიკს“-ის ქვეყნებისათვის საერთო ვალუტის შემოღებაზე – „ბრიკის“ სავარაუდო სახელწოდებით, ახლაც განუხორციელებელი უნდა იყოს.

მაგრამ თუ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – ყველა ერთად გადავა „ბრიკით“ ვაჭრობაზე, მაშინ მათ შეუძლიათ, თეორიულად მაინც, დოლარის ჰეგემონიის შერყევა.

სტატიის ავტორი სრულიად რეალურად თვლის, რომ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს მიზნის მიღწევა შეუძლიათ – იმის გათვალისწინებით, რომ BRICS-ის წევრების დადებითმა სავაჭრო ბალანსმა გასულ წელს 387 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„ბრიკის“ ვალუტის პერსპექტივა საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ მიზეზითაც, რომ ევროზონისაგან განსხვავებით, BRICS-ის წევრებს ერთმანეთთან საერთო საზღვარი არ აქვთ, ანუ მათ შეუძლიათ სხვა ქვეყნების ჩართვა ვაჭრობაში.

შესაძლოა თავდაპირველად „ბრიკის“ წარმატება შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში „დოლარის ერთპოლუსიანობას“, ევროსთან ერთად, „ბრიკიც“ შეარყევს, ეს უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ცალთვალას“ მხედველობა უფრო მეტად დააკლდება, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

წყარო

რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს. ნორვეგიის ელჩი რობერტ კვილე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ აცნობეს.

საგარეო უწყებაში ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებენ, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ნორვეგიამ 15 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ნორვეგიის ელჩს ასევე აცნობეს, რომ იქნება სხვა ზომებიც ოსლოს ბოლოდროინდელი არამეგობრული მოქმედებების გამო.

“NDI-ი და IRI-ი კვლევებმა რაო?” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც შათირიშვილი ვრცლად საუბრობს თუ რა მიზნები ამოძრავებთ ამერიკელებს საქართველოს მიმართ მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

გოგა ხაინდრავა ზაზა შათირიშვილის წერილს აშშ-ის საარჩევნო ხრიკების რენტგენს უწოდებს:

„IRI-ს მორიგი გაყალბებული კვლევა – ზაზა შათირიშვილი. წაიკითხეთ ზაზას წერილი, რენტგენია აშშ საარჩევნო ხრიკების. ბაიდენმა მეორედ მოსვლა გამოაცხადა! ტრამპმა: ჯო ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტია აშშ-ს ისტორიაში! NDI-ი და IRI-ი კვლევებმა რაო? Who is Who?“ – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

“ქართული ოცნება” უმძიმეს დღეშია, მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს”

ოპოზიციური ჯგუფები მუშაობას ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით განვაგრძობთ – ძალიან მყარად ვართ მოტივირებული, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, სადაც მომავალი კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში მუშაობაზე შეთანხმდნენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხარესაა უპირატესობა როგორც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თვალსაზრისით, ასევე საღი აზრითაც.

„აღმოჩნდა, რომ სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება ერთი დიდი კლანია. ამიტომ ყველაფრის ფასად გადაეფარნენ მას. ოღონდ კი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კითხვები არ დასვას, ამბობენ, რომ თუ საჭიროა არანაირ კანონებს არა მივიღებთ და პარლამენტი საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას. „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია. მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს – ამ ვითარებაში კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი და ამ მხრივ სესიაზე მობილიზების თემა განიხილა.

სი ძინპინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„მე მქონდა გრძელი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს საუბარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა, ჯერჯერობით უცნობია.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა.

ვოლოდიმირ ზელენსკის სი ძინპინთან საუბარი დიდი ხნის განმავლობაში სურდა, თუმცა ჩინეთის ლიდერი თავს იკავებდა.

“არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე”- გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

არაა მიზანშეწონილი , ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე.

„15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე. გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არ არის მხოლოდ ოჯახის წევრი, ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი მაგალითები ქმნიან ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს.

ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება. ვცდილობ ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს. მიმაჩნია, რომ მითუმეტეს, არაა მიზანშეწონილი , ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში . დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.

30 აპრილს თბილისში იმართება აქცია სახელწოდებით „მოვდივარ“ რომლის ერთ-ერთი ორგინაზატორია გია გაჩეჩილაძე (უცნობი). აქციის ორგანიზატორებს თავიანთი კამპანიის ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის არასრულწოვანი შვილის ფოტო აქვთ გამოყენებული.

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

„ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა ნათელაშვილი IRI-სა და NDI-ის წარმომადგენლებს აშშ-ის სასამართლოში უჩივლებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს აშშ-ის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტულ პარტიას“ ანტიამერიკანიზმს ვერავინ დააბრალებს.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები 25 წლის მანძილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ეწევიან.

„ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი, რომელიც ითხოვდა ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ატომური იარაღის, ვიდრე სულ მცირე რუსეთის მიერ ოკუპაცია გრძელდება. ამის მიუხედავად, გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები 25 წლის მანძილზე ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ და არაფრით დაიღალნენ ამ მუშაობისა და დისკრიმინაციის შედეგად. ხან გადატრიალება და რევოლუციები მოგვიწყვეს, ხან პარლამენტიდან გამოგვყარეს, ხან როგორც პარტია აგვკრძალეს. რეიტინგების, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენ მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლებოდა ამის ართქმა გუშინ წაკითხული მორიგი მარაზმის შემდეგ.

შესაბამისად, იძულებული ვხდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ და საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების აქაური წარმომადგენლებისადმი აშშ-ის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება.

იმედია, ამ ინფორმაციას ამერიკელი მეგობრები, რომლებიც აქ არიან სამოღვაწეოდ ჩამოსული და ეს მოღვაწეობა გამოიხატება მათ შორის ასეთ რეიტინგებშიც, ყურადღებით მოგვისმენენ. ჩვენ აღარ ვაპირებთ გაჩუმებას. საკმარისია, რაც გაგვიკეთეს ამდენი წელი. განცვიფრებული ვარ, როდესაც ვაშინგტონში ჩავდივარ, სხვა სიტუაციაა. უამრავი კეთილგანწყობილი მეგობარი მყავს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ ელიტაში, აქ ჩამოვდივარ, ვხედავ ამათ 25 წელია, რომლებიც აცრილი არიან „ლეიბორისტულ პარტიაზე“. მთი ხათრით ვერანაირად ვერ გავხდებით მორფინისტები და ვერც ერთსქესიანები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კატეგორიას დიდ პატივს ვცემთ. იმედია, ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და ამერიკის სასამართლო ობიექტურად დაადგენს მტყუანს და მართალს. აქ წარმოდგენილი ამერიკული ინსტიტუტები ხელს გვიშლიან, 25 წლის მანძილზე დაკავებული არიან პარტიის წინააღმდეგ არჩევნების რეიტინგებსა და ეგზიტპოლების გაყალბებაზე,“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის – ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“ ელენე ხოშტარია“, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“ – ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას ერთ პროცენტზე ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.

“გაკოტრებულ პარტიებს მომავალი არ აქვთ”- ამირან სალუქვაძე

IRI-ს კვლევებს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე ეხმაურება:

“IRI-ს ე.წ. კვლევაზე, დამატებით რამდენიმე კითხვას დავამატებ:

1. ამ და სხვა კვლევებში წლებია მანიპულირებენ პატრიარქის, ეკლესიის, ჯარის, პოლიციის სხვა რეიტინგული ინსტიტუტებით. ანუ, ამ სიმართლესთან ერთად, კვლევაში დიდი დოზით აზავებენ სიცრუეს. მოსახლეობას ასე პრიმიტიულებად თვლით?

2. პატრიარქის რეიტინგი 91%-ს შეადგენს. ეკლესიაც მაგ ფარგლებშია. ნაციონალები ეკლესიას უტევენ, ლანძღავენ, პრორუსულობას აბრალებენ. იმავეს აბრალებენ ქართულ ოცნებასაც. ამ დროს, სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ, ყველა კვლევით, ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი იმატებს. ამ კვლევით ლამის 80%-ს შეადგენს.

ჰოდა, მთელი 10 წლის მანძილზე როგორ ვერ მოახერხა ოცნებამ და ეკლესიამ მოსახლეობის გაპრორუსულება? ჰქონდათ სურვილი და ვერ მოახერხეს? სასაცილოა. მხოლოდ ფან-კლუბს აბოლებენ მსგავსი სისულელეებით.

3. მთავარი ისაა, რომ ოპოზიცია არ არსებობს, განადგურებულია. გათითოკაცებული პარტიები, პლუს პაჩიკოს გარმონივით დაშლილი ნაცმოძრაობა.

კვლევაში სულ 15 პარტიაა ნახსენები, ქართული ოცნება, ენმ და პლუს 13 პარტია, რომლებიც სოციოლოგიური ცდომილების ჭაობში იმყოფებიან.

არ ვიცი მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, სადაც მსგავსად გამარგინალებული პოლიტიკური სისტემა იყოს.
15-დან 13 პარტიის რეიტინგი 1-დან 3%-მდე შუალედშია. ამათ აქვთ სურვილი ყველამ ერთად შეკრას კოალიცია.
არ ვიცი უკვე რამდენჯერ უნდა დავწერო ამ ანა-ბანას შესახებ. კოალიციები არ იკვრება რომელიმე პარტიის წინააღმდეგ. პარტიები სამთავრობო კოალიციას ქმნიან ღირებულებების, საარჩევნო დაპირებების, პაეტიული იდეოლოგიების მიხედვით.

ჩვენთან უკვე 10 წელია ხან ფანჩატურში შედიან, მერე გამოდიან, ხან ენმ-ის ოფისში და ა.შ. 10 წელია მოქმედებენ ნაცმოძრაობის დღის წესრიგით. შედეგი ისაა, რომ ყველა პარტია განადგურებულია, ნაცმოძრაობა სტაბილურად მეორე ადგილზეა.

რომც მოახერხონ კოალიციის შეკვრა 2024-ში, 2028-ში ან საუკუნის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, 13 ან 14 პარტიისგან შემდგარი მთავრობა ქმედითუნარიანი იქნება? ჯერ სიას გადახედეთ, შემდეგ ესენი ერთ მთავრობაში წარმოიდგინეთ.

გაკოტრებულ პარტიებს მომავალი არ აქვთ. მხოლოდ სრული განახლება. “ნაცმოძრაობაზე” კი საუბარი არც ღირს. მათ ჯერ წარსული ვერ გაიაზრეს, ახლა კი ერთმანეთს დაერივნენ.

ამ ოპოზიციას ანდობთ ქვეყნის კი არა, თუნდაც ერთი სოფლის ბედს? რევანშის და შურისძიების ახალი ტალღის სურვილი აქვს მოსახლეობას?

4. მოსახლეობას როცა კორუფცია არ აწუხებს, ეს რას ნიშნავს? როცა აწუხებს, ვიცით, რევოლუციებს იწვევს. როცა მოსახლეობის 1%-ს აწუხებს, მაშინ რა ხდება?

5. უცხო ქვეყნის მოქალაქე და პატიმარი სააკაშვილი რატომ მიაწერეთ ნაცმოძრაობას?

6. მთავარი კითხვა კვლევის შემკვეთებს და შემსრულებლებს. ნაცმოძრაობის რეიტინგის მატება მელიას ხაბეიშვილით ჩანაცვლებით მოხდა, თუ ხატია დეკანოიძის, გოცირიძის და სხვათა მიერ პარტიის დატოვებამ განაპირობა? იქნებ მოსახლეობას კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობა მოსწონს, რაც გააქტიურდა ბოლო თვეებში და ამან გამოიწვია პარტიის მოწონების ზრდა? დასცინით ხალხს, თუ საკუთარ თავს?”- წერს ამირან სალუქვაძე.

“თვის ტროლის” ჯილდო ამჯერადაც უცილობოდ გადაეცემათ ქართველ “ტროლებს” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მის შესახებ გავრცელებულ  “ფეიკ” ინფორმაციებს პასუხობს.

ევროპარლამენტარი, სპეციალურ  ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც   ამბობს, მის შესახებ გავრცელებული „ფეიკ“ ინფორმაციისა და ვიდეოს უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები დგანან.

„მომილოცავს, „თვის ტროლის“ ჯილდო ამჯერადაც უცილობოდ გადაეცემათ ქართველ „ტროლებს“, მათ რუს ტროლებსაც კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის „გერინგის“ რუსულ თარგმანს აიღებს. „გერინგი და „გიორინგი“ კირილიცათი ერთნაირად იწერება, ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე ჰერმან გიორინგთან.

მეორე „ფეიკი“ კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო – ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური ე.წ. „დიფ-ფეიკ“ ვიდეო იყო.

საინტერესო გარემოებაა, რომ ეს „ფეიკი“ ძირითადად მმართველი ფრაქციის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ დამოუკიდებელი „ფაქტ ჩექერები“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში Myth Detector-ი, რომელმაც ეს სისულელე გამოააშკარავა. მადლობა მათ და მომავალშიც მზად ვარ ვითანამშრომლო“, – წერს  ევროპარლამენტარი.

“დამატებით 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება, აბსურდული ბრალდებები წამიყენეს” – ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრეს „აბსურდული“ ტერორიზმის საქმე, რომლის მიხედვითაც მას დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება.

მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მე ციხეში ყოფნისას ჩავიდინე ტერორისტული აქტები.

„მათ დააყენეს აბსურდული ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება.

დაჟინებით ვამტკიცებ, რომ პროცესის დახურვის მცდელობა არის არა მხოლოდ საქმის გაცნობაში ხელის შეშლის მცდელობა, არამედ იმის მცდელობაც, რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ“, – ნათქვამია ნავალნის მხარდამჭერების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

27 აპრილს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Tbilisi Storytelling Festival-თან დაკავშირებით.

ZEG Tbilisi Storytelling Festival – ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, VISA, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო.

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.

 

(R)