“თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება”- მიხეილ სარჯველაძე

92
spot_img

სინამდვილეში, განცხადება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე არის მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი. თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება. რეალური პერსპექტივა რომ მარცხის აქვთ, ეს ფაქტია, – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას.

მისივე თქმით, არითმეტიკულად მხარდაჭერა არ ჯამდება პარტიათა გაერთიანებით და ხდება ხოლმე, როცა ამან შეიძლება მხარდაჭერა შეამციროს, რადგან ერთი პარტიის ელექტორატს შესაძლოა, მეორე პარტიის მიმართ ჰქონდეს მიუღებლობა.

“ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ეს ორი პოლიტიკური პარტია მივიდა კარგი ცხოვრების გამო. ყველას აქვს თავიანთი პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაჭრის ხერხი უფროა ეს, რომელზეც სამწუხაროდ, ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. “სტრატეგია აღმაშენებლის” შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის პოლიტიკაში ყოფნას. ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და ამ გზით გავიდეს “სამშვიდობოს”. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, აშკარად ჩანს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირებული ფლანგებისთვის ახლა აქტუალურია გაძლიერება ერთმანეთთან დაპირისპირების ფარგლებში, ამიტომ შეიძლება ხაბეიშვილი თვლიდეს, რომ მისი ფლანგის მხარდამჭერად ვაშაძისნაირი პოლიტიკოსის მიმატება შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება ეს სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია. ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება მოეგო “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას ვერავინ ხვდება. გუშინდელი ბრიფინგიდან გამოჩნდა პირველი ნიშნები კონფლიქტისა ოპოზიციის დარჩენილ ნაწილთან, რადგან ღიად გამოცხადდა, “სტრატეგია აღმაშენებელი” “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ოპოზიციის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება არისო და არ მგონია, ამ განცხადებას მშვიდად შეხვდნენ ის პარტიები, რომლებიც მათ შორის, დღეს პარლამენტში საქმიანობენ და ვფიქრობ, სამართლიანად შეიძლება ჰქონდეს ამბიციაც და პრეტენზიაც,” – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.