Home Blog Page 2046

აქვს თუ არა საბოლო ღირებულებაზე გავლენა დაუსრულებელ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებს?

დაპირებულ, დაუსრულებელ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებს, აქვს თუ არა საბოლო ღირებულებაზე გავლენა? რა თქმა უნდა დიახ. რისი მკაფიო მაგალითია, კახეთი რეგიონის 180 კმ იანი საავტომობილო გზების პროექტი, – ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ტქმით, სტრატეგიული საგზაო პროექტების ვადების 5-6 წლიანმა დარღვევამ, ბუნებრივია გამოიწვია მშპს დამუხრუჭება და ცალკეული პროექტის საბოლოო ღირებულების ზრდა.

“2017 წელი – კახეთის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია 1 მილიარდი ლარი, (გ. კვირიკაშვილის მთავრობა);

2022 წელი – კახეთის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია 2 მილიარდი ლარი, (ი.ღარიბაშვილის მთავრობა);

რას იწვევს დროში გაწელილი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტები?

– ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების დასრულების – დაანონსებულ ვადებში – ნათლად ჩანს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ იწვევდა, ერთიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილი და დარღვეულია, რაც უარყოფითად აისახებოდა – ქვეყნის მდგრად განვითარებაზე;

პს – სტრატეგიული საგზაო პროექტების ვადების 5-6 წლიანმა დარღვევამ, ბუნებრივია გამოიწვია მშპს დამუხრუჭება და ცალკეული პროექტის საბოლოო ღირებულების ზრდა.

5-6 წლიანი დამუხრუჭება სახეზეა:

2018 წლის დაპირება – 2020 წლამდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება;
2019 წლის დაპირება – ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში 2022 წლამდე ეტაპობრივად შევა;
2020 წლის დაპირება – 2024 წლისათვის – ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% აშენდება;
2021 წლის დაპირება – 2023 წლისათვის – რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი სრულად გაიხსნება;
2021 წლის დაპირება – აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის დიდი ნაწილის 2025 წლამდე დასრულება;
2022 წლის დაპირება – 2023 წლის ბოლოს რიკოთის მონაკვეთი დასრულდება, 2024 წლისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ – სამხრეთ მაგისტრალი ექსპლუატაციაში შევა;
2023 წლის დაპირება – 2024 წლისათვის თბილისიდან – ბათუმამდე ჩასვლა 3 – 3.5 საათში გახდება შესაძლებელი,”– ნათქვამია განცხადებაში.

https://www.facebook.com/geotranscor/posts/pfbid02Q3sn7fmudmNVJDRUVQo3ckv8hLQRKgqFcuXf4j7R2M71bBSTj8KXjiTxZdfyXfzgl

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს – ომის 435-ე დღე

ომის 435-ე დღეს, საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე გახდა ხერსონისა და დნიპროს დასახლებული რაიონები. ხერსონში სარაკეტო თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად დნიპროში. არიან დაშავებულებიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი,  ყველა დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც წუხელ რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ გამოიყენეს, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

„რაშისტები“ თავს დაესხნენ კიევს Shahed-ის ტიპის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რომელიც, სავარაუდოდ ბალისტიკური ტიპის იყო. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, – განაცხადა სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ დაფიქსირებულა საცხოვრებელი ობიექტების ან ინფრასტრუქტურის განადგურებაც.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 მაისს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +20 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +10, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

მკვლელობა თბილისში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში, ელექტროშოკისა და ხელკეტის გამოყენებით მოკლეს

მკვლელობა თბილისში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში, ელექტროშოკისა და ხელკეტის გამოყენებით, სავარაუდოდ, ნათესავმა მამაკაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

განზრახ მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ერთი რამ მინდა, იცოდეს ყველამ, ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პირველ რიგში, ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე NDI-ს და IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციების კვლევები სარწმუნო არ შეიძლება იყოს, რადგან მათ ხშირად რეალურ მონაცემებთან 30-40%-იანი ცდომილება აქვთ.

„გადავხედოთ სტატისტიკას – წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციები აწარმოებენ კვლევებს – როგორ შეიძლება, ირწმუნო კვლევითი ორგანიზაციის, რომელსაც აქვს 30-40%-იანი ცდომილება? ამიტომ აღნიშნული კვლევებით ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას, თუმცა საზოგადოება რეალურად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას რთულ ვითარებაში უწევს მუშაობა, რადგან არის გარკვეული ზეწოლა კონკრეტული ძალების მხრიდან, მმართველი გუნდი, პირველ რიგში, ყოველთვის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გაატარებს.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში, ყოველთვის გადაიდგმება ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები.

როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, არც მიკვირს ამ ადამიანების – როდესაც ხარ აგენტი, ამაზე დიდი უბედურება არაფერია, როდესაც აგენტი ხარ, ვერ გაატარებ ამ ქვეყნის ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნის ინტერესს, რომლის წარმომადგენელიც ხარ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ გვემუქრებიან სანქციებით, გვემუქრებიან, რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ამის გამოყენება უნდათ შემდეგ რაღაც არეულობისთვის, ყველაფრის მიუხედავად, გავატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს.

მეამაყება, რომ მაქვს ქართული გენი, დაბადებული და გაზრდილი ვარ ამ ქვეყანაში და დღეს რასაც წარმოვადგენ და სადაც ვიმყოფები, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამსახურება, და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რატომ უნდა გავაკეთო ეს?“ – აცხადებს კახა კალაძე.

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„[სამხედრო დახმარების] უახლესი პაკეტი დაეხმარება უკრაინას, გააგრძელოს გაბედულად საკუთარი თავის დაცვა რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის წინაშე. რუსეთს შეუძლია ომი დღესვე დაასრულოს. სანამ რუსეთი ამას არ გააკეთებს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კალაძე არის რუსეთუმეო, ამბობს ხაბეიშვილი, აი, მართლა, ღმერთო, მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში – კახა კალაძე

„კალაძე არის რუსეთუმეო, ამბობს ხაბეიშვილი, აი, მართლა, ღმერთო, მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს კამპანია არის მიმართულად, იმისთვის რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. „ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ, თითქოს მე ვაკეთებ ანტიდასავლურ განცხადებებს. დღეს რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურება. მე როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი კახი კალაძე, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამის გატარებას და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო, ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. აი, მართლა, ღმერთო მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში“, – აცხადებს დედაქალაქის მერი.

,,გამტაცებლებს მოთხოვნები ჯერ არ წამოუყენებიათ” – ჩიჯავაძე გატაცებულ მეზღვაურებზე

გაბონის ტერიტორიული წყლებიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე ისევ ტყვეობაშია. მეზღვაურთა პროფკავშირში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია როგორც გამტაცებელთა ვინაობა, ასევე მათი მოთხოვნები. „წაყვანილი არის კაპიტანი, მეორე და მესამე თანაშემწე. ეს მეორე და მესამე თანაშემწე არიან ქართველები, კაპიტანი არის რუსი. ყველაფრის საქმის კურსშია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩარეულია ჩვენი კონსული სამხრეთ აფრიკაში. ჯერჯერობით არავითარი მოთხოვნა, არ არის დაყენებული. ამერიკელები არიან გემთმფლობელები“, – აცხადებს პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურების გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მეზღვაურების გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს.

ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მოკრივეებმაექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ერევანში ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპირველობაზე გორ აივაზიანი (54 კგ) და დემურ ქაჯაია (67 კგ) ჩემპიონები გახდნენ. თათია ბუკიამ (75 კგ) კი ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები სამივე ფინალში რუს სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ. დავით ჯაფარიძემ (51 კგ), ლევან დემუროვმა (57 კგ) და გიორგი ნატროშვილმა (75 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაძაბული და ქაოსური დღეა. პრობლემების დაძლევა და რთული საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება დაგჭირდებათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაშიც გაუგებრობები გელით, ამიტომ ეცადეთ, ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ.

კურო

ამ დღის მოვლენებმა ან სიახლეებმა შეიძლება ხასიათი გაიფუჭოთ და წყობიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოერიდეთ აგრესიულ და უსიამოვნო ადამიანებს, რომლებიც ხასიათს გიფუჭებენ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდეთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ დაეთანხმებით შეთავაზებას, როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს და საეჭვო ადამიანებს. ეცადეთ, საკუთარ შეფასებებში თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სხვადასხვა წყაროდან უამრავ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და სიახლეს მიიღებთ, მაგრამ ყველაფერი არ უნდა დაიჯეროთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. თუ ზოგი საკითხის სწრაფად მოგვარება მოგიწევთ. საკუთარ ინტუიციას ენდეთ.

ლომი

შეიძლება ამ დღეს შემოქმედებითი საქმიანობის და მშვენიერების სამყაროსთან ზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. პირადი ურთიერთობის გასაძლიერებლად გირჩევთ საყვარელი ადამიანი უჩვეულო სიურპრიზით გაახაროთ. ადამიანს, რომელიც ვინც იუანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.

ქალწული

ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ. დაეხმარეთ ყველას, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიკეთეს ვიღაც ზემოდან აკვირდება. ეცადეთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალი მშვიდად ადევნოთ და ნაკლები ინერვიულოთ, მაშინ ყველა კონფლიქტი თავისით ჩაცხრება.

სასწორი

დღის პირველ ნახევარში უამრავი საქმე და დაძაბული მუშაობა გელით. ნუ ინერვიულებთ, თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ. ადრე თუ გვიან, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. საღამოს მხოლოდ იმ საქმეებით უნდა დაკავდეთ, რომელთა გადადება აღარ შეიძლება. ეცადეთ, საღამო მშვიდად გაატაროთ და ემოციურად დაისვენოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დროა, რომ საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციოთ. ამაში გავლენიანი ნაცნობი ან ახალი კავშირები დაგეხმარებათ. ნუ მოგერიდებათ საკუთარ უნარებსა და გატაცებებზე საუბარი და ახლობელი ადამიანებისთვის გეგმების გაზიარება.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. პასუხისმგებლობის აღება და პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. გუნდური მუშაობა უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობა. რთული, შრომატევადი პროექტების დაწყების ნუ შეგეშინდებათ – კოლეგებთან ერთად ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით.

თხის რქა

არახელსაყრელი და დაძაბული დღეა. საქმეშიც კი, რომელსაც დიდი ხანია აკეთებთ და კარგად იცით, შეცდომები გელით. ეცადეთ, ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და პოზიტიურ ტალღაზე გადაერთოთ. იუმორის გრძნობა და თავდაჯერება რთულ სიტუაციებში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მერწყული

მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რომ მიმდინარე და დაგროვილ საქმეებს ერთად გაუმკლავდეთ. ეცადეთ, პლანეტების ხელსაყრელი მდგომარეობით ისარგებლოთ და ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეთ. ახალი ნაცნობობა უახლოეს მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თევზები

პრობლემებთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ, თუ სამუშაო მაგიდას და გრაფიკს მოაწესრიგებთ. ყურადღებით უსმინეთ კოლეგებს ან გამოცდილ პროფესიონალებს. მათი იდეა ან რჩევა ჩანაფიქრის განხორციელებასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

,,ოპოზიციის ინტერესი სკანდალის შექმნაა” – პაპუაშვილი

თუკი შევხედავთ რამდენი საგამოძიებო კომისია იყო დაინიცირებული, უკვე ტრენდად იქცა, რომ აინიცირებენ საგამოძიებო კომისიას, რათა კიდევ უფრო მეტი დრამატიზება შემოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში” განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ინტერესი სკანდალის შექმნაა და არა ინტერესი ამ საკითხის მიმართ. “საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ერთ რამეში დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, რომ სინამდვილეში აქ ინტერესი არის არა შინაარსის მიმართ, არამედ ინტერესია სკანდალის მიმართ – ის, რომ პარლამენტში მუდმივად იყოს რაღაც შფოთვა და საერთო ჯამში, შეიქმნას ცუდი ფონი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ არის ახალი, თუ გავიხსენებთ იმას, 12 რეკომენდაციის მიღების შემდეგ როგორ იქცეოდა ჩვენი ოპოზიცია. ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, ოპოზიციას შევთავაზეთ განრიგი თემებზე მუშაობისთვის და სამუშაო ჯგუფების შექმნა – ოპოზიციამ კი მიმართა პრეზიდენტს, რომ მოეწვია რიგგარეშე სესია რაღაცაზე სამსჯელოდ. პარლამენტი, ეს არ არის ძველი ბერძნული თავყრილობა, სადაც შეიკრიბება ადამიანების რაოდენობა, იქვე ბჭობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. ნებისმიერ კანონპროექტს მომზადება სჭირდება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია მოკავშირეებს ეძებს ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ. თუკი შევხედავთ რამდენი საგამოძიებო კომისია იყო დაინიცირებული, უკვე ტრენდად იქცა, რომ აინიცირებენ საგამოძიებო კომისიას, რათა კიდევ უფრო მეტი დრამატიზება შემოიტანონ, აწიონ პიარულად ეს საკითხი და შემდეგ მივიწყებულია ხოლმე ეს თემა. თუკი აინტერესებდათ შინაარსი, სად იყვნენ აქამდე, რატომ ვერ იკრიბებოდნენ, სად იყვნენ ისინი 8 თვის განმავლობაში?! ხომ ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, 8 თვე სხვანაირად ფიქრობდნენ?! მეორე საკითხია ასევე, რამ გააერთიანა ეს 50 ადამიანი, გამოდის, რომ ეს ადამიანები ვერ გააერთიანა იდეამ და ისინი გააერთიანა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებამ. გამოდის, რომ მათ ოპოზიციამ იგრძნო და დაიგულა სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოკავშირედ და ამიტომ გაერთიანდნენ – ეს რა დამოკიდებულებაა, ისინი მოკავშირეებს ეძებენ ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ. ისინი ერთ გუნდად გაერთიანდნენ იმის გამო, რომ ნახეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების გამო, უფრო მაღლა აწიონ ეს საკითხი, ან ისინი ფიქრობენ, რომ უცხო ქვეყანა იქნება მოკავშირე, საკუთარი შიდა საკითხების გადასაწყვეტად. დაფიქრდეს ყველა- სად არის აქ ან პატრიოტიზმი, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება. საქმე იმაში კი არ არის რომ რამის გარკვევა უნდა ოპოზიციას, საქმე იმაშია რომ ეს არის ტიპური, ალქაჯებზე ნადირობა. ეს არის პოლარიზაცია, შფოთის შემოტანა და ქიშპი. არეულობის კომისიისა და სასამართლოზე გავლენის მოპოვების კომისიის შექმნა არანაირად არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას. რაც ამას ხელს უწყობდა იყო 12 პუნქტზე მუშაობა. ვინც კი სამუშაო ჯგუფში შემოვიდა- ვნახეთ ამის შედეგი. სწორედ ეს ფორმატი შევთავაზეთ ოპოზიცია, რადგან თემა გადასულიყო არა ვერბალურ ბრძოლაში, არამედ საგნობრივ დისკუსიაში,”- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.